11.02.2024. 36-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III.

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

36-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა III.

11.02.2024. ხსნილი 

მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა (აღმოყ. წმ. ნაწ. 107 წ.). მოწამისა მეფისა აშოტ დიდისა, კურაპალატისა (829); მოწამეთა სამოსატელთა: რომანოზისა, იაკობისა, ფილოთეოსისა, იპერიქისა, აბიბოსი, ივლიანესი და პარიგორისა (297); მოწამეთა: სილოვანე ეპისკოპოსისა, ლუკა დიაკონისა და მოკი წიგნისმკითხველისა (312); მოწამეთა ზარბილისი და დისა მისისა ვევეასი, ედესში წამებულთა (98-117). 

დღის ლოცვა 

აღმოყვანება ნაწილთა მღვდელმოწამისა ეგნატე ღმერთშემოსილისა 

კონდაკი: დღეს აღმობრწყინდი აღმოსავალით და სწავლითა შენითა ყოველი სოფელი განანათლე, ხოლო წამებითა განშუენდი, ღმერთშემოსილო წმიდაო ეგნატე. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-3, მკ. 16: 9-20 (დას. 71).
ლიტ.: 2 კორ. 6: 16-18; 7: 1 (დას. 182, შუა). მთ. 15: 21-28 (დას. 62) (ქანაანელის).
მღვდელმოწამე ეგნატესი: ებრ. 4: 14 – 5: 6 (დას. 311). მკ. 9: 33-41 (დას. 41). 

ცისკ.: მკ. 16: 9-20 

9. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაადრიანად აღმდგარი იესო პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც გაეძევებინა შვიდი ეშმაკი. 10. ისიც წავიდა და აუწყა მასთან მყოფთ, რომელნიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ. 11. მათ კი, თუმცა გაიგეს, რომ ცოცხალია და მან იხილა იგი, არ ირწმუნეს. 12. ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ. 13. ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ. 14. დაბოლოს, ეჩვენა თვით ინახად მსხდომ თერთმეტს, და დაჰგმო მათი ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ერწმუნენ არავის, ვინც აღმდგარი იხილა იგი. 15. და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას. 16. ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება. 17. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. 18. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი. 19. ასე, მათთან საუბრის შემდეგ, ამაღლდა უფალი ზეცად, და დაჯდა ღმრთის მარჯვნივ. 20. ხოლო ისინი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან უფლის შეწევნით, რომელიც განამტკიცებდა სიტყვას მათი თანმხლები სასწაულებით, ამინ.

ლიტ.: 2 კორ. 6: 16-18; 7: 1 

16. რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. 17. ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ. 18. მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი. 

1. ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.

ლიტ.: მთ. 15: 21-28 

21. წამოვიდა იქიდან იესო, და მივიდა ტიროსისა და სიდონის მხარეს. 22. და აჰა, ერთი ქანაანელი ქალი, იმ საზღვრებიდან გამოსული, მიჰყვიროდა მას და ამბობდა: შემიწყალე მე, უფალო, დავითის ძეო: ჩემი ასული საშინლად იტანჯება ეშმაკისაგან. 23. ხოლო მან ხმა არ გასცა. მიადგნენ მისი მოწაფეები და სთხოვეს: გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის. 24. ხოლო მან პასუხად თქვა: სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს. 25. ამასობაში ქალიც მოვიდა, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, შემეწიე მე! 26. ხოლო მან პასუხად თქვა: არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური. 27. ქალმა კი უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს. 28. მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.

მღვდელმოწამე ეგნატესი: ებრ. 4: 14 – 5: 6 

14. და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას. 15. რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ – ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა. 16. მაშ, თამამად მივეახლოთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის. 

1. ამიტომ დავუტევოთ ქრისტეს სიტყვის საწყისნი. ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ და კვლავ ნუღარ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას, 2. ნათლისღების, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას. 3. ასეც მოვიქცევით, თუკი ინება ღმერთმა. 4. რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას, 5. შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალნი, 6. მაგრამ მაინც დაეცნენ, – დიახ, შეუძლებელია, რომ ისინი კვლავ განახლდნენ სინანულისთვის, ვინაიდან კვლავინდებურად ჯვარს აცვამენ ძეს ღვთისას და ჰგმობენ.

მღვდელმოწამე ეგნატესი: მკ. 9: 33-41 

33. მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში? 34. ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. 35. მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური. 36. მოიყვანა პატარა ბავშვი, მათ შორის ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ: 37. ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს, ხოლო ჩემი შემწყნარებელი მე კი არ შემიწყნარებს, არამედ ჩემს მომავლინებელს. 38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. 39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. 40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. 41. იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილის ნაწილთა აღმოყვანება. მას შემდეგ, რაც მღვდელმთავარი ეგნატე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ბრძანებით მხეცებს დააგლეჯინეს, 107 წელს ქრისტიანებმა შეკრიბეს მისი ძვლები და რომში დაკრძალეს. 108 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები ანტიოქიის გარეუბანში გადაასვენეს. მათი მეორე გადასვენება თვით ქალაქ ანტიოქიაში მოხდა 438 წელს. როცა ეს ქალაქი სპარსელებმა დაიპყრეს, 540 წელს (სხვა ცნობით, 638 წელს), მღვდელმთავრის ნეშტი რომში დააბრუნეს და წმიდა პაპ კლიმენტის სახელობის ტაძარში დაასვენეს. 
წმიდა მოწამენი: რომანოზი, იაკობი, ფილოთეოზი, იპერიხი, აბიბოსი, იულიანე და პარიგორი ქალაქ სამოსატში (სირია) ეწამნენ 297 წელს, დიოკლეტიანეს დროინდელი დევნულობისას. მათ უშიშრად ამხილეს კერპთმსახურთა უგნურება, რისთვისაც საშინელი წამების დათმენა მოუხდათ. ბოლოს ჯვარს აცვეს და თავებით ძელზე მიალურსმნეს. 
წმიდა მოწამე სილუანე ეპისკოპოსი, ლუკა დიაკონი და მოკი მკითხველი ფინიკიაში ეწამნენ 312 წელს. ისინი ჯერ სასტიკად დატანჯეს, შემდეგ საპყრობილეში ჩაყარეს და მხეცები მიუსიეს დასაგლეჯად. ნადირებმა პირი არ დააკარეს მარტვილებს. უფალმა ყურად-იღო თავის რჩეულთა ლოცვა და მშვიდობით შეივედრა მათი სულები. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამეთა ცხედრები. 
ღირსი აფრაატი წარმოშობით სპარსი იყო. მას შემდეგ, რაც ირწმუნა ქრისტე, იგი განეშორა უსჯულო თანამემამულეებს და ჯერ ედესას მიაშურა, შემდეგ კი ანტიოქიას. აქ იგი თავისი წმიდა ცხოვრებით მრავალ ადამიანს იზიდავდა და ღვთის სიტყვას უქადაგებდა. წმიდანი 370 წელს მიიცვალა. 
წმიდა აშოტ დიდი კურაპალატი, ქართლის ერისთავ ადარნასეს შვილი იყო. აშოტი 786 წელს გახდა ქართლის ერისმთავარი. ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი, ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი, კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველო კი, ღვთის ნებით, იქცა სამკვიდრებელად აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობისა.
ერისმთავრად დადგინების დღიდანვე დაიწყო აშოტმა ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა არაბთა დაუძლურებით და თბილისიდან განდევნა აგარიანნი. „თბილისს არავინ დარჩა სარკინოზთაგანი, თჳნიერ ალი შუაბის ძისა“, ქართლის შემომტკიცების შემდეგ ბარდავიც ქართლს შეუერთა აშოტმა და სამი წლის მანძილზე მის „სახლად იყო ტფილისი და ბარდავი“. ამასობაში არაბთა ხალიფას ტახტზე ახალი მბრძანებელი ავიდა, „განძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტისა და ვერ უძლო წინააღმდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან“. თბილისი კვლავ არაბებმა ჩაიგდეს ხელში. აშოტი იძულებული გახდა, ქართლს განრიდებოდა და საბერძნეთში წასულიყო ცოლ-შვილთან და მცირერიცხოვან სპასთან ერთად. ჯავახეთს მიწევნული ლტოლვილები ფარავნის ტბასთან შეჩერდნენ დასასვენებლად. მძინარეებს სარკინოზთა ლაშქარი დაესხათ თავს. მცირერიცხოვანი სპა სასიკვდილოდ იყო განწირული, მაგრამ „შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მას ზედა და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი“. ერისმთავარმა ამ გამარჯვებაში ღვთის ნიშანი განსჭვრიტა, საბერძნეთში წასვლა გადაიფიქრა და შავშეთ-კლარჯეთში დარჩენა გადაწყვიტა. ამ დროს სამხრეთ საქართველო საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უსჯულოთაგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ქოლერის ეპიდემიაც დაემატა და „მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ“.
სასომიხდილმა და უბედურებისაგან ქანცგაწყვეტილმა მოსახლეობამ სიხარულით მიიღო აშოტ კურაპალატი. იგი შეუდგა დანგრეული ქვეყნის აღდგინებას, „რომელნიმე სოფელნი მის ქვეყანაჲსანი მოიყიდნა საფასოთი, ზოგნი ოჴერნი აღაშენნა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქვეყანათა მათ შინა“. აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმიდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯის ციხე, რომელიც მურვან-ყრუს მიერ იყო აოხრებული, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯეთელ ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა იგი, ააგო წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია. „მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტ კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლასა შინა“.
კლარჯეთი ახალ სიცოცხლეს იძენდა. სრულიად საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად ქცეული მხარე სულიერადაც მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) და მისი თანამოსაგრეების ძალისხმევით უდაბნო დაბა-სოფლებად იქცა, აშენდა ეკლესია-მონასტრები, ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლები, ერის საუკეთესო შვილები მიდიოდნენ კლარჯეთში და ღმერთშემოსილი მამების გვერდით საქართველოს კეთილ მომავალს ჭედდნენ.
საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი წმიდა აშოტ დიდი ღვთის მოშიში და მოყვარული იყო. მან დიდი სიხარულით და პატივით ისტუმრა თავის სასახლეში წმიდა მამა გრიგოლი, „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“. ღირსმა მამამ აკურთხა ხელმწიფე: „არა მოაკლდეს მთავრობაჲ შვილთა შენთა და ნათესავთა მათთაჲ ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროჲს კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“. 
წმიდა აშოტ კურაპალატი ღირსი გრიგოლის კეთილ საქმეს მატერიალურადაც შეეწია. „შესწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა“. მეფის შვილებმაც – ადარნასემ, ბაგრატმა და გუარამმაც, დიდძალი საფასე გაიღეს კლარჯეთის უდაბნოთა ასაღორძინებლად.
ბრძოლებში შეუდრეკელი აშოტი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ეკლესიის მსახურებს. ზნეკეთილ მეფეს, „გარდარეული სიყუარულით“ შეუყვარდა ერთი ქალი, დაივიწყა ღირსებაც, პატივიც, მოვალეობაც ღვთისა და ერის წინაშე და დედოფლისთვის აღდგენილ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა იგი. ღირსმა გრიგოლმა შეიტყო „საქმეჲ იგი სულისა განმხრწნელი“, „შეწუხდა ფრიად“, ეახლა მეფეს და ამხილა მისი უღირსი საქციელი. შეცბუნებულმა აშოტმა აღუთქვა განტევება ქალისა, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა, „რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა“. ღირსმა გრიგოლმა აშოტ კურაპალატის დაუკითხავად დედაკაცი სასახლიდან წაიყვანა და მერეს დედათა მონასტერში წინამძღვარ თებრონიას (ხს. 5 ოქტომბერს) მიჰგვარა. მეფემ დედა თებრონიას ქალის გაშვება სთხოვა: მონაგები ჩვენი მის ხელთ არისო. დედა თებრონიამ მკაცრად შეახსენა მეფეს, „მიზეზებად მიზეზთა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა“. ხორციელად ძლიერმა ხელმწიფემ თავი დადრიკა „სულით ძლიერი“ დედის წინაშე და ოხვრით წამოსცდა: „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს“. ღვთისმოშიშმა მეფემ, რომელსაც „მამხილებელად აქუნდა თჳსი გონებაჲ“ ძლია მის პირად გრძნობებს და მიუხედავად უდიდესი შინაგანი ბრძოლისა „სიხარულით წარვიდა, რამეთუ გულითა წმიდითა აქუნდა ნეტართა მათ პატივი, ვითარცა სულისა მისისა საუკუნოდ გჳრგჳნოსან-მყოფელთაჲ“.
ღვთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქართლის დაბრუნებისათვის ემზადებოდა, მაგრამ „მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი“.
წმიდა აშოტი საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ, სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, „დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი“. ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და „იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი“. საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენიც აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. მან თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე „მახჳლითა საკურთხეველსა ზედა“. „დაკლეს იგი, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“, – წერს სუმბატ დავითის ძე თავის წიგნში „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“.
ასე მოწამეობრივად აღესრულა პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე, „კეთილად მორწმუნე, რომლისა გამო დაემტკივა ქართველთა ზედა მთავრობაჲ მისი და შვილთა მისთაჲ“.
ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი ხელმწიფის სიკვდილი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ „მოიკლა მათი უფალი აშოტი“, დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწივნენ გაქცეულებს და ისე ამოწყვიტეს, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა.
წმიდა მოწამის, აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ, წმიდა მოციქულთა, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში.