10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ. ეფ. 6: 10-12
25-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
11.12.2024. მარხვა
ღირსისა მოწამისა და აღმსარებელისა სტეფანე ახლისა, ხატთა თაყვანისცემისათვის წამებულისა (767); მოწამეთა ირინარხესი და წმიდათა 7-თა დედათა (508): მოწამეთა: სტეფანესი, ბასილისა, გრიგოლისა, სხვა გრიგოლისა, იოანესი და სხვათა მრავალთა (VIII).
დღის ლოცვები
ღირსმოწამისა და აღმსარებლისა სტეფანე ახლის
ტროპარი: მარხვითა იღუაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯუარისათა წარსწყმიდენ, ყოვლადსანატრელო, და კუალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურე, და მოაკუდინე სკორის მოსახელე იგი სარწმუნოებისა მახვილითა, და მრჩობლნი გვირგვინნი მოიხვენ ღმრთისა მიერ, ღირსო მოწამეო სტეფანე, მარადის სახსენებელო.
კონდაკი: სამებისა მიმართ ტრფიალსა საღმრთოსა სტეფანეს ვაქებდეთ, მორწმუნენო, დღესასწაულის მოყუარენო, და გალობით შევასხმიდეთ, რამეთუ პატივს სცემდა ბრწყინვალესა ხატსა ქრისტეს მეუფისასა და მშობელისა მისისასა, და აწ ერთ-ხმობით სურვილით უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადსაკვირველო.
სხვა კონდაკი: უნაყოფოსაგან ძირისა აღმოსცენდი, ღირსო რტო, მოსახელე პირველმოწამისა და მონაზონთა წინამძღუარად გამოსჩნდი, მამაო წმიდაო, და მეფისა გულისწყრომაი არად შერაცხე, რომელსა არა ენება ქრისტეს ხატისა თაყუანისცემაი; ამისთვის აღესრულე მოწამეთა გვირგვინითა შემკული, მოწამეო სტეფანე.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, სავედრებელი ყოვლადწმიდისა მიმართ, ოთხშაბათსა დილას
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი უბადრუკისა და საარებულისა გულისა ჩემისაგან, და შემიწყალე მე ცოდვილი, რამეთუ უძლურ და უსუსურ ვარ მე, და მიხსენ მე ბოროტთა გულისთქმათაგან, და მოგონებათაგან, უწყი, ვითარმედ არაწმიდა ვარ მე, და ბილწ და მწიკვლევან და უღირს, რამეთუ ზესთა თავისა ჩემისა აღემატნეს უსჯულოებანი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს უფროის რიცხვისა ქვიშისა, შეყროლდეს და დალბეს ნაგვემნი სულისა ჩემისანი სიმრავლისაგან ბოროტთა ჩემთასა, არამედ მოვივლტი შენდა მონანული და შეგივრდები შენ აღმსარებელი ყოველთა ძვირთა ცოდვათა ჩემთა: შენ, დედაო ღვთისა ჩვენისაო, მარადის განგარისხე არაწმინდებათა ჩემთა მიერ შემწიკვლებულმან. შემიწყალე მე, ყოველთა მწყალობელო და კაცთმოყვარეო, და შემინდვენ მე და ნუ მომიძაგებ მე, დედუფალო, ნუცა გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და მივიქცე მეცა შენგან ვაიმე, ვაიმე დაბნელებული, ნუ, დედუფალო, ნუ ახარებ ამით, ვაიმე, ვაიმე მტერთა ჩემთა! აღადგინე გულის სიტყვა ჩემი სინანულად, და ხელპყრობილმყავ გზისა მიმართ საცხოვრებელისა, რომლისა მპოვნელმან და მოგზაურმან მოგიგო შენცა მოგზაურად და შენითა წინამძღვრებითა ვჰსცხონდე. ჰე, დედაუფალო წმიდაო, დედაო კაცთ-მოყვარისა ღვთისაო, შემუსრე გული ჩემი და დაამდაბლე იგი და აღავსენ თვალნი ჩემნი ცრემლთა მიერ სულიერთა და განანათლე იგი მეოხებითა შენითა ნათლითა, რათა არა დავიძინო მე სიკვდიდ! მასხურო მე უსუპითა წყალობათა შენთათა და განვჰსწმიდნე, განმბანე მე მადლითა შენითა ცრემლთა მიერ ჩემთა, და უფროს თოვლისა განვჰსპეტაკნე. ჰე, დედაო, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, შეიწირე მოწლე ესე აღსარებაი და ვედრებაი ჩემი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა სინანულით უცდომელად, და ჟამსა სხეულთაგან მდაბლისა სულისა ჩემისა განსვლისასა, რაჟამს მეგულებოდეს სიტყვად მტერთა ჩემთა ბჭეთა შინა, ვაიმე, ვაიმე, მაშინ გამომიჩნდი, დედუფალო, მოწყალითა თვალითა შენითა და განმათავისუფლე მე მწარეთა მათგან სიტყვის მიმხდელთა, და სალმობიერთა მეხარკეთა მთავრისა მის ამის საწუთოისათა, და მექმენ მე ვაქილ და უჩინო ჰყვენ ყოველნივე ცოდვათა ჩემთა ხელით წერილნი! მაშინ წარმადგინე მე ურცხვენელი და ცხოვნებული, საყდართა ძისა და ღვთისა შენისათა, დიდებად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და დაუსაბამოსა მამისა მისისა და ყოვლადწმიდისა და სულისა მისისა ცხოველსმყოფელისა ერთისა და დასაბამ ნათელთასა, და თანაარსისა სამებისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: 2 თეს. 2: 1-12 (დას. 275). ლკ. 20: 1-8 (დას. 99).
ღირ.მოწ.: 2 ტიმ. 1: 8-18 (დას. 291). მთ.10: 23-31 (დას. 37).
ლიტ.: 2 თეს. 2: 1-12
1. გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, 2. იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო. 3. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, 4. წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს. 5. ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას? 6. ახლა კი იცით, რა უშლის ხელს იმაში, რომ თავის დროზე გამოჩნდეს. 7. რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას. 8. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით, 9. მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, 10. ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით – წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. 11. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე, 12. და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო.
ლიტ.: ლკ. 20: 1-8
1. ერთ დღეს, როცა ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიადგნენ მღვდელმთავრები და მწიგნობრები უხუცესებთან ერთად. 2. და უთხრეს: გვითხარი რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეგ ძალა? 3. მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ და მიპასუხეთ: 4. ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? 5. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით – ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას? 6. ხოლო თუ ვიტყვით – კაცთაგანო, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სწამთ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო. 7. და მიუგეს: არ ვიცით, საიდან. 8. ხოლო იესომ უთხრა მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.
ღირ.მოწ.: 2 ტიმ. 1: 8-18
8. მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით, 9. რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში, 10. ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით; 11. ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი, 12. ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის. 13. სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს, ჩემგან რომ ისმინე ქრისტე იესოში. 14. შეინახე კეთილი წინდი სულით წმიდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში. 15. შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც. 16. წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები. 17. არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც. 18. ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.
ღირ.მოწ.: მთ.10: 23-31
23. და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა. 24. არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი, და არც მონა, თავის მბრძანებელზე უპირატესი. 25. საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის – როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას. 26. მაშ, ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 27. რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ. 28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას. 29. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება. 30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია. 31. მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამენი ირინარქი და მასთან შვიდნი დედანი (+303)
ღირსმოწამე სტეფანე ახალი (+768)
იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741) წმიდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების დევნა დაიწყო. მისი მხარდაჭერით იმპერიაში ხატმბრძოლთა მწვალებლობის მომხრეები აღზევდნენ. ამაქვეყნის ძლიერთაგან დევნილი მართლმადიდებლობა მხოლოდ დედაქალაქისგან მოშორებით, მონასტრებში, განკრძალულ სენაკებში და თავისი ახოვანი და ერთგული მიმდევრების გულებში იყო დაცული. მომძლავრებული უსჯულოებით სულდამძიმებულმა წმიდა სტეფანეს მართლმორწმუნე მშობლებმა დატოვეს კონსტანტინოპოლი და ბითვინიაში გადასახლდნენ, თექვსმეტი წლის ძე კი წმიდა ავქსენტის მთაზე განმარტოებით მოღვაწე ნეტარ იოანეს მიაბარეს მორჩილად. სტეფანემ მოიკვეთა საკუთარი ნება, თავის სულზე ზრუნვა მთლიანად მადლმოსილ მოძღვარს მიანდო და თხუთმეტი წლის მანძილზე გულმოდგინედ სწავლობდა მისგან ბერმონაზვნურ ცხოვრებას. წმიდანს აქვე აუწყეს, რომ მამა გარდაეცვალა, დედა და დები კი მონაზვნებად შედგნენ.
რამდენიმე ხნის შემდეგ სტეფანეს მოძღვარმა, ნეტარმა იოანემ სული უფალს შეჰვედრა. დამწუხრებულმა წმიდანმა მისი პატიოსანი ცხედარი კრძალვით მიაბარა მიწას, თავად კი მოძღვრის მღვიმეში განაგრძო მოღვაწეობა. მალე ღირს მამას მიაშურეს ბერებმა, რომელთაც სურდათ, მისი ხელმძღვანელობით ეღვაწათ. ასე დაარსდა მონასტერი, რომლის იღუმენიც წმიდა სტეფანე გახდა. ორმოცდაორ წელს მიღწეულმა სტეფანემ თავისი სავანე დატოვა და განკრძალულ ადგილას მცირე სენაკში დაეყუდა, მაგრამ მცირე ხანში აქაც შეიკრიბა საძმო.
საიმპერატორო ტახტზე ლეონ ისავრიელი კონსტანტინე კოპრონიმმა (741-775) – მართლმადიდებლობის კიდევ უფრო მძვინვარე მდევნელმა შეცვალა. უსჯულო თვითმპყრობელმა მოიწვია ხატმბრძოლთა კრება, რომელსაც სამასორმოცდათვრამეტი ეპისკოპოსი ესწრებოდა აღმოსავლეთის პროვინციებიდან. კოპრონიმის ძალისხმევით მწყემსმთავრის ტახტზე უკანონოდ აღსაყდრებული კონსტანტინოპოლის პატრიარქის, კონსტანტინეს გარდა ეკლესიის ყველა წინამძღვარმა უარი განაცხადა ამ კრების უკანონო საქმიანობაში მონაწილეობაზე, მაგრამ შემოკრებილნი თავს მაინც მსოფლიო კრებას უწოდებდნენ. ერეტიკოსთა ცრუკრებამ ხატები კერპებად გამოაცხადა და ხატთაყვანისმცემლობას ერესი უწოდა.
ამასობაში წმიდა სტეფანეს სავანისა და მისი იღუმენის შესახებ დედაქალაქშიც შეიტყვეს. იმპერატორი განსაკუთრებით გაააფთრა იმან, რომ სავანეში ხატთაყვანისმცემლობას დაუფარავად უჭერდნენ მხარს. მთავარეპისკოპოსი კონსტანტინე მიხვდა, რომ მის ხატმბრძოლურ მისწრაფებებს იღუმენ სტეფანეს სახით ძლიერი და შეურიგებელი მოწინააღმდეგე ჰყავდა.
თვითმპყრობლის ბრძანებით წმიდა სტეფანე ჯერ საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი მარმარილოს ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლეს. ღირსი მამა დასახლდა გამოქვაბულში, სადაც მალე მისი მოწაფეებიც შეიკრიბნენ. რამდენიმე ხანში ნეტარმა დატოვა თავისი საძმო და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. ხმა წმიდა სტეფანესა და მისი ლოცვებით აღსრულებული სასწაულების შესახებ მთელს იმპერიაში გავრცელდა, რაც ხალხში მართლმადიდებლური სარწმუნოების სულს განამტკიცებდა.
იმპერატორმა განკარგულება გასცა, სტეფანე კუნძულ ფაროსის საპყრობილეში გადაეყვანათ, შემდეგ კი სამსჯავროზე წარედგინათ. წმიდანმა გაბედულად უარყო ერეტიკოსი მსაჯულების ამაო ბრძნობა, ხატთაყვანისცემის დოგმატური არსი განმარტა და ხატმბრძოლებს დაუმტკიცა, რომ წმიდა ხატების შეურაცხყოფა თავად მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გმობა იყო. მან მსაჯულებს უჩვენა მონეტა იმპერატორის გამოსახულებით და ჰკითხა, რას უზამდნენ ადამიანს, რომელიც მას ფეხქვეშ გათელავდა. წმიდანს უპასუხეს, რომ ასეთ ადამიანს უეჭველად სიკვდილით დასჯიდნენ მეფის გამოსახულების შეურაცხყოფისთვის. მაშინ ნეტარმა სტეფანემ თქვა, კიდევ უფრო დიდი სასჯელი მოელის მას, ვინც ზეცათა მეუფისა და მის წმიდათა ხატებს შეურაცხყოფსო, მონეტა კი მიწაზე დააგდო.
უსჯულო იმპერატორმა ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში დაებრუნებინათ, სადაც უკვე ხატების თაყვანისცემისთვის მსჯავრდადებული სამასორმოცდაორი ბერი იყო გამომწყვდეული. წმიდანმა თვრამეტი თვე დაჰყო სატუსაღოში. იგი ნუგეშს სცემდა თანაპრყობილებს, მათთან ერთად ლოცულობდა და ხშირად გალობდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტროპარს.
როცა უღმრთო თვითმპყრობელმა შეიტყო, რომ ნეტარმა მამამ ციხეშიც შექმნა მონასტერი, თავისი ორი უსაყვარლესი მსახური – ტყუპი ძმები გაგზავნა მის მოსაკლავად. საკანში შესულმა ძმებმა უფლის სათნომყოფლის არაამქვეყნიური ნათლით გაბრწყინებული სახე რომ იხილეს, ფეხებში ჩაუვარდნენ მას და ცოდვათა მიტევება და ლოცვებში მოხსენიება სთხოვეს. უკან დაბრუნებულებმა, მეფეს მოახსენეს, ბრძანება შევასრულეთო, მაგრამ იმპერატორმა შეიტყო სიმართლე და კიდევ ერთ სიცრუეს მიმართა – თავის მეომრებს გამოუცხადა, სტეფანეს ჩემი ტახტიდან ჩამოგდება სურსო და წმიდანის მოსაკლავად გაგზავნა ისინი. ნეტარი აღმსარებელი თვითონ გამოეგება მეომრებს, რომლებიც გააფთრებით ეკვეთნენ მას და უმოწყალო გვემითა და შეურაცხყოფით წაათრიეს ქალაქის მოედანზე. ერთ-ერთმა ჯალათმა ძელი თავში ჩაარტყა მარტვილს და მოკლა. გონდაკარგული უსჯულოები მაინც არ დაცხრნენ: ისევ ქუჩა-ქუჩა დაათრევდნენ უფლის რჩეულის უსულო ცხედარს, ქვებს ესროდნენ და შეურაცხყოფდნენ. ერთმა მართლმორწმუნემ ფილაქანზე დათხეული წმიდანის ტვინი სუფთა ნაჭერში მოაგროვა და სასოებით შეინახა. ნეტარის ცხედარი იმპერატორის ბრძანებით ერთი ნასაყდრალის ბალავარში გათხრილ ორმოში ჩააგდეს, სხვა მართლმორწმუნეთა ცხედრებს შორის. ეს მოხდა 768 წლის 28 ნოემბერს. მეორე დილით ავქსენტის მთას ცეცხლოვანი ღრუბელი დაადგა, შემდეგ კი დედაქალაქში უკუნი ჩამოწვა, ქარიშხალი ამოვარდა, სეტყვამ დაუშვა და მრავალი უღმრთო დაიღუპა.
წმიდა მოწამენი: სტეფანე, ბასილი, გრიგოლი, სხვა გრიგოლი, იოანე და სხვანი მრავალნი (+768)
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ძილად დაწოლისა, ოთხშაბათსა
აღსვლასა ამას ჩემსა ცხედარსა ზედა სარეცელისა ჩემისასა, იესო ქრისტე ღმერთო ჩემო, მომეც მე ძილი ტკბილი განსვენებისათვის ხორცთა ჩემთასა, რათა მძინარეცა შენვე გაქებდე, რამეთუ შენდა მომართ არს გული, გონება და გულის სიტყვანი ჩემნი! წმიდა ჰყავ საწოლი ჩემი, მოავლინე ანგელოსი შენი, მცველად აღდგომისა ჩემისა, რათა დავიმარხნე ხორცნი ჩემნი შეუგინებელად. უფალო ღმერთო ჩემო, განმაშორე ჩემგან ეშმაკი ღამით განმაკრთობელი, მაშფოთებელი და მაზრზინებელი, და ნუ მოუშვებ ჩემ ზედა სატანასა ბოროტსა და მარადის მოძულესა სიწმიდისა შენისასა, მოყვარესა სულსა ამაოებისასა, და რათა ჟამსა განღვიძებისა ჩემისასა განვიმარტნე ხელნი ჩემნი სახედ ჯვარისა შენისა უფალო, და შენ ჯვარცმულსა აღგიარნე ბრალნი ჩემნი და მე განძლიერებული ესრეთ გიღაღადებდე: უფალო, დაიცევ მეფეი და ქალაქი ჩემი, მეფე, რომელ არს სული ჩემი და ქალაქი გვამი ჩემი, რომელ აღაშენე მიწისაგან ტაძრად სამკვიდრეელად სიწმიდისა შენისა ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, დავჰსწვები ძალითა შენითა და დავიბეჭდავ ყოველსა ასოსა ჩემსა ჯვარითა შენითა, და დავიძინებ მინდობითა საფარველისა შენისათა. მამაო დამიცევ, ძეო დამიფარე, და სულო წმიდაო შემიწყალე მე! მრავალმოწყალეო ღმერთო უხრწნელო, უბიწოო, შეუგინებელო, მხოლოო უცვალებელო, განმწმიდე მე უღირსი მონაი შენი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა, და უბრალოდ გამომაჩინე მადლითა ქრისტე შენისათა და წმინდა მყავ მე დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა, რათა განფრთხობილი არმურისა ბოროტთა ოცნებათაგან მტერისათა და ყოვლისაგან განსაცდელისა ღირს ვიქმნე წმიდითა გონებითა მოსლვად და მოღებად საშინელთა საიდუმლოთა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განჰსწმედ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა შევჰსწირავთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.