უთხრა მათ იგავიც: განა შეიძლება ბრმა წინ უძღოდეს ბრმას? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივიან? (ლკ. 6: 39).
სხვაგან: მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან. (მთ. 15: 14)
აი რას გვასწავლის გონებრივი და სულიერი სიბრმავის შესახებ წმინდა იოანე ოქროპირი:
ფარისევლები, რომლებიც თავად ცდებოდნენ, ხალხიც შეცდომაში შეჰყავდათ, შედეგად, თვითონ დაიღუპნენ და სხვებიც დაღუპეს.
„სიბრმავე დიდი ბოროტებაა, – აღნიშნავს წმინდა იოანე, – მაგრამ ბრმისათვის ლიდერის მდგომარეობის დაკავება, ორმაგი და სამმაგი ცოდვა და დანაშაულია“.
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
ღირსისა მაქსიმე აღმსარებელისა (აღესრულა საქართველოში 662 წ.) და მოწაფეთა მისთა მოწამეთა: ანასტასი კონსტანტინეპოლელისა (662) და ანასტასი აპოკრისიარისა; წმიდისა კათოლიკოს-პატრიარქისა კალისტრატესი (ცინცაძე, 1952); მოწამისა ნეოფიტესი, რომელი იყო ნიკია ქალაქით ბითვინიისაით (284-305); მოწამეთა: ევგენისა, კანდიდესი, ვალერიანესი და აკვილასი ტრაპეზუნტელთა (284-305); ქალწულმოწამისა აგნიასი (304); ღირსისა მაქსიმე ბერძენისა (1556).
დღის ლოცვები
ღირსი მაქსიმე აღმსარებლის კონდაკი:
სამებისა წმიდისა მქადაგებელსა, დიდსა მაქსიმეს ვაქებდეთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნოებაი ღმრთისა ხმამაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორითა ბუნებითა, ორითა ნებითა და ორითა საქმითა, და ღირსად და სარწმუნოებით პატივს ვცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მქადაგებელო სარწმუნოებისაო.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა
ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა
უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
ლიტ.: რიგ.: 1 პეტ. 2: 21-3: 9 (დას. 59 ). მკ. 12: 13-17 (დას. 54).
აღმსარებელისა: ებრ. 11: 33-12: 2 (დას. 330). ლკ. 12: 8-12 (დას. 64).
ლიტ.: რიგ.: 1 პეტ. 2: 21-3: 9
21. ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს. 22. არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს, 23. ვისაც ჰგმობდნენ და სანაცვლოდ არავის ჰგმობდა, აწამებდნენ და არ იმუქრებოდა, არამედ თავის თავს ანდობდა მართლად გამკითხეს; 24. ვინც ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე, რათა ცოდვისგან თავდახსნილთ სიმართლით გეცხოვრათ; და ვისი წყლულებითაც განიკურნეთ. 25. ვინაიდან გზადაბნეული ცხვრებივით იყავით, ახლა კა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენი სულების ზედამხედველს.
1. ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე, 2. როცა იხილავენ თქვენს უბიწო და ღვთისმოშიშ ქცევას. 3. დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი, 4. არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე. 5. ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს. 6. ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ. 7. და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ. 8. და ბოლოს, ყველანი თანამოაზრენი, თანამლმობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარეაელნი და თავმდაბალნი იყავით. 9. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.
ლიტ.: მკ. 12: 13-17
13. მიუგზავნეს ზოგიერთი ფარისეველი და ჰეროდელი, რათა სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის. 14. მივიდნენ ისინი და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, და არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სამართლით გვასწავლი ღმრთის გზას. გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? ვაძლიოთ თუ არ ვაძლიოთ? 15. ხოლო იესომ შეიცნო მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: რატომ მაცდუნებთ? მომიტანეთ დინარი, რათა ჩემი თვალით ვიხილო. 16. მიუტანეს თუ არა, უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა. 17. იესომ მიუგთ და უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს – ღმრთისა. და უკვირდათ მისი.
აღმსარებელისა: ებრ. 11: 33-12: 2
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს, 34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს. 35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი. 36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი – ბორკილები და დილეგი. 37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა), 38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი. 39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, 40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი. 2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
აღმსარებელისა: ლკ. 12: 8-12
8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება. 11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, 12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამენი: ევგენი, კანდიდი, ვალერინე და აკვილა (III)

წმიდა მოწამე აგნია ქალწული (+დაახლ. 304)

წმიდა აგნია ქურუმების მოთხოვნით სასტიკად აწამეს – კოცონში ჩააგდეს, შემდეგ კი, ცეცხლიდან უვნებლად გამოსულს, მახვილით მოჰკვეთეს თავი (+დაახლ. 304). წმიდა მოწამე მშობლებმა ქალაქ რომის მახლობლად დაკრძალეს. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
წმიდა მოწამე ნეოფიტე (+303-305)

დიოკლეტიანეს (284-305) დროინდელ დევნილობისას ნეოფიტე ნებით გამოცხადდა ნიკეაში და გაბედულად ამხილა წარმართთა უგნურება. გამხეცებულმა უსჯულოებმა ხეზე დაკიდეს წმიდანი, ხარის ძარღვებით სცემეს და სხეული რკინით გადაუფხიკეს. შემდეგ მოწამე გახურებულ ქურაში ჩააგდეს, სადაც მან 3 დღე-ღამე დაჰყო უვნებლად. მტარვალებმა, უკვე არ იცოდნენ, რა მოემოქმედნათ და უფლის რჩეულის მოკვლა გადაწყვიტეს. ერთმა მათგანმა მარტვილს მახვილი უგმირა გულში.
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი (+662)

ამ ხანებში წმიდა სოფრონმა სახელი გაითქვა მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლით. მას შემდეგ, რაც IV მსოფლიო კრებამ (451 წ.) დაგმო მონოფიზიტობა, რომელიც იესო ქრისტეში მხოლოდ ერთ (ღვთაებრივ) ბუნებას აღიარებდა, მონოთელიტებმა შემოიტანეს სწავლება ერთი ღვთაებრივი ნებისა და ერთი (ღვთაებრივი) ქმედების შესახებ, რასაც უარყოფილი მონოფიზიტური ცრუსწავლების აღიარებამდე მივყავდით. მონოთელიტობას ბევრი მიმდევარი გაუჩნდა სომხეთში, სირიაში, ეგვიპტეში. მართლმადიდებლობის ბრძოლას მწვალებლურ სწავლებებთან აძნელებდა ის გარემოება, რომ აღმოსავლეთის სამი საპატრიარქო ტახტი მონოფიზიტთა ხელში აღმოჩნდა: კონსტანტინეპოლის ეკლესიას სერგი განაგებდა, ანტიოქიისას – ათანასე, ალექსანდრიისას კი – კვიროსი. კონსტანტინეპოლიდან ალექსანდრიაში მიმავალ ღირს მაქსიმეს გზად კრეტაზე უნდა გაევლო. სწორედ აქ დაიწყო მისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ალექსანდრიაში და მის მახლობლად ღირსმა მამამ 6 წელი დაჰყო. მაქსიმე აღმსარებელი მხურვალედ იცავდა მართლმადიდებლობას და მის ქადაგებებს დიდი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა წოდებისა და ფენის ადამიანებს შორის.
638 წელს გარდაიცვალა პატრიარქი სერგი, 641 წელს კი – იმპერატორი ჰერაკლე. ქვეყანაში გამეფდა მრისხანე და სასტიკი კონსტანს II (642-648), მონოთელიტთა თავგამოდებული მომხრე. ღირსმა მაქსიმემ კართაგენს მიაშურა და ქალაქსა და მის შემოგარენში კიდევ 5 წელი იქადაგა. როცა აქ სამეფო კარის ინტრიგების გამო კონსტანტინეპოლიდან გადმოხვეწილი პიროსი, პატრიარქ სერგის მემკვიდრე ჩავიდა, მასა და მაქსიმეს შორის გაიმართა საჯარო პაექრობა, რომელზეც ერეტიკოსმა აღიარა თავისი ცოდვა და სურვილი გამოთქვა, პაპი თეოდორესთვის გადაეცა თავისი შეხედულებების წერილობითი უარყოფა. ღირსი მაქსიმე პიროსთან ერთად გაემგზავრა რომში, სადაც პაპმა მიიღო ყოფილი პატრიარქის აღსარება და ძველ ხარისხში აღადგინა იგი. 647 წელს მაქსიმე აფრიკაში დაბრუნდა. 649 წლის ოქტომბერში შედგა კრება, რომელსაც 150 დასავლელი ეპისკოპოსი და მართლმადიდებლური აღმოსავლთის 37 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის – მაქსიმე აღმსარებელიც. კრებამ დაგმო მონოთელიტობა, მისი დამცველები კი – კონსტანტინეპოლელი პატრიარქები – სერგი, პავლე და პიროსი ანათემას გადასცა.
როცა კონსტანს II კრების დადგენილებას გაეცნო, ბრძანა, შეეპყროთ პაპი მარტინე და ღირსი მაქსიმე. ღირს მაქსიმეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 აგვისტოს. მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმიდა მაქსიმე დასაფლავებულია ქ. ცაგერში.
წმიდა მოწამე ანასტასი (+662)

წმიდა ზოსიმე სირაკუზელი (+დაახლ. 622)

წმიდა ზოსიმე გამოირჩეოდა გულმოწყალებით და უანგარობით, სამწყსოს განაგებდა სიტყვით და პირადი მაგალითით. სიცოცხლის ბოლოს ზოსიმე დაავადმყოფდა, მაგრამ განსაცდელი დიდსულოვნად და მოთმინებით აიტანა. დაახლოებით 662 წელს 13 წლის მწყემსმთავრობის შემდეგ წმიდა ზოსიმე გარდაიცვალა. მის საფლავთან მრავალი კურნება აღსრულდა.
ღირსი მაქსიმე ბერძენი (+1556)

ღირსი მაქსიმე გულმოდგინედ შეუდგა მუშაობას, მაგრამ იმის გამო, სლავური მისი მშობლიური ენა არ იყო, ბუნებრივია, თარგმნის პროცესში უზუსტობები ეპარებოდა.
მოსკოველი მიტროპოლიტი ბარლაამი დიდად აფასებდა ღირსი მაქსიმეს ნაშრომებს, მაგრამ მისი მემკვიდრის, დანიელის დროს, მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა.
ახალმა მიტროპოლიტმა მოითხოვა, რომ წმიდა ბერს სლავურად ეთარგმნა თეოდორიტეს საეკლესიო ისტორია. მაქსიმემ უარი განაცხადა, რადგან ამ თხზულებაში მწვალებელი არიოზის ნაწერები იყო ჩართული. ამ ურჩობამ უთანხმოება ჩამოაგდო ღირს მამასა და მიტროპოლიტს შორის. მიუხედავად ამისა, წმიდანი განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას: წერდა წერილებს მაჰმადიანების, პაპისტების, წარმართების წინააღმდეგ; თარგმნა მათეს და იოანეს სახარებების იოანე ოქროპირისეული განმარტებანი, შექმნა რამდენიმე დამოუკიდებელი თხზულებაც.
როცა დიდი მთავარი მეუღლესთან, სოლომონიასთან განშორებას აპირებდა მისი უნაყოფობის მიზეზით, წმიდა მაქსიმემ ამხილა იგი და ამისთვის ღირსი მამა საპყრობილეში ჩააგდეს. ამ დროიდან მოყოლებული დაიწყო სატანჯველებით სავსე ეტაპი მისი ცხოვრებისა; თარგმანებში დაშვებული უზუსტობები წმიდანს წიგნების შეგნებულ დამახინჯებად ჩაუთვალეს. უჭირდა წმიდანს, მაგრამ ღვთის მოწყალებაც არ აკლდებოდა. მას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იყუჩე, ბერო! ამ სატანჯველებით საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებ.”
ექვსი წლის შემდეგ ღირსი მაქსიმე საპყრობილედან გაანთავისუფლეს, საეკლესიო სასჯელი დაადეს და ტვერში გაგზავნეს, სადაც გულთბილი და მოსიყვარული ეპისკოპოსის, აკაკის ზედამხედველობით იცხოვრა ოცი წლის განმავლობაში. სიცოცხლის უკანასკნელი წლები 70-ს გადაცილებულმა წმიდა მამამ ტროიცკო-სერგიევის ლავრაში გაატარა. დევნამ და მძიმე ღვაწლმა მოტეხა მისი ჯანმრთელობა, სულით კი კვლავინდებურად უდრეკი დარჩა. ცხოვრების მიმწუხრზე იგი თავის მოწაფესთან, ნილოსთან ერთად ფსალმუნების თარგმნაზე მუშაობდა.
ღირსი მაქსიმე ბერძენი გარდაიცვალა 1556 წლის 21 იანვარს. დაკრძალულია ტროიცკო-სერგიევის ლავრაში. მის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულა.