34-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. 25.01.2024. ხუთშაბათი. ხსნილი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

34-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა.  25.01.2024. ხუთშაბათი. ხსნილი 

ნათლისღების შემდგომი დღესასწაული.

მოწამისა ტატიანასი და მის თანა რომში წამებულთა (222-235); მოწამისა მერტი (მეორტი) მხედრისა (284-305); მოწამისა პეტრესი, რომელსაც ერქვა აბესალომ (აბესალამიტი) პალესტინის სამარიის ავლონელისა (309-311); ანტიოქიელ მოწამეთა: ფილოთეოსი და მის თანა სამთა მხედართა და ცხრა ათასთა მოწამეთა (284-305); ღირსისა ევპრაქსია ტაბენისელისა, ეგვიპტეში მოღვაწისა (393); საბასი, სერბეთის პირველი მთავარეპისკოპოსისა (1236). 

დღის ლოცვა 

მოწამისა ტატიანასი და მისთანა რომში წამებულთა 

კონდაკი: გამობრწყინდი ვნებათა შინა შენთა, ღუაწლით შემოსილო, და სისხლითა მიერ შენთა განშუენებული, ვითარცა ტრედი შუენიერი, ცად მიმართ აღფრინდი, ტატიანა, ევედრე ღმერთსა პატივისმცემელთა შენთათვის. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: ებრ. 10: 35-11: 7 (დას. 326). მკ. 9: 10-16 (დას. 39). 

ლიტ.: ებრ. 10: 35-11: 7 

35. მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის. 36. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. 37. ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი. 38. მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული. 39. მაგრამ ჩვენ უკუქცეულნი როდი ვართ წარსაწყმედად, არამედ მტკიცედ მორწმუნენი სულის სახსნელად. 

1. ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა. 2. რადგანაც რწმენით მიეცა მოწმობა უხუცესთ. 3. რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი, და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს. 4. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს; და სიკვდილის შემდეგაც კვლავ რწმენით მეტყველებს. 5. რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს. 6. რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ. 7. რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე.

ლიტ.: მკ. 9: 10-16 

10. მათ დაიხსომეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებთდნენ: რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა? 11. და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო? 12. ხოლო მან პასუხად თქვა: მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველი. კაცის ძეს კი, როგორც დაიწერა მასზე, დიდი ტანჯვა და შეურაცხყოფა ელის. 13. მაგრამ გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა და როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ; როგორც დაიწერა მისთვის. 14. როცა მოწაფეებთან დაბრუნდა, იხილა მათ ირგვლივ შეკრებილი დიდძალი ხალხი და მათთან მოკამათე მწიგნობრები. 15. მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა; განცვიფრებულნი გამოიქცნენ და მიესალმნენ. 16. ჰკითხა მწიგნობრებს: რას ედავებით ამათ? 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14)  

 

წმიდა მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში დაიბადა. მამამისი ფარული ქრისტიანი იყო და ასულიც ღვთისა და ეკლესიის ერთგულებით აღზარდა. სრულწლოვანებას მიღწეულმა ტატიანამ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა და უფლის სადიდებლად ეცხოვრა. მან დიაკონისად დაიწყო მსახურება ერთ-ერთ ტაძარში, ლოცვითა და მარხვით იწვრთნიდა სულს, ავადმყოფებს უვლიდა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.
როცა რომში თექვსმეტი წლის ალექსანდრე სევერი (222-235) გამეფდა, ქვეყნის მმართველობის სადავეები ქრისტიანთა უბოროტესმა მტერმა, ულპიანემ ჩაიგდო ხელში და მართლმადიდებლების სასტიკი დევნა დაიწყო. შეიპყრეს დიაკონისა ტატიანაც, აპოლონის ტაძარში მიიყვანეს და აიძულებდნენ, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. ქალწულმა გულმხურვალე ლოცვით შემწეობა სთხოვა უფალს. ლოცვის პასუხად უეცრად საშინლად შეინძრა მიწა, კერპი დაიმსხვრა, ტაძრის ნაწილი ჩამოიქცა და ქურუმები და წარმართნი ქვეშ მოიყოლა, შემდეგ საშინელი გოდების ხმა გაისმა და კერპში ჩაბუდებულმა ბოროტმა სულმა დატოვა იქაურობა . ყველამ ცხადად დაინახა, თუ როგორ გაიელვა ჰაერში მისმა ბნელმა აჩრდილმა. გამხეცებულმა უსჯულოებმა სასტიკად გვემეს წმიდანი. თვალები დათხარეს, ის კი მოთმინებით იტანდა ტკივილებს და უფალს შესთხოვდა, სულიერი თვალები აეხილა მისი მტანჯველებისათვის. ყოვლადსახიერმა ღმერთმა შეისმინა მხევლის ვედრება და ჯალათებმა ცხადად დაინახეს, თუ როგორ შემოერტყნენ მას მცველებად ანგელოზები, თან ზეციდან მარტვილისადმი მიმართული უფლის სიტყვებიც გაიგონეს. სასწაულით უსჯულოებმა ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს, ფეხებში ჩაუვარდნენ ტატიანას და პატიება სთხოვეს. რვავე ჯალათყოფილი ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს. მოწამეებმა საკუთარი სისხლით ნათელიღეს. მეორე დღეს უღმერთოებმა წმიდა ტატიანას ტანჯვა განაგრძეს: გააშიშვლეს, სასტიკად გვემეს და სხეული სამართებლით დაუსერეს. მაშინ მოხდა კიდევ ერთი სასწაული: ქრისტეს ტარიგის ჭრილობებიდან რძემ გადმოხეთქა და ირგვლივ კეთილსურნელება დაიფრქვა. ჯალათებს ძალა გამოეცალათ და განაცხადეს, ვიღაც უხილავი რკინის ჯოხით გვცემსო. ცხრა მათგანი იქვე გარდაიცვალა. წმიდა ქალწული საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც მთელი ღამე ლოცვად იდგა და ანგელოზებთან ერთად ადიდებდა უფალს. დილით ტატიანა კვლავ სამსჯავროზე გაიყვანეს. მტარველები გაოგნდნენ, როცა იხილეს, რომ მას წამების კვალი არც ეტყობოდა, პირიქით, კიდევ უფრო გამშვენებული ჩანდა და პირისახე უწინდელზე მეტად უბრწყინავდა. ქალწულმოწამეს მოსთხოვეს დიანას კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა. როცა საკერპოში მიიყვანეს, წმიდანმა პირჯვარი გადაისახა და სასოებით ჰხადა უფალს. უეცრად მეხისტეხამ გააყრუა იქაურობა და კერპი, წინაგამზადებული ძღვენი და ქურუმები ზეციურმა ცეცხლმა დაანახშირა. ვერც ამ სასწაულმა ვერ მოიყვანა გონს უღმერთოები: მათ ტატიანა კვლავ საშინლად აწამეს და საკანში ჩააბრუნეს, სადაც ისევ უფლის ანგელოზები გამოეცხადნენ მას და დაუამეს წყლულები. მეორე დილით მოწამე ცირკში მიიყვანეს, დამშეული ლომი გამოუშვეს მის დასაგლეჯად, მაგრამ მხეცმა მას არაფერი ავნო და მორჩილად აულოკა ფეხები. ამის შემდეგ ტატიანა კოცონში ჩააგდეს და როცა ალმაც არ დაწვა, წარმართებმა იფიქრეს, საქმე ჯადოქართან გვაქვსო. ნეტარი დედისთვის „მაგიური ძალა” რომ გამოეცალათ, მას თმები მოაკვეცეს და ზევსის ტაძარში გამოკეტეს. მესამე დღეს წარმართთა ბრბოთი გარშემორტყმული ქურუმები მივიდნენ მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად და კარები გააღეს, მაგრამ კერპი დამსხვრეული დაუხვდათ. სიხარულით გაცისკროვნებული ტატიანა ადიდებდა უფალს. ვერანაირმა სატანჯველმა ვერ მოდრიკა ქრისტეს მხნე აღმსარებელი, ამიტომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა ქალწულმოწამესთან ერთად თავი მოკვეთეს მის კეთილმსახურ მამასაც. 
წმიდა მოწამე მერტი მხედარი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისთვის ეწამა აფრიკაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღეს. ამისთვის საშინლად აწამეს ქრისტეს მარტვილი, შემდეგ კი დილეგში ჩააგდეს, სადაც შიმშილისა და ჭრილობებისაგან დაუძლურებულს აღმოხდა სული. 
წმიდა მოწამე პეტრე აბესალომელი (ანეველი) პალესტინის სოფელ ანეაში ცხოვრობდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და მმართველს წარუდგინეს. მსაჯული და ხალხი წმიდანს ურჩევდა, შეეწყალებინა საკუთარი თავი და თაყვანი ეცა კერპებისთვის. ნეტარი მარტვილი კი პასუხობდა: „მე მაშინ შევიწყალებ თავს, თუ სახარებას არ უარვყოფ და ცრუ-ღმერთებს კერპს არ შევწირავ!” ქრისტეს აღსარებისათვის წმიდა პეტრე ცეცხლში დაწვეს. 
ღირსი მარტინიან ბელოზერელი (ერისკაცობაში მიხეილი) 1370 წელს დაიბადა სოფელ ბერეზნიკებში. ცამეტი წლის იყო წმიდანი, როცა სახლიდან გაიპარა, მონასტერში მივიდა და ღირს კირილე ბელოზერელს (ხს. 9 ივნისს) დაემოწაფა. საღვთო შურით აღსავსე ყმაწვილი მარტინიანე ბაძავდა თავის მოძღვარს და ყველაფერში მას ემორჩილებოდა. მან მონასტერში ისწავლა წერა-კითხვა, შემდეგ კი, მოძღვრის კურთხევით, წიგნების გადაწერას მიჰყო ხელი. გავიდა დრო და წმიდანი ჯერ-ბერდიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად. ღირსი კირილეს (+1427) სიკვდილის შემდეგ ნეტარი მარტინიანე ვოჟის ტბაში მდებარე უკაცრიელ კუნძულზე განმარტოვდა, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველი ბერები. წმიდა მამამ მათთვის უფლის ფერიცვალების ტაძარი ააგო და წეს-განგებაც შეუდგინა. გავიდა ხანი და ღირს მარტინიანეს თერაპონტეს მონასტრის ძმებმა წინამძღვრობა სთხოვეს. მისი იღუმენობის დროს სულიერი ცხოვრება ჰყვაოდა ამ სავანეში. მოგვიანებით, მარტინიანე სერგი რადონეჟელის სავანის წინამძღვარი გახდა.
1455 წელს ღირსი მამა კვლავ დაუბრუნდა თერაპონტეს მონასტერს, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ძლიერ ავადმყოფობდა, სიარულიც არ შეეძლო და მოწაფეებს დაჰყავდათ ტაძარში. წმიდანი გარდაიცვალა 85 წლის ასაკში. 1514 წელს მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. 
ღირსი გალაქტიონ ბელოზერელი თერაპონტეს მონასტერში ცხოვრობდა და ღირსი მარტინიანეს მოწაფე და მორჩილი იყო. წმინდანი მამასავით უვლიდა მოხუც მოძღვარს და, როცა იგი ძალიან დაუძლურდა, საკუთარი მხრებით დაჰყავდა ტაძარში. ხედავდა რა მოწაფის სულიერ ზრდას, მარტინიანემ იგი სალოსობის მძიმე ღვაწლზე აკურთხა. ადამიანის თვალისათვის დაფარული მოღვაწეობით ნეტარმა მამამ სულიერ სრულყოფას მიაღწია და უფლისგან განჭვრეტის ნიჭი მიემადლა. 
ღირსი გალაქტიონი გარდაიცვალა 1506 წელს და მოძღვრის, მარტინიანე ბელოზერელის ფეხებთან დაკრძალეს, თერაპონტეს მონასტერში.