გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
38-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა
24.02.2024. შაბათი. ხსნილი
ღირსისა ნინოსი, სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტრის განმაახლებელისა (ამილახვარი, 1784- 1839)*; მღვდელმოწამისა ვლასი სებასტიელ ეპისკოპოსისა (315-316); მართლისა თეოდორა დედოფლისა, წმიდათა ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელისა (867).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე ვლასის, სებასტიელი ეპისკოპოსის
კონდაკი: საცხებელითა მღდელთათა და წამებისა სისხლთა მიერ შემკობილ იქმენ, დიდებულო მამაო ვლასი, და მაღალთა შინა ბრწყინვალედ მდგომარე ხარ, ვინაცა ტაძარსა ამას შინა შენსა შემოკრებულთა მოგვხედენ და შენდამი მღაღადებელთა გვფარევდ ჩუენ მარადის.
სხვა კონდაკი: ორძილო საღმრთოო, ყუავილო დაუჭნობელო, ქრისტეს ვენახისაო რტოო, მრავალ ვნებულო ღმერთშემოსილო ვლასი, სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი სიხარულით აღგვავსენ და ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
ლიტ. – ღირ. – გალ. 208 დას. 3: 23-29. მთ. 104 დას. 25: 1-13.
რიგ. – 2 ტიმ. 293 დას. 2: 11-19. ლკ. 88 დას. 17: 2-8.
ლიტ. – ღირ. – გალ. 3: 23-29
23. რწმენის მოვლინებამდე კი რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყვდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. 24. ასე რომ, რჯული ჩვენი აღმზრდელი აღმოჩნდა, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გავმართლებულიყავით. 25. ხოლო რწმენის მოვლინების შემდეგ უკვე აღარა ვართ აღმზრდელის მეთვალყურეობის ქვეშ. 26. რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით. 27. ვინაიდან ყველანი, ვინც ქრისტეში მოინათლეთ, ქრისტეთივე შეიმოსენით. 28. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში. 29. ხოლო თუ ქრისტესნი ხართ, მაშასადამე, აბრაამის თესლი ხართ და, აღთქმის თანახმად, – მემკვიდრენიც.
ლიტ. – ღირ. – მთ. 25: 1-13
1. მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად. 2. ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი – უგუნური. 3. უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. 4. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით. 5. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. 6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო. 7. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. 8. და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება. 9. გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. 10. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. 11. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. 12. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ. 13. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.
რიგ. – 2 ტიმ. 2: 11-19
11. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ. 12. თუ დავითმენთ, მასთან ერთადვე ვიმეფებთ, ხოლო თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ. 13. რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება. 14. ეს შეახსენე მათ და უმოწმე უფლის წინაშე, თავი ანებონ სიტყვიერ ჭიდილს, რომელიც არას გვარგია და მსმენელებს კი თავგზას აუბნევს. 15. ეცადე რჩეულად, პირნათელ მუშაკად და ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად წარუდგე ღმერთს. 16. ფუჭ ყბედობას კი ერიდე, რადგანაც უფრო გაღრმავდება ხალხის უღმერთოება. 17. და მათი სიტყვა სირსვილივით საძოვარს ჰპოვებს, როგორც ჰიმენიოსის და ფილეტოსისა, 18. ჭეშმარიტებისგან გამდგარნი რომ ამტკიცებენ, აღდგომა უკვე იყოო, და რწმენას უხშობენ ზოგიერთს. 19. მაგრამ ურყევი საფუძველი ღვთისა მტკიცეა და აქვს ეს ბეჭედი: „იცის უფალმა, ვინაა მისი“, და: „განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს“.
რიგ. – ლკ. 17: 2-8
2. უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან, ვიდრე აცთუნოს თუნდაც ერთი ამ მცირეთაგანი. 3. დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე. 4. დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას – ვნანობო, მიუტევე. 5. და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა. 6. ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეთ, გაგიგონებთ. 7. მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო? 8. თუ, პირიქით, ეტყვის: მომიმზადე ვახშამი, სარტყელი მოირტყი და მომემსახურე, სანამდის ვჭამ და ვსვამ, ხოლო შემდეგ თავადაც ჭამე და სვიო.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 316)
ბევრი ქრისტიანი თავს არიდებდა უსჯულოებს, უდაბურ და კრძალულ ადგილებში იხიზნებოდა. ვლასიც იძულებული შეიქმნა არგეოსის მთისთვის შეეფარებინა თავი და აქ, გამოქვაბულში განეგრძო ღვაწლი. ტყის ნადირები მოდიოდნენ წმიდანთან და მორჩილად ელოდნენ, როდის დაამთავრებდა ლოცვას, რომ მისგან კურთხევა მიეღოთ. დასნეულებულ მხეცებს მღვდელმთავარი ხელის დადებით კურნავდა. ერთხელ, წმიდა მამის თავშესაფარს გადააწყდნენ უღმერთო მმართველის, აგრიკოლას მსახურები. აგრიკოლამ ბრძანა, შეეპყროთ გახიზნულები, მაგრამ მის გამოგზავნილებს მთაში მხოლოდ სებასტიელი ეპისკოპოსი დაუხვდათ. წმიდა მამამ ადიდა უფალი და თან გაჰყვა მეომრებს.
გზად ვლასი სნეულებს კურნავდა და მრავალ სასწაულებს აღასრულებდა. ერთგან გლახაკმა ქვრივმა მას შესჩივლა, რომ მგელმა ერთადერთი მისი ქონება -გოჭი გაიტაცა. ეპისკოპოსმა გაიღიმა და უთხრა: „არ იტირო, შენი გოჭი დაგიბრუნდება. “ და მართლაც, ყველას გასაოცრად, მგელი გამობრუნდა ტყიდან და პატრონს უვნებლად ჩააბარა თავისი ნადავლი.
აგრიკოლა პირფერობითა და ლიქნით შეხვდა წმიდა მამას და მას ღმერთების მეგობარი უწოდა. წმიდანმა მისალმებაზე მისალმებითვე უპასუხა, მაგრამ წარმართულ ღვთაებებს ეშმაკები უწოდა, ამისათვის იგი სასტიკად გვემეს და საპყრობილეში ჩააგდეს.
მეორე დღეს კვლავ აწამებს ნეტარი მარტვილი. როცა ნაწამები მღვდელმთავარი საპყრობილისკენ მიჰყავდათ, შვიდი დედა უკან მიჰყვებოდა მას და სისხლის წვეთებს აგროვებდა. მტარვალებმა შეიპყრეს და საშინლად აწამეს ისინი, მაგრამ ღვთის მადლით დაცულმა დედებმა ახოვნად დაითმინეს სატანჯველები. უფლის ნებით, ხილული სასწაულიც აღესრულა: მათი სხეულები თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან კი რძემ იფეთქა. ბოლოს, წმიდა მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.
წმიდა ვლასი ისევ აგრიკოლას მიჰგვარეს. აქ მან კიდევ ერთხელ ახოვნად აღიარა ქრისტე. მმართველმა ბრძანა, ტბაში ჩაეგდოთ ნეტარი მღვდელმთავარი, ღვთის მადლის რჩეულმა ჭურჭელმა კი ჯვარი გადასახა წყალს და გაიარა მასზე, შემდეგ ნაპირზე მდგარ წარმართებს მიმართა: „თქვენც მოიხმეთ შეწევნისთვის თქვენი ღმერთები და მოდით ჩემთან“. მმართველის 68 რჩეული კარისკაცი გაკადნიერდა და მიბაძა მარტვილს, მაგრამ ყველა წყალში შესვლისთანავე დაიხრჩო. საუკეთესო მსახურების დახოცვით გაცეცხლებულმა აგრიკოლამ განკარგულება გასცა, დაუყოვნებლად თავი მოეკვეთათ წმიდანისთვის. სიკვდილის წინ ნეტარმა მამამ ღმერთს შეავედრა მთელი სამყარო, განსაკუთრებით კი მისი ხსოვნის პატივისმცემლები. წმიდა მღვდელმოწამე 136 წელს აღესრულა. მისი უხრწნელი ნაწილები ჯვაროსნული ლაშქრობების დროს დასავლეთში იქნა გადატანილი და დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშია დაფანტული.
მართალი დედოფალი თეოდორა – ხატთა თაყვანისცემის აღმდგენელი (+დაახლ. 867)
როცა მიხეილი წამოიზარდა, დედოფალმა ქვეყნის მმართველობის სადავეები მას გადააბარა, თვითონ კი წმიდა ევფროსინიას სავანეში განმარტოვდა და საღვთო წიგნების კითხვის ღვაწლს მიეცა (ცნობილია მისი ხელით გადაწერილი სახარება). წმიდა თეოდორა გარდაიცვალა დაახლოებით 867 წელს.