გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული
1.03.2024. პარასკევი. მსგეფსი ხსნილია.
დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა (IV); მღვდელმოწამისა თეოდორე აჭარელისა, ოსმალოთაგან წამებულისა (XIX); მართლისა მარიამნასი, მოციქულისა ფილიპეს დისა (I); მოწამისა მინა კალიკელადისა (აღმოყ. წმ. ნაწ-თა 867-889); მღვდელმოწამისა ერმოგენისა, რუსეთის პატრიარქისა, სასწაულთმოქმედისა (1612); ახალმოწამისა თეოდორე ბიზანტიელისა (1795).
დღის ლოცვა
წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის
ტროპარი:
დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი.
კონდაკი:
სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.
დღის საკითხავები
ლიტ. – 1 ინ. 70 დას. 2: 7-17. მკ. 63 დას. 14: 3-9.
მოწ. – რომ. 99 დას. 8: 28-39. ლკ. 51 დას. (შუათგან), 10: 19-21.
ლიტ. – 1 ინ. 2: 7-17
7. საყვარელნო, ახალ მცნებას კი არა გწერთ, არამედ ძველ მცნებას, რომელიც გქონდათ დასაბამიდან; ძველი მცნება არის სიტყვა, დასაბამიდან რომ ისმინეთ. 8. თუმცა ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; ვინაიდან ბნელი გადადის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ნათობს. 9. ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმა სძულს, ბნელშია დღემდე. 10. ვისაც თავისი ძმა უყვარს, ნათელში მკვიდრობს და საცთური არ არის მასში. 11. ხოლო ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელშია, ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუვსო თვალი. 12. ამას გწერთ, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანი. 13. ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი. 14. ეს მოგწერეთ, ყრმანო, რადგანაც შეიცანით მამა. ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ეს მოგწერეთ, ჭაბუკნო, რადგანაც ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა მკვიდრობს თქვენში და სძლიეთ ბოროტი. 15. ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში. 16. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი – გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის. 17. ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.
ლიტ. – მკ. 14: 3-9
3. ხოლო როდესაც ბეთანიაში იყო და ინახად იჯდა სიმონ კეთროვანის სახლში, მოვიდა ქალი, რომელსაც ალებასტრის ჭურჭლით ჰქონდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, გატეხა ჭურჭელი და თავზე დაასხა მას. 4. ზოგიერთები აღშფოთდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა საჭიროა ნელსაცხებლის ასეთი ფლანგვა? 5. ვინაიდან შეიძლებოდა სამას დინარზე მეტად გაგვეყიდა და გლახაკთათვის მიგვეცა ფული. 6. ხოლო იესომ თქვა: რას ერჩით, თავი გაანებეთ; მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო. 7. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ და როცა ინებებთ, მაშინ შეგიძლიათ შეეწიოთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. 8. მან გააკეთა ის, რაც შეეძლო: ჩემს სხეულს წინასწარ სცხო ნელსაცხებელი დასამარხავად. 9. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.
მოწ. – რომ. 8: 28-39
28. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ. 29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. 30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა. 31. მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? 32. ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს? 33. ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ. 34. ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი. 35. რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? 36. (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“). 37. ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა. 38. რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, 39. ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
მოწ. – ლკ. 10: 19-21
19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ. 20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. 21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მართალი მარიამი, და ფილიპე მოციქულისა (I)
ღირსი ავქსივიუსი, სოლონის ეპისკოპოსი (+102)
დიდმოწამე თეოდორე ტირონი (+დაახლ. 306)
ამასოფლის მოყვარეთაგან განწირულ მოწამეს მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა: „გამხნევდი, თეოდორე, მე შენთანა ვარ; ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა შინა“. ნუგეშინისმიცემულმა თეოდორემ გაიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო. მის გალობას ანგელოსთა დასიც შეუერთდა. მცველებმა საოცრად ტკბილი ხმის გაგონებაზე ფანჯარაში შეიხედეს და დაინახეს თეთრ სამოსელში გამოწყობილ ჭაბუკთა სიმრავლე, რომელიც გარს შემოხვეოდა მოწამეს. როცა კარები გააღეს, სენაკში არავინ იყო თეოდორეს გარდა.
წარმართებს მალე გაუარათ თავზარდაცემამ და სატანჯველებს მისცეს ნეტარი აღმსარებელი: ჯერ ხეზე მიაბეს და სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ კი უზარმაზარი კოცონი დაანთეს და მასთან მიიყვანეს. ძვლებგაშიშვლებული თეოდორე შევიდა ცეცხლში, პირჯვარი გადაისახა და სულიწმიდის მადლით გაძლიერებულმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 306 წლის 17 თებერვალს. ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა, ევსებიამ სუფთა ტილოში შეგრაგნა წმიდანის უხრწნელი ცხედარი და თავის სახლში დაკრძალა. შემდეგ მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში, მისივე სახელობის ტაძარში გადაასვენეს, თავი კი იტალიის ქალაქ გაეტშია დაბრძანებული.
წმიდანის მიცვალებიდან 50 წლის შემდეგ უსჯულო მეფემ, იულიანე განდგომილმა (361-363), გადაწყვიტა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები. მან იხმო კონსტანტინეპოლის გამგებელი და უბრძანა, დიდმარხვის პირველი კვირიაკის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. წმიდა თეოდორი ტირონი გამოეცხადა მთავარეპისკოპოს ევდოქსის და უბრძანა, ეცნობებინა მართლმადიდებლებისთვის, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და ეჭამათ მხოლოდ კოლიო – თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.
ამ მოვლენის აღსანიშნავდ ეკლესია ყოველწლიურად დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათს წმიდა თეოდორეს ხსენებას დღესასწაულობს და მის პატივსაცემად აკურთხებს კოლიოს მორწმუნეთათვის.
აღმოყვანება ნაწილთა წმიდა მოწამისა მინასი (867-869)
ღირსი თეოდოსი ბულგარელი (+1362) და მოწაფე მისი რომანოზი
წმიდა მოწამე თეოდორე ბიზანტიელი (+1795)
მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX)
წმიდა თეოდორე დაიბადა XVIII სს 70-80-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალებმა უკვე თითქმის დაასრულეს საქართველოს ამ კუთხის ძალად გამუსულმანების პროცესი, თითქმის მთლიანად ამოხოცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც უარი თქვეს მაჰმადიანობის მიღებაზე და დაიწყეს იმ ოჯახების გადასახლება, რომლებიც მიუხედავად მუსულმანური სარწმუნოების გარეგნული აღიარებისა, მაინც საეჭვოდ ითვლებოდნენ დამპყრობლების თვალში. ზოგმა თვითონ დატოვა მშობლიური კუთხე და სულის გადარჩენის მიზნით უცხოობაში არჩია ცხოვრება. ერთ-ერთ ასეთ ოჯახში დაიბადა წმიდა თეოდორეც, ის თვალნათლივ ხედავდა ძალად გამუსულმანებული ქართველი მოსახლეობის მუსულმანური ტრადიციების იძულებით მორჩილებასა და მათ ფარულ ქრისტიანულ ცხოვრებას.
წმიდანის ცხოვრებიდან არ ჩანს, თუ რა მიზეზით აღმოჩნდა მათი ოჯახი ტრაპეზენტში, ან მათმა რამდენმა თაობამ იცხოვრა სამშობლოს გარეთ, ცნობილია, რომ წმიდა თეოდორემ უარი თქვა მუსულმანობაზე. მან მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება და რადგანაც ეს ძალიან საშიში იყო, წმიდა თეოდორემ თავი შეაფარა ქალაქ სმირნაში (იზმირი) არსებულ ერთ-ერთ ქართულ მონასტერს, იქვე აღიკვეცა მონაზვნად და მისი ძმის შვილიც მოაქცია ქრისტიანობაზე. მალე წმიდა თეოდორე ამ მონასტრის პროიღუმენიც გამხდარა.
1822 წელს წმიდა თეოდორემ ათონზე ქართველთა მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. როგორც ცნობილია ამ დროისათვის ოსმალეთი ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი გამოსვლები. ოსმალთა ჯარებით იყო გარშემორტყმული ათონის წმიდა მთაც. სწორედ მათ შეუპყრიათ ათონს მიმავალი ბერი და მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ მოუკლავთ, მოწამის გვამი უსჯულოებს ზღვაში გადაუგდიათ.