7.09.2024. მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა

შაბათი. ხსნილი 

მოციქულისა ბართლომესი (წმ. ნაწ. აღმოყ. VI ს): მოციქულისა 70-თაგანისა ტიტესი, კრიტელი ეპისკოპოსისა (I); ბარსისე და ევლოგი ედესელ ეპისკოპოსთა, და პროტოგენი აღმსარებელისა, კარიელ ეპისკოპოსისა (IV); მინა კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (536-552). 

დღის ლოცვები 

აღმოყვანება ნაწილთა მოციქულისა ბართლომესი

კონდაკი: იხილე დიდად მზედ ეკლესიისა მოძღურებათა ელვითა და სასწაულთა საკვირველთათა ნათელ მყვანებელ პატივისმცემელთა შენთა, ბართლომე, უფლისა მოციქულო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: მოც.: ტიტ. 1: 1-4; 2: 15 – 3: 3, 12-13, 15 (დას. 300). მთ. 5: 14-19 (დას. 11).
რიგ.: 1 კორ. 1: 3-9 (დას. 123). მთ. 19: 3-12 (დას. 78). 

ლიტ.: მოც.: ტიტ. 1: 1-4; 2: 15 – 3: 3, 12-13, 15 

1. პავლე, ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღვთის რჩეულთა რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად, 2. საუკუნო სიცოცხლის იმედით, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა, 3. და თავის დროზე გამოაცხადა სიტყვა ქადაგებით, რომელიც ჩვენი მაცხოვრის – ღმერთის ბრძანებით მე მომენდო, – 4. ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს საერთო რწმენისამებრ: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი მაცხოვრის – ქრისტე იესოსაგან. 

15. ამას ამბობდე, შეაგონებდე და ამხილებდე მთელი ძალმოსილებით, რათა ვერავინ უგულებელგყოს. 

3. ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდთმილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი. 

12. როდესაც არტემასსა და ტიქიკოსს გამოგიგზავნი, ჩემსკენ გამოეშურე, ნიკოპოლისს, რადგანაც აქ გადავწყვიტე გამოზამთრება. 13. ხელი შეუწყვე რჯულის მოძღვარ ძენასისა და აპოლოსის გამომგზავრებას, რომ არაფერი მოაკლდეთ. 

15. მოგიკითხავს ყველა, ვინც ჩემთანაა. მოიკითხე, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.

ლიტ.: მთ. 5: 14-19 

14. თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული. 15. როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს. 16. დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს. 17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. 18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. 19. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.

რიგ.: 1 კორ. 1: 3-9 

3. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ. 4. მარადჟამ ვმადლობ ღმერთს თქვენს გამო ღვთის მადლისათვის, ქრისტე იესოში რომ მოგეცათ. 5. რადგანაც ყოვლითურთ გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ცოდნით. 6. ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში. 7. ასე რომ, არ გაკლიათ არავითარი ნიჭი, და მოელით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებას, 8. ვინც განგამტკიცებთ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს. 9. სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს.

რიგ.: მთ. 19: 3-12 

3. მაშინ საცდუნებლად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს: აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი? 4. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი? 5. და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. 6. ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი. 7. კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა? 8. მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე. 9. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც განაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს. 10. უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კაცს ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც არ შეირთოს. 11. ხოლო იესომ პასუხად თქვა: ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა. 12. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წმიდა მოციქული ტიტე, სამოცდაათთაგანი, კუნძულ კრეტაზე დაიბადა, დიდგვაროვან წარმართთა ოჯახში. სიჭაბუკეში იგი გულმოდგინედ ეუფლებოდა ელინურ ფილოსოფიასა და პოეზიას. მეცნიერებებში ჩაღრმავებული ტიტე სათნო ცხოვრებით ცხოვრობდა და შორს იდგა წარმართული ბიწიერებისა და ვნებათაღელვისაგან; როგორც მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (ხს. 20 დეკემბერს) გვამცნობს, მას ქალწულება დაუმარხავს.
ოცი წლის ასაკში ნეტარს ძილში ჩაესმა ხმა, დაეტევებინა ელინური ამაოდბრძნობა და საცხოვნებელი სწავლება მოეძია. შემდეგაც, ზეგარდმო მიენიშნა, ღვთის წმიდა წინასწარმეტყველთა წიგნებს გასცნობოდა. უფლის რჩეულს პირველად ესაიას წინასწარმეტყველების წაკითხვა მოუხდა.
როცა კრეტამდე მოაღწია ხმამ პალესტინაში გამოჩენილი დიდი წინასწარმეტყველისა და მის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ, კუნძულის მმართველმა, ტიტეს ღვიძლმა ბიძამ წმიდანი იერუსალიმში გაგზავნა – სურდა შეეტყო, რამდენად შეეფერებოდა განაგონი ამბები ჭეშმარიტებას. ეს წინასწარმეტყველი იყო თავად უფალი იესო ქრისტე, რომელმაც ხორცი შეისხა ქალწულ მარიამისაგან და ამქვეყნად გარდამოხდა პირველქმნილი ცოდვის ტყვეობისაგან ადამიანთა მოდგმის გამოსასყიდად.
იერუსალიმში ტიტემ საკუთარი თვალებით იხილა განკაცებული ღმერთი, მოისმინა მისი ქადაგება და ირწმუნა, რომ მის წინ აღთქმული მესია იდგა. ნეტარი, მოწმე გახდა მაცხოვრის ჯვარზე ვნებისა და აღსრულებისა, მისი ბრწყინვალე აღდგომისა და ზეცად ამაღლებისა. სულთმოფენობის დღეს შემოკრებილ ხალხში მდგარ წმიდანს ესმოდა, თუ როგორ ალაპარაკდა სულიწმიდის მადლით თორმეტი მოციქული სხვადასხვა ენაზე (საქმე. 2.11). წმიდა ტიტემ პავლე მოციქულის ხელით იღო ნათელი და მისი უახლოესი მოწაფე შეიქნა. ტიტე სამოცდაათ მოციქულს შორის შეირაცხა და წმიდა პავლეს მიერ კრეტის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. დაახლოებით 65 წელს, მოციქულთა თავმა სამოძღვრო ეპისტოლე გაუგზავნა თავის რჩეულს. როცა პყრობილი პავლე რომში ჩაიყვანეს კეისრის სამსჯავროზე, წმიდა ტიტემ დროებით დატოვა ეპარქია და რომში ჩავიდა, რომ სულიერი მამისათვის სამსახური გაეწია; მისი მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ კი ნეტარი კრეტის მთავარ ქალაქ ჰორტინას დაუბრუნდა.
ერთხელ, ქალღმერთ დიანას დღესასწაულზე ტიტე შემოკრებილ წარმართებს შორის ქადაგებდა. როცა ნახა, რომ მას არავინ უსმენდა, მხურვალედ შესთხოვა უფალს, თვითონ დაერწმუნებინა გზაშეცდომილი ხალხი ცრუღმერთების უსუსურობაში. შემუსვრილი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა: დიანას კერპი ჩამოვარდა და ყველას თვალწინ ნამსხვრევებად იქცა. სხვა დროს მოციქულმა უფალს შესთხოვა, არ დაეშვა ზევსის მშენებარე წარმართული ტაძრის განსრულება და იგი, მართლაც, დაინგრა. ნეტარმა ტიტემ სარწმუნოების ნათელი მოჰფინა გარემო ქვეყნებს და მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში, ოთხმოცდათხუთმეტი წლის ასაკში. სიკვდილის წინ მისი სახე მზესავით გაბრწყინდა. 
წმიდა ბარსისე და ევლოგი – ედესელი ეპისკოპოსები და პროტოგენი, კარიელი ეპისკოპოსი, აღმსარებელნი IV საუკუნის მეორე ნახევარში აღესრულნენ. იმპერატორმა ვალენტიმ (364-378), რომელიც არიანული ერესის გავრცელებას ესწრაფოდა, მართლმადიდებელთა სასტიკი დევნა დაიწყო. ქალაქ ედესაში მან კათედრიდან განდევნა სარწმუნოების სიწმიდისათვის მებრძოლი მღვდელმთავარი ბარსისე და კუნძულ არადის საპყრობილეში გაგზავნა. მართლმადიდებელი მოსახლეობა დევნილ მღვდელმთავარს დიდი პატივით შეხვდა. იგი უფრო შორს, ეგვიპტის ქალაქ ოქსირინთში გადაიყვანეს, მაგრამ იქაც ამგვარადვე დაუხვდნენ. მაშინ მღვდელმთავარი იმპერიის საზღვარზე, ქალაქ ფენონში გადაასახლეს, სადაც, გატანჯულმა, სული უფალს შეჰვედრა (+378).
ედესაში იმპერატორმა ვალენტიმ საეპისკოპოსო ტახტზე უკანონოდ აღასაყდრა არიანელი ცრუეპისკოპოსი ლუპუსი (რაც მგელს ნიშნავს), რომელმაც საქმით გაამართლა თავისი სახელი. ედესის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ, ღვთისმსახურებმაც და მრევლმაც, შეწყვიტა მწვალებელთაგან დაპყრობილ ტაძრებში სიარული. ისინი ქალაქგარეთ იკრიბებოდნენ და ღია ცის ქვეშ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას.
როცა ამის შესახებ შეიტყო, იმპერატორმა ეპარქ მოდესტოსს უბრძანა, დაეხოცა ყველა ქრისტიანი, რომელიც იქ გამოცხადდებოდა. ეპარქს შეებრალა ხალხი და მორწმუნეები წინასწარ გააფრთხილა, ღვთისმსახურებაზე არ მისულიყვნენ. ისინი კი პირიქით მოიქცნენ: ქრისტესთვის წამების სურვილით ანთებულები, უკლებლივ შეიკრიბნენ ლოცვის აღსავლენად. ეპარქი მოდესტოსი, ბრძანებისამებრ, შეიარაღებული მხედრებით გაეშურა ამ ადგილისაკენ. გზად მან იხილა ქალი, რომელიც ყრმასთან ერთად მიდიოდა წამების ადგილისაკენ, მარტვილის გვირგვინის მისაღებად. ამ ამბით გაოგნებული მოდესტოსი მეომრებითურთ უკან გაბრუნდა. სამეფო კარზე წარმდგარმა დაარწმუნა იმპერატორი, შეეცვალა ბრძანება ყველა მართლმადიდებლის ამოჟლეტის შესახებ და იგი მხოლოდ ღვთისმსახურებზე გაევრცელებინა.
სასულიერო პირები უხუცესი მღვდლის, ევლოგის წინამძღვრობით იმპერატორს მიჰგვარეს. უღმრთო ხელისუფალი ეცადა, ცრუეპისკოპოს ლუპუსთან ურთიერთობაზე დაეყოლიებინა ისინი, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ დაითანხმა. ამის შემდეგ ოთხმოცი ღვთისმსახური ბორკილებასხმული გაგზავნეს თრაკიის საპყრობილეში. გზაში მართლმორწმუნეები დიდი პატივით ეგებებოდნენ წმიდა აღმსარებლებს და საჭირო ნივთებით ამარაგებდნენ. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ორ-ორად დაეყოთ ისინი და სხვადასხვა ადგილებში მიმოეფანტათ.
წმიდა ხუცესი ევლოგი და პროტოგენი თებაიდის ქალაქ ანტინოეში გაგზავნეს, სადაც მათ თავიანთი ქადაგებით ბევრი კერპთმსახური მოაქციეს და მონათლეს. როცა იმპერატორი ვალენტი დაიღუპა, ტახტზე ასულმა კეთილმსახურმა მეფე თეოდოსიმ (379-395), დევნის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი აღმსარებლები გადასახლებიდან დააბრუნა.
გარდაცვლილი წმიდა ეპისკოპოსის, ბარსისეს ნაცვლად ხუცესი ევლოგი აკურთხეს ედესელ მღვდელმთავრად, წმიდა პროტოგენს კი მესოპოტამიის ქალაქ კარიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმინდანები ბრძნულად განაგებდნენ სამწყსოს, სანამ IV საუკუნის მიწურულს მშვიდობით არ გავიდნენ ამსოფლიდან. 
აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა მოციქულისა ბართლომესი. ბართლომე მოციქული ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) ეწამა ქრისტესთვის 71 წელს და იქვე დაკრძალეს. მის წმიდა ნაწილებთან ბევრი სასწაული აღესრულა და მრავალი უღმრთო მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. იმპერატორ ანასტასის (491-518) დროს წმიდანის ნეშტი ქალაქ ანასტასიოპოლში გადაასვენეს.
როცა ანასტასიოპოლი სპარსეთის მეფე ხოსრომ დაიპყრო, ქრისტიანებმა წმიდა ბართლომეს ნაწილები შავი ზღვის სანაპიროსკენ წაასვენეს, მაგრამ უღმრთოები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ტალღებისათვის მიეცათ (სხვა ცნობით, იგი თავად მოგვებმა ჩააგდეს წყალში). ბართლომეს ნეშტთან ერთად კიდევ ოთხი კიდობანი ჩაუშვეს ზღვაში – წმიდა მოწამეთა: პაპიანეს, ლუკიანეს, გრიგოლისა და აკაკის ნაწილებით. ღვთის ძალით ისინი არ ჩაიძირნენ, სასწაულებრივ გაცურდნენ და იტალიას მიაღწიეს. ლუსკუმა ბართლომეს უხრწნელი ნაწილებით კუნძულ ლაპარის ნაპირებს მიადგა, სხვა კიდობნებმა კი გზა განაგრძეს და იტალიის სხვადასხვა ადგილებში გაჩერდნენ. წმიდა მოციქულის ნეშტის მობრძანება სასწაულებრივი ჩვენებით გაუცხადდა ადგილობრივ ეპისკოპოს აღათონს, რომელიც ღვთისმსახურთა დასთან ერთად გავიდა ზღვის ნაპირზე, ლუსკუმა გამოასვენა წყლიდან და ზეიმით გადააბრძანა ტაძარში. მოციქულის უხრწნელი ნაწილებიდან მაკურნებელი მირონი გადმოდინდა. სიწმიდე ლიპარის ეკლესიაში IX საუკუნის შუა წლებამდე დარჩა; როცა კუნძული წარმართებმა დაიპყრეს, ქრისტიანმა ვაჭრებმა იგი ქალაქ ბენევენტუმში გადაასვენეს, სადაც მას დიდი პატივით შეეგებნენ და ქალაქის მთავარ ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ზოგი ცნობით, აქედან ბართლომე მოციქულის წმიდა ნეშტი (ან მისი ზოგიერთი წმინდა ნაწილი) X საუკუნეში რომში იქნა გადაბრძანებული. 
წმიდა მინა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (536-552) თავდაპირველად ხუცესად მსახურობდა კონსტანტინოპოლში და ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებლის დავრდომილთა თავშესაფრის ზედამხედველი იყო წმიდა იუსტინიანე I-ის (527-565) ზეობისას. სათნოებებით უხვად შემკული, მართლმადიდებლობის მხნე აღმსარებელი მამა ერეტიკოს ანთიმოზის (535-536) ჩამოგდების შემდეგ აღასაყდრეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე. ხელდასხმა აღასრულა იმჟამად კონსტანტინოპოლში მყოფმა რომის პაპმა აღაპიტემ (535-536). მღვდელმთავარ მინას პატრიარქობის დროს კონსტანტინოპოლში მოხდა სასწაული, რომელიც მთელს ქალაქში გახდა ცნობილი.
ერთი ებრაელის ბავშვი ტაძარში შევიდა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა. როცა ამის შესახებ მან სახლში მამას მოუთხრო, ეს უკანასკნელი საშინლად განრისხდა, ყრმა შეიპყრო და გავარვარებულ ღუმელში შეაგდო, მეუღლისთვის კი არაფერი უთქვამს. სასოწარკვეთილი დედა სამი დღე ტირილით დაეძებდა შვილს და ხმამაღლა უხმობდა, სანამ ბოლოს იგი გახურებული ქურიდან არ შეეხმიანა. დედამ იქიდან გაჭირვებით გამოიყვანა ბავშვი, რომელიც სრულიად უვნებელი აღმოჩნდა. ბიჭი ყვებოდა, ბრწყინვალე ქალბატონი მოდიოდა ჩემთან, ცეცხლის სიმხურვალეს განაქარვებდა და წყალსა და საზრდელს მიზიდავდაო. ამის შესახებ მღვდელმთავარმა მინამ და წმიდა იუსტინიანე I-მა შეიტყვეს. დედა-შვილი მოინათლნენ, გულგაქვავებულმა მამამ კი იმ დიდი სასწაულის მიუხედავად, რომლის მოწმეც შეიქნა, არ ისურვა ცოდვის მონანიება. მაშინ იმპერატორმა სამსჯავროს გადასცა იგი, როგორც მკვლელი და სიკვდილით დასაჯა. პატრიარქი მინა თექვსმეტი წელი განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. წმიდა სოფიას ცნობილი ტაძარი სწორედ მისი პატრიარქობის დროს იკურთხა. წმიდა მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა 552 წელს. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.