99. 1. იგავი უანგარობის შესახებ

მთ.

მკ.

ლკ. 12

13. ჰრქუა ვინმე მას მის ერისაგანმან: მოძღუარ, არქუ ძმასა ჩემსა, რაჲთა განმეყოს მე სამკჳდრებელსა. 14. ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცო, ვინ დამადგინა მე მსაჯულად და განმყოფელად თქუენდა? 15. და ეტყოდა მათ: ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაჲ მისი ნაყოფთა მისთაგან. 16. და ეტყოდა მათ იგავსაცა და ჰრქუა მათ: კაცისაჲ ვისიმე მდიდრისაჲ ნაყოფიერ იყო აგარაკი. 17. და განიზრახვიდა გულსა შინა თჳსსა და თქუა: რაჲ-მე ვყო, რამეთუ არა მაქუს, სადა შევიკრიბო ნაყოფი ჩემი? 18. და თქუა: ესე ვყო: დავარღჳნე საუნჯენი ჩემნი და უფროჲსნი აღვაშენნე და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი. 19. და ვჰრქუა სულსა ჩემსა: სულო, გაქუს მრავალი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთა: განისუენე, ჭამე და სუ და იხარებდ. 20. ჰრქუა მას ღმერთმან: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს? 21. ეგრეცა, რომელი იუნჯებდეს თავისა თჳსისა და არა ღმრთისა მიერ განმდიდრდებოდის.

13. ხალხიდან ვიღაცამ უთხრა: მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს სამკვიდრებელი. 14. ხოლო იესომ მიუგო მას: ვინ დამაყენა მე, კაცო, თქვენს მსაჯულად, ანდა გამყრელად? 15. და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით და ეკრძალეთ ანგარებას, ვინაიდან კაცს შეიძლება ყველაფერი უხვად ჰქონდეს, მაგრამ სიმდიდრით როდი ცოცხლობს იგი.  16. და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა; 17. საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი? 18. და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს. 19. და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. 20. უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი? 21. ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და არა ღმრთისათვის.

 ინ.