28.09.2024. მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ჯვრის ამაღლების შემდგომი შაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა
28.09.2024. შაბათი. ხსნილი 

ჯვრის ამაღლების შემდგომი დღესასწაული. აბბა იოსებ ალავერდელი ეპისკოპოსისა (570); დიდმოწამისა ნიკიტა კონსტანტინეპოლელისა (372); აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (პოვნა წმ. ნაწ. III); მოწამეთა: მაქსიმესი, თეოდოტესი და ასკლიადისა (305-311); მოწამისა პორფირისა (361); პირველმოწამისა და პირველდიაკონისა სტეფანესი (პოვნა წმ. ნაწ. 415); ღირსისა ფილოთეოზ ხუცისა, მცირე აზიელისა, სასწაულთმოქმედისა (X).

დღის ლოცვები 

ღირსი ამბა იოსების, ალავერდელი ეპისკოპოსის, ათცამეტთა ასურელ (სირიელ) მამათაგანის

ტროპარი: იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ ლარნაკთა შენთა და შენ მიერ მოიღებენ ღმრთისაგან მდიდრად წყალობასა, ღირსო იოსებ. 

კონდაკი: წარუვალისა დიდებისა სუფევა შეიყვარე, მამაო იოსებ; ამისთვის ქუეყანასა ზედა ცხორებითა შუენიერითა და ქცევითა საწადელითა იქცევოდი, და იქმენ შეზავებულ, ვითარცა მარილითა, სიყუარულისა ღმრთისათა, ამისთვის გნატრით და გევედრებით, რაითა გვიოხო წინაშე მეუფისა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

მწუხრ.: 1) სიბრძ. 5: 15-23; 6: 1-3. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3) სიბრძ. 4: 7-15.
ცისკ.: ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი შაბათისა: 1 კორ. 1: 26-29 (დას. 125 შუა). ინ. 8: 21-30 (დას. 30).
ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი შაბათისა: 1 კორ. 1: 26-29 (დას. 125 შუა). ინ. 8: 21-30 (დას. 93).
იოსებისა: 2 კორ. 4: 6-15 (დას. 176). მთ. 11: 27-30 (დას. 43). 

მწუხრ.: 1) სიბრძ. 5: 15-23; 6: 1-3 

15. მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე. 16. ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა. 17. აიღებს სრულ საჭურველს – თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს. 18. შეიმოსება აბჯრით – სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს – მოუსყიდველ სამართალს; 19. დაწვდება უძლეველ ფარს – სიწმინდეს, 20. მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე. 21. ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან. 22. ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ. 23. მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს. 

1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება – უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის,

მწუხრ.: 2) სიბრძ. 3: 1-9 

1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება. 2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ. 3. ჩვენგან წასვლა კი – განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ. 4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე. 5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა. 6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა. 7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები. 8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი. 9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.

მწუხრ.: 3) სიბრძ. 4: 7-15 

7. მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება. 8. რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება. 9. სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია. 10. ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა. 11. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული. 12. რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა. 13. მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა; 14. რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა, 15. რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე.

ცისკ.: ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.

ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი შაბათისა: 1 კორ. 1: 26-29 

26. დაუკვირდით, ძმანო, ვინა ხართ ხმობილნი: ცოტაა თქვენს შორის ხორციელად ბრძენი, ცოტაა ძლიერი, ცოტაა წარჩინებული. 27. მაგრამ ღმერთმა გამოარჩია შლეგნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ბრძენნი, და უძლურნი ამა ქვეყნისანი, რათა არცხვინოს ძლიერნი. 28. უგვარონი ამა ქვეყნისა, უბადრუკნი და არარსნი გამოარჩია ღმერთმა, რათა არად აქციოს არსნი, 29. და, ამრიგად, არცერთი ხორციელი არ იქადოდეს ღვთის წინაშე.

ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი შაბათისა: ინ. 8: 21-30 

21. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემა ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას. 22. მოხდა ისე, რომ ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო; და გაცურეს. 23. ხოლო ცურვისას ჩაეძინა. და ამოვარდა გრიგალი ტბაზე; წყლით ივსებოდა ნავი და ჩაძირვას უქადდა მათ. 24. მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით. ხოლო ის წამოდგა, შერისხა ქარები და წყლის ღელვა; დაცხრნენ და სიმყუდროვემ დაისადგურა. 25. და უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ხოლო ისინი, დამფრთხალნი და განცვიფრებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებენ მას? 26. და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა. 27. ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ – სამარხებში. 28. იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე. 29. რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა. 30. ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში.

იოსებისა: 2 კორ. 4: 6-15 

6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე. 7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან. 8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს. 9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ. 10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში. 11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში. 12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე – თქვენში. 13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.

იოსებისა: მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა, აღესრულა იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. ქრისტეს აღსარებისთვის წმიდა აკაკი საშინლად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს, საიდანაც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სახელი გაითქვა შთაგონებული ქადაგებებითა და სასწაულებით, რის შემდეგაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. 
წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა (ასკლიპიოდოტა) IV საუკუნის დასაწყისში ეწამნენ, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას. ქალაქ მარკიანოპოლის დიდგვაროვანი მკვიდრნი, მაქსიმე და ასკლიადა კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ და თავიანთი მაგალითით მრავალ წარმართს მოაქცევდნენ ქრისტიანობაზე.
თრაკიის მმართველმა, ტირისმა, რომელიც მარკიანოპოლში ქრისტიანების დასასჯელად იყო ჩასული, მაქსიმე და ასკლიადა თავისთან მოიხმო და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, მაგრამ მათი სიმტკიცე რომ იხილა, ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ აღმსარებლები.
ერთმა კეთილმსახურმა მოქალაქემ, თეოდოტემ მმართველი სისასტიკეში ამხილა. ამისთვის ისიც შეიპყრეს, ხეზე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით აწამეს. შემდეგ სამივე მარტვილი საპყრობილეში ჩააგდეს. ორი კვირის თავზე ტირისმა გზა განაგრძო და მოწამეები თან გაიყოლა. ქალაქ ადრიანოპოლში უსჯულომ კიდევ უფრო მძაფრი სატანჯველები დაატეხა მათ თავს. უფლის რჩეულებს ნუგეში სცა ზეციდან გარდამოვლენილმა ხმამ, რომელიც მათ სიმტკიცისა და მოთმინებისკენ მოუწოდებდა. რამდენიმე დღის წამების შემდეგ მარტვილები ცირკში მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მაქსიმესა და თეოდოტეს მათზე მიშვებულმა დათვმა ალერსი დაუწყო. წმიდა ასკლიადა ხარზე მიაბეს, მაგრამ პირუტყვმა ადგილიდან ფეხი არ მოიცვალა. გააფთრებულმა ტირისმა მათთვის თავის მოკვეთა ბრძანა. გამოხდა ხანი და მარტვილთა წმიდა სისხლში ხელგასვრილ ხელისუფალს ღვთის რისხვა დაატყდა თავს: სამსჯავროზე მჯდომი, მეხმა განგმირა.
წმიდათა: მაქსიმეს, თეოდოტესა და ასკლიადას (ასკლიპიოდოტას) ხსენება 19 თებერვალსაც აღესრულება. 
წმიდა მოწამე პორფირე იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას ეწამა. პორფირე მსახიობი იყო და იმპერატორის დაბადების დღეს თეატრში ასრულებდა როლს, რომლის მიხედვითაც ნათლისღების საიდუმლო აბუჩად უნდა აეგდო; მაგრამ როცა პიესის მსვლელობის დროს ნეტარი წყალში ჩაეშვა და წარმოთქვა: „ნათელს იღებს მონა ღვთისა პორფირე, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“, სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა მასზე და, წყლიდან ამოსულმა, აშკარად აღიარა ქრისტიანობა. იულიანემ იქვე ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. ეს მოხდა ქალაქ ეფესოში 361 წელს. 
წმიდა დიდმოწამე ნიკიტა, გუთი მხედარი, ცხოვრობდა IV საუკუნეში, დუნაის ნაპირას. ამ დროს ქრისტეს სარწმუნოება უკვე ფართოდ იყო გავრცელებული გუთების ქვეყანაში. წმიდა ნიკიტა სახარების ნათლით ადგილობრივმა ეპისკოპოსმა, I მსოფლიო კრების მონაწილემ, თეოფილემ გაანათლა. ქრისტიანობის დამკვიდრებას ქვეყანაში წინ აღუდგნენ წარმართი გუთები, რასაც შედეგად შინაბრძოლები მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანთა ლაშქრის წინამძღოლმა, ფრიტიგერნმა წარმართი ათანარიხი დაამარცხა, ბარბაროსთა შორის მაცხოვნებელი სწავლების ქადაგება სულ უფრო და უფრო მზარდი წარმატებით ხორციელდებოდა. ეპისკოპოსმა ულფილამ შექმნა გუთური ანბანი და გუთთა ენაზე მრავალი საღვთისმსახურო წიგნი თარგმნა. თავისი ცხოვრებითა და შთაგონებული საუბრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ქრისტიანობაზე; მაგრამ ათანარიხმა დამარცხების შემდეგ შეძლო ძალების აღდგენა, სამშობლოში დაბრუნდა და კვლავ ძველებური ძლევამოსილებით შეიმოსა.
კერპთმსახურთა ცრუსარწმუნოების ერთგულს, მას უწინდებურად სძულდა ქრისტიანები და სასტიკად დევნიდა მათ. წმიდა ნიკიტამ გაბედულად ამხილა უსჯულო და შეეცადა, იგი ჭეშმარიტების მსახურების გზაზე დაეყენებინა, მაგრამ ათანარიხმა შეიპყრო უფლის რჩეული და საშინელი წამების შემდეგ ცეცხლში შეაგდო. ასე დაასრულა ცხოვრება დიდმოწამე ნიკიტამ დაახლოებით 372 წელს. წმიდანის მეგობარმა, ქრისტიანმა მარიანოსმა ღამით მოძებნა ცეცხლისგან სრულიად დაუზიანებელი, საკვირველი ნათლით გაბრწყინებული მარტვილის ცხედარი, კილიკიაში გადაასვენა და იქვე დაკრძალა. მისი ზოგი უხრწნელი ნაწილი მოგვიანებთი სერბეთში იქნა გადაბრძანებული. 
წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა (ხს. 7 მაისს), რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა, „ურწმუნოებაჲ არა სადა დაცხრომილ იყო, არამედ კნინღა და სძლევდაცა“.
აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზეც აწამეს უფლი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.
ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. მრავალი ჭირი, ნაკლულევანება და საშიშროება დაითმინა ღირსმა მამამ: ცხოვრობდა „მხოლოჲ მხოლოსა ღვთისა მზარხველი“, ფიცხელი მოღვაწეობით, ყოველგვარ ამქვეყნიურ ნუგეშს მოკლებული.
მხეცთა და ნადირთა სამკვიდრებელში განმარტოების ღვაწლს შემდგარ მამა იოსებს უფალმა მოუვლინა ერთი დიდებული მონადირე, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით გამოსულიყო ამ მიდამოებში სანადიროდ. მონადირემ როგორც კი იხილა წმიდა მამა, მიხვდა, რომ მის წინ ღმერთშემოსილი კაცი იდგა, ცხენიდან ჩამოხტა, თაყვანისცემით მიეახლა, ამბორს-უყო და მდაბლად გამოჰკითხა ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი.
ღირსმა მამამ ღვთის შემწეობით მასში სრული სარწმუნოება და საღმრთო სიყვარულისა და ჭეშმარიტებასთან მიახლოების დაუოკებელი სურვილი დანერგა. დიდებულმა მონადირემ აღუთქვა მამა იოსებს, რომ ტაძარს ააშენებდა ალავერდის უდაბნოში და შეასრულა კიდეც აღთქმა: საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ღირსმა მამამ დიდად გაიხარა ღვთივსათნო საქმის აღსრულებით.
მალე ხალხმა გაიგო წმიდა ბერის ამბავი და აქ სიარული იწყო, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. წმიდა იოსებიც დაუცხრომლად ქადაგებდა, იძლეოდა რჩევა-დარიგებებს. მისი მოუკლებელი ღვაწლით ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. იმ ადამიანთაგან, რომელთაც ბერის წმიდა ცხოვრება, სიყვარული და სასწაულები იზიდავდა უდაბნოში, ბევრი იქვე რჩებოდა სამოღვაწეოდ. თანდათან მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა. წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო საძმოს პირველი წინამძვარის და მოძღვარიც.
დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით ხორციელად მოუძლურებულმა წმინდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოწაფეები შეკრიბა, დაარიგა, აკურთხა, წინამძღვარი დაუდგინა და მშვიდად მიიცვალა.
მოწაფეებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმიდა იოსების ცხედარი მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში. ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება. 
ღირსი ფილოთეოს ხუცესი მცირე აზიის სოფელ მრავინოდან იყო. იგი სასწაულთქმედების ნიჭით იყო დაჯილდოებული ღვთისაგან. მიიცვალა არა უგვიანეს X საუკუნისა. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.