1.04.2024. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. ორშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის მე-3 შვიდეული 

1.04.2024

მოწამეთა ქრისანთესი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა: კლავდი ტრიბუნისა, მეუღლისა მისისა ილარიასი, და ძეთა მათთა იასონისა და მავრისა, დიოდორე ხუცისა და მარიანე დიაკონისა (283); მოწამისა პანქარესი (302). 

დღის საკითხავები 

VI ჟამზე: ეს. 8: 13-9: 7.
მწუხრზე:
დაბ. 6: 9-22. იგავ. 8: 1-21. 

VI ჟამზე: ეს. 8: 13-9: 7 

13. მოსწყვიტა ისრაელს უფალმა თავი და კუდი, რტოები და ღერო ერთ დღეს. 14. მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგმოძღვარი კი – კუდი. 15. ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან. 16. ამიტომაც თავის ჭაბუკებზე არ ხარობს უფალი და ქვრივ-ობლებს არ იბრალებს, რადგან ყველანი უკეთურნი და ბოროტეულნი არიან, და ყოველი პირი სიბილწეს ლაპარაკობს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი. 17. რადგან აღიგზნო ბოროტება, როგორც ცეცხლი, ძეძვისა და ნარ-ეკლის შემჭმელი, აბრიალდება უსიერ ტევრში და აღიმართება კვამლის სვეტები. 18. ცაბაოთ უფლის რისხვისაგან დაბნელდება მიწა და ხალხი ცეცხლის კერძი შეიქნება, ერთი მეორეს არ დაინდობს. 19. მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას. 20. მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს, ორივენი ერთად იუდას ესხმის. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი. 

1. ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა. 2. შენ გაამრავლე ხალხი, გაუზარდე მას სიხარული; მხიარულობდნენ შენ წინაშე, როგორც მკის დროს იციან სიხარული, როგორც ხარობენ ნადავლის გაყოფისას. 3. რადგან შენ დალეწე მისი კირთების უღელი, და მისი ბეჭების კეტი – მისი დამჩაგვრელის კვერთხი, როგორც მიდიანის დღეს. 4. რადგან ყოველი ხამლი, ბრძოლაში ნატარები, და სამოსელი, სისხლში ნათრევი, დასაწვავი იქნება, როგორც ცეცხლის კერძი. 5. რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი. 6. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას. 7. სიტყვა მოუვლინა უფალმა იაკობს და გარდამოვიდა ისრაელზე.

მწუხრზე: დაბ. 6: 9-22 

9. ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე. 10. შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი. 11. წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. 12. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. 13. უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ. 14. გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე. 15. ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით – ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით – ოცდაათი წყრთა; 16. სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე. 17. აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს. 18. შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები. 19. ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს. 20. ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ. 21. წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა; მოიმარაგე და საჭმელად გქონდეთ შენც და მათაც. 22. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა.

მწუხრზე: იგავ. 8: 1-21 

1. განა სიბრძნე არ მოუწოდებს? განა გონიერება არ გამოსცემს ხმას? 2. მაღალ მწვერვალებზე, გზასთან არის, გზათა შესაყარზე დგას იგი; 3. კარიბჭეებთან, ქალაქის პირთან, ღია კარებში მღერის იგი: 4. თქვენ მოგიხმობთ, კაცნო ჩემი ხმა ადამის ძეთ მიმართავს. 5. შეიგნეთ, ბრიყვებო, საზრიანობა, შეიგნეთ, სუსგონო, გონიერება. 6. მისმინეთ, რადგან საგულისხმოს ვიტყვი. სიმართლის სათქმელად გაიხსნება ჩემი ბაგეები; 7. ვინაიდან ჭეშმარიტებას გააცხადებს ჩემი ენა და სიბილწეა ჩემი ბაგეებისთვის უკეთურება. 8. ჩემი პირის ყოველი სიტყვა მართალია და მზაკვრობა და ცბიერება არ არის მათში; 9. ყოველი მათგანი სანდოა გამგებისთვის და ყველა სწორია ცოდნის მპოვნელთათვის. 10. მიიღეთ ჩემი შეგონება და არა ვერცხლი, ცოდნა მეტია ხალას ოქროზე; 11. რადგან სიბრძნე უკეთესია ძვირფას თვლებზე და ვერცერთი სანატრელი საგანი ვერ შეედრება მას. 12. მე, სიბრძნე, დავანებული ვარ შეგნებაში და ფიქრების ცოდნა მოვიპოვე. 13. უფლის მოშიშებას სძულს ბოროტება; მძულს მე ქედმაღლობა, ამპარტავნობა, ბოროტი გზა და ღალატიანი პირი. 14. ჩემია თათბირი და საღი აზრი; მე ვარ გონიერება, ჩემია ძალა; 15. ჩემით მეფობენ მეფენი და ჩემით აწესებენ სამართალს მთავარნი; 16. ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი – ქვეყნის ყველა მსაჯული. 17. მიყვარს ჩემი მოყვარულნი და მიპოვნიან ჩემი მძებნელნი; 18. ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე. 19. ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან. 20. სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით დავიარები. 21. რათა დავამდიდრო ჩემი მოყვარულნი და ავუვსო საგანძურები. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი. წმიდა ქრისანთო წარმართული ოჯახიდან იყო. მან კარგი განათლება მიიღო, ქრისტეს შესახებ კი პირველად ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი წარმართი ავტორებისაგან შეიტყო. ახალგაზრდა ქრისანთოს გაუჩნდა სურვილი, თავად წაეკითხა ქრისტიანთა ნაწერები. წმიდა წერილმა სული გაუნათა გონიერ ყმაწვილს. მან მოძებნა დევნულობის გამო დამალული პრესვიტერი კარპოფორი და ნათელიღო. ამის შემდეგ ქრისანთომ აშკარად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება. მამა ყოველნაირად ცდილობდა შვილის მობრუნებას წარმართობისაკენ და დააქორწინა ათენა-პალადას ქურუმზე, დარიაზე, მაგრამ წმიდანმა ცოლიც მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ქალწულებრივი ცხოვრება გადაწყვიტა. მამის გარდაცვალების შემდეგ ისინი ცალ-ცალკე სახლებში დასახლდნენ, ახალმოქცეული ქრისტიანები შემოიკრიბეს და მოძღვრავდნენ მათ.
თანაქალაქელებმა ეპარქ კარელინთან იჩივლეს, რომ წმიდა ქრისანთო და დარია უქორწინებლობას ქადაგებდნენ. წმიდა ქრისანთო ტრიბუნ კლავდის გადაეცა საწამებლად.
ტანჯვამ ვერ მოდრიკა ახალგაზრდა მოწამის სიმტკიცე. მისი გამძლეობით გაოგნებულმა ტრიბუნმა კლავდიმ ცოლთან, შვილებთან და მთელ სახლეულთან ერთად ნათელ-იღო. როდესაც ეს ამბავი იმპერატორმა ნუმერმიანემ (283-284) შეიტყო, ახალმოქცეულთა მოკვდინება ბრძანა. მოწამე კლავდი ტრიბუნი ზღვაში დაახრჩვეს, მის შვილებსა და მეომრებს კი თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა მოწამეთა ცხედრები გამოქვაბულში დაფლეს. კლავდის მეუღლე, წმიდა ილარია გამუდმებით დადიოდა საფლავზე და ლოცულობდა. მისი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ წარმართებს და ისიც სიკვდილით დასაჯეს. მოსამსახურემ წმიდა ილარია შვილების გვერდით დაასაფლავა.
წმიდა დარია წარმართებმა საროსკიპოში შეადგეს, მაგრამ მას მფარველად მოევლინა ღვთისაგან გამოგზავნილი ლომი, რომელიც არავის აკარებდა წმიდანს. წმიდა დარია ქრისტეს სჯულს ქადაგებდა და ჭეშმარიტების გზაზე აყენებდა ირგვლივ მყოფთ.
წმიდა ქრისანთო ჩააგდეს ორმოში, სადაც მთელი ქალაქის უწმინდურება ჩაედინებოდა. მის თავზე ზეციური ნათელი დადგა, მყრალი ორმო კი კეთილსურნელებით აივსო.
იმპერატორმა ნუმერმიანემ ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ წმიდა ქრისანთო და დარია. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ მოწამენი ცოცხლად დამარხეს.
წმიდათა წამების შემდეგ ქრისტიანები ახლომდებარე გამოქვაბულში იკრიბებოდნენ, ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ. როდესაც წარმართებმა ეს გაიგეს, მლოცველებით სავსე გამოქვაბულის შესასვლელი ამოქოლეს. ასეთ წამებაში აღესრულა მრავალი ქრისტიანი. მათგან ორის სახელია ცნობილი. ესენია: დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი. 
წმიდა მოწამე პანქარი იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) სასახლის კარის წარჩინებული მოხელე იყო. მან უარყო ქრისტე და წარმართობა მიიღო.
დედამ და დამ განდგომილს გაუგზავნეს წერილი, სადაც უფლის სამსჯავროს შეახსენებდნენ და მოუწოდებდნენ, მოენანიებინა. პანქარიმ იმპერატორ მაქსიმიანეს წინაშე საჯაროდ აღიარა ქრისტე, რისთვისაც ჯერ რომში აწამეს, შემდეგ კი ნიკომიდიაში გაგზავნეს და თავი მოჰკვეთეს.