99. სწავლება ფარისეველთა საფუარის შესახებ. სხვა სწავლება-დარიგებანი ღვთის მოშიშობის შესახებ

       კაპერნაუმი                                                                                                                                                    29 წელი

მთ. მკ. ლკ. 12

1. რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ. 2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. 4. ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. 5. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ. 6. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. 7. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. 8. ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 9. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 10. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. 11. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ, 12. რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.

1. ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა. 2. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 3. ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება. 4. თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ; 5. არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ. 6. განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე. 7. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ. 8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე. 10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება. 11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, 12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.

 ინ.