2.09.2024. მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

ორშაბათი. ხსნილი 

მიძინების შემდგომი დღესასწაული. წინასწარმეტყველისა სამუელისა (1144 წ. ქრ. შ-მდე); მოწამეთა სევირესი, მემნონისა და მათ თანა 37-თა მოწამეთა (304).

დიდმოწამისა ქეთევან დედოფლის წმიდათა ნაწილთა გადმოსვენება სპარსეთიდან*. 

* იხილე საქართველოს კალენდარი 1905 წლისა, ტფილისი 1904, გვ. 44.

დიდგორობა (სოფ. დიღმის ზემოთ, დიდგორის მთაზე). 

დღის ლოცვები 

წინაწარმეტყველი სამოელის კონდაკი:

ვითარცა მრავალ პატიოსანი ძღუენი, პირველ მუცლადღებისა მიეცი შენ ღმერთსა და სიყრმითგან, ვითარცა ანგელოზმან, მსახურე, ყოვლადსანატრელო, და ღირს იქმენ უფროს ყოფადისა მოთხრობად; ამისთვის გიგალობთ შენ: გიხაროდენ, წინაისწარმეტყველო ღმრთისაო სამოელ, დიდო მღვდელმთავარო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 2 კორ. 2: 3-15 (დას. 171). მთ. 23: 13-22 (დას. 94). 
წინასწარმეტ. – ებრ. 314 დას. 6: 13-20. მთ. 96 დას. 23: 29-39.

ლიტ.: 2 კორ. 2: 3-15 

3. სწორედ ეს მოგწერეთ, რათა ჩემი მოსვლისას აღარა მქონდეს წუხილი მათგან, ვის მიერაც უნდა მეხარა; რადგანაც ყველას გიცნობთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიხარული ყოველი თქვენგანის სიხარულია. 4. ვინაიდან ესოდენ დიდი მწუხარებით, გულისტკივილითა და ცრემლების ფრქვევით იმიტომ კი არ გწერდით, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ იმიტომ, რომ გეგრძნოთ, რა უსაზღვროა ჩემი სიყვარული თქვენდამი. 5. ხოლო თუ ვინმემ დამამწუხრა, მე კი არ დამამწუხრა, არამედ, რომ არ გადავაჭარბო, ნაწილობრივ ყველა თქვენგანიც. 6. მის სასჯელად ისიცა კმარა, რომ დაიგმო მრავალთა მიერ. 7. ასე რომ, პირიქით, გმართებთ უმალ მიუტევოთ და ანუგეშოთ, რათა მეტისმეტ მწუხარებას არ მიეცეს. 8. ამიტომაც შეგაგონებთ, თქვენი სიყვარული დაუდასტუროთ. 9. მეც სწორედ ამიტომ მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, რამდენად მორჩილნი ხართ ყველაფერში. 10. ხოლო ვისაც რას მიუტევებთ, ასევე მეც; რადგან ვისაც რა მივუტევე, თქვენი გულისთვის მივუტევე ქრისტეს წინაშე. 11. რათა არ ვიძლიოთ სატანის მიერ, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია მისი ზრახვანი. 12. ხოლო მე, ტროას ჩასულმა ქრისტეს სახარებლად, – თუმცა კი გამეღო კარი უფლის მიერ, – 13. ვერ მოვუპოვე ლხინება ჩემს სულს, რადგანაც ვერ შევხვდი იქ ჩემს ძმას ტიტეს; ამიტომაც დავემშვიდობე მათ და მაკედონიისკენ გავწიე. 14. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას ქრისტეს მიერ და ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავისი შემეცნების სურნელს; 15. რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.

ლიტ.: მთ. 23: 13-22 

13. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას. 14. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი. 15. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად. 16. ვაი თქვენდა, ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ: თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეა. 17. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც გაწმენდს ოქროს? 18. და მერე: თუ ვინმე დაიფიცავს საკურთხევვლს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს შესაწირავს, რომელიც დევს საკურთხეველზე, მოვალეა. 19. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს? 20. რადგან ვინც იფიცავს საკურთხეველს, იფიცავს მას და ყოველივე იმას, რაც საკურთხეველზეა. 21. და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც. 22. და ვინც იფიცავს ცას, იფიცავს ღმრთის ტახტს და მასზე მჯდომარესაც.

წინასწარმეტ.: ებრ. 6: 13-20 

13. რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა, 14. და უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ, და გამრავლებით გამრავლებ შენ“. 15. და ასე, სულგრძელობით მიიღო აღთქმა. 16. ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული. 17. ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს. 18. რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს, 19. რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს, 20. სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.

წინასწარმეტ.: მთ. 23: 29-39 

29. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს; 30. და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. 31. ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ. 32. და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების. 33. გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს? 34. ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას; 35. რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. 36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე. 37. იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. 38. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. 39. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წინასწარმეტყველი სამოელი – ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული – ქრისტეს შობამდე ათასასორმოცდა-ექვს წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა – ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და უბოძა ძე, რომელსაც სამოელი – „გამოთხოვილი“ დაარქვეს. როცა ყმაწვილს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა იგი სელომში წაიყვანეს და მღვდელმთავარ ელის მიაბარეს, რომელიც, იმავდროულად, ისრაელთა მსაჯულიც იყო. „და ყრმაჲ იგი სამოელ იყო მსახურ წინაშე უფლისა ელი მღდელისა თანა“ (I მეფ. 2.11). თორმეტი წლის ასაკში მას ზეგარდამო ეუწყა, რომ ღმერთი მღვდელმთავრის მთელი სახლეულობის დასჯას აპირებდა „სიცრუვისათჳს ძეთა მისთაჲსა, რამეთუ ძჳრსა იტყოდეს ღმრთისათჳს, და არა ასწავლიდა მათ“ (I მეფ. 3.13).
წინასწარმეტყველება ახდა, როცა რჩეული ერის სამკვიდრებელს შემოსეულმა ფილისტიმელებმა ოცდაათი ათასი ისრაელი, მათ შორის ელის ძეები – ოფნე და ფინეზი ერთ დღეს ამოხოცეს და ტაძრის კიდობანიც გაიტაცეს. ეს რომ შეიტყო, თავზარდაცემული ელი წაიქცა, ხერხემალი გადაიმტვრია და მოკვდა. ისრაელის დაცემით შეძრწუნებულ ფინეზის ცოლსაც მშობიარობისას აღმოხდა სული.
ელის შემდეგ ისრაელის მსაჯული სამოელი გახდა. ორმოცი წელი მკაცრად და პირუთვნელად სჯიდა და წინამძღვრობდა იგი ისრაელებს, შემდეგ კი, მხცოვანებაში შესულმა, თავისი ძეები – იოველი და აბია დაადგინა მსაჯულებად. ვერ აღმოჩნდნენ შვილები მამის ღირსეული მემკვიდრეები. ანგარებას დამონებულები, ხშირად შემცოდეთა სასარგებლოდ წყვეტდნენ საქმეებს. ამის გამო ისრაელის უხუცესებმა სამოელს მოსთხოვეს, სხვა ხალხის მსგავსად მათთვისაც მეფე დაედგინა. ამაში წინასწარმეტყველმა განჭვრიტა საშინელი დაცემა ერისა, რომელსაც მანამდე თავად უფალი წინამძღვრობდა თავის რჩეულთა მეშვეობით. პირველი მეფე, რომელიც აკურთხა წინასწარმეტყველმა, იყო საული. ღვთის ურჩობაში მისი მხილების შემდეგ კი დავითს სცხო მირონი. საულისგან დევნილი დავითი ხშირად სწორედ სამოელთან პოულობდა ხოლმე თავშესაფარს. წმიდა წინასწარმეტყველი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. მისი ცხოვრება ბიბლიაშია აღწერილი (1 მეფ; ზირ. 46.16-23). 406 წელს უფლის სათნომყოფლის უხრწნელი ნაწილები იუდეიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. 
წმიდა მოწამენი სევეროსი, მემნონი და მათთან ოცდაჩვიდმეტი მოწამე თრაკიის ფილიპოპოლში აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. ქრისტეს სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის წმიდა სევეროსი საშინლად აწამეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. როცა მმართველმა შეიტყო, რომ წმიდა სევეროსმა ასისთავი მემნონი ქრისტიანობაზე მოაქცია, ისიც სატანჯველად გადასცა. მასთან ერთად ეწამა კიდევ ოცდაჩვიდმეტი ქრისტიანი. ყველა მათგანს ხელ-ფეხი მოაჭრეს და გახურებულ ღუმელში შეყარეს (+304). 

წმიდა მოწამე ლუკიუსი (+310)

წმიდა მოწამე ლუკიუსი (+310)წმიდა მოწამე ლუკიუსი, სენატორი, ქრისტეს აღსარებისთვის მახვილით აჩეხეს კუნძულ კრეტაზე 310 წელს. 

წმიდა მოწამენი ილიოდორე და დოსე (+380)

წმიდა მოწამენი ილიოდორე და დოსე (ანუ დოსა) ქრისტესთვის ეწამნენ სპარსეთში მეფე საპორ II-ის ზეობისას, 380 წელს. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.