21.01.2024. 33-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII.

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

33-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII. ნათლისღების შემდგომი დღესასწაული. კვირიაკე. ხსნილი. 

დიდმოწამისა აბო ტფილელისა (786); ღირსისა გიორგი ქოზიბელისა (VII); ღირსისა ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელ ეპისკოპოსისა (815-820); ღირსისა დომნიკა კონსტანტინეპოლელი იღუმენიასი (V). მღვდელმოწამისა კარტერისა, კაბადუკიის კესარიელი ზუცისა (304); მოწამეთას თეოფილე დიაკონისა და ელადი ერისკაცისა (IV); მოწამეთა: იულიანესი, კელსისა, ანტონისა, ანასტასისა, ბასილისასი და მარიონილასი, შვიდთა ყრმათა და ოცთა მხედართა (313); ღირსისა ელია მეგვიპტელისა (IV); ღირსისა გრიგოლი კიევო-პეჩორელისა, სასწაულთმოქმედისა (1093): მღვდელმოწამისა ისიდორე ხუცისა და მის თანა 72-თა მოწამეთა (1472).

დღის ლოცვა 

დიდმოწამისა აბო თბილელისა

ტროპარი: მოწამემან შენმან, უფალო, აბო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისასა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერ ძალი, და მძლავრი დაამხვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: დღესასწაულობს დღეს ეკლესია ხსენებასა შენსა, და შემოკრებს შვილთა ეკლესიისა და ემბაზისათა შენისა ამის ღვაწლისა და უძლეველისა ახოვნებისა ქებად და დიდებად, თვალო მოწამეთაო აბო. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-11, ინ. 2115-25 (დას. 67).

ლიტ.: ნათლისღების შემდგომი კვირიაკისა: – ეფ. 4: 7-13 (დას. 224, შუა). მთ. 4: 12-17 (დას. 8).
მოწ. 2 ტიმ. 2: I-10 (დას. 292). ინ. 15: 17-16: 2 (დას. 52). 

ცისკ.: ინ. 2115-25 

15. ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი კრავები. 16. მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. 17. მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ? შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი ცხვრები. 18. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. 19. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. 20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? 21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? 22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. 23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო? 24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. 25. ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ.

ლიტ.: ნათლისღების შემდგომი კვირიაკისა: – ეფ. 4: 7-13 

7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი. 8. ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“. 9. მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო? 10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი. 11. მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად. 12. რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის – ქრისტეს სხეულის ასაშენებლად, 13. ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას, 

ლიტ.: ნათლისღების შემდგომი კვირიაკისა: – მთ. 4: 12-17 

12. ხოლო როდესაც გაიგო იესომ, იოანე შეუპყრიათო, გალილეას გაემართა. 13. მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს, 14. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: 15. ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა; 16. ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი. 17. შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი.

ლიტ.: მოწ. 2 ტიმ. 2: 1-10

1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით, 2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც. 3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა. 4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს. 5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. 6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი. 7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს. 8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით. 9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს. 10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.

ლიტ.: მოწ. ინ. 15: 17-16: 2 

17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. 18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ. 19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას. 20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ. 21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს. 22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის. 23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. 24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც. 25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ. 26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის. 27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ. 

1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ. 2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე კარტერი ხუცესად მსახურობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. მან უფლის სადიდებლად ააგო ტაძარი და დიდი მრევლიც შემოიკრიბა. როცა მისი მოღვაწეობის შესახებ ოლქის გამგებელს ამცნეს, ის მდევნელებს განერიდა, მაგრამ უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: „კარტერი, წადი და წარსდექი გამგებლის წინაშე – მე შენთან ვიქნები. მრავალი ტანჯვის დათმენა მოგიწევს ჩემი სახელისათვის. ბევრი განმტკიცდება და ცხონდება შენს მიერ.”
სიხარულით აღვსილმა წმიდანმა მადლობა შესწირა უფალს და ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ნეტარ მამას თავდაპირველად ჯოხებით სცემდნენ, შემდეგ კი ხეზე ჩამოკიდეს, ხელ-ფეხის ფრჩხილები დააძვრეს და რკინის კავებით უჯიჯგნეს სხეული. კარტერს უფლის ანგელოზი უმსუბუქებდა ტანჯვას. გახურებული რკინითაც დიდხანს აწამეს ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ბოლოს კი დილეგში ჩააგდეს. აქ წმიდანს თავად უფალი გამოეცხადა, განკურნა, ბორკილებისაგან გაანთავისუფლა და საპყრობილიდანაც გამოიყვანა. ამ სასწაულის მოწმე მრავალმა ადამიანმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ნათელიღო და განკურნა სნეულებათაგან.
უღმრთოებმა კვლავ შეიპყრეს კარტერი, სასტიკად აწამეს და ბოლოს მახვილით განგმირეს. 
წმიდა მოწამე ივლიანე დაიბადა ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში. იგი, მშობლების სურვილით, დიდებულ და მდიდარ ქალწულ ვასილისაზე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლეებმა ქორწინებაში ქალწულება დაიმარხეს. მშობლების სიკვდილის შემდეგ მათ მონაზვნობა შეიმოსეს და ორი – მამათა და დედათა სავანე დააარსეს, რომელთაც თვითონვე წინამძღოლობდნენ. დიოკლეტიანეს დროინდელ დევნილობისას, 313 წელს ივლიანე სასტიკად აწამეს ქრისტეს აღსარებისათვის. წამების დროს გამოჩენილმა მისმა სიმტკიცემ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია მარიონილა და კელსი, ქრისტიანობაზე მოექცა და მოინათლა ერთი ახლადგარდაცვლილი წარმართი, რომელიც სასწაულებრივად აღადგინა წმიდა ივლიანემ. ხუცესმა ანტონიმ ახალნათელღებულს ანასტასი უწოდა. აღმსარებლები ჯერ დილეგში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. მათთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 20 მხედარი და 7 ყრმა. 

წმიდა ილია მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV)

 წმიდა ილია მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV)ღირსი ილია მეუდაბნოე 75 წელი მოსაგრეობდა ეგვიპტის ერთი უდაბური მთის კლდოვან გამოქვაბულში. იგი 110 წლის ასაკში მიიცვალა IV საუკუნეში. 
ღირსი დომნიკა კართაგენიდან ჩავიდა კონსტანტინეპოლში თეოდოსი დიდის მეფობისას. აქ მან ნათელიღო პატრიარქ ნექტარიუსის ხელით და მონასტერში დაემკვიდრა. მკაცრი და გულმოდგინე მოღვაწეობით წმიდა ქალწულმა სულიერ სრულყოფილებას მიაღწია. იგი კურნავდა სნეულებს, იმორჩილებდა სტიქიებს, წინასწარ ჭვრეტდა მომავალს. სათნოებით შემკული წმიდა დედა ღრმა მოხუცებულობაში მიიცვალა 474 წელს. 
ღირსი გიორგი ქოზიბელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა. მშობლების სიკვდილის შემდეგ იგი პალესტინაში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად და მდინარე იორდანესა და იერუსალიმს შორის მდებარე ქოზიბის ძმობაში დამკვიდრა. მარხვის, ლოცვის, მღვიძარების მოყვარული მამა ბერებმა იღუმენად აირჩიეს. ღირსი გიორგი მშვიდობით მიიცვალა ღრმა სიბერეში 
წმიდა მოწამე აბო თბილელი. მე-8 საუკუნეში სარკინოზთა უღელმა მძიმე დღეში ჩააგდო ქართლი. არაბები ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ჩვენი განადგურების საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა, ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, „ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა და არაბთა ამირა მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო.
სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო 17 წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს საქართველოში. მიუხედავდ ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულითა და გულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს დარჩენილიყო აფხაზეთში: „მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაჲ შენი წარწყმიდო”, – უთხრა მან აბოს. „განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაჲ ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ”. – უპასუხა ნეტარმა.
სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაანთავისუფლეს.
თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს დამალულიყო, მან კი გახარებულმა ასე უპასუხა: „მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა.”
ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. მან წმიდანს ქრისტეს დაგმობა და მამა-პაპათა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა. ყოველნაირად ეცადნენ აბოს გადაბირებას, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს. ქრისტესთვის დათმენილმა ჭირმა კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აღავსო ნეტარი, მან თხოვა ქრისტიანებს გაეყიდათ მისი სამოსელი, ეყიდათ სანთელ-საკმეველი და ქალაქის ეკლესიებისათვის შეეწირათ.
წამების დღეს წმიდა აბომ დაიბანა პირი, იცხო ზეთი, მიიღო წმიდა ზიარება და ასე სადღესასწაულოდ განემზადა საწამებლად. „ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშჳდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ”, – ამხნევებდა იგი მისი მოსალოდნელი სიკვდილით დამწუხრებულ ქრისტიანებს. ამირამ მისი მოკვლა ბრძანა. წმიდა აბომ ჯვარედინად დაიწყო გულზე ხელები და სიხარულით მოუდრიკა ქედი მახვილს.
ჯალათებმა სამჯერ მსუბუქად დაჰკრეს მახვილი იმ იმედით, რომ სიკვდილის შიშით წმიდანი უარყოფდა ქრისტეს, მაგრამ აბო ბოლო წუთებშიც მხნედ და უდრეკად იდგა. სირცხვილეულმა და დამარცხებულმა უსჯულოებმა წმიდანის გვამზეც კი იძიეს შური, მისი წმიდა სხეული ტანსაცმლებთან და მისივე სისხლით გაჟღენთილ მიწასთან ერთად ტომარაში ჩადეს, ქალაქიდან გაიტანეს და მტკვრის პირას დაწვეს, ფერფლი ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადაყარეს. 
ღირსი გრიგოლი, კიევო-პეჩორელი განდეგილი, ცხოვრობდა XI საუკუნეში. წმიდა გრიგოლი მთელი ცხოვრების მანძილზე უმი ბალახის გარდა არაფერს ჭამდა. ამ ბალახს აძლევდა იგი შემწეობის სათხოვნელად მოსულ სნეულებსაც. ისინიც სასწაულებრივად იკურნებოდნენ.
ღირსი გრიგოლი კიევო-პეჩორის მონასტერში ბერად აღიკვეცა ღირსი თეოდოსის (+1074, ხს. 3 მაისს) დროს. წმიდანი ძალიან ბევრს კითხულობდა – მის ერთადერთ ქონებას წიგნები წარმოადგენდა. ღირს გრიგოლს ქურდების გონზე მოყვანის საოცარი უნარი ჰქონდა. მძარცველები რამდენჯერმე შემოპარულან მასთან კელიასა და ბაღში, მაგრამ, წმიდა მამისაგან შეგონებულნი, სინანულში ჩავარდნილან და უსჯულო ცხოვრებაზე ხელი აუღიათ. ერთხელ წმიდანი დნეპრზე ჩავიდა წყლის მოსატანად. სალაშქროდ მიმავალმა მთავარი როსტისლავის ჭაბუკმა მეომრებმა სიცილი დააყარეს მას და ჯავრება დაუწყეს. ბერმა უთხრა: „ყმაწვილებო, თქვენ ახლა შეშინებულები ლოცვას უნდა თხოვდეთ ყოველ შემხვედრს, რადგან უფალს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს: ყველას წყალი შთანგთქავთ მთავართან ერთად!” განრისხებული სარდლის ბრძანებით ღირს გრიგოლს ხელ-ფეხი შეუკრეს, კისერზე ქვა გამოაბეს და დნეპრში ჩააგდეს. მის წინასწართქმული მაინც ახდა: როსტისლავი ბრძოლიდან ვერ დაბრუნდა – პოლონელებისგან უკუქცეული 20 წლის მთავარი წყალმა შთანთქა.
სასწაულებრივად გადარჩენილი ღირსი გრიგოლ საკვირველთმოქმედი 1093 წელს მიიცვალა და დაკრძალულია კიევო-პეჩორის ლავრაში.