9.03.2024. ხორციელის შაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

ხორციელის შაბათი

9.03.2024. ხსნილი. 

ტარასი კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა, რომელმან პატიოსანთა ხატთა თაყვანისცემა იქადაგა (806); მოწამისს ალექსანდრესიი„ რომელი ეწამა თრაკიის დრიზიპარში (III-IV); მღვდელმოწამისა რიგინისა, სკოპელოსელ ეპისკოპოსისა; მღვდელმოწამისა მარკელე კვიპრელ ეპისკოპოსისა; მოწამისა აბდალმესია ჰურიისა.

მიცვალებულთა ხსენება. 

დღის ლოცვა 

ტარასი, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსის კონდაკი: 

მართლმადიდებლობისა მოძღურებითა ეკლესია განაბრწყინვე და ქრისტეს პატიოსნისა ხატისა გამოწერა გამოაჩინე, სანატრელო, და თაყვანისცემაი მისი ყოველთა უქადაგე, და განაქიქენ უღმრთონი ხატთა მბრძოლნი მწვალებელნი; ამისთვის გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ჰოი, მამაო ბრძენო ტარასი.

მიცვალებულთა ხსენება

წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: 1 კორ. 10: 23-28 (დას. 146). ლკ. 21: 8-9, 25-27, 33-36 (დას. 105).
მიცვ.: 1 თეს. 4: 13-17 (დას. 270). ინ. 5: 24-30 (დას. 16). 

ლიტ.: 1 კორ. 10: 23-28 

23. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს. 24. ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს. 25. ყველაფერი, რაც საყასბოში იყიდება, ჭამეთ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო. 26. რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი. 27. თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო. 28. მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.

ლიტ.: ლკ. 21: 8-9, 25-27, 33-36 

8. ხოლო მან თქვა: ფხიზლად იყავით, რათა არ შეცდეთ; ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარ; და: მოახლოვდა ჟამი; ნუ შეუდგებით მათ კვალს. 9. როდესაც გაიგებთ ომებისა და აშლილობების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე როდი დადგება აღსასრული. 

25. და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე – ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა. 26. შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი. 27. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლით მომავალს დიადი ძალითა და დიდებით. 

33. ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. 34. ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ. 35. რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ. 36. მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.

მიცვ.: 1 თეს. 4: 13-17 

13. მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება. 14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად. 15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ. 16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. 17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.

მიცვ.:  ინ. 5: 24-30 

24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. 25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. 26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში. 27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე. 28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. 29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი – აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა. 30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

მიცვალებულთა ხსენება

მიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.

ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ

(წმინდა ავგუსტინეს მიხედვით)

სიკვდილი არა არის რა.

მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.

მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ.

რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, ისევ ვართ საუკუნოდ.

ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს.

ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია.

ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი.

ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს.

გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა.

ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე.

ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა,

ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე.

სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა.

იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა.

რად გგონივარ შენს ფიქრთა გარეთ?

იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ?

მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ…

ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის…

ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ.

თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი.

თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო!..

თუ ძალგიძს, იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი,

ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!..

თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას,

რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!..

როგორ! თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი,

წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე?

გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა,

როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისათვის ცნობილ და ღვთისაგან დადგენილ დღეს,

შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო,

იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ,

კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას ჰპოვებ,

ოღონდ უფრო განწმენდილს.

შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ. 

წმიდა ტარასი დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. იგი კონსტანტინეპოლში დაიბადა და აღიზარდა, განათლებაც იქვე მიიღო. ღრმად განსწავლული ჭაბუკი მალე დაწინაურდა კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და მისი დედის, დედოფალ ირინეს (797-82, ხს. 7 აგვისტოს) კარზე და სენატორის ხარისხს მიაღწია. იმ ხანებში ეკლესიურ ცხოვრებას აშფოთებდა ხატმებრძოლთა ერესი. წმიდა პატრიარქი პავლე (780-784: ხს. 30 აგვისტოს) მწვალებლებს არ თანაუგრძნობდა, მაგრამ მერყევი ხასიათის გამო მათ წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღებასაც ვერ ახერხებდა, ამიტომ ნებით გადადგა ტახტიდან, მონასტერს მიაშურა და სქემა შეიმოსა. როცა ყოფილი პატრიარქი დედოფალმა ელენემ მოინახულა ძესთან ერთად, პავლემ განაცხადა, ჩემი ერთადერთი ღირსეული მემკვიდრე ტარასიაო. ტარასი, იმ დროს ჯერ კიდევ ერისკაცი, დიდხანს უარობდა, რადგან ასეთი მაღალი ხარისხისთვის თავი უღირსად მიაჩნდა, მაგრამ ბოლოს დაჰყვა მვედრებელთა ნებას ერთი პირობით – ხატმბრძოლობის ერესის დასაგმობად მსოფლიო კრება უნდა მოწვეულიყო. წმიდანმა მოკლე ხანში გაიარა იერარქიის ყველა საფეხური და 784 წელს პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდა. 787 წელს ტარასის თავმჯდომარეობით ქ. ნიკეაში გაიმართა VII მსოფლიო კრება, რომელსაც 367 ეპისკოპოსი ესწრებოდა. კრების მამებმა დაამტკიცეს წმიდა ხატების თაყვანისცემის წესი. ის მღვდელმთავრები, რომლებმაც მოინანიეს ხატმბრძოლობა, ეკლესიამ კვლავ მიიღო თავის წიაღში.
წმიდა ტარასი 22 წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. იგი მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა; მთელი ქონება საქველმოქმედო საქმეებს გადააგო: ზრდიდა და განუსვენებდა მოხუცებს, გლახაკებს, ობლებსა და ქვრივებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მათთვის ტრაპეზს აწყობდა, რომელზეც თვითონ მსახურობდა. წმიდა პატრიარქმა უშიშრად ამხილა იმპერატორი კონსტანტინე, როცა მან ცილი დასწამა თავის მეუღლეს მარიამს იმ მიზნით, რომ მონასტერში გამოეკეტა იგი, თვითონ კი ხორციელ ნათესავზე დაქორწინებულიყო. წმიდა ტარასიმ მტკიცე უარი განაცხადა იმპერატორის განქორწინებაზე, რის გამოც მისი საშინელი რისხვა დაატყდა თავს, მაგრამ მალე კონსტანტინე დედამისმა, ირინემ ჩამოაგდო ტახტიდან. მღვდელმთავარი ტარასი გარდაიცვალა 806 წელს. აღსასრულის ჟამს ეშმაკები მიეახლნენ წმიდანს, ახსენებდნენ მთელს ცხოვრებას სიყრმიდან მოყოლებული და ცდილობდნენ, ისეთი ცოდვებიც მიეწერათ მისთვის, რომლებიც არასოდეს ჩაედინა. „ცილსა მსწამებთ, თქვენ არანაირი ძალაუფლება არა გაქვთ ჩემზე!“ – შერისხა ბოროტი სულები ღირსმა მამამ და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. სამწყსო მხურვალე ცრემლებით დასტიროდა საყვარელ მღვდელმთავარს. მის საფლავთან მრავალი კურნება აღესრულა.