გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
დიდი მარხვის მე-2 კვირიაკე. ხმა II.
31.03.2024
გრიგოლ პალამასი, თესალონიკელ მთავარეპისკოპოსისა (დაახ. 1360); კირილე იერუსალიმელ პატრიარქისა (386); მოწამეთა ტროფიმესი და ევკარპისა (300); ღირსისა ანინე მონაზონისა.
დღის ლოცვა
კირილე იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსის კონდაკი:
ღმრთივსულიერითა ენითა შენითა, ბრძენო, განანათლენ ერნი შენნი და ერთი პატივი სამებისა, ბუნებით განუყოფელისა, ხოლო პირებით განყოფილისა, ასწავე; ამისთვის მოხარულნი ყოვლადწმიდასა სახსენებელსა შენსა ვდღესასწაულობთ და ყოველნი ღმრთისა მიმართ შენ მიგავლენთ მეოხად.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-10, ინ. 21: 1-14 (დას. 66).
ლიტ.: ებრ 1: 10 – 2: 3 (დას. 304). მკ. 2: 1-12 (დას. 7).
მღ.მთ.: ებრ. 7: 26 – 8: 2 (დას. 318). ინ. 10: 9-16 (დას. 36).
ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.
ცისკ.: ინ. 21: 1-14
1. შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე გამოეცხადა მათ: 2. ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე. 3. უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს: ჩვენც წამოგყვებით. წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს. 4. ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო. 5. უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ? მიუგეს: არა. 6. და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო. 7. ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს უთხრა: ეს უფალია! სიმონ-პეტრემ კი, როცა გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი შემოიხვია, რადგანაც შიშველი იყო, და ზღვაში გადახტა. 8. დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს იყვნენ ნაპირთან, ასე, ორასი წყრთის მანძილზე, და გამოათრიეს თევზით სავსე ბადე. 9. ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური. 10. უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ. 11. წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე. 12. უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. 13. მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც. 14. ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა.
ლიტ.: ებრ 1: 10 – 2: 3
10. და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი. 11. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი. 12. სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“. 13. რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ მტრებს“? 14. განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?
1. ამიტომაც გვმართებს მეტი ყურადღება იმისადმი, რაც გვესმის, თუკი არ გვინდა, რომ გზას ავცდეთ. 2. ვინაიდან თუ ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო და ყოველი შეცოდება თუ ურჩობა იღებდა კუთვნილ სასჯელს, 3. ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, თავდაპირველად რომ გვიქადაგა უფალმა და მსმენელთა მეშვეობით დამკვიდრდა ჩვენში,
ლიტ.: მკ. 2: 1-12
1. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევიდა კაპერნაუმში; და გავარდა ხმა: შინ არისო. 2. და მაშინვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც აღარ დარჩა ადგილი; და ეუბნებოდა მათ სიტყვას. 3. მოვიდნენ და მოჰგვარეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა. 4. და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შესძლეს მასთან მისვლა, სახურავი ახადეს სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და ჭერიდან ჩაუშვეს სარეცელი, რომელზედაც დავრდომილი იწვა. 5. მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. 6. იჯდა იქ ზოგიერთი მწიგნობარი და გულში ამბობდა: 7. ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს: ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის – ღმერთისა? 8. ხოლო იესომ მყისვე შეიცნო სულით, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: რად ფიქრობთ მაგას თქვენს გულში? 9. რა უფრო ადვილია: ამისი თქმა დამბლადაცემულის მიმართ: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი? 10. მაგრამ რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალი შესწევს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა, – უთხრა დავრდომილს: 11. შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. 12. ისიც მაშინვე აღდგა, აიღო თავისი სარეცელი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ, უკვირდა ყველას, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: არასოდეს ამგვარი რამ არ გვინახავსო.
მღ.მთ.: ებრ. 7: 26 – 8: 2
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
მღ.მთ.: ინ. 10: 9-16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამენი ტროფიმე და ევკარპი (+დაახლ. 300)
წმიდა კირილე იერუსალიმელი (+386)
351 წლის სულთმოფენობის დღეს იერუსალიმში ღვთიური გამოცხადება მოხდა: ცაზე გამოჩნდა ბრწყინვალე ჯვარი, რომელიც გოლგოთიდან ელეონის მთამდე იყო განრთხმული. კირილემ ამ გამოცხადების შესახებ შეატყობინა არიანელ იმპერატორ კონსტანცის (351-363) და ეცადა მის მოქცევას მართლმადიდებლობაზე.
სარდეს კრების მიერ გადაყენებულმა ერეტიკოსმა, კესარიის ყოფილმა მიტროპოლიტმა აკაკიმ გადაწყვიტა, იმპერატორის შემწეობით განედევნა წმიდა კირილე. როცა იერუსალიმში შიმშილობა დაიწყო, კირილემ მთელი თავისი ქონება გაჭირვებულებს დაურიგა, შემდეგ კი საეკლესიო ნივთების გაყიდვა დაიწყო მოშიმშილეთა დასახმარებლად წმიდა კირილეს მტრებმა ხმა გაავრცელეს, თითქოს ქალაქში ნახეს მღვდელმთავრის შესამოსელში გახვეული მოცეკვავე ქალი. ამ ცილისწამების გამო ერეტიკოსებმა წმიდა კირილე იერუსალიმიდან განდევნეს.
მღვდელმთავარმა ტარსუსში ეპისკოპოს სილოვანს შეაფარა თავი. ამის შემდეგ სელევკიაში შეიკრიბა ადგილობრივი კრება, რომელსაც 150 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყო წმიდა კირილეც. მართალია, მიტროპოლიტ აკაკის არ უნდოდა მისი დაშვება, მაგრამ კრება არ დაეთანხმა. მაშინ აკაკიმ თვითონ დატოვა კრება და კირილე იმპერატორისა და არიანელ პატრიარქ ევდოქსის წინაშე დააბეზღა. იმპერატორმა მღვდელმთავრი გაასახლა.
იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (361-363), ვითომ ღვთისმოსაობის გამო, შეცვალა კონსტანცის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მართლმადიდებელთა წინააღმდეგ იყო მიმართული. წმიდა კირილე თავის სამწყსოს დაუბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა იულიანე ტახტზე განმტკიცდა, აშკარად უარყო ქრისტე. მან ებრაელებს ნება დართო, აღედგინათ რომაელთაგან დარბეული იერუსალიმის ტაძარი და ამისათვის სახელმწიფო ხაზინიდან თანხაც გაიღო. წმიდა კირილე ქადაგებდა, რომ მაცხოვრის სიტყვა ტაძრის დარღვევის შესახებ (ლკ. 21,6) ახდება და იულიანეს მკრეხელური ჩანაფიქრი არ განხორციელდება. ერთხელ ღამით ისეთი მიწისძვრა მოხდა, რომ სოლომონის ტაძრის დარჩენილი ნაშთებიც კი დაინგრა, ახლად აგებული მტვრად და ნაცრად იქცა. როცა იუდეველებმა მაინც გააგრძელეს მშენებლობა, ციდან ცეცხლი გარდამოხდა და სამუშაო იარაღები შემუსრა. საზარელმა შიშმა მოიცვა ყველა. მეორე ღამეს იუდეველთა ტანსაცმელზე გამოისახა ჯვრები, რომლებიც ვერაფრით მოაშორეს.
ამ ღვთიური გამოცხადების შემდეგ წმინდა კირილე კვლავ განდევნეს. იერუსალიმის კათედრა დაიკავა წმიდა კირიაკმა, რომელიც მალე მოწამეობრივად აღესრულა (+363, ხს. 28 ოქტომბერს).
იმპერატორ იულიანეს დაღუპვის შემდეგ წმიდა კირილე კვლავ დაუბრუნდა კათედრას, მაგრამ იმპერატორ ვალენტის (364-378) მეფობის დროს მესამედ იქნა გადასახლებული. მხოლოდ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) დროს დაუბრუნდა წმიდა კირილე სამღვდელმთავრო მოღვაწეობას. 381 წელს წმიდა კირილე მონაწილეობა მიიღო II მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელმაც დაგმო მაკედონიუსის ერესი და ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო დაამტკიცა.
წმიდა კირილეს თხზულებებიდან განსაკუთრებით ცნობილია 23 სწავლება და ორი საუბარი სახარებისეულ თემებზე: „განღრვეულისათვის“ და „წყლის ღვინოდ გადაქცევისათვის კანას გალილეაში“.
წმიდა კირილე გარდაიცვალა 386 წელს.
ღირსი ანინე ხუცესი
წმიდა ანინეს ყოველდღე შორიდან მოჰქონდა სასმელი წყალი. ერთხელ ის დროზე ადრე დაბრუნდა სავსე ჭურჭლით, რადგან ანგელოზმა სასწაულებრივ გაუვსო დოქები. ბერი მაიუმი მიხვდა, რომ მისმა მოწაფემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და სთხოვა, მისი მოძღვარი გამხდარიყო. ანინემ სიმდაბლის გამო უარი განაცხადა. ამის შემდეგ ბერი მაიუმი მონასტერში დაბრუნდა, ანინე კი უდაბნოში დარჩა.
მოუკლებელი ლოცვისა და მუდმივი შრომისათვის ანინე უფლისაგან კურნებისა და წინასწარხედვის ნიჭით დაჯილდოვდა. მას ემსახურებოდა და ყველგან თან დაჰყვებოდა ორი ლომი. ანინეს სასწაულების ამბავი გახმიანდა. მასთან მოდიოდნენ ავადმყოფები და ბოროტი სულით შეპყრობილები. რამდენიმე ქრისტიანი უდაბნოში დარჩა და დაემოწაფა წმიდანს. ერთხელ ანინესთან წყურვილით გათანგული ადამიანები მოვიდნენ და წყალი სთხოვეს. ღვთის ნებას მინდობილმა ანინემ ერთ-ერთი მოწაფე დამშრალი ჭისკენ გაგზავნა. სასწაულებრივად ჭა პირამდე გაივსო და რამდენიმე დღე ეყო ანინესა და მის მოწაფეებს. როცა ჭა დაცარიელდა, ანინემ ვერ გაბედა, კვლავ ეთხოვა უფლისთვის სასწაულის ქმნა, და ღამ-ღამობით ევფრატიდან დაიწყო წყლის ზიდვა. ნეოკესარიის ეპისკოპოსი პატრიკი ხშირად ნახულობდა ღირს მამას და პრესვიტერადაც დაასხა ხელი. როცა გაიგო ანინეს ღვაწლის შესახებ, ორჯერ აჩუქა მას ვირები წყლის მოსატანად, მაგრამ ღირსმა მამამ ისინი ღარიბებს დაურიგა. მაშინ ეპისკოპოსმა ბრძანა, გაეთხარათ დიდი ჭა და დროდადრო შეევსოთ წყლით.
წმიდა ანინემ ღვთიური გამოცხადებით გაიგო, რომ შორს მოღვაწე ვინმე მესვეტე ბერს უნდოდა სვეტიდან ჩამოსვლა და სასამართლოზე დასმენა ავაზაკისა, რომელმაც ის ქვით დაასახიჩრა. ღირსმა მამამ წერილი მისწერა მესვეტეს და ურჩია, გადაეფიქრებინა განზრახვა.
ერთხელ კეთილმსახური ქალი დაავადდა და ღირს ანინესთან წავიდა დახმარების სათხოვნელად. გზაში ავაზაკი შემოხვდა და რაკი ფული ვერ უპოვა, გადაწყვიტა, ძალა ეხმარა მასზე. ქალმა მეოხად წმიდა ანინეს უხმო. „წმიდაო ანინე, შემეწიე მე!“ ავაზაკს შიშის ზარი დაეცა და უკუდგა. ქალმა ღირს მამას მოუთხრო ყოველივე და კურნებაც მიიღო. მონანული ავაზაკიც მივიდა წმიდა ანინესთან, მოინათლა და ბერად აღიკვეცა.
110 წლის წმიდა ანინემ თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა და მემკვიდრე იღუმენიც აირჩია.
სიკვდილის წინ წმიდანი ხილვაში გამოცხადებულ მოსეს და აარონს ესაუბრებოდა, შემდეგ კი მიისვენა სიტყვებით: „უფალო, მიიღე სული ჩემი“.