10.10.2024. მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
10.10.2024. მარხვა 

50-თა მოწამეთა სტრატიოტთა, კალისტრატესი და მის თანა: დალმატისა, ვივრახესი, ილიოდორესი, დომენტიანესი და სხვათა (დაახ. 304); მოციქულთა 70-თაგანთა: მარკოზისა, არისტარქესი და ზინასი (I); მოწამეთა: ეპიხარისა, გაიანესი და მათ-თანათა (284-305); ღირსი სა ეგნატე იღუმენისა (963-975). 

დღის ლოცვები 

მოწამეთა კალისტრატესი და მეგობართა მისთა გიმნასიოსისა და სხვათა

კონდაკი: დღეს ყოველსა ტკივილსა მოწამეთასა ეკლესია აღასრულებს, წმიდანნო, და აქებს საიდუმლოდ წმიდასა მოღუაწებასა თქუენსა, საღმრთონო მოწამენო; კალისტრატე ყოვლადბრძენო, შენ თანამოღუაწითურთ ევედრენით უფალსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის. 

სხვა კონდაკი: რომელთა მრავალფერნი წყლულებანი დაითმინენით და გვირგვინი ბრწყინვალენი ხელისაგან ღმრთისა მოიხვენით, ჩუენთვისცა ევედრენით ქრისტესა, ნეტარნო, სახსენებელისა თქუენისა მედღესასწაულეთათვის, რომელნი გადიდებთ შენ, კალისტრატე, თანამოღუაწით შენითურთ, რაითა მშვიდობაი ჰყოთ სამწყსოსა და ერისა ქრისტეანეთასა, რამეთუ თქუენ ხართ მორწმუნეთა სიმტკიცე. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: გალ. 6: 2-10 (დას. 214). ლკ. 5: 33-39 (დას. 21) – ოთხშ.
ეფ. 1: 1-9 (დას. 216). ლკ. 6: 12-19 (დას. 23) – ხუთშ. 

ლიტ.: გალ. 6: 2-10 

2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული. 3. რადგან ვისაც რაიმედ მოაქვს თავი და არარა კია, თავისსავე თავს იტყუებს. 4. თვითეულმა თქვენგანმა გამოსცადოს თავისი საქმე და მაშინ ექნება იმის საბაბი, რომ თავისი თავით იქადოდეს და არა სხვისით. 5. რადგანაც თვითეული თავის საკუთარ ტვირთს იტვირთავს. 6. სიტყვით დამოძღვრილი ყოველივე კეთილს უზიარებდეს თავის დამმოძღვრავს. 7. ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დასთესს, მასვე მოიმკის. 8. ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს. 9. სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ. 10. მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ.

ლიტ.: ლკ. 5: 33-39 

33. ხოლო მათ უთხრეს მას: რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცულობენ, ასევე ფარისეველნიც; შენი მოწაფეები კი ჭამენ და სვამენ? 34. ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეგიძლიათ ამარხულოთ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? 35. მაგრამ დადგება დღე, როდესაც სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ, იმ დღეებში, იმარხულებენ. 36. და უთხრა მათ იგავიც: არავინ ადებს ახალი სამოსიდან ახეულ საკერებელს ძველ სამოსს; თორემ ახალიც დაიხევა და ვერც ძველი მოიხდენს ახალს. 37. არც არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში; თორემ დახეთქავს ახალი ღვინო ტიკებს, თვითონაც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. 38. არამედ ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში, და ორივე შეინახება. 39. ძველი ღვინის არც ერთი მსმელი არ ისურვებს ახალს: რადგანაც იტყვის: ძველი სჯობსო.

ეფ. 1: 1-9 

1. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, – ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში: 2. მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 3. კურთხეულ იყოს ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომელმაც გვაკურთხა იესო ქრისტეს მიერ ყოველი სულიერი კურთხევით ცაში. 4. ვინაიდან ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით; 5. თავისი ნებისამებრ წინასწარვე რომ განსაზღვრა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, 6. რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში, 7. ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით, 8. ესოდენ უხვად რომ გვიბოძა ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით, 9. და გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე კეთილმოსურნეობით,

ლკ. 6: 12-19 

12. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში სალოცავად ავიდა მთაზე. და მთელი ღამე იქ დაჰყო, ღმრთის მიმართ მლოცველმა. 13. ხოლო როდესაც გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს და ამოარჩია მათგან თორმეტი, რომლებსაც მოციქულები უწოდა: 14. სიმონი, რომელსაც დაარქვა პეტრე, და მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე, 15. მათე და თომა, იაკობი, ძე ალფესი და სიმონი, ზელოტად წოდებული, 16. იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა. 17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წმიდა მოციქული და მახარებელი მარკოზი უფლის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. მას იოანესაც უწოდებენ. ლუკა მახარებელი მარკოზს ახსენებს „საქმე მოციქულთაში“ (12, 25; 15, 37-39), პავლე მოციქული კი კოლასელთა (4, 10) და ფილიმონის (1, 23) მიმართ ეპისტოლეებში. წმიდა მოციქული პავლესა და ბარნაბასთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას და ქალაქ ბიბლის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ნეტარმა ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ჩრდილიც კი კურნავდა სნეულებს (მის შესახებ უფრო ვრცლად იხილეთ 25 აპრილის საკითხავში).
წმიდა მოციქული არისტარქოსი მოხსენებულია მოციქულთა თავის, წმიდა პავლეს ეპისტოლეებში კოლასელთა (4,10) და ფილიმონის (1,23) მიმართ. იგი პავლეს ახლდა თან მქადაგებლური მოღვაწეობის დროს და შემდგომში სირიის ქალაქ აპამეის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდა ეკლესია არისტარქოსს 15 აპრილსაც იხსენებს.
წმიდა სამოცდაათთაგანი მოციქული ზინა მოციქულთა თავის, პავლეს მოწაფე და თანამოსაგრე, სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, შჯულისმეცნიერი იყო. განსწავლულობით გამორჩეულს, მას „შჯულის მწერალი“ შეარქვეს. ნეტარი ნახსენებია პავლეს ეპისტოლეში ტიტე მოციქულის მიმართ: „ზინან შჯულის მწერალი და აპოლო ადრე წარმოვგზავნენ, და ნუმცა რაჲ აკლს მათ“ (3,13). გადმოცემით, ზინა შემდგომში პალესტინის ქალაქ დიოსპოლის ანუ ლიდის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. 
წმიდა მოწამე ეპიქარია რომში აწამეს ქრისტესთვის, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. ქრისტეს მხნე აღმსარებელი დაკიდეს და რკინის ჩანგლებითა და ჩაქუჩის ცემით ნაწამებს თავი მოკვეთეს. 
წმიდა მოწამე კალისტრატე ქალაქ კართაგენში დაიბადა. მისი პაპა, ნეოსკორე იმპერატორ ტიბერიუსის (14-37) დროს იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს დაქვემდებარებულ მხედართა რაზმში მსახურობდა. „და მუნ თუალით მხილველ ქმნილ იყო ვნებასა ქრისტესსა და მსმენელ აღდგომასა მისსა და განმცდელ საკჳრველებათა მათ მაშინ აღსრულებულთა“.
წმიდანის მამა ქრისტიანობას აღიარებდა და შვილიც სარწმუნოებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდა. პაპასა და მამასავით კალისტრატეც მხედარი იყო და თანამებრძოლებს შორის ზნეკეთილობითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ღამით, როცა ყველას ეძინა, ის ჩვეულებრივ, ლოცვად დგებოდა. მალე წმიდანი უფროსთან დაასმინეს. ამ უკანასკნელმა მოუწოდა უფლის რჩეულს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც პასუხად მტკიცე უარი მიიღო. კალისტრატე სასტიკად აწამეს, მაგრამ ვერაფრით მოდრიკეს, შემდეგ ტყავის ტომარაში ჩაკერეს და ზღვაში მოისროლეს. ღვთის განგებით, ტომარა წყალქვეშა კლდის ქიმს წამოეგო, გაიხა და წმიდანი განთავისუფლდა. ორმა დელფინმა იგი ნაპირზე გამოიყვანა. ამ სასწაულის მხილველმა ორმოცდარვა მეომარმა ირწმუნა ქრისტე. მხედართმთავრის ბრძანებით ყველა ახალმოქცეული წმიდა კალისტრატესთან ერთად საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ უფლის რჩეული განაგრძობდა ღვთის სიტყვის ქადაგებას და თანამოღვაწეებს სარწმუნოებაში განამტკიცებდა. ხელისუფალთა წინაშე ხელახლა წარმდგარმა მხედრებმა მტკიცედ აღიარეს მაცხოვარი, რის შემდეგაც მათ ხელ-ფეხი შეუკრეს და მდინარეში ჩაყარეს. ნეტარი კალისტრატე მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მარტვილებისთვის ეს წყალი ნათლისღების საბანლად ქცეულიყო. და „იქმნა მათ ზედა საქმე ღირსი სმენისა და საკჳრველებისაჲ“: მოწამეებს საკვრელები შეეხსნათ „და იყვნეს იგინი ბრწყინვალე პირითა და ბრწყინვალე შესამოსლითა შემოსილ წყალთა მათ შინა“. თავად კალისტრატეს კი ბრწყინვალე გვირგვინი დაედგა თავს და ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, კალისტრატე, მჴნე იყავ თანა სამწყსოჲთ შენითურთ! ამიერითგან მოვედით და განისუენეთ საყოფელთა საუკუნეთა“. ამ დროს მიწა შეიძრა, მახლობლად აღმართული წარმართული ტაძარი ჩამოიქცა და მასში მდგომი კერპებიც დაიმსხვრა. ამ სასწაულმა კიდევ ასოცდათხუთმეტი მეომარი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მხედართმთავარი შეაშინა ლაშქარში მოსალოდნელმა არეულობამ და მათი განსჯა არ დაუწყია, მაგრამ კალისტრატე და მისი რაზმი კვლავ საპყრობილეში გამოამწყვდია. აქ წმიდანები მხურვალედ ლოცულობდნენ და მადლობას სწირავდნენ ყოვლის შემოქმედ ღმერთს, რომელიც მათ სატანჯველთა დათმენის ძალას ანიჭებდა. ღამით ჯალათებმა მოწამეები მახვილებით ასო-ასო აკუწეს. ცოცხლად დარჩენილმა ასოცდათხუთმეტმა ახალმოქცეულმა მეომარმა უფლის სათნომყოფელთა წმიდა ნაწილები პატივით მიაბარა მიწას. შემდგომ ნეტართა მარტვილობის ადგილას ბრწყინვალე ტაძარი ააგეს, საპყრობილეში კი იპოვეს წიგნი, „რომელთა შინა აღწერილ იყვნეს სწავლანი და მოძღურებანი წმიდისა მოწამისა“. 
ღირსი საბატი სოლოვკელი (+1435) 1396 წელს მივიდა კირილო-ბელოეზერის მონასტერში და ბერად აღიკვეცა. აქედან იგი ლადოგის ტბის კლდოვან კუნძულ ვალაამზე გადავიდა სამოღვაწეოდ, შემდეგ კი სოლოვკის უდაბურ კუნძულს მიაშურა და იქ დაემკვიდრა. წმიდანი გარდაიცვალა 1435 წლის 27 სექტემბერს.