ნათლისღება. 33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 19.01.2024. პარასკევი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 19.01.2024. პარასკევი 

ღმრთის განცხადება. ნათლისღება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. 

დღის ლოცვა

განცხადება – ნათლისღება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი

ტროპარი: რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თავყანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა. 

კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ გამოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა, მოხვედ და განსცხადენ, ნათელო შეუხებელო. 

დღის საკითხავები 

ლიტურგია იოანე იქროპირისა. დიდი აიაზმა.

ცისკ.: მკ. 1: 9-11 (დას. 2).
ლიტ.: 
ტიტ. 2: 11-14; 3: 4-7 (დას. 302). მთ. 3: 13-17 (დას. 6).

წყლის კურთხევაზე: 1 კორ. 10: 1-4 (დას. 143 შუა). მკ. 1: 9-11 (დას. 2). 

ცისკ.: მკ. 1: 9-11 

9. და იყო იმ დღეებში, მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთით და ნათელ იღო იორდანეში იოანესგან. 10. წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე. 11. და გაისმა ხმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.  

ლიტ.: ტიტ. 2: 11-14; 3: 4-7 

11. რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი, 12. ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად, 13. და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას, 14. რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვეხსენით ყოველგვარი ურჯულოებისაგან და თავისთვის განეწმინდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეთა მოშურნე. 

4. ხოლო როდესაც გამოჩნდა სიკეთე და კაცთმოყვარეობა ჩვენი მაცხოვრის – ღვთისა, 5. მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით, 6. რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, 7. რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე.

ლიტ.: მთ. 3: 13-17 

13. მაშინ მოვიდა იესო გალილეით იორდანეს პირას, იოანესთან, რათა მონათლულიყო მისგან. 14. იოანე კი არ უშვებდა და ეუბნებოდა: მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდინარ ჩემთან? 15. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე. მაშინღა მიუშვა იგი. 16. და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხალა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე. 17. და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.

წყლის კურთხევაზე: 1 კორ. 10: 1-4 

1. მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ჩვენი მამები ერთობლივად ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გამოვლო ზღვა. 2. ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში. 3. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს ჭამდნენ. 4. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე.

წყლის კურთხევაზე: მკ. 1: 9-11 

9. და იყო იმ დღეებში, მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთით და ნათელ იღო იორდანეში იოანესგან. 10. წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე. 11. და გაისმა ხმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი – ღვთის განცხადება 

ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი).

ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.