21.03.2025. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. პარასკევი

       ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი. 11. რადგანაც ეს არის უწყება, რომელიც გსმენიათ დასაბამიდან, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. 12. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა; მერედა, რისთვის მოკლა? იმიტომ, რომ ბოროტი იყო მისი საქმე, ხოლო მისი ძმისა – მართალი (1 ინ. 3: 10-12).

       თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი“ (რომ. 12: 19).

       ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი (რომ. 12: 21).

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

დიდი მარხვის მე-3 შვიდეული.

21.03.2025. პარასკევიმარხვა 

ღირსისა თეოფილაქტე აღმსარებელისა, ნიკომიდიელ ეპისკოპოსისა (842-845); მოციქულისა 70-თაგანისა ერმესი (I); მღვდელმოწამისა თეოდორიტე ანტიოქიელი ხუცისა (361-363); ღირსისა დომენტისა (363). 

დღის ლოცვები 

ღირსი თეოფილაქტე აღმსარებელის კონდაკი:

მნათობად ბრწყინვალედ გამოუჩნდი კიდეთა სოფლისათა, წმიდაო თეოფილაქტე, და თანა არსად მამისა და სულისა წმიდისა სიტყუა ჰქადაგე, და საღმრთოთა ცხოვართა კრებული განამტკიცენ, და სათნოდ სამებისა განსცხადენ, რომლისა წინა სდგა, ითხოვე ჩუენთვის დიდი წყალობაი. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, პარასკევს დილით

წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანისვჰსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. ხოლო შენი სალმობა და რისხვა მიიქეცინ თავსავე შენსა და თხემსა შენსა ზედა გმობა შენი დაჰხედინ აწინდელსა ჟამსა შინა და ყოფადსა საუკუნესა უფსკრულსა შინა. რაი არს შენი და ჩვენი უცხოო ღვთისაგან, ლტოლვილო ცათაგან, მონაო ბოროტო და განდგომილო! არა გაქვს შენ ფლობაი ჩვენი, ქრისტესა ძესა ღვთისასა აქვს ფლობაი ჩვენი, ყოველთა მისა ვჰსცოდეთ და მასვე სიტყვა უგოთცა. ხოლო შენ ივლტოდე ჩემგან, მომსვრელო და წინააღმდგომო მტერო ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, და გეენისა და ყოვლისა სატანჯველისა დამკვიდრებულო! ჩვენ სიმტკიცედ გვაქვს ჯვარი პატიოსანი და მით დავჰსთრგუნავთ შენ გველისა თავსა სახელითა ერთარსისა წმიდისა სამებისათა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ზედა მდგომელობითა წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისათა, რამეთუ მისსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა, ლოცვა დაწოლისა, პარასკევს

დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელი პირველ საუკუნეთა იყავ და ვიდრე უკუნისამდე ხარ, და დასასრული არა გაქვს, რომელმან ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ სახიერო და კაცთმოყვარეო! სულგრძელო და მრავალმოწყალეო, შემიწყალე მე ცოდვილი ესე და ნუ განმირისხდები, მეუფეო, რამეთუ რომელთა საქმეთათვის ვითხოვ შენგან შენდობასა, მათვე დაუცხრომელად შთავვარდები და ვიცი, უფალო, რომელ უკეთუმცა არა მლხინებელ გყოფდა აურახცელი ეგე სახიერება და კაცთმოყვარება შენი, არამცა დაუტევე ტანჯვაი, რომელიცა არა მოაწიე ჩემზედა და ქვეყანასამცა უბრძანე დანთქმაი ჩემი! არამედ სულგრძელ ხარ, უფალო, ჩემზედა თვით დასჯილსა ამას, და სიტყვის-მიცემადცა ვერ შემძლებელსა. დიდება შენდა სახიერო, და მრავალმოწყალეო: აწ უკვე გევედრები, შემიწყალე მაცხოვარო და კაცთმოყვარეო, შემიწყალე თანამდები ესე ყოვლისა ტანჯვისა, და შემინდვენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი, ყოველნი, რომელნი საშოითგან დედისათ ვიდრე აქამომდე მიქმნიან ღამით და დღისით, მეცნიერებით და უმეცრებით, ნებსით და უნებლიეთ, ყოველნი ბრალნი ჩემნი ცხადნი და დაფარულნი, საჩინონი და უჩინონი, რაოდენიცა მიცოდავს თვალითა და ენითა, სასმენელითა და საყნოსელითა, შეხებითა და სლვითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის წმიდისა! უფალო სახიერო და კაცთმოყვარეო, სულგრძელო, ტკბილო და მრავალმოწყალეო, რაოდენიცა შემიცოდებია შენდა საქმით, სიტყვით, გონებით და გულის-სიტყვით და მოგონებით შემინდევ, უფალო, შემინდევ სახიერო, შემინდევ კაცთმოყვარეო, შემინდევ სულგრძელო და მრავალმოწყალეო, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მით აურაცხელისა მოწყალებისა და სიტკბოებისა შენისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, სულგრძელი და მრავალმოწყალე და მწყალობელი, და შენდა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები

ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 13: 2-13.
მწუხრზე: დაბ. 8: 4-21. იგავ. 10: 31-11: 12. 

VI ჟამზე: ეს. 13: 2-13 

2. ხმელ გორზე აღმართეთ დროშა, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შემოვიდნენ მთავართა კარიბჭით. 3. მე ვუბრძანე ჩემს განწმედილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს ძლიერთ ჩემი რისხვისათვის, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ. 4. მთებზე გუგუნია, თითქოს მრავალი ხალხისაგან, ერთად თავშეყრილი ხალხების სამეფოთა ჟრიამული; ცაბაოთ უფალი თავად ათვალიერებს საომრად გამზადებულ ლაშქარს. 5. შორი ქვეყნებიდან, ცის კიდიდან მოდიან, უფალი და მისი რისხვის იარაღი მთელი ქვეყნის დასაქცევად. 6. მოთქვამდეთ, რადგან ახლოვდება უფლის დღე, მოდის როგორც რბევა ყოვლადძლიერისგან. 7. ამიტომაც დაუძლურდა ყოველი მკლავი და ყოველი კაცის გული შემდრკალია. 8. შიშისზარი აქვთ, კრუნჩხვებმა და ტკივილებმა შეიპყრეს, მშობიარე ქალივით იტანჯებიან, გაოგნებულნი შეჰყურებენ ერთმანეთს, სახეზე ცეცხლი ეკიდებათ. 9. აჰა, დადგა უფლის დღე – დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან. 10. რადგან ცის ვარსკვლავები და მისი ხომლი ჩაქრებიან, დაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე აღარ მოაფენს თავის ნათელს. 11. მოვკითხავ ქვეყნიერებას მის სიავეს და ბოროტეულთ – მათ დანაშაულს; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა ქედმაღლობას და მტარვალთა სიამაყეს დავამდაბლებ. 12. დავაფასებ კაცს ხალას ოქროზე მეტად და ადამიანს – ოფირის ზოდზე მეტად. 13. ამიტომაც შევაზანზარებ ცას და შეირყევა დედამიწა თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლის გულისწყრომისას და მისი რისხვის ანთების დღეს. 

მწუხრზე: დაბ. 8: 4-21 

4. მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი. 5. თანდათან იკლებდა წყალი მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები. 6. ორმოცი დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული. 7. გამოუშვა ყორანი; მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი დედამიწაზე. 8. გაუშვა მტრედი, რომ გაეგო – თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე. 9. ვერ იპოვა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მოუბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე; გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში. 10. შვიდ დღეს კიდევ იცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან. 11. დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და, აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი დედამიწაზე. 12. შვიდ დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი; აღარ მობრუნებულა იგი მასთან. 13. ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის დამდეგს დაშრა წყალი ქვეყნად; ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და ხედავს, აჰა, გამშრალია მიწის პირი. 14. მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა. 15. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: 16. გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები. 17. ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად. 18. გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები. 19. ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავ-თავისი გვარისდა მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან. 20. აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე. 21. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი. 

მწუხრზე: იგავ. 10: 31-11: 12 

31. მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება. 32. მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი – ღალატს. 

1. მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი – სასურველი. 2. ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა. 3. წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება. 4. არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისგან. 5. უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურებით დაეცემა. 6. გულწრფელებს თავიანთი სიმართლე იხსნის, მზაკვარნი კი თავიანთივე სიხარბით დატყვევდებიან. 7. ბოროტეული კაცის სიკვდილისთანავე ქარწყლდება იმედი და ჭირისუფალთა მოლოდინიც გაქარწყლებულია. 8. მართალი ხსნილია ჭირისაგან, მის ნაცვლად ბოროტეულს დაატყდება თავს. 9. პირფერი თავისი ენით ღუპავს თავის ახლობელს, მართალნი კი ცოდნით გადარჩებიან. 10. მართალთა კეთილდღეობისას ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვის დროს კი ზეიმობს. 11. წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა. 12. ჭკუათხელი თავის ახლობელს აწყენინებს, გონიერი კაცი კი დადუმებულია. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                           (1 იოან. 3: 14) 

წმიდა მოციქული ერმი (I), ფილიპოპოლის ეპისკოპოსი, სამოცდაათთაგანი იყო. იგი მოწამეობრივად აღესრულა I საუკუნის დასასრულს. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წმ. პავლე მოციქული რომაელებს მოუწოდებდა, პატივით მოეპყრან მოციქულ ერმის (რომ. 16: 14). 
წმიდა თეოდორიტე ანტიოქიელი (+361-363) ანტიოქიის საკათედრო ტაძრის პრესვიტერი იყო. ეს ეკლესია მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) და მისმა ვაჟმა კონსტანციმ ააგეს. კონსტანცის (337-361) გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულმა იულიანე განდგომილმა (361-363) გადაწყვიტა კერპთაყყვანისცემის აღდგენა მთელი რომის იმპერიაში. იმპერატორმა ბრძანა, დაეხურათ ქრისტიანული ტაძრები და საეკლესიო განძეულობა საიმპერატორო სალაროსათვის გადაეცათ. ანტიოქიის გამგებელმა იულიანემ აქტიურად მიჰყო ხელი ბრძანების შესრულებას და თავისი უღირსი საქმე საკათედრო ტაძრებიდან დაიწყო. მისი ბრძანებით, თეოდორიტე შეიპყრეს განძეულის გადამალვის ბრალდებით, მაგრამ წმიდა მამამ უარყო ეს ბრალდება და უშიშრად ამხილა იულიანე განდგომილებაში.
მიუხედავად მხეცური წამებისა, წმიდა მოწამე სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იცავდა ქრისტეს სარწმუნოებას, იულიანეს და იმპერატორს კი მკრეხელობის გამო მოულოდნელი აღსასრული უწინასწარმეტყველა.
პრესვიტერის სიმტკიცითა და მოთმინებით გაოგნებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც ისინი ზღვაში დაახრჩვეს, წმიდა თეოდორიტეს კი თავი მოჰკვეთეს.
სიწმიდეების შებილწვა და მკრეხელობა დაუსჯელი არ დარჩენილა. წმიდანის წინასწარმეტყველება ახდა – გამგებელი იულიანე მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა, იმპერატორი იულიანე კი სპარსელებმა ომში მოკლეს. 
ღირსი თეოფილაქტე ნოკომიდიელი (842-845) ხატმებრძოლთა ერესის ბატონობის დროს ცხოვრობდა კონსტანტინეპოლში. იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) სიკვდილის შემდეგ ტახტზე კონსტანტინე VI (780-797) ავიდა, შეიცვალა პატრიარქიც: წმიდა პავლემ (ხს. 30 აგვისტოს) უარი განაცხადა მღვდელმთავრის კათედრაზე (784 წ.). ახალ პატრიარქად აირჩიეს წმ. ტარასი (ხს. 25 თებერვალს), რომელიც იმ დროს მეფის პირველი მრჩეველი იყო. წმ. ტარასის მოთხოვნით მოიწვიეს VII მსოფლიო კრება (787 წ.), რომელმაც დაგმო ხატმებრძოლეობის ერესი. მართლმადიდებლობას შედარებით მშვიდი ხანა დაუდგა. ისევ აივსო მონასტრები, აღსდგა სულიერი ცხოვრება.
წმიდა ტარასის ერთგული მოწაფე წმიდა თეოფილაქტე წმიდა მიხეილთან (ხს. 23 მაისს) ერთად, პატრიარქის კურთხევით, შავი ზღვისპირა მონასტერში განმარტოვდა. ქრისტეს თავდადებულმა მსახურებმა ღვთივსათნო საქმეებისა და დაუცხრომელი ლოცვისათვის უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღეს: მათი ლოცვით ზაფხულის პაპანაქებასა და გვალვაში ყანაში მომუშავეებს სასმელი წყალი არ მოჰკლებიათ.
მონასტერში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ პატრიარქმა წმიდა მიხეილი – სინადის ეპისკოპოსად, წმ. თეოფილაქტე კი – ნიკომიდიის ეპისკოპოსად აკურთხა.
ეპისკოპოსის ხარისხში მყოფი თეოფილაქტე დაუცხრომლად იღწვოდა თავისი სამწყსოსათვის. აშენებდა ტაძრებს, საავადმყოფოებს, გლახაკთა თავშესაფრებს, უხვად გასცემდა მოწყალებას, მფარველობდა ობლებს, ქვრივებს, უძლურებს, უვლიდა კეთროვნებს.
როცა იმპერატორის ტახტზე ავიდა ხატმებრძოლი ლეონ V სომეხი (813-820), საშინელმა ერესმა ახალი ძალით იფეთქა. იმპერატორზე გავლენა ვერ მოახდინა წმ. ტარასის შემცვლელმა წმიდა ნიკიფორემ (ხს. 2 ივნისს), რომელიც ეპისკოპოსებთან ერთად არწმუნებდა იმპერატორს, არ დაერღვია ეკლესიის სიმშვიდე. მოლაპარაკებაზე მყოფმა თეოფილაქტე ნიკომიდიელმა უშიშრად ამხილა ერეტიკოსები და ლეონ სომეხს მალე გარდაიცვალება უწინასწარმეტყველა. ამისთვის ის ტროვილის ციხესიმაგრეში (მცირე აზია) გადაასახლეს. აქ იტანჯებოდა წმიდა მღვდელმთავარი სიკვდილამდე, 30 წლის განმავლობაში; აღესრულა დაახლოებით 845 წელს.
ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ (847 წ.), წმიდა თეოდორასა (ხს. 11 თებერვალს) და მისი შვილის, მიხეილის დროს, წმიდა ეპისკოპოსის თეოფილაქტეს ნაწილები პატივით გადაასვენეს ნიკომიდიაში.