გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
უძღები შვილის კვირიაკე. ხმა VI.
3.03.2024. კვირა. მსგეფსი.
მოციქულისა არქიპოსი 70-თაგანისა (Iს); პირველმოწამეთა ლაზთა: მაქსიმესი თეოდოტისი, ევსუქისი და ასკლიპიდოსი (41); ღირსთა ევგენი და მაკარი აღმსარებელთა, ანტიოქიელ ხუცესთა (363); ღირსისა დოსითეოზ პალესტინელისა, მოწაფისა ღირსისა დოროთესი (VII); ღირსისა რაბულა სამოსატელისა (530).
დღის ლოცვა
მოციქულ არქიპოს (სამოცდაათთაგანის) კონდაკი:
ვითარცა რა მთიები დიდი აქუ შენ ეკლესიასა, არქიპოს, სასწაულთა შენთა შარავანდედითა განათლებული გიხმობს შენ: აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი.
უძღები შვილის კვირა
კონდაკი: მამულსა დიდებასა შენსა განუდეგ უგუნურებით და რომელი იგი მომეც სიმდიდრე, ბოროტთა შინა განვაბნიე, ვინაიცა ხმასა მას უძღებისასა შევსწირავ შენდა: ვცოდე წინაშე შენსა, მამაო მოწყალეო, შემიწყალე მონანული და მყავ მე, ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-6, ინ. 24: 36-53 (დას. 114).
ლიტ.: 1 კორ. 6: 12-20 (დას. 135). ლკ. 15: 11-32 (დას. 79).
ცისკ.: ლკ. 24: 36-53
36. ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა. 37. ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო. 38. მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში? 39. შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს. 40. ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ. 41. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ? 42. და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი. 43. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ. 44. და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში. 45. მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი. 46. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით, 47. და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. 48. ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი. 49. და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით. 50. და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი. 51. კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად. 52. ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს. 53. და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.
ლიტ.: 1 კორ. 6: 12-20
12. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს. 13. საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი ერთსაც შემუსრავს და მეორესაც. სხეული კი არა სიძვისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი – სხეულისათვის. 14. ღმერთმა აღადგინა თვით უფალი, და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით. 15. იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას. 16. ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“. 17. ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად. 18. ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს. 19. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს? 20. რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა.
ლიტ.: ლკ. 15: 11-32
11. მერე თქვა: ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა; 12. უმცროსმა უთხრა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან. და გაუყო მათ თავისი ქონება. 13. ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა. 14. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა. 15. წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი მინდორში გაგზავნა ღორების მწყემსად. 16. ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რქით ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა. 17. გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელადა აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები. 18. ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე. 19. და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე. 20. ადგა და მამამისისაკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე შემოეჭდო და კოცნა დაუწყო. 21. შვილმა უთხრა: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას. 22. ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ უკეთესი სამოსი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით. 23. მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ. 24. რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება. 25. ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო, და როცა შინ მიმავალი მიუახლოვდა სახლს, სიმღერისა და ფერხულის ხმა შემოესმა. 26. მოუხმო ერთ მონათაგანს და ჰკითხა: რა ამბავია? 27. მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი საღ-სალამათი დამიბრუნდაო. 28. ის კი გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და სთხოვა, შემოდიო. 29. მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ, რამდენი წელია გემსახურები, ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, და ან ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა. 30. სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, მთელი თავისი ავლა-დიდება მეძავებს რომ გადააგო, კვებულა ხბო დაუკალი. 31. ხოლო მამამ მიუგო მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია. 32. ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა სამეოცდაათთაგანნი მოციქულნი: არქიფო და ფილიმონი და მოწამე აპფია, მოციქულთასწორი (I)
არქიფო მოციქული ფრიგიის ქალაქ კოლასეს ეპისკოპოსი იყო, ფილიმონი კი იმავე ქალაქის წარჩინებული მოქალაქე. ქრისტიანები მის სახლში იკრიბებოდნენ ღვთისმსახურების აღსასრულებლად. პავლე მოციქულმა მასაც ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მისი მეუღლე, აპფია სახლში მწირებს და დავრდომილებს იფარებდა და სიყვარულით ემსახურებოდა მათ. იგი ერთგულად ედგა მხარში თავის მეუღლეს მოციქულებრივ ღვაწლში.
იმპერატორ ნერონის (54-680 დროინდელ დღევნულობის ჟამს მოციქულები არქიფო, ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია ქრისტიანობის ქადაგებისათვის ქალაქის თავს, არტიკოლისს გადასცეს დასასჯელად, წმიდა არქიფო დანებით მხეცურად დასერეს, ფილიმონი და აპფია კი, მხეცური წამების შემდეგ, წელამდე მიწაში ჩამარხეს და ქვებით ჩაქოლეს.
წმიდა მოწამენი: მაქსიმე, ისიხი, თეოდოტე და ასკილიპიოდოტა (+305-311)
ღირსნი ანტიოქიელნი ხუცესნი, ევგენი და მაკარი აღმსარებელნი (+363)
ღირსი რაბულა, მოწაფე აბბა დოროთესი (+დაახლ. 530)
ახალი სავანე წარმართი მოსახლეობით იყო გარემოცული, მაგრამ აქ, მოსაგრე მამების ძალისხმევით, ისინი თანდათან ქრისტეს სჯულზე მოექცნენ. ზენონის მემკვიდრის, ანასტასის (491-518) ზეობისას, ღირსი რაბულა კონსტანტინეპოლში გადავიდა. მან იმპერატორისაგან კვლავ მიიღო ფულადი დახმარება და კიდევ რამდენიმე მონასტერი ააშენა სხვადასხვა მხარეში. ღირსმა მამამ მთელი ცხოვრება დაუზარებელ მოღვაწეობაში გალია. იგი გამოირჩეოდა თავმდაბლობით, გულმოწყალებითა და კეთილმოსურნეობით, ამასთან, დიდი მლოცველიც იყო. წმიდანმა 80 წლის ასაკს მიაღწია. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, დაახლოებით 530 წელს, ღირსმა რაბულამ უფალს შეჰვედრა სული.
ღირსი კონონი, პენტიკულის იღუმენი (+დაახლ. 555)
ერთხელ სპარსეთიდან მოსანათლად მოვიდა მომხიბლავი ასული, ღირს კონონს ვნება მოეძალა, ვერ შეძლო ნათლისღების საიდუმლოს ჩატარება. მოსაგრემ გადაწყვიტა, დაეტოვებინა სავანე, მაგრამ გზად კვლავ გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი და უთხრა: „დაბრუნდი შენს მონასტერში, მე დაგეხმარები ცდუნებათაგან განთავისუფლებაში“. ღირსი კონონი შეეცადა შეპასუხებოდა, ეუბნებოდა, ადრეც ხომ იგივე აღმიქვიო. მაშინ წმიდა იოანემ ჯვარი გადასახა მოსაგრეს და თქვა: „ჯილდოვდები ვნებებთან ბრძოლისათვის“. მან ურჩია კონონს სავანეს დაბრუნებოდა და არაფერში დაეჭვებულიყო. წმიდა მამა დაემორჩილა უფლის წინამორბედს და დაუბრკოლებლად მონათლა სპარსი ასული. ამის შემდეგ წმიდა მოსაგრემ კიდევ 20 წელი იცხოვრა სავანეში და 555 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.