6.09.2024. მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

პარასკევი. ხსნილი თევზით 

ღირსისა სერაპიონ სასწაულთმოქმედისა, ნათლისმცემლის მონასტრის (გარეჯის უდაბნოში) წინამძღვრისა (1747); წმიდათა აღმსარებელთა: ეპისკოპოს სტეფანესი (1936), დეკანოზ პოლიევქტოსისა (1936) და მღვდელ ფილიმონისა (1879), წმიდათა მღვდელმოწამეთა: დეკანოზ ანდრიასი და მღვდელ პეტრესი, კარბელაშვილებისა (1924); მღვდელმოწამისა ევტიქისა, იოანე ღმრთისმეტყველის მოწაფისა (I-II); მოწამისა ტატიანესი (305); ქალწულმოწამისა სირა სპარსელისა (558); ღირსისა გიორგი ლიმნელისა (VIII); 39-თა თრაკიელთა მოწამეთა, რომელთა სახელებია: სევერიანე, მემნონ, რიონი, ანტვილიანე, მოლია, ევდემონ, სილოვანე, სავინე, ევსტათი, სტრატიონ, ვოსვა, ტიმოთე, პალმატო, მესტო, ნიკონ, დიფილე, დომეტი, მაქსიმე, ნეოფოტე, ბიკტორ, ნინოს, სატორნინე, ეპაფროდიტე, კერკა, გაიოს, ზოტიკე, კორნიონ, პართენი, აქილევ, პანთირი, ხრვისანთე, ათინოდორე, პანტოლეონ, თეოსები, გენეთლი, ანთოსორე, ზოილე, ტვირანე და აგათონ (284-305). 

დღის ლოცვები 

მღვდელოწამე ევტიქის, მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფის კონდაკი:

მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღდელთმთავართა შუენიერებაი იქმენ, ევტიქი, მოწამეობაი ადიდენ და განბრწყინდი, ვითარცა მზე, და განანათლებ ყოველთა, და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღდელსა, მესაიდუმლოესა ქრისტესსა. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 2 კორ. 4: 13-18 (დას. 177). მთ. 24: 27-33, 42-51 (დას. 100). 
ღირ. – გალ. 213 დას. V, 22 – VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30. 

ლიტ.: 2 კორ. 4: 13-18 

13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ. 14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე. 15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად. 16. ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი. 17. ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის, 18. როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი – წარუვალი.

ლიტ.: მთ. 24: 27-33, 42-51 

27. ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. 28. რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც. 29. და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. 30. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. 31. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე. 32. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 33. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი. 

42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. 43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. 44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. 45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ? 46. ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა. 47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას. 48. მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას, 49. და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას, 50. მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, 51. შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

ღირ.: გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ღირ.: მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

მღვდელმოწამე ევტიქი პალესტინის სებასტიიდან იყო და I-II საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა. სახარებისეული სწავლების ქადაგება რომ მოისმინა, მან ირწმუნა ქრისტე და იოანე ღვთისმეტყველს დაემოწაფა, შემდეგ კი პავლე მოციქულს შეხვდა და მასთან ერთად ქადაგებდა მრავალ ქვეყანაში. ევტიქი მშობლიურ ქალაქში აღესრულა მოწამეობრივად – მტარვალებმა მას II საუკუნის დასაწყისში მახვილით თავი მოჰკვეთეს. 
წმიდა მოწამე ტატიონე ცხოვრობდა ბითვინიაში. ის იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. როცა ღვთისმბრძოლებმა შეიტყვეს, რომ იგი ქრისტეს მსასოებელი იყო, შეიპყრეს და ქალაქ კლავდიოპოლში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. საშინლად ნაწამები წმიდანი, რომელიც ქუჩებში თრევით მიჰყავდათ სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ქალაქის კარიბჭესთან აღესრულა (+ 305 ).
წმიდა მოწამე სირა ქალწული VI საუკუნეში ცხოვრობდა სპარსეთში. იგი იყო ცნობილი ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმის ელიმაიდის ასული. სირა მამამ ქურუმ ქალს მიაბარა აღსაზრდელად. ქალწულმა მისგან მოგვობის ცრუმეცნიერება შეითვისა და ცეცხლის საკერპოს ქურუმი გახდა. ერთხელ ქრისტიან ქალთან საუბრისას ნეტარმა ირწმუნა მაცხოვრის სწავლების ჭეშმარიტება და ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო: სწავლობდა ლოცვებსა და ფსალმუნებს, მარხულობდა და თანდათან ეცნობოდა საღვთო წერილსა და ქრისტიანულ მოძღვრებას.
გავიდა ხანი და სირა ავად გახდა. იგი ქრისტიანულ ტაძართან მივიდა და ხუცესს სთხოვა, ცოტაოდენი მტვერი მიეცა მისთვის ეკლესიიდან – იმედოვნებდა, რომ ის განკურნავდა. მღვდელი წმიდა ქალწულს იცნობდა, როგორც კერპთმსახურს და უარით გაისტუმრა. საკუთარ უღირსობაში ღრმად დარწმუნებული სირა ოდნავადაც არ განრისხებულა, პირიქით, უფრო სასოებით აღივსო, რწმენით შეეხო ხუცესის შესამოსელს, როგორც ოდესღაც სისხლმდინარე დედაკაცი – მაცხოვრის სამოსლის „ფესვს“ (მთ. 9, 20-22) და მაშინვე განიკურნა. ნეტარის ახლობლები ხედავდნენ მის დამოკიდებულებას ქრისტიანობასთან და ყოველნაირად ცდილობდნენ, დაებრკოლებინათ იგი. მათ სირას დედინაცვალს სთხოვეს, ხელი აეღებინებინა მისთვის ამ განზრახვაზე. დედინაცვალმა მოატყუა წმიდანი, მეც ფარული ქრისტიანი ვარო – და უთხრა, ჭეშმარიტი სარწმუნოება გულით ეტარებინა, გარეგნულად კი ცეცხლთაყვანისცემა განეგრძო, რადგან, შეიძლება მას ვერ გაეძლო წამებისთვის და უარი ეთქვა ქრისტიანობაზე. ქალწულმა ყოყმანი დაიწყო – ნათელეღო და განცხადებულად ეღიარებინა ქრისტე, თუ ისევე დარჩენილიყო – საქმით ქურუმი და გულით ქრისტიანი. ამ სულიერ ბრძოლაში თვითონ უფალი გამოეცხადა წმიდანს. სასწაულებრივი ხილვით გაოგნებულმა სირამ გააკეთა საბოლოო არჩევანი – ეპისკოპოსთან მივიდა და ნათლისღება სთხოვა. მღვდელმთავარმა ქალწულის სურვილის შესრულება გადადო: შიშობდა, მოგვებისთვის ქრისტიანთა დევნის საბაბი არ მიეცა, თან ფიქრობდა, მამის რისხვით შეშინებულმა ასულმა, შესაძლოა, უარყოსო კიდეც ქრისტე. მან სირას ურჩია, ჯერ აშკარად ეღიარებინა თავისი სარწმუნოება ნათესავების წინაშე.
ერთხელ, დილის მსხვერპლშეწირვის დროს, წმიდა სირამ ჩააქრო სპარსთაგან ღმერთად სახელდებული ცეცხლი, სამსხვერპლო დაანგრია და ხმამაღლა განაცხადა, რომ ის ქრისტიანი იყო. განრისხებულმა მამამ საშინლად სცემა წმიდანი და საპყრობილეში ჩააგდო. მეორე დღეს მამამისი ფერებითა და საჩუქრებით ეცადა ასულის გადაბირებას, მაგრამ ურყევი იყო წმიდანის გადაწყვეტილება. მაშინ მამამ წმიდა მოწამე მთავარ ქურუმსა და მმართველს გადასცა. მარტვილს დიდხანს აწამებდნენ დილეგში, მაგრამ, უფლისგან განმტკიცებულს, მაცხოვრის სასოება ოდნავადაც არ განელებია. ერთხელ სირამ მოისყიდა საკანის მცველები, ეპისკოპოსთან მივიდა და მოინათლა. წამებით მოუძლურებული წმიდანი სასიკვდილოდ დაავადდა. იგი შესთხოვდა უფალს, სნეულებით არ მოეკლა და მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გაეხადა. ღმერთმაც შეისმინა მისი ვედრება და სასწაულებრივ განკურნა. საღსალამათი ქალწული რომ იხილეს, საკნის მცველმა და ციხისთავმა გადაწყვიტეს, ძალა ეხმარათ მასზე, მაგრამ ზეგარდმო სასჯელმაც არ დააყოვნა: ერთი ლოგინად ჩავარდა, მეორეს კი სული აღმოხდა. წმიდა სირას დახრჩობა გადაუწყვიტეს.
სასიკვდილო სასჯელი განსაკუთრებული ცინიზმითა და სისასტიკით აღასრულეს – დროდადრო თოკს უშვებდნენ და მარტვილს ეკითხებოდნენ, გადაწყვეტილება ხომ არ შეგიცვლია და ცოცხლებში დარჩენა ხომ არ გსურსო. სულთმობრძავი ქრისტეს ტარიგი უარით პასუხობდა და ითხოვდა, დაეჩქარებინათ განაჩენის სისრულეში მოყვანა. სირას სხეული ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მათ სიწმიდეს პირი არ დააკარეს. უფლის სათნომყოფელის წმიდა ცხედარი ქრისტიანებმა მიწას მიაბარეს (+558).
ღირსი გიორგი ლემნოსელი დაიბადა კუნძულ ლემნოსზე. ის კონსტანტინოპოლის მახლობლად მდებარე ოლიმპის სავანის ბერი იყო. წმინდანი ხატთაყვანისცემისათვის ეწამა ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ ისავრიელის (716-741) ზეობისას. მრავალგვარი წამების შემდეგ ჯალათებმა მას თმებზე ცეცხლი წაუკიდეს და, სახედამწვარს, ცხვირი მოაჭრეს. ღირსი გიორგი გარდაიცვალა დაახლოებით 716 წელს ღრმა მოხუცებულობაში. 
ღირსი სერაპიონ სასწაულთმოქმედი იყო გარეჯის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარი. საქმითა და სიტყვით ძლიერ, მოღვაწეობით გამორჩეულ, დიდ მმარხველსა და მლოცველ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული.
ერთხელ ღირსი სერაპიონი მონასტრის ძმებთან ერთად ქალაქში წავიდა საქმეზე. წინ მიმავალ მსახურებს, რომლებსაც საღმრთო მსახურებისათვის საჭირო ნივთები მიჰქონდათ, ავაზაკები შემოხვდნენ და გაძარცვეს. ისინი უკან გაიქცნენ და, შეწუხებულებმა, წინამძღვარს აუწყეს ყოველი. „დიდია ღმერთი, არ დავანებებ არაწმიდა წარმართებს სიწმიდეების მიტაცებას“, – თქვა წმიდა სერაპიონმა, მოიმარჯვა კვერთხი და მარტო გაედევნა მძარცველებს. ავაზაკებმა როგორც კი დაინახეს სერაპიონი, სახედარი ტვირთით იქვა დატოვეს და თვითონ კლდე-ღრეში მიიმალენენ. შემდგომ ავაზაკებს უთქვამთ: „ვინ იყო ის მონაზონი, რომელიც ჩვენ გამოგვიდგა, რადგან ვნახეთ ცეცხლი, რომელიც მისი კვერთხიდან გამოდიოდაო“.
სხვა დროს ნეტარი სერაპიონი თავის სენაკში ლოცულობდა. მოულოდნელად გარეთ გამოვიდა შეწუხებული და ძმებს უთხრა: „ვაი, ვაი, მონასტრის მსახურები ავაზაკებს გადაეყარნენ“. ეს თქვა და მაშინვე სენაკში შევიდა, დახშო კარი და მხურვალე ლოცვა დაიწყო. ორიოდე საათის შემდეგ მონასტრის მსახურები შეწუხებულები მოვიდნენ და თქვეს, გზაზე ავაზაკები შეგვხვდნენ, ჩვენ სახედრები ტვირთითურთ მივატოვეთ და გაქცევით ვუშველეთ თავსო. ცოტა ხნის შემდეგ დატვირთული სახედრებიც დაბრუნდნენ მონასტერში ადამიანთა თანხლების გარეშე. ღვთის მადლითა და ღირსი სერაპიონის წმიდა ლოცვით უვნებლად დაბრუნებული მსახურები ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც მამა სერაპიონს დაფარული გამოუცხადა თავისი სიმდაბლისა და სიკეთისათვის.
სათნოებით გამორჩეული მონასტრის წინამძღვარი გადადგა, დიდი სქემა შეიმოსა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. მუდმივი მეტანიებისა და ფეხზე დგომისაგან წმიდანს ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა აღარ შეეძლო. მალე მას ამქვეყნიდან გასვლის მოახლოებაც ეუწყა და ძმებს სთხოვა, მისი გვამი ეკლესიის შესასვლელში, მის მიერვე წინასწარ მომზადებულ საფლავში დაემარხათ, რათა ტაძარში ყოველ შემსვლელ-გამომსვლელს მისთვის გადაევლო. წმიდა სერაპიონი 1747 წელს აღესრულა. ანდერძისამებრ დაკრძალეს ტაძრის შესასვლელში. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.