32-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII. ნათლისღების წინა კვირიაკე.

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

14. 01. 2024. ნათლისღების წინადღესასწაული 

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ხსენება წმიდისა ბასილი დიდისა, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსისა (379); წმ. პეტრე ხუცესისა, აღმსარებელისა (ხმალაძე, XIX); მოწამისა ბასილი ანკვირელისა, რომელი იწამა კესარიას (362); წმიდათა ბასილისა და ემილიასი, ბასილი დიდის მშობელთა (IV); გრიგოლ ნაზიანზელი ეპისკოპოსისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველის მამისა (373). 

დღის ლოცვა

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

ტროპარი: რომელი საყდართა ზედა ცეცხლის ფერთა მაღალთა შინა მჯდომარე იყავ თანა დაუსაბამოსა მამისა და სულისა წმიდისა, სათნო იყავ შობად ქუეყანასა ზედა ქალწულისა უქორწინებელისა დედისა შენისაგან, იესუ, ამისთვისცა მერვესა დღესა წინა-დაცვეთა თავს იდევ, ვითარცა კაცმან. დიდება სახიერსა განზრახვასა შენსა, დიდება განგებულებასა შენსა, დიდება გარდამოსლვასა შენსა, მხოლოო კაცთმოყვარე.

კონდაკი: უფალი ყოველთა და მეუფე წინა-დაცვეთასა თავს იდებს, და კაცთა ცთომასა ვითარცა სახიერი განკვეთს, და მისცემს მაცხოვარებასა დღეს სოფელსა, ხოლო იხარებს მაღალთა შინა, მაღლისა მღუდელ-მთავარი და ნათლით შემოსილი, საღმრთო მესაიდუმლე ქრისტესი ბასილი.

წმინდა ბასილი დიდის კონდაკი
ვითარცა მართლმადიდებლობისა ქადაგსა და მოღუაწესა და ეკლესიისა სიმტკიცესა, გადიდებთ შენ ბაბილა დიდებულო, დღეს განათლებულნი, სოფელსა შინა აღვასრულებთ დიდებასა და ქებასა შენსა, არამედ ვითარცა გაქუს კადნიერებაი უფლისა მიმართ, დაგვიფარენ ქრისტეს მიმართ ვედრებითა სენითა, ჰოი მრავალმოღუაწე. 

დღის საკითხავები 

ლიტურგია ბასილი დიდისა.

მწუხრ.: 1) დაბ. 17: 1-2, 4-7, 3, 9-12, 14; 2) იგავ. 8: 22-30; 3) იგავ. 10: 31-32; 11: 1-2, 3, 4, 5-12.
ცისკ.:
სახ. მე-10, ინ. 211-14 (დას. 66).
ლი
ტ. – ნათლისღების წინა კვირიაკისა: 2 ტიმ. 4: 5-8 (დას. 298). მკ. 1: 1-8 (დას. 1).
წინადაცვეთისა: კოლ. 2: 8-12 (დას. 254). ლკ. 2: 20-21, 40-52 (დას. 6).
წმ.: ებრ. 7: 26 – 8: 2 (დას. 318). ლკ. 6: 17-23 (დას. 24). 

მწუხრ.: 1) დაბ. 17: 1-2, 4-7, 3, 9-12, 14; 2) იგავ. 8: 22-30; 3) იგავ. 10: 31-32; 11: 1-2, 3, 4, 5-12 

1) დაბ. 17: 1-2 

1. ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი. 2. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ. 

4-7

4. ეს მე ვარ და, აჰა, ჩემი აღთქმაც უამრავ ხალხთა მამა შეიქნები! 5. აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ. 6. დიდად, დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან. 7. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები. 

3

პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი:

9-12

9. უთხრა ღმერთმა აბრაამს: ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობამ თაობიდან თაობამდე. 10. ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა, ჩემსა და თქვენს შორის და შენს  შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე; წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა. 11. დაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენს შორის. 12. რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე, სახლში დაბადებულმა და უცხოელისგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც შენი თესლ-ტომის არ არის. 

14

14. წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა. 

2) იგავ. 8: 22-30

22. უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; 23. უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან. 24. როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო; 25. მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; 26. როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი; 27. როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა, 28. როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა, 29. როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა, 30. მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი, 

3) იგავ. 10: 31-32; 11: 1-2, 3, 4, 5-12 

31. მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება. 32. მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი – ღალატს. 

1. მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი – სასურველი. 2. ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა. 

3. წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება. 

4. არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისგან. 

5. უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურებით დაეცემა. 6. გულწრფელებს თავიანთი სიმართლე იხსნის, მზაკვარნი კი თავიანთივე სიხარბით დატყვევდებიან. 7. ბოროტეული კაცის სიკვდილისთანავე ქარწყლდება იმედი და ჭირისუფალთა მოლოდინიც გაქარწყლებულია. 8. მართალი ხსნილია ჭირისაგან, მის ნაცვლად ბოროტეულს დაატყდება თავს. 9. პირფერი თავისი ენით ღუპავს თავის ახლობელს, მართალნი კი ცოდნით გადარჩებიან. 10. მართალთა კეთილდღეობისას ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვის დროს კი ზეიმობს. 11. წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა. 12. ჭკუათხელი თავის ახლობელს აწყენინებს, გონიერი კაცი კი დადუმებულია. 

ცისკ.: ინ. 211-14

1. შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ: 2. ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე. 3. უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს: ჩვენც წამოგყვებით. წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. 4. ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო. 5. უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ? მიუგეს: არა. 6. და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო. 7. ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს უთხრა: ეს უფალია! სიმონ-პეტრემ კი, როცა გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი შემოიხვია, რადგანაც შიშველი იყო, და ზღვაში გადახტა. 8. დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს იყვნენ ნაპირთან, ასე, ორასი წყრთის მანძილზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე. 9. ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური. 10. უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ. 11. წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე. 12. უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13. მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც. 14. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა.

ლიტ. – ნათლისღების წინა კვირიაკისა: 2 ტიმ. 4: 5-8 

5. მაგრამ შენ ყოველ წამს ფხიზლად იყავი, დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარებლის საქმე და კეთილად აღასრულე შენი მსახურება. 6. რადგან მე უკვე გამზადებული ვარ სამსხვერპლოდ და ახლოვდება ჩემი მიქცევის ჟამი. 7. კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს, 8. ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი.

ლიტ. – ნათლისღების წინა კვირიაკისა: მკ. 1: 1-8 

1. დასაწყისი იესო ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა. 2. როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას. 3. ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. 4. იყო იოანე უდაბნოში, ნათელს სცემდა და ქადაგებდა ნათლის ცემას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად. 5. გამოდიოდა მის მიმართ მთელი იუდეის ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი, ნათელს იღებდნენ მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. 6. ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი და ჭამდა კალიებს და ველურ თაფლს. 7. ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემს შემდგომ ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ დავიხარო და გავხსნა მისი ხამლის საკვრელი. 8. მე თქვენ მოგნათლეთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმიდით. 

წინადაცვეთისა: კოლ. 2: 8-12  

8. ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით. 9. რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება. 10. და თქვენც სავსენი ხართ მასში, ვინც არის თავი ყოველი მთავრობისა და ხელმწიფებისა. 11. მასშივე ხართ წინადაცვეთილნი ხელთუქმნელი წინადაცვეთით: ესაა განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან – ქრისტესეული წინადაცვეთა. 12. მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის ქმედითი ძალის რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.

წინადაცვეთისა: ლკ. 2: 20-21, 40-52 

20. გაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც იხილეს და ისმინეს, როგორც ეუწყა მათ. 21. და როცა გასრულდა რვა დღე ყრმის წინადასაცვეთად, უწოდეს მას სახელად იესო, ჩასახვამდე დარქმეული ანგელოზის მიერ. 

40. ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, ივსებოდა სიბრძნით და იყო მადლი ღმრთისა მასზე. 41. ხოლო მისი მშობლები ყოველ წელიწადს პასექის დღესასწაულზე მიდიოდნენ იერუსალიმში. 42. და როცა თორმეტი წლისა გახდა, ჩვეულებისამებრ, იერუსალიმში დღესასწაულზე ავიდნენ ისინი. 43. ხოლო დღესასწაულის შემდეგ, უკან რომ გამობრუნდნენ, ყრმა იესო იერუსალიმში დარჩა; და ვერ შენიშნეს იოსებმა და დედამისმა; 44. არამედ ეგონათ სხვებთან ერთად მოდისო, მაგრამ ერთი დღის სავალი გზა რომ გალიეს, ძებნა დაუწყეს ნათესავებსა და ნაცნობებს შორის; 45. და რაკი ვერსად იპოვეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ მის საძებნელად. 46. სამი დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს იგი; მოძღვრებს შორის ჩამჯდარიყო, უსმენდა და კითხვებს აძლევდა მათ. 47. ყველა მსმენელს უკვირდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი. 48. როცა დაინახეს, განცვიფრდნენ და დედამისმა უთხრა მას: შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ. 49. და უთხრა მათ: მერედა რას მეძებთ? ნუთუ არ იცით, რომ მე მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი ეკუთვნის მამაჩემს? 50. მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი სიტყვები. 51. წაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს: და იყო მათი მორჩილი; დედამისი კი გულში იმარხავდა ყველა ამ სიტყვას. 52. ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე.

წმ.: ებრ. 7: 26 – 8: 2 

26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს. 

1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.

წმ.: ლკ. 6: 17-23 

17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.  

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

ძველი აღთქმის მიხედვით, მამრობითი სქესის ყველა ჩვილ ბავშვს უნდა წინადაეცვითა, უფლისა მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისათვის მიცემული აღთქმის მოსაგონებლად (შეს. 17,10-4; ლევ. 12,3). შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც – თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რომ ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა. უფალმა წინადაიცვითა და ამით ცხადად გვიჩვენა, რომ მან ჭეშმარიტად შეისხა ხორცი და განკაცდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს აუწყა მთავარანგელოზმა გაბრიელმა (ლუკა 1,31-33; 2,21). იესო მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს იმაზე, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა.
წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა (კოლ. 2,11-12).
ცნობები აღმოსავლეთის ეკლესიაში წინადაცვეთის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. დღესასწაულის კანონი დაწერა ღირსმა სტეფანე საბაიტელმა (ხს. 28 ოქტომბერს). 
 
წმიდა მოწამე ბასილი ანკვირელი ქრისტეს მხნე აღსარებისათვის ეწამა დაახლოებით 362 წელს. ანკვირსა და კონსტანტინეპოლში მრავალი სატანჯველის დათმენის შემდეგ ნეტარი მარტვილი კესარიაში ლომს დააგლეჯინეს.
ეს წმიდანი უნდა განვასხვავოთ მღვდელმოწამე ბასილი ანკვირელისაგან, რომლის ხსენება 22 მარტს აღინიშნება. 
წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი გრიგოლ ღვთისმეტყველის (ხს. 25 იანვარს ) მამა იყო. იგი დიდგვაროვან, განათლებულ, მაგრამ წარმართულ ოჯახში აღიზარდა. თითქმის 45 წლისა იყო, როცა მეუღლის, კეთილმსახური ნონას (ხს. 5 აგვისტოს) სურვილით კათაკმეველად გამოაცხადა თავი, შემდეგ მოინათლა და ბოლოს, ნაზიანზინის ეპისკოპოსიც კი გახდა.
გრიგოლ ღვთისმეტყველი დიდი სიყვარულით და მოწიწების გრძნობით იგონებდა მამას: „მამაჩემი იყო მშვენიერი და ფრიად კეთილი მოხუცი, უბრალო ზნის, ცხოვრებაში სამაგალითო, ჭეშმარიტი პატრიარქი, მეორე აბრაამი. თავდაპირველად ცდომილებაში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ ქრისტეს მეგობარი შეიქმნა, ბოლოს, მწყემსი და მწყემსმთავარიც.”
წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი სულიერი მამაც იყო თავისი შვილისა: 358 წელს თავად მონათლა იგი და სამი წლის შემდეგ ხუცესადაც დაასხა ხელი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი მხარში ედგა ხანდაზმულ მშობლებს, მამის გარდაცვალების (+374) შემდგომ კი ერთხანს ნაზიანზინის მრევლსაც განაგებდა. 
 
ღირსი მამა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადუკიის დედაქალაქ კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის ბაბუა და ბებია დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას 7 წლის განმავლობაში იმალებოდნენ ტყეში. წმიდა ბასილის დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი, უფროსი ბასილი, ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი.
ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა – ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი შემდეგში წმიდანად იქნა შერაცხილი: ბასილი, მაკრინა (ხს. 19 ივლისს) გრიგოლ ნოსელი (ხს 10 იანვარს), პეტრე სებასტიელი (ხს. 9 იანვარს) და ღირსი თეოზვა – დიაკონისა (ხს. 10 იანვარს).
სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. წმიდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: „რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოჲსა სწავლისა. და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაჲ”. კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინეპოლს და რიტორიკას სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. თავისი განათლება მომავალმა ეპისკოპოსმა გააგრძელა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით მდიდარ ქალაქ ათენში. ათენში ღირსი ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანა. დაახლოებით 357 წელს წმიდა ბასილი კესარიაში დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა. ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი, მაგრამ მალე ღვთის სიყვარულით აღსავსე განერიდა ამსოფლიურ საზრუნავებს და მონაზვნური ცხოვრების გზას დაადგა.
მონაზვნური ცხოვრების წესის გასაცნობად მან იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში, მოინახულა ღვაწლმოსილი მოსაგრეები, კაბადოკიაში დაბრუნების შემდეგ კი ცდილობდა მიებაძა მათთვის. მთელი სიმდიდრე წმიდანმა მოწყალებად გასცა. თავისი წერილებით ბასილი და გრიგოლი უსაზღვრო თავშეკავებით გამოირჩეოდნენ: მათ კელიებში არ იყო კერა ცეცხლის დასანთებად, საზრდელიც ძალზე მწირი ჰქონდათ. ისინი თლიდნენ ქვებს, რგავდნენ და უვლიდნენ ხეებს, ეზიდებოდნენ ტვირთს. მძიმე ფიზიკური შრომის გამო კოჟრები არ სცილდებოდათ ხელებიდან, ამსოფლიური ამაოებისაგან განრიდებული ბასილი და გრიგოლი სწავლობდნენ წმიდა წერილს, ეცნობოდნენ მის განმარტებებს, კერძოდ, ორიგენეს ნაშრომებს, რომლის თხზულებების მიხედვითაც შეადგინეს კრებული „ფილოკალია” („სიკეთისმოყვარება”). იმავე ხანებში ღირსმა ბასილიმ, ბერების თხოვნით, დაწერა ზნეობრივი ცხოვრების წესების სახელმძღვანელო. თავისი ცხოვრებისეული მაგალითითა და ქადაგებებით ბასილი დიდს სულიერი სრულყოფილებისაკენ მიჰყავდა კაბადოკიელი და პონტოელი ქრისტიანები. მრავალი ისწრაფოდა მისკენ, როგორც გამოცდილი და ღვთისულიერი მოძღვრისაკენ. ასე დაარსდა ორი – მამათა და დედათა მონასტერი, რომლებიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.
იმპერატორ კონსტანცის (337-361) მეფობაში გავრცელდა არიოზის ცრუსწავლება და ეკლესიის სიწმიდის დაცვამ ორივე წმიდანის სამსახური მოითხოვა. ბასილი დიდი კესარიაში დაბრუნდა. 362 წელს მელეტი ანტიოქიელმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი, 364 წელს, ევსევი კესარიელმა მღვდლად დაასხა ხელი. ბასილიმ სახელი გაითქვა თავისი სიბრძნითა და სიწმიდით. მას პატივს სცემდნენ, ქება-დიდებასა ასხამდნენ და ყოველივე ამან, ადამიანური სისუსტის გამო, ეჭვიანობა გააღვივა ევსევიში. მან ღირსი მამის შევიწროება დაიწყო. ბერები აღდგნენ წმიდა ბასილის დასაცავად. საეკლესიო განხეთქილების საფრთხე რომ მოესპო, წმიდანი თავის უდაბნოს დაუბრუნდა და მონასტრების კეთილმოწყობას შეუდგა. როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი (364-378) მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა. მოსალოდნელი დიდი ბრძოლის წინ ეპისკოპოს ევსევის თხოვნით, ბასილი სასწრაფოდ დაბრუნდა კესარიაში. ამ დროიდან მოყოლებული, ეკლესიის მართვა-გამგეობა ფაქტიურად ბასილი დიდის ხელში გადავიდა. იგი ყოველდღიურად წარმოთქვამდა ქადაგებებს, ხშირად დღეში ორჯერ – დილასა და საღამოს. ამ ხანებში შექმნა მან საღვთო ლიტურღიის ტიპიკონი, აგრეთვე საუბრები „ექუსთა დღეთათვის”, ისაიას წინასწარმეტყველების 16 თავის და ფსალმუნების განმარტებები, მონაზვნური ცხოვრების წესების მეორე კრებული – „ასკეტიკონი” (ეფრემ მცირის თარგმანით – „სამოღვაწეო წიგნი”) და 3 წიგნი არიანელი მოძღვრის ევნომიურსის წინააღმდეგ .
მართლმადიდებლური სწავლების სიწმიდის მებრძოლი ახოვანი მოსაგრე ამავე დროს გულმოწყალე და ღვთისმოყვარე ქრისტიანიც იყო: გლახაკებს აპურებდა, მწირებს და უსახლკაროებს თავშესაფარს აძლევდა , ზრუნავდა ქალწულებზე, წერილობით თუ სიტყვიერად წეს-განგებას უდგენდა მონაზვნებს.
ევსევი კესარიელის სიკვდილის შემდეგ, 370 წელს, მისი კათედრა წმიდა ბასილიმ დაიკავა. როგორც კესარიელ ეპისკოპოსს, მას 11 პროვინციის 50 ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (ხს. 2 მაისს) მადლობდა ღმერთს იმისათვის, რომ კაბადოკიის ეკლესიას ბასილის მაგვარი ეპისკოპოსი მიმადლა.
წმიდა მღვდელმთავარს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი წერილი ეკლესიების, ეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და კერძო პირების მიმართ. ბასილი დიდის დაუცხრომელი მოღვაწეობა აძლიერებდა ერეტიკოსთა სიძულვილს მისდამი.
იმპერატორი ვალენტი მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდა, ასახლებდა და სასტიკი მეთოდებით ავრცელებდა არიანობას. ამავე მიზნით ჩამოვიდა ის კაბადოკიაში და წმიდა ბასილისთან გაგზავნა პრეფექტი მოდესტი, რომელიც ემუქრებოდა მას ქონების ჩამორთმევით, განდევნით, წამებით და სიკვდილით დასჯითაც კი. „შენი მუქარა მე არ მაშინებს, – უპასუხა წმიდანმა, – ქონებას ვერ დაკარგავს ის, ვისაც არაფერი გააჩნია ძველი, გაცრეცილი სამოსისა და რამოდენიმე წიგნის გარდა; გადასახლების საფრთხე ჩემთვის არ არსებობს, რადგან არცერთ ადგილას არ ვარ მიჯაჭვული; ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი არაა და არც ის ადგილი იქნება ჩემი, სადაც გამაგდებენ. უკეთ რომ ვთქვათ, ყველა ადგილი უფლისაა. წამებითაც რას დამაკლებენ: ისე სუსტი ვარ, რომ მხოლოდ პირველ დარტყმას ვიგრძნობ _ სიკვდილი კი წყალობაა ჩემთვის: ის მიმაახლებს უფალთან, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვიღწვი, და რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფვი”. მმართველი გაოგნებული უსმენდა, „ალბათ არასდროს შეხვედიხარ ეპისკოპოსს, – განაგრძობდა წმიდანი, – თორემ მისგან უთუოდ ამგვარივე სიტყვებს გაიგონებდი. ჩვენ უწყინარები და ყოველგვარი ხელისუფლების ყველაზე მორჩილი მსახურები ვართ, მაგრამ, როცა საქმე უფალს ეხება და გაკადნიერდებიან, აღსდგებიან მის წინააღმდეგ, ჩვენ ყველაფერზე მაღლა ვდგებით და მხოლოდ ღმერთს ვემორჩილებით. მაშინ ცეცხლი, მახვილი, გააფთრებული მხეცები და საწამებელი იარაღები ჩვენთვის ნეტარებაა და ამით ვერ შეგვაშინებენ.”
როცა იმპერატორს პრეფექტმა ბასილი დიდის შეურყევლობა ამცნო, დასძინა: „დაგვამარცხა, მეფევ, ეკლესიის წინამძღვარმა”! ამგვარივე სიმტკიცე გამოიჩინა წმიდანმა თავად იმპერატორის წინაშეც და ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ვალენტინზე, რომ მან მხარი არ დაუჭირა არიანელებს, რომლებიც ეპისკოპოსის გადასახლებას ითხოვდნენ. უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე, როცა ტაძარში უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ვალენტიც შეერია მათ, რათა ეჩვენებინა თავისი ერთობა ეკლესიასთან. ფსალმუნთა გალობა მეხისტეხასავით ჩაესმა იმპერატორს. მან იხილა მშვენივრად შემკული ამბიონი და საკურთხეველი, შიშითა და კრძალვით გარინდული სამღვდელოება და ტრაპეზთან მდგომარე ბასილი დიდი, რომელიც ანგელოზებრივი სიწმიდით აღასრულებდა ღვთისმსახურებას.
ღირსი ბასილი მკაცრად ადევნებდა თვალყურს საეკლესიო კანონის დაცვას. მის დროს სამღვდელოებაში უღირსი ვერ გაერეოდა. ის დაუზარლად მოიხილავდა თავის ეკლესიებს, მიუკერძოებლად სჯიდა საეკლესიო დისციპლინის დამრღვევებს. კესარიაში ბასილი დიდმა ორი – მამათა და დედათა მონასტერი ააგო 40 მოწამის სახელობის ტაძართან, სადაც მათი წმიდა ნაწილები ინახებოდა. მღვდელმთავარს დაქვემდებარებული მიტროპოლიის მღვდელმსახურები, ბერ-მონაზონთა მიბაძვით, მეტად ღარიბულად, წმიდად და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ. ბასილი დიდმა მიაღწია სამღვდელოების განთავისუფლებას გადასახადებისაგან. მთელ თავის სახსრებს და თავისი ეკლესიების შემოსავალს ის გლახაკებს ახმარდა, დააარსა დავრდომილთა თავშესაფრები, კესარიაში ააგო სასტუმრო მწირთათვის. სნეულებებმა, რომლებიც სიყმაწვილიდანვე თან სდევდა წმიდანს, მკაცრმა და თავშეკავებულმა ცხოვრებამ, სამწყსოზე ზრუნვამ და წინააღმდეგობებთან ბრძოლამ წმიდა ბასილს ფიზიკური ძალები გამოაცალა. 379 წლის 1 იანვარს 49 წლის ღირსი მამა გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე აკურთხა გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომ კონსტანტინეპოლის კათედრა დაეკავებინა.
ეკლესიის ეს უდიდესი მამა მიცვალებისთანავე წმიდანად შერაცხეს. 
  

წმიდა მოწამე თეოდოტი

 

ღირსი თეოდოსი, ტრიგლის იღუმენი (VIII)