28.03.2024. დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ხუთშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. 28.03.2024

ხუთშაბათი. მარხვა 

მოწამისა აგაპი ღაზელისა და მის თანა შვიდთა მოწამეთა: პუპლისა, ტიმოლასი, რომილესი, ორთა ალექსანდრეთა და ორთა დიონისეთა (303); მღვდელმოწამისა ალექსანდრე სიდელი ხუცისა (270-275); მოწამისა ნიკანდრესი (302); მოციქულისა არისტობულე ბრიტანელ ეპისკოპოსისა (I); მოწამეთა: ფილექტიმონისა, გორდიანე-გრიგორისა და ცოლისა მისისა ანატოლიასი და შვილთა მათთა: ქალწულისა თეოდოსიასი და სებასტიანე-მარიანესი, რუსიანესი და მარჩბივთა შვილთა მისთა, მცველისა დიოსი და მისთანა რვათა მესაპყრობილეთა მცველთა, სხელიქისა და მისთანა ორთა კერპის ხელოვანთა, ათენოგენესი, მარინასი და ყრმისა მისისა ფილექტიმონისა (238-244). 

დღის საკითხავები 

VI ჟამზე: ეს. 6: 1-12.
მწუხრზე: დაბ. 5: 1-24. იგავ. 6: 3-20. 

VI ჟამზე: ეს. 6: 1-12 

1. მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. 2. თავთით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ. 3. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება! 4. შეიძრა ზღურბლთა საძირკვლები ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი. 5. ვიფიქრე: ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს. 6. მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი და ხელში სამსხვერპლოდან აღებული მუგუზალი ეჭირა მაშით. 7. ბაგეზე შემახო და მითხრა: აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა. 8. მომესმა ხმა მეუფისა, რომელიც ამბობდა, ვინ მივავლინო და ვინ გაგვეგზავნება? ვთქვი: აჰა, მიმავლინე. 9. თქვა: წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. 10. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს. 11. ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება. 12. გადახვეწავს ადამიანებს უფალი და დიდი უდაბურება დასადგურდება ქვეყანაში.

მწუხრზე: დაბ. 5: 1-24 

1. ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი; 2. მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს. 3. ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი. 4. შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი. 5. სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა. 6. იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შვა ენოში. 7. იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი. 8. სრული ხანი შეთისა იყო ცხრაას თორმეტი წელი, და მოკვდა. 9. იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი. 10. იცოცხლა ენოშმა კაინანის  დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი. 11. სრული ხანი ენოშისა იყო ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა. 12. იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი და შვა მაჰალალეელი. 13. იცოცხლა კაინანმა მაჰალალეელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი და შვა ძენი და ასულნი. 14. სრული ხანი კაინანისა იყო ცხრაას ათი წელი, და მოკვდა. 15. იცოცხლა მაჰალალეელმა სამოცდახუთი წელი და შვა იარედი. 16. იცოცხლა მაჰალალეელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი. 17. სრული ხანი მაჰალალეელისა იყო რვაას ოთხმოდათხუთმეტი წელი, და მოკვდა. 18. იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი. 19. იცოცხლა იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი. 20. სრული ხანი იარედისა იყო ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა. 21. იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი. 22. დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი. 23. სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი. 24. დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა.

მწუხრზე: იგავ. 6: 3-20 

3. ამ დროს ასე მოიქეცი, შვილო, და იხსენი თავი, რადგან შენი ახლობელის ხელში ხარ ჩავარდნილი. მიდი, თავი შეაცოდე შენს ახლობელს და შეევედრე. 4. თვალებს ძილს ნუ მისცემ და წამწამებს – თვლემას. 5. იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან. 6. მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე. 7. არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი. 8. ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას. 9. როდემდე უნდა გეძინოს, მცონარავ? როდის გაიღვიძებ ძილისგან? 10. მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად. 11. ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით – შენი გაჭირვება. 12. უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის. 13. თვალებს ჭუტავს, ფეხებით ლაპარაკობს, თითებით ასწავლის; 14. ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს. 15. ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად განადგურდება და არავინ იქნება მხსნელი. 16. აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში: 17. ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები, 18. ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, 19. ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი. 20. დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრე ეწამა ქრისტესთვის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. წმიდანი მმართველმა ანტონიონმა დაკითხა, შემდეგ კი სასტიკად აწამა. ღვთისგან სასწაულებრივად დაცულმა ალექსანდრემ უდრტვინელად აიტანა ტკივილი. შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს.
ანტონიონი მსაჯულის სავარძლიდან წამოდგომისთანავე ეშმაკეულ იქმნა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული. 
წმიდა მოწამე ნიკანდრი ეგვიპტეში ეწამა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს. ის მკურნალი იყო ქრისტიანთა დევნის დროს საპყრობილეებში აკითხავდა აღმსარებლებს და ეხმარებოდა მათ.
ერთხელ ნიკანდრიმ ნახა ქრისტიანთა გვამები, რომლებიც მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად და ღამით წავიდა მათ დასამარხავად. ის შეამჩნიეს, დაიჭირეს და სასტიკად აწამეს: ცოცხლად გააძვრეს ტყავი , შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. 
წმიდა მოწამე აღაპი და მასთან შვიდი მოწამე ეწამნენ დიოკლეტიანეს დროს პალესტინის კესარიაში. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე ქრისტიანები, რომლებმაც კერპებს მსხვერპლი არ შესწირეს, საჯაროდ აწამეს. წმიდა ტიმოთე (ხს. 19 აგვისტოს) კოცონზე დაწვეს, წმიდა აღაპი და თეკლე (ხს. 19 აგვისტოს) კი – მხეცებს დააგლეჯინეს. ხალხის ბრბოში მდგარმა ყრმებმა: პუბლიმ, ტიმოლაისმა, ალექსანდრემ, სხვა ალექსანდრემ, დიონისემ და დიასპოლის ეკლესიის იპოდიაკონმა რომილემ გადაწყვიტეს საჯაროდ ეღიარებინათ ქრისტე და თავი დაედოთ სარწმუნოებისათვის. მათ ხელები შეიკრეს და წარუდგნენ იქაურ მმართველს, ურბანს. ურბანი ამაოდ ეცადა გადაეთქმევინებინა ახალგაზრდებისათვის თავიანთი გადაწყვეტილება. წმიდა აღმსარებლები საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც უკვე იმყოფებოდა ორი ქრისტიანი: აღაპი და მისი მსახური დიონისე. წმიდანები სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. 
წმიდა მოწამე მანუელ კრიტელი ბავშვობაში ტყვედ წაიყვანეს თურქებმა და გაამაჰმადიანეს. როცა გაიზარდა, კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. Aამისათვის 1792 წელს კუნძულ ხიოსზე თავი მოჰკვეთეს.