12.10.2024. მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

12.10.2024. ხსნილი 

ღირსისა ონოფრესი (ონისიფორე ქარუმიძე), გარეჯელ სასწაულთმოქმედისა (1786); ღირსისა კვირიაკე განშორებულისა, პალესტინელისა (556); მოწამეთა: დადასი, სპარსთა მეფე შაბურის ძისა, გავედაისი და დისა მისისა კაზდოიასი (IV); ღირსისა თეოფანე მოწყალისა. 

დღის ლოცვები 

ღირსი კვირიკე განდეგილის კონდაკი:

ვითარცა ზესთაბრძოლსა და მტკიცესა ნუგეშინისმცემელსა, ესრეთ პატივს გცემს შენ სრულიად ლავრა, შენ და ჩუენ ყოველნი ვდღესასწაულობთ სახსენებელსა შენსა, არამედ, ვითარცა გაქუს კანდიერებაი წინაშე უფლისა, მტერთა ზედა მოსლვისაგან გვიხსნენ ჩუენ, რაითა გიღაღადებდეთ: გიხაროდენ, მამაო სამ-გზის სანატრელო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 1 კორ. 10: 23-28 (დას. 146). ლკ. 5: 17-26 (დას. 19).
რიგ.: ღირ. – გალ. 5: 22 – 6: 2. (დას.213) ლკ. 6: 17-23 (24 დას.).

ლიტ.: 1 კორ. 10: 23-28 

23. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს. 24. ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს. 25. ყველაფერი, რაც საყასბოში იყიდება, ჭამეთ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო. 26. რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი. 27. თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო. 28. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.

ლიტ.: ლკ. 5: 17-26 

17. ერთ დღეს, როცა ასწავლიდა ხალხს, იქ ისხდნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი; და იღვწოდა ძალა უფლისა მათ განსაკურნავად. 18. და, აჰა, რამდენიმე კაცმა სარეცლით მოიყვანა დავრდომილი, და ცდილობდნენ შინ შესულიავნენ და მის წინაშე დაეწვინათ. 19. მაგრამ რაკი ხალხმრავლობის გამო ვერსაით გაიკაფეს გზა, სახურავზე ავიდნენ და ჭერიდან ჩაუშვეს დავრდომილი იესოს წინაშე. 20. მათი რწმენა რომ იხილა, დავრდომილს უთხრა: კაცო, მოგეტევა შენი ცოდვები. 21. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ბჭობა გამართეს და ამბობდნენ: ვინ არის ეს ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის – ღმერთისა? 22. მაგრამ იესომ შეიცნო მათი ზრახვანი და უთხრა მათ: ამას რას ფიქრობთ თქვენს გულში? 23. რა უფრო ადვილია: ამისი თქმა: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ და წადი? 24. მაგრამ რათა თქვენ იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, – ასე უთხრა დამბლადაცემულს: შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. 25. ისიც მაშინვე აღდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზედაც იწვა და წავიდა თავის სახლში, და ადიდებდა ღმერთს. 26. განცვიფრებამ შეიპყრო ყველა, ადიდებდნენ ღმერთს და თავზარდაცემულნი ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთ დღეს.

რიგ.: გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი. 

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

რიგ.: ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

წმიდა მოწამენი: დადა, გავედაი და კაზდოია სპარსეთის მეფემ, საპორმა აწამა ქრისტესთვის. დადა საპორის პირველი კარისკაცი იყო, გავედაი და კაზდოია კი – მრისხანე თვითმპყრობლის ღვიძლი შვილები. მეფემ არაფერი იცოდა დადას ქრისტიანობის შესახებ და სპარსეთის ერთ-ერთი ოლქის მმართველად დანიშნა იგი, მაგრამ როგორც კი შეიტყო ნეტარის აღმსარებლობა, ყოველგვარი პატივი აჰყარა და სასტიკი მტარვალის, ანდრომელიქის სამსჯავროზე წარადგინა. წმიდანს დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ როცა კოცონს მიუახლოვდა, დადამ პირჯვარი გადაისახა და ცეცხლი ჩაქრა. ამ სასწაულით შეძრულმა მეფისწულმა გავედაიმ საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა. მსაჯულმა ამის შესახებ მეფეს მოახსენა, მან კი ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი. ტანჯვათა შორის გავედაის უფლის ანგელოზი ნუგეშინისცემდა, წყლულებს უმთელებდა და ძალებს უცხოველებდა. წმიდანის საკვირველი კურნებების მოწმე მრავალი ტუსაღი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა და მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. გავედაის დამ, მეფის ასულმა კაზდოიამ საპყრობილეში ფარულად მოინახულა ძმა. იგი დაესწრო გავედაის მორიგ წამებასაც. ჯალათებმა ჯვარზე დაკიდეს მარტვილი და ისრები დააყარეს, მაგრამ ისინი წმიდანის სხეულიდან სხლტებოდა და თავად უღმრთოებს უბრუნდებოდა. მოწამემ დას მოჰკრა თვალი და შეაგონა, ერწმუნა განკაცებული მაცხოვარი. კაზდოიამაც ქრისტიანად აღიარა თავი და მამის ბრძანებით იმავე საკანში გამოამწყვდიეს, სადაც მისი ძმა იტანჯებოდა. თავად გავედაი მეორე დღეს კვლავ გაიყვანეს საწამებლად. მტარვალმა ბრძანა, მახვილებით განეგმირათ მოწამე და მან რამდენიმე საათში ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ღვთის სათნომყოფლის წმიდა ცხედარი სამად დაჭრეს. ხუცებმა: დადიმ, ავდიუსმა და დიაკონმა არმაზათმა წააბრძანეს წმიდა ნაწილები და პატივით დაფლეს. ქრისტიანებმა წმიდა დადას დაჩეხილი ცხედარიც იპოვეს და ისიც კრძალვით მიაბარეს მიწას. შუაღამისას ხუცეს დადის ნეტარი გავედაი გამოეცხადა, მირონის ჭურჭელი გადასცა და წმიდა კაზდოიას მოსანათლად და საზიარებლად გაგზავნა. დადამ შეასრულა ზეგარდმო მიღებული ბრძანება, შემდეგ კი ქრისტეს მხევალს მიმართა: „მიიძინე, დაო, უფლის მოსვლამდე!“ და კაზდოიაც მშვიდად მიიცვალა. 
ღირსი კვირიაკე განდეგილი კორინთოში დაიბადა საკათედრო ტაძრის ხუცესის, იოანესა და მისი მეუღლის, ევდოქსიას ოჯახში. წმიდანის ბიძამ – კორინთელმა ეპისკოპოსმა პეტრემ იგი წიგნისმკითხველად დაადგინა ეკლესიაში. წმიდა წერილის გამუდმებულმა კითხვამ ნეტარის სულში უფლის სიყვარული და უბიწო, ღვთივსათნო ცხოვრებისაკენ სწრაფვა გააღვივა. წმიდანი ჯერ კიდევ თვრამეტი წლის იყო, როცა ფარულად მიაშურა ნავსადგურს, ხომალდზე ავიდა და იერუსალიმში გაემგზავრა.
წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ კვირიაკე სიონის მახლობლად მდებარე სავანეს ესტუმრა და რამდენიმე თვე იღუმენ ამბა ევსტორგიოსის მორჩილებაში გაატარა. აქ მან „უმრავლესისა დაყუდებისა სურვილი აღიღო“, იღუმენს კურთხევა გამოსთხოვა და ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) განკრძალულ ლავრაში გადაინაცვლა. ღირსმა ექვთიმემ განჭვრიტა ჭაბუკზე დავანებული დიდი მადლი, ბერად აღკვეცა იგი და თეოქტისტეს მონასტერში, ღირს გერასიმესთან (ხს. 4 მარტს) გაგზავნა. წმიდა გერასიმემ მას საძმოს მსახურება დაავალა. ყმაწვილი ბერი გულმოდგინედ აღასრულებდა მორჩილების საქმეს. გერასიმემ იმდენად შეიყვარა წმიდანი, რომ დიდმარხვაში თან გაჰყავდა ხოლმე რუბის უდაბნოში და „მუნ აზიარის იგი შრომათა და სულიერთა აღსლვათა“. სრულ განმარტოებაში მოსაგრეები ბზობის კვირამდე რჩებოდნენ.
მამა გერასიმეს მიცვალების შემდეგ ოცდაშვიდი წლის წმიდანი ღირსი ექვთიმეს ლავრაში დაბრუნდა, მაგრამ არც ის დახვდა ცოცხალი. მაშინ კვირიაკემ განკრძალული სენაკი გამოითხოვა, იქ დაეყუდა და ათი წელი სრულ მდუმარებაში გალია. ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში წმიდანმა დიაკვნის ხარისხი მიიღო. როცა ღირსი ექვთიმესა და თეოქტისტეს ლავრებს შორის განხეთქილება წარმოიშვა, წმიდანს „მოეწყინა განწვალებაჲ ძმათაჲ“ და ღირსი ხარიტონის (ხს. 28 სექტემბერს) სუკიის ლავრას მიაშურა. აქ წმიდანი ხუცესად აკურთხეს და თან კანონარქად დაადგინეს. ამ მორჩილებას იგი თვრამეტი წლის მანძილზე აღასრულებდა. წმიდა მამამ ღირსი ხარიტონის ლავრაში ოცდაათი წელი დაჰყო.
როცა წმიდანს სამოცდაათი წელი შეუსრულდა, თავის მოწაფესთან, იოანესთან ერთად ნატოფას უდაბნოში დაემკვიდრა. ხუთი წლის შემდეგ მეუდაბნოე მამათა შესახებ მახლობელი დაბის, თეკოას მკვიდრმა შეიტყო და მათ თავისი ეშმაკეული ძე მიჰგვარა. კვირიაკემ განკურნა ყმაწვილი. ამის შემდეგ ნეტართან მრავალი ადამიანი მიდიოდა შემწეობის თხოვნით, ის კი სრულ განმარტოებას ეძიებდა, ამიტომ რუბის უდაბნოს მიაშურა. აქაც ბევრი სნეული და ეშმაკეული მიჰყავდათ. წმიდანი ყველას ჯვრის გადასახვით და ლოცვით კურნავდა. ოთხმოც წელს მიღწეული ღირსი მამა „ესევითარად უდაბნოდ წავიდა, რომელსა არცა ვინ განშორებულთაგანი დადგრომილ იყო, არცა თუ წარევლო იგი ოდესცა“. ამ ადგილს, სადაც ორი დამშრალი მდინარის კალაპოტი უერთდებოდა ერთმანეთს, სუსაკიმი ერქვა. მოსაგრის „საღმრთოთა მადლთა უშურველობამან, რომელი უმჴურვალესსა სარწმუნოებასა აღსძრვიდა და ღმრთისმსახურთა სულებსა სურვილად მიიზიდვიდა“, ეს უვალი ადგილიც „ადვილ სავალ კაცთა ყო“. შვიდი წლის შემდეგ ღირს მამასთან სუკიის მონასტრის ბერები მივიდნენ და სთხოვეს, დახმარებოდა მათ ღვთის დაშვებით მოვლენილი შიმშილობისა და მძიმე სნეულებათა მძვინვარების ჟამს. ძმებმა კვირიაკე სავანეში დაბრუნებაზე დაითანხმეს და წმიდანი იმ მღვიმეში დასახლდა, სადაც ადრე ღირსი ხარიტონი მოღვაწეობდა.
ნეტარმა კვირიაკემ დიდი ღვაწლი გასწია ორიგენეს ერესის სამხილებლად. ლოცვითა და სიტყვით მან მრავალი შეცდომილი დააყენა ჭეშმარიტ გზაზე და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განამტკიცა.
ღირს მამას თავად ღვთისმშობელი მოუწოდებდა, დაეცვა მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმიდე – ყოვლადწმიდა ქალწული სიზმრისეული ჩვენებით გამოეცხადა ნეტარს იოანე ნათლისმცემელთან და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და მის სენაკში შესვლაზე უარი განაცხადა იმის გამო, რომ იქ იდო წიგნი ერეტიკოს ნესტორის გამონათქვამებით. ოთხმოცდაცხრამეტი წლის ასაკში ღირსმა კვირიაკემ კვლავ სუსაკიმს მიაშურა და აქ დამკვიდრდა თავის მოწაფე, იოანესთან ერთად.
უდაბნოში წმიდანს ემსახურებოდა „ლომი დიდი სიდიდითა და საზარელი ხილვითა“, რომელიც მას ავაზაკთაგან იცავდა, მაგრამ სტუმრად მოსულ ძმებს არაფერს ვნებდა. მხეცი კვირიაკეს ხელიდან ჭამდა საჭმელს. ერთხელ, ზაფხულის პაპანაქებაში, კლდის ნაპრალები, სადაც ბერები ზამთრობით წყალს აგროვებდნენ ხოლმე, ამოშრა, სხვა წყარო კი არსად იყო. ღირსმა კვირიაკემ ილოცა და ისეთმა ძლიერმა წვიმამ დაუშვა, რომ ღრმულები პირთამდე აივსო. სიკვდილამდე ორი წლით ადრე წმიდანი მონასტერში დაბრუნდა და კვლავ ღირსი ხარიტონის მღვიმეში დამკვიდრდა. მას აღსასრულამდე არ დაუკარგავს მხნეობა, მუდამ ლოცულობდა და შრომობდა. ამსოფლიდან განსვლის წინ ნეტარმა ძმობას მოუწოდა, ყველანი აკურთხა და ასცხრა წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. 
წმიდა ონოფრე გარეჯელი (ერისკაკობაში ოთარ მაჭუტაძე), ქართლელი აზნაური იყო. მდიდარი და სახელგანთქმული დიდებული საოცარი სტუმართმოყვარეობით, უცხოთშემწყნარებლობით, მოწყალებითა და გაჭირვებულთა ნუგეშინისცემით გამოირჩეოდა. ოთარს საღვთო შური ჰქონდა მონაზვნობისა, აზნაურის შესამოსლის ქვეშ ძაძა ემოსა და გამუდმებით ევედრებოდა უფალს, მიემადლებინა მისთვის მონაზვნური ცხოვრების ძალა. ერთხელ წმიდანმა თავის მეუღლეს უთხრა: „აწ მნებავს მე უარისყოფა სოფლისა და შედგომა ქრისტესი. ამის პირისათვის ვითხოვ კეთილ მორწმუნეობისაგან შენისა, რათა შენდობა მივიღო თქუენ ყოველთა მიერ და მიტევება ბრალთა ჩემთა ნებსითთა და უნებლიეთთა“. კეთილმოწმუნე ქალმა არ დააბრკოლა მეუღლე, შენდობა მისცა და მშვიდობით განუტევა.
ოთარი ორ უფროს ვაჟიშვილთან ერთად ჩავიდა თბილისში, შვილები დალოცა, დაარიგა და გამოეთხოვა. შვილებთან განშორების შემდეგ ოთარმა მიაშურა გარეჯის მონასტერს, რომლის არქიმანდრიტიც იყო გერმანე, კაცი გულითადი ღმრთისა. წინამძღვარმა სიხაურულით შეიწყნარა მოსული და ძმათა კრებულს აუწყა: „კაცი ესე დიდსა საზომსა მიწევნად არს, რამეთუ აწვე გამოსვლით სოფლით აღუსრულებიეს სიტყვა წმიდისა სახარებისა, რომელსა ბრძანებს უფალი, „რომელმან დაუტეოს სახლი, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ აგარაკი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს“.
მცირე ხნის შემდეგ გერმანემ მონაზვნად აღკვეცა ოთარი, უწოდა მას ონოფრე და ძმათა მწყობრს შერთო. ნეტარი ონოფრე მშვიდი, მდაბალი, მორჩილი და დაუცხრომელი მოღვაწე იყო. იგი ღამის მყუდროებაში მოუკლებლად ლოცულობდა, ცისკრის შემდგომ ხევში ჩადიოდა, სადაც არანაირი ხმაური არ აღწევდა და იქ აგრძელებდა ფსალმუნების კითხვას. საზრდელს – ისიც მხოლოდ წყალსა და პურს – მწუხრის ლოცვის შემდეგ იხმევდა ხოლმე.
ერთხელ დავით-გარეჯის მონასტერს ლეკები შემოესივნენ, მოაოხრეს, იავარჰყვეს, რამდენიმე ბერი, მათ შორის მღვდელ-მონაზვნები – მაქსიმე და იოაკიმე, ბერი ონოფრე, და კიდევ ოთხი კერძოდიაკონი, ტყვედ წაიყვანეს. მოკვლა უნდოდათ, მაგრამ სახიერმა უფალმა დაიცვა იგი. ყოვლადმოწყალე ღვთის განგებულებით ბერები გაათავისუფლეს და მონასტერში დააბრუნეს.
ლეკთა შემოსევებისგან მონასტერი ძალზე გაღარიბდა. ერთხელ არქმიანდრიტმა მოუწოდა ღირს ონოფრეს და უთხრა, „სიყვარულისათჳს ძმათასა, წარვედ ქუეყანად ქართლისა და იღვაწე საზრდო, რათა მიიღო გვირგვინი უოხჭნო მორჩილებისა და მეცა წარვიდე სხვით კერძო და რაოდენ ძალ მედვას, მოვირეწო“.
ღირს ონოფრეს ეძნელებოდა მონასტრიდან გასვლა, მაგრამ წინამძღვრის ბრძანებას დაემორჩილა და ერთ დროს ქართლის უპირველესმა აზნაურმა კარდაკარ სიარული დაიწყო წყალობის სათხოვნელად. „ნამდვილვე ესე მიიტაცებს სასუფეველსა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა“, – ამბობდნენ მისი ნაცნობები.
ცხინვალს მიახლოებული ღირსი მამის ყურადღება მიიპყრო მშფოთვარე ბრბომ: ვიღაც ჭაბუკი ეშმაკეულ ქმნილიყო და ურიებთან მიჰყავდათ, რომ მიზეზი შეეტყოთ. ღირსმა ონოფრემ ლმობიერად უთხრა შეკრებილებს: „შვილნო, არა არს საქმე ეგე ყოვლადვე წესი ქრისტეანთა, არამედ მომგვარეთ მე იგი აქა“. ავადმყოფის დედა ფეხებში ჩაუვარდა წმიდანს და შემწეობა სთხოვა. ონოფრემ წამოაყენა დედაკაცი და ანუგეშა: „მაქვს მე აქა წმიდის დავითის გარეჯელის საფლავისაგან მტვერი ევლოგიად“, წყალში გაურია წმიდანის საფლავიდან აღებული მიწა, ბოროტისაგან გვემულ ჭაბუკს დაალევინა და ავადმყოფიც განიკურნა.
ერთხელ მონასტერში მივიდა ვიღაც არაბი, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული ჰქონდა და რადგან არაბული ენა ონოფრეს გარდა არავინ იცოდა, მას გამოელაპარაკა. ღირსმა ონოფრემ წმიდა დავით გარეჯელის წყაროს წყლით მობანა მას სნეული თვალი. ორიოდე დღის შემდეგ მონასტერში მობრუნებულმა განკურნებულმა არაბმა მადლობა შესწირა უფალს და ღირს ონოფრეს.
ღირს ონოფრეს დიდი სქემით შემოსვა სურდა. მონასტრის არქიმანდრიტი ყოყმანობდა, მაგრამ ოცდაათდღიანი ლოცვისა და მარხვის შემდეგ უფალმა მას გამოუცხადა, რომ ონოფრე ღირსი იყო ამისა.
სქემით შემოსვის შემდეგ ღირსმა ონოფრემ მდუმარების ღვაწლი იტვირთა, დღენიადაგ ფსალმუნებს კითხულობდა და დაგლეჯილ ჭილოფზე ეძინა, შიშველ ტანზე რკინის ჯაჭვი ემოსა; სენაკიდან მხოდოდ წირვა-ლოცვის დროს გამოდიოდა.
ბოლოს ნეტარი ონოფრე ისე დასნეულდა, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო. ძმები ევედრებოდნენ მას, საწოლში ჩაწოლილიყო და თავი სასთუმალზე დაედო. მაშინ ნეტარმა პირველად აღაღო პირი და თქვა: „აღთქმა მიქმნიეს, რათა იყოს აღსასრული ჩემი ჭილსა ამას ზედა“.
ღირსი ონოფრე მადლიერებით ითმენდა სნეულებას, ხელიდან ფსკვნილს არ იშორებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა იესოს ლოცვას. მასთან მიდიოდნენ თაყვანისსაცემად, მაგრამ თავმდაბალი ბერი მნახეველებს სთხოვდა: „მიბოძეთ ფესვი სამოსლისა თქუენისა, რათა ამბორს-უყო და ფერჴნი თქუენნი მომეცით, რათა დაგბანოთ ცრემლითა“.
ღირსმა ონოფრემ წინასწარ იგრძნო სიკვდილის მოახლოება, თავის მოძღვარს, მაქსიმეს მოუწოდა და ზიარება ითხოვა. წმიდა ზიარების მიღების შემდეგ ონოფრემ გონება დაკარგა. არქიმანდრიტის ლოცვა-კურთხევით ძმებმა სულთმბრძოლის ლოცვის კითხვა დაიწყეს. ღირსი მამის გონება „აღტაცებული იყო და შექცეულ მაღალთა ხედვათა მიმართ“.
ნათლისღების დღესასწაულზე, ლიტურგიის შემდეგ, წმიდანს მართალთა ძილით მიეძინა. წმიდა ონოფრეს ნეშტი დაკრძალეს წმიდა დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით, საკურთხევლის სარკმელთან. 
ღირსი თეოფანე სირიის ქალაქ ღაზაში მოღვაწეობდა. წმიდანი კეთილი და გულმოწყალე იყო, მთელი ქონება მან მოყვასის მსახურებას შეალია, თვითონ კი სრულიად გაღატაკდა. ნეტარს ჯანის სიმრთელეც წაერთვა და სენმა გატანჯა: სხეული უშუპდებოდა, ულპებოდა და ყარდა. იგი დიდსულოვნად ითმენდა ტკივილს და ყველაფრისთვის მხურვალედ მადლობდა უფალს. როცა იგი კვდებოდა, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. წმიდანის მეუღლე წუხდა იმის გამო, რომ საკადრისად ვერ დაკრძალავდა ქმარს, თეოფანემ კი დაამშვიდა იგი: „ნუ ტირი! დღემდე მცდიდა უფალი, მაგრამ შეწყნარების ჟამიც დადგება და ჩემი მიცვალებისას, ღვთის ნებით, ქარიშხალი ჩაცხრება!“ ასეც მოხდა: როგორც კი თეოფანე მიიცვალა, ქარი ჩადგა და ირგვლივ მყუდროებამ დაისადგურა. წმიდანის სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი განიწმიდა წყლულებისა და ჩირქისგან და კეთილსურნელოვანი მაკურნებელი მირონიც გადმოსდინდა. 

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.