9.02.2024. 36-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი.

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

36-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი 

9.02.2024. ხსნილი 

იოანე ოქროპირისა, კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (წმიდა ნაწილთა გადასვენება კომანიდან კონსტანტინეპოლს 438 წელს).

დღის ლოცვა

აღყვანება ნაწილთა წმ. იოანე ოქროპირისა 

ტროპარი: ხმატკბილად მხმობარეო ორღანოო, ოქროსა ნესტვო, მდინარეო საღმრთოთა სწავლათაო, მვედრებელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევება, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავნ წინაშე სამებისა.

ტროპარი: პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო, გამობრწყინდა და სოფელი განანათლა, უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩვენა ჩუენ, არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმსწავლენ, ეგრეთვე სიტყუასა ქრისტესა ღმერთსა ევედრე, მამაო იოანე ოქროპირო, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მხიარულ იქმნა საიდუმლოდ წმიდა ეკლესია აღმოხმასა პატიოსანთა ნაწილთა შენთასა და ესე დამარხა, ვითარცა ოქრო მრავალ ფასი, ვინა მგალობელთა შენთა მოუკლებელად მოანიჭე მეოხებითა შენითა მადლთა კურნებისათა, იოანე ოქროპირო.

დღის საკითხავები

ცისკ.: ინ. 10: 1-9 (დას. 35, შუა).
ლიტ.: ეფ. 4: 17-25 (დას. 226). მკ. 12: 1-12 (დას. 53).
მღ.მთ: ებრ.7: 26 – 8: 2 (დას. 318). ინ. 10: 9 -16 (დას. 36).

ცისკ.: ინ. 10: 1-9 

1. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი. 2. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია. 3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. 4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას. 5. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას. 6. ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა. 7. კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა. 8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა. 9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.

ლიტ.: ეფ. 4: 17-25 

17. ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების ამაოებით იქცევიან წარმართნი. 18. გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, 19. გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით. 20. ხოლო თქვენ ასე როდი შეგიცვნიათ ქრისტე, 21. რადგანაც არა მარტო მოგისმენიათ, კიდევაც გისწავლიათ მისგან (ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება), – 22. განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი კაცის უწინდელ ყოფას, 23. განახლებულიყავით თქვენი გონების სულით 24. და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით. 25. მაშ, განიშორეთ სიცრუე და თვითეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.

ლიტ.: მკ. 12: 1-12 

1. და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. 2. როცა დრომ მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან. 3. ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. 4. კვლავ გაგზავნა მეორე მონა; მას ქვებით გაუტეხეს თავი და შეგინებული გააგდეს. 5. ახლა სხვა მონა გაგზავნა; ის კიდევ მოკლეს; და სხვასაც მრავალს ან სცემდნენ, ან კლავდნენ. 6. ერთი საყვარელი ძეც ჰყავდა; ბოლოს ის გაგზავნა მათთან, რადგან ეგონა, ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. 7. მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრთ ჩვენ დაგვრჩებაო. 8. შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს. 9. მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. 10. ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? 11. უფლის მიერ იქმნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. 12. უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს; მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ.

მღ.მთ: ებრ.7: 26 – 8: 2 

26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.

1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.

მღ.მთ: ინ. 10: 9 -16 

9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

მსოფლიო ეკლესიის დიდი მოძღვარი – იოანე ოქროპირი 407 წელს გარდაიცვალა ქალაქ კომანში, გადასახლების ადგილისაკენ მიმავალ გზაზე. ქრისტიანული ზნეობის მტრებთან შეუპოვრად მებრძოლ იოანეს ბევრი მტრობდა. მის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო დედოფალი ევდოქსია. სწორედ მისი დაჟინებით ჩამოაცილეს წმიდა მღვდელმთავარი სამწყსოს.
იოანე ოქროპირის უჟამო სიკვდილმა მეტად დაამწუხრა ქრისტიანები. მათ კონსტანტინეპოლის პატრიარქს პროკლეს სთხოვეს, მეფესთან აღეძრა შუამდგომლობა წმიდა მამის ნაწილების კონსტანტინეპოლში გადმოსვენების შესახებ. ევდოქსიას ვაჟმა, იმპერატორმა თეოდოსი II-მ (408-450) თანხმობა განაცხადა, მაგრამ კომანში სიწმიდის ჩამოსასვენებლად გაგზავნილებმა მღვდელმთავრის კუბოს ძვრაც ვერ უყვეს. იმპერატორი მიხვდა თავის შეცდომას და დაწერა ეპისტოლე, რომელშიც წმიდანს თავისი დედისა და საკუთარი ცოდვების მიტევებას სთხოვდა. როცა ეპისტოლე წმიდა კუბოსთან წაიკითხეს, ის შემსუბუქდა და ადვილად ასწიეს. იოანე ოქროპირის ნაწილების გადასვენება კომანიდან კონსტანტინეპოლში 438 წელს მოხდა. სიწმიდე დიდმოწამე ირინეს სახელობის ტაძარში დაასვენეს. როცა პატრიარქმა ლუსკუმა გახსნა, მღვდელმთავრის ცხედარი უხრწნელი აღმოჩნდა. მეფემ მუხლი მოიყარა მის წინაშე და ცრემლებით ითხოვა შეწყალება. დილით კუბო წმიდა მოციქულთა ტაძარში იქნა გადასვენებული. მრევლმა შესძახა: „მიიღე შენი ტახტი, მეუფე!“ პატრიარქმა და კუბოსთან მდგარმა ღვთისმსახურებმა კი დაინახეს, რომ მღვდელმთავარმა ბაგეები გახსნა და წარმოთქვა „მშვიდობა ყოველთა!“