ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის
ინ.: (13: 34-35)
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-17 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
17.10.2024. მარხვა
მღვდელმოწამისა ევდემოზ I-ისა, საქართველოს კათოლიკოსისა (1642, დაკრძ. ანჩისხატის ტაძარში); მღვდელმოწამისას იეროთესი, ათენელ ეპისკოპოსის; (I); მოწამეთა: გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III); მღვდელმოწამისა პეტრე კაპეტოლიელ ეპისკოპოსისა (III-IV); მოწამეთა: დომნინასი და ორთა ასულთა მისთა ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი (პროსდოკიასი) (305-306); ღირსისა ამონისა (350); ღირსისა პავლე უბრალოსი (IV); მოწამეთა დავიკტისა (ადავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV).
დღის ლოცვები
მღვდელმოწამე იეროთეოსის, ათონელი ეპისკოპოსის
ტროპარი: სიტკბოება ისწავლე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, და კეთილი გონება ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსენ ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქმელნი საიდუმლონი და სარწმუნოება დაიმარხე, და სწორი სრბა მისთანა აღასრულე, მამაო წმიდაო იეროთეოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ვითარცა გოდოლი მტკიცე ზახებასა მტერთას არა შეშინდი, არამედ საცთურთა შინებანი დაარღვიენ, რამეთუ ვითარცა ქვა პატიოსანი გორვიდი, მამაო, ვინაიცა მეუფე განგამხნობდა შენ და ცხოველმყოფელითა მარჯვენითა გვირგვინოსან-გყო, რომელსა ჩუენ ყოველთათვის ევედრე.
სხვა კონდაკი: მღდელთავარსა ათინელთასა გაქებთ შენ, ვითარცა საკვირველად ბრძენთა შორის გამოჩინებულსა და გამოუთქმელთა საიდუმლოთა მხილველსა, და ღმრთისმეტყუელებად ღირს-ქმნილსა; ამისთვისცა ევედრე უფალსა, ყოვლადსანატრელო იეროთეოს, რაითა გვიხსნეს ჩუენ ყოვლისა ჭირისაგან, რომელნი გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ღმრთივგანბრძნობილო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას
უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: ეფ. 4: 14-19 (დას. 225). ლკ. 7: 17-30 (დას. 31).
ეფ. 4: 17-25 (226 დას.). ლკ. 7: 31-35 (32 დას.). (პარ.).
მღვდელმოწ.: – ებრ. 13: 7-16. (334 დას.) ლკ. 12: 32-40 (67 დას.).
ლიტ.: ეფ. 4: 14-19
14. რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი, კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით, 15. არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმგრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც არის თავი – ქრისტე, 16. ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში. 17. ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი. 18. გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, 19. გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
ლიტ.: ლკ. 7: 17-30
17. და მოედო ეს ამბავი მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენს. 18. ყოველივე ეს მისმა მოწაფეებმა აუწყეს იოანეს. 19. ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? 20. ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? 21. ხოლო იმ ხანად მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა. 22. მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ. 23. ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში. 24. ხოლო იოანეს მაცნეთა წასვლის შემდეგ, იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? 25. რისთვის დადიოდით? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში არიან. 26. რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც. 27. ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე. 28. რადგანაც გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია. 29. მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათეღ იღეს იოანეს ნათლის ცემით. 30. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.
ლიტ.: ეფ. 4: 17-25
17. ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი. 18. გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, 19. გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით. 20. ხოლო თქვენ ასე როდი შეგიცვნიათ ქრისტე, 21. რადგანაც არა მარტო მოგისმენიათ, კიდევაც გისწავლიათ მისგან (ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება), – 22. განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას, 23. განახლებულიყავით თქვენი გონების სულით 24. და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით. 25. მაშ, განიშორეთ სიცრუე და თვითეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.
ლიტ.: ლკ. 7: 31-35
31. და თქვა უფალმა: ვის შევადარო ამ მოდგმის კაცნი? ან ვის ვამსგავსო ისინი? 32. ვამსგავსებ მათ მოედანზე მსხდომ ბალღებს, ერთმანეთს რომ უყვირიან და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ. 33. ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს და არც ღვინოს სვამს: და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო. 34. მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო; 35. და გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.
მღვდელმოწ.: ებრ. 13: 7-16
7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას. 8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე. 9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი. 10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ. 11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის. 12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო. 13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ. 14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ. 15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს. 16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
მღვდელმოწ.: ლკ. 12: 32-40
32. ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი. 33. გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას. 34. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი. 35. დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი – ანთებული. 36. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი. 37. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ. 38. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირად ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს. 39. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის. 40. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსი (I)
მღვდელმოწამე პეტრე კაპეტოლიელი (III-IV)
წმიდა მოწამენი: დომნინა და ორნი ასულნი მისნი – ვირინეა (ვერონიკა) და პროსკუდია (პროსდოკა) (+305-306)
ღირსი პავლე (IV)
ნეტარი პავლე იხსენიება წელიწადში ორჯერ: 7 მარტს და 4 ოქტომბერს (იხილეთ 7 მარტის საკითხავი).
წმიდა მოწამე დავიქტი (ავდაქტი) და ასული მისი კალისთენია (IV)
ღირსი ამონი (+დაახლ. 350)
ღირსი მამა ხშირად აკითხავდა ხოლმე ანტონი დიდს (ხს. 17 იანვარს) ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ერთხელ წმიდანთან მიმავალ მოსაგრეს უდაბნოში გზა დაებნა და დამაშვრალმა მხურვალედ შესთხოვა უფალს დახმარება. ლოცვის პასუხად ღრუბლებში გამოჩნდა ხელი, რომელმაც ნეტარს სავალ გზაზე მიანიშნა და წინ უძღოდა მას მანამ, სანამ მამა ანტონის მღვიმე არ გამოჩნდა.
ღირსი ამონი დაახლოებით 350 წელს გარდაიცვალა. ანტონი დიდმა იხილა, თუ როგორ ამაღლებდნენ ანგელოზები ზეცად მის სულს.
წმიდა სტეფანე შალიანოვიჩი (+1515)
წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ I კათოლიკოსი (+1642)
როსტომს ქართლ-კახეთის მმართველობა შაჰ-აბასმა ჩააბარა ქართლიდან თეიმურაზის განდევნის შემდეგ. გამაჰმადიანებული მეფე თითქოს შაჰის პოლიტიკასაც ატარებდა საქართველოში და თითქოს ქართველობდა კიდეც. მან სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ტკბილად ექცეოდა, ეკლესიებსაც აშენებდა, მაგრამ სწორედ მისი მეფობის დროს „იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება. განმრავლდა სიძვა და არაწმიდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა… შემოვიდა ზოგ-ზოგად ტყვის სყიდვა თავადებისაგან“, აღზევდნენ „მეძავნი და ბილწების მოქმედნი“. მეფის ფუფუნებისადა ცოდვის მოყვარეობა თანდათანობით გადაედო ერს, „თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა… მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე“.
„სიმართლის მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალნი“, უპატიოქმნილნი, ცუდებად და შეუძლებლებად წოდებულნი, სასოებით იტანდნენ ყოველგვარ გასაჭირს.
გაუჭირდა ერის სულიერ მამას, მას არ შეეძლო მშვიდად ეცქირა ქართველთა დაცემისათვის და მოქმედებდა კიდეც მწყემსმთავრისათვის შესაფერისი უშიშრობითა და თავდადებით: მან რამდენიმეჯერ შეჰკრიბა ქართლის წარჩინებული ვაჟკაცები სპარსელებთან საბრძოლველად. მისი გავლენით გარკვეული მთავრები არ ემორჩილებოდნენ როსტომ-ხანის პოლიტიკას და თავიანთ სამთავროებს იცავდნენ მუსლიმანური ტრადიციების ზეგავლენისაგან. კათოლიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებული გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას. ევდემოზი არც მეფის პირდაპირ მხილებას ერიდებოდა – სადაც კი შეხვდებოდა როსტომ-ხანს, ყველგან ეუბნებოდა: „მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანთა მამინაცვალიო“. კათოლიკოს ევდემოზის სულიერი შვილი იყო როსტომ-ხანის მეუღლე, კეთილმორწმუნე დედოფალი, მანუჩარ დადიანის ასული, მარიამი. წმიდა კათოლიკოსის მოღვაწეობითა და დედოფალ მარიამის თანადგომით, ქვეყანაში ისევ ცოცხლდებოდა სარწმუნოებრივ-ეროვნული სული, შენდებოდა ეკლესიები, იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და მაღლდებოდა პატრიოტული სულისკვეთება.
როსტომ-ხანი კარგად ხედავდა კათოლიკოსის ორიენტაციასა და ავტორიტეტს, ევდემოზი ყველგან ქადაგებდა და კონკრეტულ გეგმებსაც ადგენდა ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფის თეიმურაზის დასაბრუნებლად.
როსტომ-ხანი და მისი თანამოაზრენი პირდაპირ ვერ ბედავდნენ დაპირისპირებოდნენ უდრეკი კათოლიკოსის ავტორიტეტს, ისინი აშკარა კონფლიქტს ერიდებოდნენ და ფარულად ამჯობინებდნენ მოქმედებას. როსტომი შესაფერის მომენტს ეძებდა, რათა მართლმორწმუნე კათოლიკოსი გზიდან ჩამოეშორებინა. მართლაც, მაჰმადიანმა მეფემ სრულიად უმნიშვნელო მიზეზი გამოძებნა, რათა წმიდა ევდემოზი კათოლიკოსობიდან გადაეყენებინა, თუმცა მის დასჯას ჯერ კიდევ ვერ ბედავდა.
მართალია ევდემოზის კათოლიკოსობიდან გადაყენების ამსახველი საბუთი შემორჩენილი არაა, მაგრამ არსებული ხელნაწერების მიხედვით 1638 წლიდან კათოლიკოსად ქრისტეფორე იხსენიება. ყოველივე ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ როსტომ-ხანის მმართველობით უკმაყოფილო ქართლის არისტოკრატიამ შეთქმულება მოაწყო, რათა მაჰმადიანი მმართველის ნაცვლად ქრისტიანი მეფე თეიმურაზ I დაესვათ ქართლ-კახეთის გაერთიანებულ ტახტზე. ამ შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სულისჩამდგმელი ევდემოზ კათოლიკოსი იყო.
შეთქმულება გაიცა – ერთ-ერთმა მონაწილემ, სომხეთის მელიქმა როსტომ-ხანს ყველაფერი შეატყობინა. ურჯულო მეფეც საგანგებოდ მოემზადა და გორის ციხეში დახვდა აჯანყებულებს, თან მზაკვარ ხერხს მიმართა და იახლა მარიამ დედოფალი და მისი სულიერ მოძღვარი ევდემოზ კათოლიკოსი. შეთქმულთა ერთ-ერთი თავკაცი ნოდარ ციციშვილი პირველსავე წარუმატებლობისას დაფრთხა და სამცხეში გაიქცა, ხოლო ქართლის საზღვარზე გადმოსული თეიმურაზ I კვლავ კახეთში გაბრუნდა. როსტომს მხოლოდ სეხნია და ზურაბ ჩხეიძეები შეებნენ და უთანასწორო ბრძოლაში მამაცურად დაიღუპნენ. როსტომ-ხანმა ატენის ციხე დაანგრია და ცხირეთში გამაგრდა, არც ამჯერად მოუცილებია დედოფალი და კათოლიკოსი გვერდიდან.
წმიდა ევდემოზმა მაინც მოახერხა და შეუთვალა თეიმურაზს, ღალატს არ დაებრკოლებინა და დრო არ დაეკარგა, მაგრამ მისი წერილი ჯერ როსტომ-ხანს მიართვეს, წააკითხეს და შემდეგ მიუტანეს თეიმურაზს. როსტომ-ხანი გორის ციხეში დაელოდა აჯანყებულებს, შემდეგ შეთქმულთა შეპყრობა და დასჯა ბრძანა. მართლაც, ისინი შეიპყრეს და დასაჯეს, ევდემოზ კათოლიკოსი კი თბილისში წამოიყვანეს და შურის ციხის (თბილისის ციხე, ნარიყალა) საპყრობილეში ჩაკეტეს.
წმიდა ევდემოზი რამდენიმე თვე იყო საკანში. მთელი ამ ხნის მანძილზე იგი მხურვალედ ლოცულობდა და მკაცრი ასკეტური ყოფით ცხოვრობდა; თითქოს უკვე იცოდა თავისი მომავალი განაჩენის შესახებ – იგი უფრო მეტად ამხელდა მეფის ურჯულოებას და ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდებდა.
გაბოროტებულმა, ერისა და ეკლესიის მოღალატე როსტომ-ხანმა წმიდა კათოლიკოსი ციხეში მალულად მოაკვლევინა. მისი დასჯის შესახებ ვახუშტი ბატონიშილი წერს: „შეიპყრა როსტომ მეფემან კათოლიკოზ ევდემოს და პატიმარ-ჰყო ტფილისს ციხესა შინა. შემდგომად გარდამოაგდო განჯის-ციხის კოშკიდამ“. „ქართლის ცხოვრება“ კი გვიამბობს: „შეიპყრა კათოლიკოზი ევდემოზ… და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და ხანსა რაოდენამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა“.
როგორც ეტყობა როსტომ-ხანს ირანის სამეფო კარზე დამკვიდრებული ტრადიციაული დასჯის ხერხი გამოუყენებია – მშვილდის ლარით და საბლით დაუღრჩვიათ კათოლიკოსი და შემდეგ ცხედარი კოშკიდან გადმოუგდიათ აბანოების მხარეს. ეს შემზარავი ფაქტი 1642 წელს მოხდა.
ქრისტიანობისთვის წამებული ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის გვამი ფარულად წამოიღეს ქრისტიანებმა და ანჩისხატის ტაძარში დაკრძალეს, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. როგორც „ქართლის ცხოვრება“ გადმოგვცემს, მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ ქართლში განუკითხაობა გამეფდა: „არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ იყვნეს ფუფუნეულ და ხორცთმოყუარე, რამეთუ თვით სამღვდელონიცა და მღვდელმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიაისა, რამეთუ იყვნეს მოყუარე ღვინისა და ზმისა და შუებისა და განცხრომისა, უმღერდნენ ურთიერთას სიძვა-მრუშებასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა, ეძიებდნენ სულიერსა საქმესა, არამედ ხორცთათვის ზრუნვიდნენ ყოველნივე“. მაგრამ თავდადებული კათოლიკოსის თავგანწირვას ამაოდ არ ჩაუვლია, სწორედ მისმა სიკვდილმა შეუნარჩუნა ქართველ ერს ქრისტიანული მართლმადიდებელი რელიგიის ერთგულება, დამპყრობთა ვერაგული პოლიტიკით გზააბნეულ ერს აჩვენა სარწმუნოებისა და ერისთვის თავდადების მაგალითი და ყოველივე ამას შედეგად ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება მოჰყვა.
საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა კი ერისა და სარწმუნოებისათვის თავდადებული კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ I წმიდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 4 (17) ოქტომბერი დააწესა.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა
მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.