გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული
2.03.2024. შაბათი. მსგეფსი.
ნიკოლოზისა, საქართველოს კათოლიკოსისა (ბაგრატიონი, 1591); ლეონ დიდისა, რომის პაპისა (461); აღაპიტო აღმსარებელისა, სვინადელი ეპისკოპოსისა (IV); ფლაბიანე აღმსარებელისა, კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (449-450); ღირსისა პავლე კორინთელისა, ქრისტესთვის სალოს სახელდებულისა (VIII).
დღის ლოცვა
ლეონის – რომის პაპის კონდაკი:
საყდარსა ზედა, დიდებულო, მღვდელობისასა რა დასჯედ, ლომთა სიტყვიერთა პირნი დაუყვენ რწმენითა მიერ ღმრთივმობერილითა სამსახურებელთა სამებისათა და განაბრწყინვე სამწყსო შენი ღმრთისმეცნიერებითა; ამისთვის ადიდე საღმრთო მესაიდუმლე ღმრთისა მადლისა.
დღის საკითხავები
ლიტ. – წმ. – ებრ. 318 დას. 7: 26 – 8: 2. ინ. 36 დას. 10: 9-16.
რიგ. – 2 ტიმ. 295 დას. 3: 1-9. ლკ. 103 დას. 20: 45 _ 21: 4.
ლიტ. – წმ. – ებრ. 7: 26 – 8: 2
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
ლიტ. – წმ. – ინ. 10: 9-16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
რიგ. – 2 ტიმ. 3: 1-9
1. ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი. 2. რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი, 3. კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი, 4. გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა, 5. მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი. 6. სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს; 7. ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას. 8. როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი. 9. მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი.
რიგ. – ლკ. 20: 45 _ 21: 4
45. ხოლო როცა მთელი ხალხი უსმენდა, თავის მოწაფეებს უთხრა: 46. ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც ნებავთ გრძელი მოსასხამებით სიარული და უყვართ საკრებულოებში სალმის ძღვნა, სინაგოგებში – წინა რიგები და წვეულებებზე სუფრის თავში ჯდომა; 47. რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობენ დიდხანს. მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი.
1. გაიხედა და დაინახა მდიდრები, შესაწირავს რომ ყრიდნენ საგანძურში. 2. დაინახა ერთი საწყალი ქვრივიც, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო შიგ, 3. და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო; 4. ვინაიდან ყველამ ჩააგდო ის, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან თავისი სისაწყლით ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა აღაპიტე აღმსარებელი, სანაიდელი ეპისკოპოსი (IV)
როცა იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) წმიდანის დიდი ფიზიკური ძალის შესახებ შეიტყო, ბრძანა, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, სამხედრო სამსახურში გაემწესებინათ იგი.
ლიკინიუსის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს აღაპიტე შეუერთდა წმიდა მოწამეებს: ვიქტორს, დორიტეს, თეოდულეს და აგრიპას, მაგრამ ცოცხალი დარჩა. მტარვალი იმპერატორის სიკვდილის შემდეგ მას მიეცა შესაძლებლობა, თავი დაეღწია არმიაში მსახურებისათვის. მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) შეიტყო, რომ აღაპიტე სასწაულთქმედების ნიჭით იყო დაჯილდოვებული და გაგზავნა მასთან ერთი სნეული მსახური, რომელიც წმიდა აღაპიტემ ლოცვით განკურნა. იმპერატორმა უხვი საბოძვარი აღუთქვა წმიდანს, მან კი ერთადერთი რამ ითხოვა – სამხედრო სამსახურის დატოვებისა და მონასტერში დაბრუნების უფლება. თანხმობის შემდეგ, მან სიხარულით მიაშურა სავანეს.
მალე სინადის ეპისკოპოსმა თავისთან უხმო წმიდა მამას და ხუცესად დაასხა ხელი, მღვდელმთავრის სიკვდილის შემდეგ კი სასულიერო პირებმაც და ერისკაცებმაც მის ნაცვლად ერთხმად აირჩიეს ღირსი აღაპიტე. ახალი ეპისკოპოსი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა. წმიდა მამა მშვიდობით მიიცვალა.
წმიდა ფლაბიანე პატრიარქი (+449-450)
წმიდა ლეონ I, რომის პაპი (+461)
პაპმა ლეონ დიდმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. ის წინასწარ გრძნობდა მოახლოებულ აღსასრულს და მხურვალე ლოცვებითა და ქველისსაქმეებით ემზადებოდა მისთვის.
წმიდა მამა 461 წელს გარდაიცვალა და რომში, ვატიკანის ტაძარში დაკრძალეს. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს 96 ქადაგებას და 143 ეპისტოლეს.