20.03.2025. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. ხუთშაბათი

       ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი. 11. რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. 12. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა – მართალი (1 ინ. 3: 10-12).

       თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი“ (რომ. 12: 19).

       ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი (რომ. 12: 21).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-3 შვიდეული.

20.03.2025. ხუთშაბათი. მარხვა 

მღვდელმოწამეთა ქერსონელ ეპისკოპოსთა: ბასილი, ეფრემ, კაპიტონ, ევგენი, ეთერიოს, ელპიდო და აღათოდორესი (IV); ღირსისა პავლე ყოვლად უბრალოსი (IV); პავლე აღმსარებელისა, პრუსიადელი ეპისკოპოსისა (I). ღირსისა ემელიანე იტალიელისა. 

დღის ლოცვები 

მღვდელმოწამეთა ქერსონესის ეპისკოპოსთა: ბასილი, ეფრემ, კაპიტონ, ევგენი, ესთერიოს, ელპიდიოს და აღათოდორესის კონდაკი:

ნათლით შემოსილი დღე ბრწყინვალედ აღმობრწყინდა მწყემსთა ქერსონეს შინა მღდელმთავრობით ცხორებულთა, რომელთა დღესასწაულსა უგალობთ, რამეთუ ივნეს სამწყსოსათვის ქრისტესისა და ვედრებით უღაღადებთ: მღდელმოწამენო, ევედრენით მწყემსთმთავართა თავსა ქრისტესა, რაითა ჩუენცა მარჯვენეთა ცხოვართა თანა დგომას ღირს გუყვნეს, რაითა გიგალობდეთ თქუენ: გიხაროდენ, მამანო, მღდელთმთავარნო, ქრისტესთვის სისხლთა თქუენთა დამთხეველნო. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ხუთშაბათსა დილას

უფალო, ღმერთო ყოვლის-მპყრობელო, გულთ მეცნიერო და გულის-სიტყვათა მპყრობელო, რომელმან პყრობილჰყვენ ზღვანი და ხმელნი, ქალაქნი და მდინარენი ნათესავისათვის კაცთასა შენდა შევრდომითა! უფალო იესო ქრისტე ღმერთო ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, კრაო და მწყემსო ჭეშმარიტო, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი შენ, სახიერო, დაამდოვრენ ღელვანი და აღტეხანი გულისა ამის ჩემისანი, და აღტყინებანი და აღძვრანი ხორცთა ჩემთანი, მოვლინებულნი უხილავთა მტერთა მიერ, და ვითარცა დააცხრვე და განაქარვე აღტეხაი იგი ზღვისა და დააყუდენ ქარნი მძაფრნი და იხსენ მოწაფენი შენნი დანთქმისაგან, ეგრეთვე შენ, მეუფეო, მოიხილე ჩემზედა მონასა ამას შენსა და მიხსენ აღტყინებისაგან მოუდრეკელთა მათ ხორცთა ჩემთასა! გარე უკუნ-აქციე გულისთქმაი ესე საშინელი, წარსაწყმედელი სულისა ხორცისა ჩემისა! გულს-მოდგინე მყავ მოხსენებად ჟამსა ამას ჯვარცმისა შენისა, გვერდისა შენისაგან გარდამოთხეულსა სისხლსა და წყალსა და კვალად დღე იგი საშინელი განკითხვისა და მიხსენ ვნებათა ამათგან მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა ხუთშაბათსა დაწოლისასა

მომეც ჩვენ, მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო მეოხებითა წმიდათა შენთა მოციქულთათა ძილი მშვიდობისა და განსვენებისა სულისა და ხორცთასა! და მიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა ღამისა და ბნელისაგან ბოროტისა: დააცხვრენ აღძვრანი ვნებათანი, დაჰშრიტე მხურვალებაი ხორცთა და მომეც გულის-სიტყვაი და უბიწო მოქალაქობაი, ღამე ყოველ გალობით დიდებისმეტყველებაი, რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცული შენდა დიდებასა შევჰსწირვიდეთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

VI ჟამზე: ეს. 11: 10-12: 2.
მწუხრზე: დაბ. 7: 11-8: 3. იგავ. 10: 1-22.

VI ჟამზე: ეს. 11: 10-12: 2 

10. იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი. 11. იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს. 12. დროშას აღუმართავს ხალხებს, შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას. 13. გაქარწყლდება ეფრემის შური და იუდას მტრები აღარ იქნებიან, ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი და იუდა აღარ უმტრობს ეფრემს. 14. მხარდამხარ გაფრინდებიან ფილისტიმელთაკენ დასავლეთით, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთლებს, ხელს დაადებენ ედომს და მოაბს, და ყამონელნი მათი მორჩილნი გახდებიან. 15. ამოაშრობს უფალი ეგვიპტის ზღვის სრუტეს, ხელს აღმართავს მდინარეზე თავის ქარტეხილში, შვიდ ტოტად განწვალავს მას, რომ ფეხშემოსილმა გადაიაროს. 16. გამოუჩნდება გზა-სავალი მისი ერის ნატამალს, რომელიც აშურს გადაურჩება, როგორც გამოუჩნდა ისრაელს, როცა ეგვიპტიდან ამოდიოდა. 

1. შენ იტყვი იმ დღეს: გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე. 2. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი. 

მწუხრზე: დაბ. 7: 11-8: 3 

11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, – ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები. 12. აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. 13. სწორედ ამ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი – ნოეს შვილები და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი შვილების სამი ცოლი. 14. ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი. 15. შევიდა ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა. 16. მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის; და დაუგმანა მათ კარი უფალმა. 17. ორმოც დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადიდდა წყალი და ასწია კიდობანი, მოექცა იგი მიწის ზემოთ. 18. გაძლიერდა წყალი და მეტისმეტად ადიდდა ქვეყნად, და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე. 19. მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში. 20. თხუთმეტი წყრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ და დაიფარა მთები. 21. მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი. 22. ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა. 23. აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე – ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი. 24. მატულობდა წყალი დედამიწაზე ას ორმოცდაათი დღე. 

1. გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი. 2. დაიგმანენ უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები, და შეწყდა წვიმა. 3. თანდათან მიიქცეოდა წყალი მიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს. 

მწუხრზე: იგავ. 10: 1-22 

1. იგავნი სოლომონისა. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია. 2. ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის. 3. უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა სიხარბეს უკუაგდებს. 4. ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს. 5. ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია. 6. მართლის თავზე კურთხევაა, ხოლო ბოროტეულია პირი ძალადობით არის სავსე. 7. კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება. 8. გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგებრიყვი დაიღუპება. 9. უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება. 10. თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება. 11. მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირი კი ძალადობით არის სავსე. 12. სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს. 13. გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი. 14. ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან. 15. მდიდრის ქონება მისი ციხე-ქალაქია, ხოლო ღარიბთა დამღუპველი – მათი სიღატაკე. 16. მართლის შრომა სასიცოცხლოდ არის, ხოლო ბოროტეულთა მონახვეჭი ცოდვაა. 17. შეგონების დამმარხველი სიცოცხლის გზას ადგას, დარიგების უკუმგდებელი გზააბნეული დაეხეტება. 18. სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს, ჭორის გამავრცელებელი კი სულელია. 19. ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია. 20. მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა. 21. მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან. 22. უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                           (1 იოან. 3: 14) 

წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე (IV) ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში.
თავრიდის (ყირიმის) პირველი განმანათლებელი წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) იყო. აქ ქრისტიანობის შემდგომ გავრცელებას თვით მტრები უწყობდნენ ხელს: რომის იმპერატორები ამ კუთხეში ასახლებდნენ სახელმწიფო დამნაშავეებს, რომელთა რიცხვში I-III საუკუნეებში ქრისტიანებსაც თვლიდნენ. ტრაიანეს მმართველობის დროს (89-117) ინკერმანის ქვის სამტეხლოებში გადაასახლეს წმიდა კლიმენტი რომაელი (ხს. 25 ნოემბერს). მან აქ გააგრძელა თავისი ქადაგება და აქვე აღესრულა მოწამეობრივად.
IV ს-ის დასაწყისში ხერსონესში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა. დიოკლეტიანეს მეფობის დროს (284-305), 300 წელს, იერუსალიმის პატრიარქმა ერთმონმა სახარების საქადაგებლად მსოფლიოს ყველა მხარეში გაგზავნა ეპისკოპოსები. ორი მათგანი, ეფრემი და ბასილი, ხერსონესში ჩამოვიდა. შემდგომ ეფრემი დუნაის გასწვრივ მცხოვრებ ხალხთან გაემგზავრა, სადაც ქრისტეს ქადაგებისათვის ბევრი ტანჯვა და დამცირება დაითმინა. დევნის დაწყებისთანავე წმიდა ეფრემს თავი მოჰკვეთეს (ზუსტად ცნობილია მხოლოდ მისი გარდაცვალების დღე – 7 მარტი), წმიდა ბასილიმ მრავალი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, რამაც წარმართთა გულისწყრომა გამოიწვია. წმიდა აღმსარებელი დაიჭირეს, უმოწყალოდ სცემეს და ქალაქიდან გააძევეს. წმიდა ბასილიმ მთებს მიაშურა და გამოქვაბულს შეაფარა თავი. ის დაუცხომლად ლოცულობდა ხერსონელების მოქცევისათვის. უფალმა ურწმუნოებს სასწაული მოუვლინა: წმიდანის ლოცვით გაცოცხლდა ცნობილი ხერსონელი მოქალაქის ერთადერთი შვილი. წმიდანი პატივით დააბრუნეს ქალაქში, ბევრმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა.
მალე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) ბრძანებით, ქრისტიანთა დევნა განახლდა. ქრისტეს მტრები წმიდა ბასილის წინააღმდეგაც აღიჭურვნენ. 309 წლის 7 მარტს, ღამით, სახლში მიუვარდნენ, შებოჭეს და ქვებით ჩაქოლეს. წმიდანის გვამი ქალაქგარეთ დააგდეს ნადირთა და ფრინველთა საჯიჯგნად, მაგრამ კარგა ხნის მანძილზე წმიდა ნაწილებს არაფერი მიკარებია. შემდგომ ქრისტიანებმა იგი საიდუმლოდ დაფლეს გამოქვაბულში.
ერთი წლის შემდეგ წმიდა ბასილის თანამოღვაწეებმა – ეპისკოპოსებმა ევგენიმ, ელპიდიმ და აღათოდორემ მისი აღსასრულის ამბავი გაიგეს, დატოვეს ჰელესპონტის ქვეყანა, სადაც ქადაგებდნენ, ხერსონესში ჩამოვიდნენ, მრავალი იღვაწეს, ბოლოს კი წინამორბედების ბედი გაიზიარეს: 311 წლის 7 მარტს გაცოფებულმა წარმართებმა ისინი ქვებით ჩაქოლეს.
რამოდენიმე წლის შემდეგ, უკვე წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) დროს, იერუსალიმიდან ხერსონესში ჩამოვიდა ეპისკოპოსი ეთერიოსი. თავიდან მასაც დიდი წინააღმდეგობები შეხვდა წარმართთა მხრიდან, მაგრამ შემდეგ წმიდა იმპერატორმა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ხერსონელ ქრისტიანებს თავისუფლად შეეძლოთ ღვთისმსახურების ჩატარება. წმიდა ეთერიოსის ძალისხმევით ქალაქში ქრისტიანული ტაძარი აშენდა.
იმპერატორის წინაშე მადლიერების გამოსახატავად წმიდა ეთერიოსი კონსტანტინეპოლს გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას ის ცუდად გახდა და გარდაიცვალა კურძულ ამოსზე, საბერძნეთში, 7 მარტს.
წმიდა ეთერიოსის ნაცვლად იმპერატორმა ხერსონესში გამოგზავნა ეპისკოპოსი კაპიტონი. ქრისტიანები სიხარულით შეხვდნენ მას, წარმართებმა კი სასწაულის ქმნა მოსთხოვეს. უფლის ნებას მინდობილი კაპიტონი მღვდელმთავრის შესამოსელში აგიზგიზებულ კოცონზე დადგა და დიდხანს ლოცულობდა, შემდეგ კი ფილონის კალთით გახურებული ნაკვერჩხლები გამოიტანა. სასწაულით გაოგნებულმა წარმართებმა ირწმუნეს უფლის ყოვლისშემძლეობა. ამ სასწაულსა და წმიდა კაპიტონის უსაზღვრო რწმენაზე ეუწყათ წმიდა კონსტანტინესა და ნიკეის I მსოფლიო კრების (325 წ.) მონაწილე მამებს. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდა კაპიტონი ეპარქიის საქმეებზე კონსტანტინეპოლში გაემგზავრა. ქარიშხალმა ხომალდი დუნაის ნაპირებზე გამორიყა. ადგილობრივმა წარმართმა მცხოვრებლებმა ხომალდი ხელთ იგდეს და ყველა მგზავრი დაახრჩვეს, მათ შორის წმიდა კაპიტონიც. ეს მოხდა 21 დეკემბერს. წმიდა კაპიტონის ხსენება დაწესდა 7 მარტს, სხვა ხერსონელი მღვდელმთავრების ხსენების დღეს.
მღვდელმოწამეთა ქადაგებამ განამტკიცა ქრისტეს სარწმუნოება ხერსონესში. ის იქცა სულიერ ცენტრად, საიდანაც ქრისტიანობა ვრცელდებოდა ჩრდილოეთით, რუსეთისაკენ.
987 წელს ხერსონესში მოინათლა წმიდა მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმერი. ეს ქალაქი რუსეთისთვის ქრისტიანობის აკვნად იქცა. 
ღირსი პავლე (IV) უბრალოებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. როცა მეუღლის ღალატის ამბავი გაიგო, სახლი დატოვა და უდაბნოში წავიდა წმიდა ანტონ დიდთან (ხს. 17 იანვარს). ამ დროს პავლე უკვე 60 წლის იყო და წმიდა ანტონმა არ მიიღო, რადგან მძიმე განმარტოებული ცხოვრებისათვის სუსტად ჩათვალა. სამი დღის ვედრების შემდეგ წმიდა ანტონმა მორჩილება დაუწესა პავლეს. დიდხანს ცდიდა მძიმე შრომით, მარხვით, ღამისთევით, ფსალმუნთა მოუკლებელი გალობითა და მეტანიებით. ამგვარი გამოცდის შემდეგ კი ნება დართო განმარტოებულ კელიაში დასახლებულიყო.
მრავალწლიანი ღვაწლისთვის პავლეს უფლისაგან წინასწარჭვრეტისა და ბოროტ სულთა განსხმის ძალა მიენიჭა. 
ღირსი ემელიანე რომაელი იყო. ის სიბერემდე ცოდვებში ცხოვრობდა. ბოლოს მონანული მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. ღირსი ემილიანე გამოირჩეოდა უდრტვინველი მორჩილებით და მკაცრი მარხულობით. ღამ-ღამობით საიდუმლოდ მიდიოდა შორიახლო მდებარე გამოქვაბულში და მხურვალედ ლოცულობდა. ერთხელ იღუმენი ჩუმად გაჰყვა ბერს და ნახა, რომ იგი სინანულის ცრემლებით ალტობდა მიწას. უცებ ზეციდან გაისმა ხმა: „ემილიანე მოგეტევოს ცოდვანი შენნი“. ნანახით შეძრულმა იღუმენმა საცისკრო მსახურების შემდეგ ემილიანეს სთხოვა, ძმებისათვის გაენდო თავისი საიდუმლო. წმიდანმაც მოუთხრო სულიერ ძმებს ღვთის უსაზღვრო სახიერების შესახებ. იღუმენმა ბერებს უთხრა: „უფალს შეეძლო ემილიანესათვის ცოდვები გამოცხადების გარეშეც მიეტევებინა. მან თავისი ნება ხმით და ნათლით იმიტომ გააცხადა, რომ ჩვენც გვენახა ღვთის უსაზღვრო სიკეთე და სიყვარული წრფელად მონანულთა მიმართ“.
ღირსმა ემილიანემ სიცოცხლის დარჩენილი წლები სულიერ სიხარულში გალია და მშვიდობით მიისვენა. 
წმიდა პავლე აღმსარებელი (IX) პრუსაიდის (მცირე აზია) ეპარქიას მართავდა ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების პერიოდში. წმიდა პავლე წმიდა თეოფილაქტესთან (ხს. 8 მარტს) ერთად მხნედ დადგა სიწმიდეთა დასაცავად, დაითმინა მრავალი ტანჯვა და დევნა; გარდაიცვალა დაახლოებით 850 წელს.