გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
ხორციელის კვირიაკე. საშინელი სამსჯავროს ხსნეება. ხმა VII.
10.03.2024. ხსნილი.
პორფირისა, ღაზელი მთავარეპისკოპოსისა (420); მოწამეთა: ანატოლიასი, ფოტოსი, ფოტიდასი, პარასკევასი, კირიაკიასი, დომნინასი და სებასტიანესი (54-68); ახალმოწამისა იოანე კალფასი, კონსტანტინეპოლელისა (16095).
ხორცთა აკრება.
დღის ლოცვა
მღდელობისა წესითა შემკობილ იქმენ და სამღდელონი სამკაულნი შეიმოსენ, ყოვლადსანატრელო ღმრთივგანბრძნობილო პორფირი, და კურნებისა სიმაღლითა განშუენდი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ხორციელის კვირა, საშინელი სამსჯავროს ხსენება
კონდაკი: რაჟამს მოხვიდე ღმერთი დიდებით ქუეყანასა ზედა, მაშინ შეძრწუნდნენ ყოველი დაბადებულნი, მდინარე ცეცხლისა სდიოდეს მსაჯულისა წინაშე და საშინელად ოხვრიდეს, წიგნნი განეხვნენ და და დაფარულნი გამოსცხადნენ, მაშინ მიხსენ მე ცეცხლისა მისგან უშრეტისა და ღირს მყავ მარჯვენით დადგომად შენდა, მსაჯულო სიმართლისაო.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-7. ინ. 20: 1-10 (დას. 63).
ლიტ.: 1 კორ. 8: 8 – 9: 2 (დას. 140). მთ. 25: 31-46 (დას. 106)
ცისკ.: ინ. 20: 1-10
1. ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი. 2. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს. 3. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს. 4. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან. 5. დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა. 6. მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა. 7. ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ. 8. მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა. 9. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. 10. და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ.
ლიტ.: 1 კორ. 8: 8 – 9: 2
8. მაგრამ საჭმელი როდი გვაახლოებს ღმერთთან, რადგანაც ჭამით არაფერი გვემატება და უჭმელობითაც არა გვაკლდება რა. 9. მაინც სიფრთხილე გმართებთ, რათა ეგ თქვენი თავისუფლება საცთური არ შეიქნეს უძლურთათვის. 10. რადგან თუ ვინმე დაგინახავს, რომ შენ, რომელსაც გაქვს ცოდნა, საკერპოში ინახად ზიხარ, განა მისი უძლური სინიდისი არ განაწყობს კერპთშეწირულობის ჭამად? 11. და შენი ცოდნით წარწყმდება შენი უძლური ძმა, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. 12. ასე რომ, თუ ამნაირად შესცოდავთ ძმათა მიმართ და მოსწყლავთ მათ უძლურ სინიდისს, ქრისტეს მიმართაც სცოდავთ. 13. ამიტომაც თუ საჭმელი აცთუნებს ჩემს ძმას, აღარასოდეს შევჭამ ხორცს, რათა არ ვაცთუნო იგი.
1. არა ვარ მოციქული? არა ვარ თავისუფალი? არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? და არც თქვენ ხართ ჩემი ნაღვაწი უფალში? 2. სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში.
ლიტ.: მთ. 25: 31-46
31. და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. 32. შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. 33. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს – მარცხნივ. 34. მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. 35. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; 36. შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. 37. მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? 38. როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? 39. როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? 40. მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. 41. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. 42. რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; 43. უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ. 44. მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? 45. მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ. 46. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამენი: სებასტიანე და ქრისტოდულე (+დაახლ. 66)
წმიდა პორფირე ღაზელი მთავარეპისკოპოსი (+420)
395 წელს გარდაიცვალა ქალაქ ღაზის (პალესტინა) ეპისკოპოსი. ადგილობრივი ქრისტიანები კესარიაში მივიდნენ მიტროპოლიტ იოანესთან და სთხოვეს, ისეთი ეპისკოპოსი დაედგინა მათთვის, რომელიც შეძლებდა წინ აღდგომოდა მომძლავრებულ წარმართებს. უფლის შთაგონებით მიტროპოლიტმა იერუსალიმელ ხუცესს პორფირეს მოუწოდა. კრძალვით და შიშით მიიღო წმიდანმა მღვდელმთავრის ხარისხი, თაყვანი სცა ცხოველმყოფელ ძელს და ახალი მორჩილების აღსასრულებლად გაეშურა. ღაზში მას დახვდა სამი ქრისტიანული ეკლესია უამრავი წარმართული სამსხვეპლოსა და კერპის გარემოცვაში. ამ დროს ქალაქში საშინელი გვალვა იყო. ქურუმები მსხვერპლს სწირავდნენ ბომონებს, მაგრამ უბედურებას ბოლო არ უჩანდა. პორფირემ ქრისტიანებს მარხვისკენ მოუწოდა, მწუხრის ლოცვა აღასრულა, შემდეგ კი ლიტანიით შემოუარა მთელ ქალაქს. უეცრად ცა მოიქუფრა, იჭექა და ხშირმა წვიმამ დაუშვა. ამ სასწაულის მხილველმა უსჯულოებმა ადიდეს ჭეშმარიტი ღმერთი. იმ დღეებში ორასზე მეტი კერპთაყვანისმცემელი მოინათლა.
მიუხედავად ამისა, წარმართები განაგრძობდნენ ქრისტიანთა შევიწროებას: თანამდებობიდან ანთავისუფლებდნენ მათ, გადასახადებს უმძიმებდნენ. მღვდელმთავარი პორფირე და მიტროპოლიტი იოანე კონსტანტინეპოლში გაემგზავრნენ, რომ იმპერატორისთვის შეწევნა ეთხოვათ. აქ მათ დახვდათ წმიდა მამა იოანე ოქროპირი.
იოანე და პორფირე დედოფალ ევდოქსიას წარუდგინეს, რომელიც მაშინ ორსულად იყო. „იზრუნე ჩვენზე, – უთხრეს მას ეპისკოპოსებმა, – და უფალი გამოგიგზავნის ძეს, რომელიც შენსავე სიცოცხლეში გამეფდება“. მართლაც, წმიდა მამების ლოცვით, იმპერატორს მემკვიდრე შეეძინა. ამის შემდგომ, 401 წელს გამოვიდა იმპერატორის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ღაზაში წარმართული სამსხვერპლოები უნდა დაემსხვრიათ და ქრისტიანებს პრივილეგიები მინიჭებოდათ. გარდა ამისა, დედოფალმა მღვდელმთავრებს სახსრებიც გამოუყო ქალაქში ახალი ტაძრის ასაშენებლად.
მღვდელმთავარმა პორფირემ სრულიად განამტკიცა ქრისტიანობა ღაზაში. ღირსი მამა 420 წელს გარდაიცვალა, ღრმა მოხუცებულობაში.
წმიდა მოწამე იოანე კალფა (+1575)
წმიდა იოანე ქრისტიანული გულმოწყალებით გამოირჩეოდა: ზრუნავდა ობლებზე, ტუსაღებზე, ბევრი მიმართავდა მას შემწეობის თხოვნით. ერთხელ ერთმა დიდებულმა სთხოვა წმიდანს, მოწაფედ აეყვანა მისი ძმისწული. იოანეც დათანხმდა და მალე ჭაბუკმა მისი შემწეობით სასახლეში საპატიო თანამდებობა დაიკავა. ერთხელ, ყოფილი მოწაფე შეხვდა თავის ოსტატს და, სხვათა შორის, ჰკითხა, – „რა არისო ნათქვამი ქრისტიანულ წიგნებში „წინასწარმეტყველ“ მუჰამედის შესახებ“? წმიდანს არ უნდოდა პასუხი გაეცა, მაგრამ ჭაბუკმა დაიჟინა და იოანემაც განუმარტა მას მაჰმადიანური სარწმუნოების სიცრუე და უსაფუძვლობა, ისლამის ერთგულმა მსახურმა თანამორწმუნეებს აცნობა, რომ ხუროთმოძღვარმა ჰგმო მაჰმადი. იოანე შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს, მაგრამ წმიდანმა გაბედულად აღიარა მართლმადიდებლური სარწმუნოება. ნეტარი მარტვილი წამების შემდეგ კატორღაში გააგზავნეს, სადაც 6 თვე ქანცგაწყვეტამდე ამუშავებდნენ, შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს და გვემეს, ბოლოს კი, 1575 წლის 26 თებერვალს, იგი სავაჭრო მოედანზე გადაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. წმიდა იოანეს ღვაწლი აღწერა კონსტანტინეპოლის პატრიარქის იკონომოსმა ანდრიამ, რომელმაც აზიარა იგი საპყრობილეში წმიდა საიდუმლოს.