26.01.2024. 34-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

34-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა.  26.01.2024. პარასკევი. მარხვა

წარგზავნა ნათლისღების დღესასწაულისა*.

მოწამეთა ერმილესი და სტრატონიკესი (308-323); ღირსისა იაკობისა, ნისიბინის ეპისკოპოსისა (IV). 

* წმიდა ნინოს დღესასწაულის დიდი პატივით შესასრულებლად ნათლისღების დღესასწაულის წარგზავნა საქართველოს ეკლესიაში 14 იანვრიდან გადმოტანილია 13 იანვარს. იხ. საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1972 წლისათვის, გვ. 15.

ლიტ.: ებრ. 11: 8, 11-16 (დას. 327). მკ. 9: 33-41 (დას. 41).

ლიტ.: ებრ. 11: 8, 11-16 

8. რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდითდა. 

11. რწმენითვე იყო, რომ უნაყოფო სარამაც მიიღო ჩასახვის ძალა და ხანგადასულმა შვა, რადგანაც სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი. 12. ამიტომ ერთისგან, და ისიც ლამის მკვდრისაგან, იშვნენ მრავალნი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და ურიცხვი ქვიშა ზღვის პირას. 13. რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად. 14. რადგანაც ასე მეტყველნი ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ. 15. ის სამშობლო რომ ხსომებოდათ, საიდანაც გამოვიდნენ, მოასწრებდნენ იქ მიბრუნებას. 16. მაგრამ ისინი უკეთესი, ესე იგი, ზეციური სამშობლოსაკენ ილტვოდნენ. ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია მათ ღმერთად იწოდებოდეს, რადგანაც თვითონ განუმზადა ქალაქი მათ.

ლიტ.: მკ. 9: 33-41 

33. მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში? 34. ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. 35. მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური. 36. მოიყვანა პატარა ბავშვი, მათ შორის ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ: 37. ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს, ხოლო ჩემი შემწყნარებელი მე კი არ შემიწყნარებს, არამედ ჩემს მომავლინებელს. 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. 41. იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14)  

 

მოწამე პეტრე (+309-310) 

 

წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე სლავები იყვნენ. ისინი ქალაქ სინღიდოში (ბელგრადში) ცხოვრობდნენ ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ლიკინიუსის (307-324) დროს და ერთმანეთთან, ღვთის სიყვარულის გარდა, გულწრფელი მეგობრობაც აკავშირებდათ. ერმილე დიაკვნად მსახურობდა. ლიკინიუსის ბრძანებით, იგი შეიპყრეს და დიდხანს საშინლად აწამებდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს. წმიდა სტრატონიკემ – ციხის ზედამხედველმა და ფარულმა ქრისტიანმა, მეგობრის ტანჯვის ყურებას ვერ გაუძლო, ცრემლები წასკდა და თავი გასცა. ამის შემდეგ მანაც ერმილეს ხვედრი გაიზიარა. ნაწამები წმიდანები ზღვაში მოისროლეს. სამი დღის შემდეგ ქრისტიანებმა იპოვეს მდინარის ნაპირზე გამორიყული მარტვილთა ცხედრები და პატივით დაკრძალეს სინღიდონის მახლობლად. არსებობს ცნობა, რომ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მათი უხრწნელი თავები ინახებოდა კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიას ტაძარში. 
ღირსი იაკობ ნიზიბიელი, გეფალელი (სომხეთი) მთავრის ძე იყო. მან კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ამქვეყნიურ მშფოთვარე ცხოვრებაში სულის მისადრეკი ადგილი ვერ ჰპოვა და ნიზიბიის მახლობლად, უდაბურ მთებში განმარტოვდა. აქ მან ფიცხელი ღვაწლი იტვირთა: მხოლოდ მცენარეთა ფესვებით და ნაყოფებით იკვებებოდა, თხის ტყავი ემოსა გაზაფხულს, ზაფხულს და შემოდგომას ღია ცის ქვეშ ატარებდა, ზამთრობით კი გამოქვაბულს აფარებდა თავს; წმიდანს ლოცვაში ათენდებოდა და აღამდებოდა. ამგვარი მოღვაწეობისთვის მას სასწაულმოქმედების და წინასწარმეტყველების ნიჭი მიემადლა. იაკობს სურდა, მთელი ცხოვრება აქ, მთებში გაეტარებინა, მაგრამ, ღვთის ნებით, წარმართების მოსაქცევად და მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად სპარსეთს მიაშურა. ერთმა სპარსელმა მსაჯულმა უსამართლოდ დაადო მსჯავრი უდანაშაულო ადამიანს. წმიდანი დამწუხრდა და უსამართლობა რომ ემხილებინა, ნამსხვრევებად ქცევა უბრძანა მახლობლად მდებარე მოზრდილ ლოდს. ყველა, ვინც ეს სასწაული იხილა, შეძრწუნდა. მსაჯულმაც შეცვალა განაჩენი. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ღირსმა იაკობმა სარწმუნოების მხნე აღსარებით გაითქვა სახელი. ნიზიბიის მცხოვრებლებმა კეთილმსახური ცხოვრებით და სასწაულებით გაბრწყინებული მამა თავიანთ ეპისკოპოსად აირჩიეს (დაახლ. 314 წელს). მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ და ასეთ მაღალ ხარისხში აყვანილ წმიდანს არ შეუცვლია ცხოვრების წესი, პირიქით, კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი.
მღვდელმთავარი იაკობი ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა და ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას. მან ნიზიბიაში გახსნა სკოლა, სადაც თავად მასწავლებლობდა. მაღალი ზნეობით გაბრწყინებული წმიდანის სიტყვები ადვილად აღწევდა მსმენელის გულებამდე. სომხეთის ეპისკოპოსმა გრიგოლმა ღირს იაკობს სთხოვა, წერილობით განემარტა, რა არის სარწმუნოება. პასუხად წმიდა მამამ დაწერა 18 თავისგან შემდგარი თხზულება. მისი ნაწერები გამოირჩეოდა დამაჯერებლობით, აზრის სიცხადით, გულწრფელობით. ღირსი იაკობი მშვიდობით მიიცვალა 350 წელს. 
ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტი ჩვიდმეტი წლის იყო, როცა მშობლიური ოჯახი დატოვა, მონაზვნობა შეიმოსა და მაკედონიის საუკეთესო მოძღვრის ბერი მარკოზის მორჩილი გახდა. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ წმიდა მაქსიმე ასკეტური ცხოვრებით გამორჩეული რამდენიმე მეუდაბნოე მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა მოღვაწეობას. კონსტანტინეპოლში ჩასული წმიდანი გამუდმებით ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში იმყოფებოდა და თითქმის დაყუდებულის ცხოვრებით ცხოვრობდა. ადამიანთაგან განდიდების საფრთხეს რომ განრიდებოდა და თავისი ღვაწლი დაეფარა, მაქსიმემ სალოსობა დაიწყო. ათონზე ღირსი მამის ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა მორჩილად. იგი აქ, წმინდა მთის მწვერვალზე, ღმერთმა ღვთისმშობლის გამოცხადების ღირსი გახადა. როცა წმიდანმა თავისი ხილვის შესახებ ერთ ბერს მოუთხრო, ამ უკანასკნელმა იგი მოხიბლულად ჩათვალა. ეს უნდობლობა ღვთის რჩეულმა სასიკეთოდ გამოიყენა: ხიბლისა და ამპარტავნების საფარქვეშ დამალა საოცარი ღვაწლი. რომ განემტკიცებინა აზრი თავის შეშლილობის შესახებ, ღირსი მაქსიმე ხშირად იცვლიდა საცხოვრისს. მიტოვებულ ბალახის ტალავრებს წვავდა, ამიტომაც შეარქვეს კავსოკალივიტი – ტალავართმმუსვრელი (ის, ვინც ტალავრებს წვავს). წმიდა მთის მამებმა იცოდნენ, როგორი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა წმიდანი, რამდენ ჭირსა და განსაცდელს ითმენდა, მაგრამ ვერ იცვლიდნენ წინასწარ აკვიატებულ აზრს მის შესახებ. ათონზე ჩამოსულმა ღირსმა გრიგოლ სინელმა (+დაახლ. 1310; ხს. 8 აგვისტოს), მოხიბლულად მიჩნეულ ბერთან საუბრის შემდეგ თავისი გაოცება ვერ დამალა და თქვა: ეს ხომ მიწიერი ანგელოზია! ღირსმა გრიგოლმა დაჟინებით სთხოვა მაქსიმეს, შეეწყვიტა სალოსობა და ერთ ადგილზე დამკვიდრებულიყო, რომ სხვებსაც შესძლებოდა მისი სულიერი გამოცდილების გაზიარება. წმიდანიც დამორჩილდა გრიგოლისა და სხვა ბერების ვედრებას და ერთ გამოქვაბულში დასახლდა, ცნობილი ბერის ისაიას მეზობლად. მაქსიმე წინასწარმცნობელობის მადლით იყო დაჯილდოვებული. მისთვის მიუმართავთ, შემდეგ კი წინასწართქმულის სიზუსტით გაოცებაში მოსულან თვით ბიზანტიის იმპერატორებიც – იოანე პალეოლოგი (1341-1374) და იოანე კანტაკუზენი (1341-1355). წმიდანი უამრავ სასწაულს აღასრულებდა. ერთ წმიდა მამას იგი ჰაერში მოსიარულეც უნახავს.
ღირსმა მაქსიმემ მხოლოდ სიკვდილის წინ აიღო ხელი განდეგილობაზე და ათანასეს ლავრის მახლობლად დაემკვიდრა, სადაც მიიცვალა 1354 წელს, 95 წლის ასაკში. 
ღირსი ირინარქი როსტოვის მაზრის სოფელ კონდაკოვში დაიბადა, გლეხის ოჯახში. ნათლობისას ბავშვს ილია დაარქვეს. ახალშობილი საოცარი სისწრაფით იზრდებოდა – თორმეტი კვირისა იყო, როცა სიარული დაიწყო. ილია სიყრმიდანვე ღვთისმოშიშობით გამოირჩეოდა, გართობა-მხიარულება არ იზიდავდა, უყვარდა საღვთო საუბრები, მშვიდი, ჩუმი და ალერსიანი იყო. სიყრმიდანვე საოცრად ისწრაფოდა მისი სული მონაზვნობის მძიმე უღლისკენ. ექვსი წლის იყო, როცა წინასწარმეტყველურად უთხრა დედას: „როცა გავიზრდები, ბერი გავხდები, რკინებს ვატარებ და ღვთისთვის ვიღვაწებ, ყველას მოძღვარი შევიქმნები.“ წმიდანი 30 წლისა აღიკვეცა ბორისისა და გლების მონასტერში. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი წმიდა ლაზარეს სავანეს მიაშურა და სამი წელი დაჰყო ერთ ვიწრო კელიაში. ღირსმა მამამ გაიმკაცრა ცხოვრების წესი: კელიაში რკინის ჯაჭვით მიიბა თავის ხის სკამზე და კისერზეც მძიმე ჯაჭვები დაიკიდა. ამის გამო ბერები დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ მას. მონასტრის სიმშვიდისათვის, წინამძღვრის ბრძანებით, თავდაბალმა ბერმა კიდევ ერთხელ მორჩილად დატოვა იქაურობა. ერთი წლის შემდეგ სავანის იღუმენმა შეინანა თავისი საქციელი და ძმები ირინარქის მოსაყვანად გაგზავნა. წმიდანიც დაბრუნდა. ღირსმა მამამ კვლავ განაგრძო მძიმე ბორკილების ტარება, თან შრომასაც მიჰყო ხელი: გლახაკთათვის სამოსელს ამზადებდა, ღამით მხოლოდ ერთი ან ორი საათი ეძინა.
რუსეთზე პოლონელების თავდასხმის წინ ირინარქმა ძილში გამოცხადებით იხილა უცხოტომელთაგან დარბეული მოსკოვი და ღვთის მინიშნებით მომავალი უბედურების შესახებ გააფრთხილა მეფე – ვასილ ივანეს ძე შუისკი (1606 –1610). უფალმა წმიდა მამას დაუცხრომელი ღვაწლისთვის სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: მას წინასწარ განეცხადა მიცვალების დღე, იხმო თავისი მოწაფეები, დამოძღვრა ისინი და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს 1616 წლის 13 იანვარს, დაბადებიდან 68-ე წელს. წმიდანის უხრწნელ ნაწილთაგან, განსაკუთრებით კი მისი ჯვრის, ბორკილების და ჯაჭვების შეხებით, მრავალი კურნება აღესრულებოდა.