ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი. 11. რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. 12. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა – მართალი (1 ინ. 3: 10-12).
თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი“ (რომ. 12: 19).
ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი (რომ. 12: 21).
გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
დიდი მარხვის მე-3 შვიდეული.
18.03.2025. სამშაბათი. მარხვა
მოწამისა კონონ ისავრიელისა (I); მოწამისა ონისესი (I); მოწამისა კონონ მებაღისა (III); მოწამისა ირაიდასი; მოწამისა ევლოგი პალესტინელისა; მოწამისა ევლამპისა; ღირსისა მარკოზისა (V); ღირსისა ისიხისა (790); კეთილმსახურთა მთავართა: თეოდორე სმოლენსკელისა და ძეთა მისთა დავითისა და კონსტანტინესი, იაროსლაველ სასწაულთმოქმედთა (წმ. ნაწ. პოვნა 1463).
დღის ლოცვები
მოწამე კონონ ისავრიელის კონდაკი:
ვითარცა რა ანგელოზი, სცხორებდი ქუეყანასა ზედა სიწმიდითა და მათ თანავე მზრახველ იქმენ, და მშობელთა ქრისტეს მეცნიერებად მოუწოდე, და ერთი ღმერთი სამებით აღიარე, და ივნე ვიდრე სისხლთამდე, მოწამეო კონონ, მას ევედრე ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, შემდგომად ძილისა, სამშაბათსა
ჰოი, უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყველო და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო, მე ლმობილი ესე სულითა, დაბნელებული გონებითა და დანთქმული ცოდვითა; გევედრები და შეგივრდები, უზესთაესო ყოველთა ნაშობთაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, მსწრაფლ ისმინე ხმაი ვედრებისა ჩემისა წარწყმედად მიახლებულისა ამის. სანთელო მზისა სინათლისაო, მზეებრ განაბრწყინვე გონებაი ჩემი, ხენეშთა გულის-სიტყვათაგან დაბნელებული. მთიებო დღისაო, ნათელ-ცისკროვანებრ ნათელ ჰყავ სული ჩემი, მწვირეთაგან შებღალული ცოდვისათა, მქადაგებელო სინანულისა და ლმობიერებისა, ღვარითა ცრემლთათა განჰსწმინდე მწიკვლევანებით შებღალული სული ჩემი. ნერგო უდაბნოსაო, კეთილთა საქმეთაგან უდაბნო ქმნილი სული ჩემი, ნაყოფთა კეთილთა საქმეთათა და სიხარულითა ზეცისა ნიჭთათა აღავსე წყალობითა შენითა. წინასწარმეტყველო და წინა-მორბედო ქრისტესო, წინა მომზირალთა მათ და უწყალოთა მკრეხველთა სულისა ჩემისათა, წინა განემზადე მომწყლველად და განმაქარვებელად, და იოტენ იგინი რისხვითა შენითა ჟამსა მას სიკვდილისასა და სულთა აღმოსვლისა ჩემისასა, და დღესა მას სასჯელისასა, თანამდგომ და შემწე მექმენ სახიერებითა შენითა, საწყალობელსა ამას და უბადრუკსა მონასა და მსასოებელსა შენსა. ჰე, გევედრები და გაფუცებ სიყვარულსა შენ მიერ ნათელღებულისასა, მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა უბადრუკსა და ცოდვილსა ამას, ტკბილი იგი და მოწყალე სახიერი შენ მიერ ნათელღებული იესო ქრისტე, რამეთუ მისი არს დიდება, სუფევა, სიტკბოება და წყალობა თანა მამით, და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, სამშაბათსა
უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყვებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 9: 9-10: 4.
მწუხრზე: დაბ. 7: 1-5. იგავ. 8: 32 – 9: 11.
VI ჟამზე: ეს. 9: 9-10: 4
9. აგურები ჩამოცვენილია, თლილი ქვებით დავიწყებთ შენებასო; ლეღვსულელი გახეხილია, კედარით შევცვლითო. 10. აუმხედრებს მას უფალი რეცინის მტრებს და ააგულიანებს მის დუშმანებს. 11. არამი აღმოსავლეთით და ფილისტიმელი დასავლეთით – და პირაშკმით ჭამენ ისრაელს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღებულია მისი ხელი. 12. ხალხი არ მიქცეულა თავისი მგვემელისკენ და ცაბაოთ უფალს არ ეძიებს. 13. მოსწყვიტა ისრაელს უფალმა თავი და კუდი, რტოები და ღერო ერთ დღეს. 14. მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგმოძღვარი კი – კუდი. 15. ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან. 16. ამიტომაც თავის ჭაბუკებზე არ ხარობს უფალი და ქვრივ-ობლებს არ იბრალებს, რადგან ყველანი უკეთურნი და ბოროტეულნი არიან, და ყოველი პირი სიბილწეს ლაპარაკობს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი. 17. რადგან აღიგზნო ბოროტება, როგორც ცეცხლი, ძეძვისა და ნარ-ეკლის შემჭმელი, აბრიალდება უსიერ ტევრში და აღიმართება კვამლის სვეტები. 18. ცაბაოთ უფლის რისხვისაგან დაბნელდება მიწა და ხალხი ცეცხლის კერძი შეიქნება, ერთი მეორეს არ დაინდობს. 19. მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას. 20. მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს, ორივენი ერთად იუდას ესხმის. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
4. ვინ სად ჩაიჩოქებს ტყვეთა შორის, ვინ სად დაეცემა დახოცილთა შორის! მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი. 5. ვაი აშურს, კვერთხს ჩემი რისხვისა! კეტი მათ ხელში ჩემი გულისწყრომაა. 6. უღვთო ხალხის წინააღმდეგ გავგზავნი და ჩემი რისხვის ხალხზე გალაშქრებას ვუბრძანებ, რომ დაატყვევოს და გაძარცვოს, გათელოს ქუჩის ტალახივით. 7. მაგრამ ის ასე არ განსჯის და მისი გული ასე არ იზრახავს; არამედ განადგურებაა მის გულში და ხალხების ერთიანად მოსპობა. 8. რადგან ამბობს: განა ჩემი მთავრები ყველანი მეფეები არ არიან? 9. განა ქალნო და ქარქემიში ერთი არ არის? განა არფადი და ხამათი ერთი არ არის? განა დამასკო და სამარია ერთი არ არის? 10. როგორც მისწვდა ჩემი ხელი კერპთა სამეფოებს, რომელთაც მეტი ჰყავთ ჩამოსხმული ღმერთები, ვიდრე იერუსალიმს და სამარიას; 11. როგორც სამარიას და მის კერპებს მოვექეცი, განა ისევე არ მოვექცევი იერუსალიმს და მის სათაყვანებლებს? 12. როცა მოათავებს უფალი ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინ მოვკითხავ აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს – მის ქედმაღლურ მზერას. 13. რადგან ნათქვამი აქვს: ჩემი ხელის ძალით ვქმენი ეს და ჩემი სიბრძნით, რადგან გამჭრიახი ვარ; მე გადავწიე ხალხთა სამანები და გავძარცვე მათი საგანძურები, ბუმბერაზივით ჩამოვყარე ტახტებზე მსხდომარენი. 14. ბუდესავით მოძებნა ჩემმა ხელმა ხალხთა საბადებელნი; მიტოვებულ კვერცხებს რომ კრეფენ, ისე ავკრიფე მთელი ქვეყანა, ფრთა არ შერხეულა, პირი არ გაღებულა, ხმა არ დაძრულა. 15. თუ ეყოყოჩება ცული მჩეხელს, თუ ედიდგულება ხერხი მხერხელს? ვითომ დაეღირება კვერთხი მის მომქნევს, ვითომ თავისით აღიმართება კეტი, თითქოს ხე არ იყოს? 16. ამიტომ სიმჭლევეს მოუვლენს მეუფე, ცაბაოთ უფალი მის ნასუქალებს და მისი დიდების ქვეშ ცეცხლის ხანძარივით ატყდება ხანძარი. 17. ცეცხლად გადაიქცევა ისრაელის ნათელი და ხანძრად – მისი წმიდა, ერთ დღეში დაწვავს და გადაბუგავს მის ძეძვს და ნარ-ეკალს. 18. გაანადგურებს სულით ხორცამდე მისი ჭალების და ბაღ-ვენახების დიდებას, ჩაჭკნება და ჩაიხაშმება. 19. გამეჩხერდება მისი მაღნარი და ბავშვიც კი დაითვლის დარჩენილ ხეებს. 20. იმ დღეს აღარ დაენდობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნარჩომი თავის მგვემელს; უფალს, ისრაელის წმიდას, დაენდობა დარწმუნებით. 21. ნატამალი დაუბრუნდება, იაკობის ნატამალი ძლიერ ღმერთს! 22. თუმცა ზღვის ქვიშასავით იქნება შენი ერი, ისრაელ, მაგრამ ნატამალი დაუბრუნდება მას. გადაწყვეტილია დაქცევა – შურისმგებელი სამართლიანობა. 23. რადგან გადაწყდა ეს დაქცევა და აღასრულებს მეუფე, ცაბაოთ უფალი მთელ ქვეყანაზე. 24. ამიტომ ასე ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი: ნუ გეშინია აშურისა, ჩემო ერო, სიონის მკვიდრო! კვერთხით გცემს და კეტს გიღერებს, როგორც ეგვიპტელნი იქცეოდნენ. 25. რადგან, სულ ცოტაც და, შეწყდება გულისწყრომა და ჩემი რისხვა მათ დასაქცევად აღინთება. 26. მოუქნევს მას ცაბაოთ უფალი შოლტს, როგორც მიდიანს დასცხო ყორების კლდესთან და აღიმართება წყალზე მისი კვერთხი, როგორც ეგვიპტეში აღმართა. 27. იმ დღეს ჩამოგეხსნება მისი ტვირთი მხრებიდან და მისი უღელი ქედიდან, და გასკდება უღელი სიმსუქნისგან. 28. ის მიდის ყაიათში, ჩაუვლის მიგრონს, მიქმასში საჭურველს გადაინახავს; 29. გაივლის კლდეკარს, გებაყში გაათევს ღამეს, რამა შეძრწუნდება, საულის გიბყა გაიფანტება. 30. აყიჟინდი შენს ხმაზე, გალიმის ასულო! გესმოდეს, ლაიშა, ბედშავო ყანათოთო! 31. მადმენა გაიქცა, გებიმელებმა თავს უშველეს. 32. კიდევ ერთი დღით ნობში დაყოვნდება, ხელს მოუღერებს სიონის ასულის მთას, იერუსალიმის ბორცვს. 33. აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, ზარდაცემით ლეწავს რტოებს; ტანმაღალნი გაიჩეხებიან და აღზევებულნი დაემხობიან. 34. გაკაფავს რკინით ტყის უღრანს და დაეცემა ლიბანი ძლიერის ხელით.
მწუხრზე: დაბ. 7: 1-5
1. უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში. 2. ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან – ორ-ორი, მამალი და დედალი. 3. ცის ფრინველისგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე. 4. რადგან შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია. 5. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა.
მწუხრზე: იგავ. 8: 32 – 9: 11
32. ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ! 33. მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ. 34. ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს. 35. ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან მადლს მოიხვეჭს. 36. ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.
1. სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა. 2. დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა, 3. გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან: 4. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა: 5. მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო. 6. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ. 7. ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი – შეურაცხყოფას; 8. ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს; 9. მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს. 10. უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება. 11. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე კონონ ისავრიელი (I)

მშობლების სურვილით კონონი დაინიშნა ქალწულზე, რომელსაც ანა ერქვა. ქორწინების შემდეგ კონონმა ანა ქალწულების სათნოებაში დაარწმუნა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დიდხანს და-ძმასავით ცხოვრობდა. წმიდა კონონმა თავისი მშობლები მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მამამისი წმიდა ნესტორი, კერპთაყვანისმცემელთა მხილებისათვის მოწამეობრივად აღესრულა.
წმიდა კონონმა დედა და ცოლი ახალგაზრდობაში დაკარგა. წარმართებმა ქრისტეს აღმსარებლობისათვის კონონი სასტიკად აწამეს. ეს რომ ისავრიის მცხოვრებლებმა გაიგეს, იარაღით ხელში გაემართნენ წმიდანის დასაცავად. სახალხო ამბოხებით შეშინებული ჯალათები გაიქცნენ. ისავრიელებმა კი წამების ადგილას ნახეს გასისხლიანებული და ცოცხალმკვდარი წმიდანი, რომელიც წუხდა, რომ ღვთისაგან ჯილდოდ მოწამეობრივი გვირგვინი ვერ მიიღო.
ორი წლის შემდეგ წმიდა კონონი მშვიდობით აღესრულა. დაკრძალეს მშობლებისა და მეუღლის გვერდით.
წმიდა მოწამე ონისიმე (I)
წმიდა მოწამე კონონი (III)

ღირსი მარკოზ მმარხველი (V)
ღირსი მარკოზ მმარხველი (V) ეგვიპტის ნიტრიის უდაბნოში მოღვაწეობდა. ბავშვობიდანვე მისი საყვარელი საქმიანობა იყო წმიდა წერილის კითხვა. გადმოცემით, მან მთელი ბიბლია ზეპირად იცოდა. ცნობილია, აგრეთვე, რომ ღირსი მარკოზი ისმენდა წმიდა იოანე ოქროპირის ქადაგებებს. ჩვენამდე მოღწეულია წმ. მარკოზის მიერ დაწერილი მრავალი სწავლება. ღირსი მარკოზი გამოირჩეოდა სიმდაბლითა და სიწმიდით. განსაკუთრებული კრძალულობის გამო მას მმარხველი ეწოდა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
ღირსი ისიხი მმარხველი (+434)

გარდაცვალებამდე 30 დღით ადრე წმიდა ისიხის ანგელოზმა აუწყა აღსასრულის მოახლოება, რამაც ღირსი მამა ძლიერ გაახარა. გარდაცვალების წინ მან დაიბარა თავისი მოწაფეები და დიდხანს არიგებდა. შუაღამისას კელია გაანათა ზეციურმა შუქმა და წმიდა ისიხიმ სული უფალს შეჰვედრა. მისი მოღვაწეობის ადგილას შემდგომ დედათა მონასტერი აშენდა.
ისიხის წმიდა ნაწილები, რომელიც დაფლული იყო წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში, 792 წელს თეოფილაქტე ამასიელმა გადაასვენა ქალაქ ამასიაში (მცირე აზია).