2.04.2024. დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. სამშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის მე-3 შვიდეული 

2.04.2024 

ღირსმოწამეთა: იოანესი, სერგისა, პატრიკისა და სხვათა, რომელნი წმიდა საბას ლავრაში მოისრნენ (796); მოწამისა ფოტინე სამარიტელისა, ძეთა მისთა მოწამეთა: ბიქტორისა, ფოტინად წოდებულისა, და იოსიასი; მოწამეთა: ანატოლიასი, ფოტოსი, ფოტიდასი, პარასკევასი, კირიაკიასი„ დომნინასი და სებასტიანესი (66); მოწამეთა: ალექსანდრასი, კლავდიასი, ევფრასიასი, მატრონასი, იულიანასი, ეფემიასი და თეოდოსიასი (310); ნიკიტა აღმსარებელისა, აპოლონიადელ მთავარეპის კოპოსისა (813-820) იოანე ურჰაელი კათოლიკოზისა (VIII). 

დღის ლოცვა 

ღირსთა მამათა, რომელნი წმიდა საბას ლავრაში მოისრნენ სარკინოზთაგან

კონდაკი: ქუეყანისა და ხორცთა ფუფუნებაი უგულებელს-ჰყავთ ცხადად, ყოვლადსანატრელნო, და უდაბნოსა ცხორებაი აღირჩიეთ, ხოლო სოფლისა შუენიერებაი და საზრდელი საწუთოსა მოიძულეთ, ვინაცა ღირს-იქმნენით ზეცისა სასუფეველსა, და გუნდსა თანა მოწამეთა დამმარხველთასა იხარებთ; ამისთვისცა პატივისმცემელნი ხსენებისა თქუენისანი გიგალობთ თქუენ წადიერად და ვიტყვით: გვიხსნენით ჩუენ ჭირთაგან, წმიდანო მოწამენო. 

დღის საკითხავები 

VI ჟამზე: ეს. 9: 9-10: 4. 
მწუხრზე:
დაბ. 7: 1-5. იგავ. 8: 32 – 9: 11. 

VI ჟამზე: ეს. 9: 9, 10: 4 

9. აგურები ჩამოცვენილია, თლილი ქვებით დავიწყებთ შენებასო; ლეღვსულელი გახეხილია, კედარით შევცვლითო. 10. აუმხედრებს მას უფალი რეცინის მტრებს და ააგულიანებს მის დუშმანებს. 11. არამი აღმოსავლეთით და ფილისტიმელი დასავლეთით – და პირაშკმით ჭამენ ისრაელს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღებულია მისი ხელი. 12. ხალხი არ მიქცეულა თავისი მგვემელისკენ და ცაბაოთ უფალს არ ეძიებს. 13. მოსწყვიტა ისრაელს უფალმა თავი და კუდი, რტოები და ღერო ერთ დღეს. 14. მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგმოძღვარი კი – კუდი. 15. ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან. 16. ამიტომაც თავის ჭაბუკებზე არ ხარობს უფალი და ქვრივ-ობლებს არ იბრალებს, რადგან ყველანი უკეთურნი და ბოროტეულნი არიან, და ყოველი პირი სიბილწეს ლაპარაკობს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი. 17. რადგან აღიგზნო ბოროტება, როგორც ცეცხლი, ძეძვისა და ნარ-ეკლის შემჭმელი, აბრიალდება უსიერ ტევრში და აღიმართება კვამლის სვეტები. 18. ცაბაოთ უფლის რისხვისაგან დაბნელდება მიწა და ხალხი ცეცხლის კერძი შეიქნება, ერთი მეორეს არ დაინდობს. 19. მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას. 20. მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს, ორივენი ერთად იუდას ესხმის. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი. 

1. ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრისმდებელთ, 2. სამართლისგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს, ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ! 3. რას იზამთ განკითხვისა და დაქცევის დღეს, შორიდან რომ მოდის? ვისთან გაიქცევით შეწევნისთვის და თქვენს დიდებას სად დატოვებთ? 4. ვინ სად ჩაიჩოქებს ტყვეთა შორის, ვინ სად დაეცემა დახოცილთა შორის! მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.

მწუხრზე: დაბ. 7: 1-5. იგავ. 8: 32 – 9: 11 

1. უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში. 2. ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან – ორ-ორი, მამალი და დედალი. 3. ცის ფრინველისგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე. 4. რადგან შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია. 5. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა. 

იგავ. 8: 32 – 9: 11
32. ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ! 33. მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ. 34. ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს. 35. ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან მადლს მოიხვეჭს. 36. ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს მოძულეს, სიკვდილი უყვარს. 

1. სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა. 2. დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა, 3. გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან: 4. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა: 5. მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო. 6. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ. 7. ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი – შეურაცხყოფას; 8. ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს; 9. მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს. 10. უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება. 11. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე (დაახლ. 66). წმიდა მოწამე ფოტინე იყო ის სამარიტელი დედაკაცი, რომელთანაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე საუბრობდა იაკობის წყაროსთან (ინ. 4,5-42). იმპერატორ ნერონის დროს (54-68) წმიდა ფოტინე ცხოვრობდა კართაგენში უმცროს ვაჟთან, იოსიასთან ერთად და უშიშრად ქადაგებდა ქრისტიანობას. უფროსი ვაჟი ბიქტორი რომაელთა ლაშქარში იბრძოდა ბარბაროსთა წინააღმდეგ. განსაკუთრებული სიმამაცისათვის ბიქტორი მხედარმთავრად დანიშნეს ქალაქ ატალიაში (მცირე აზია)
როცა ქალაქის მმართველმა სებასტიანემ შეიტყო, რომ წმიდა ბიქტორი ქრისტიანი იყო, ურჩია მას, იმპერატორის ნებას დამორჩილებოდა, დედასა და ძმას კი საჯაროდ ქადაგება შეეწყვიტათ. წმიდა ბიქტორმა უთხრა: „დედაჩემისა და ჩემი ძმის მსგავსად მეც მინდა საჯაროდ ვაღიარო ქრისტე“. სებასტიანემ კვლავ გააფრთხილა უშიშარი ქრისტიანი: „ამის გამო უბედურება მოგელისო“, მაგრამ ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მწვავე ტკივილმა დაუარა თვალებში, სახე შეეცვალა და დამუნჯდა.
სამი დღე იწვა ქალაქის თავი დაბრმავებული და დამუნჯებული. მეოთხე დღეს ხმამაღლა წარმოთქვა: „მხოლოდ ქრისტეს რწმენაა ჭეშმარიტი“, გვერდით მყოფ ბიქტორს უთხრა: „ქრისტე მიხმობს“. პირჯვარი გადაისახა და თვალიც აეხილა. სასწაულის მხილველმა სებასტიანეს მსახურებმა ბატონის მსგავსად პირჯვარი გადაისახეს.
მომხდარის შესახებ ნერონს ეუწყა. მან ბრძანა, ქრისტიანები რომში ჩაეყვანათ. მაშინ თვით მაცხოვარი გამოეცხადა აღმსარებლებს და უთხრა: „მე ვიქნები თქვენთან და ნერონიც და მისი მსახურნიც ძლეულნი იქმნებიან, შემდეგ წმიდა ბიქტორს მიმართა: „დღეიდან შენი სახელია ფოტინი – ნათელსხივოსანი, რამეთუ მრავალნი გაანათლო“, წმიდა სებასტიანეც გაამხნევა: „ნეტარ არს, რომელმან დაითმინოს სრულიად“. ღვთის მიერ მომავალგანცხადებული ფოტინე რამდენიმე ქრისტიანთან ერთად კართაგენიდან რომში გაემგზავრა, რათა აღმსარებლებს შეერთებოდა.
რომში იმპერატორმა თავისთან მოიხმო წმიდანები და დაკითხა. ყველა აღმსარებელმა უარი განაცხადა ქრისტეს უარყოფაზე. ნერონმა ბრძანა, წმიდანებისთვის თითები მოეჭრათ. წამების დროს აღმსარებლებს ტკივილები არ უგვრძვნიათ, ფოტინეს ხელები კი უვნებელი დარჩა. ნერონის ბრძანებით სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას თვალები დათხარეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ფოტინე დებთან: ანატოლიასთან, ფოტოსთან, ფოტიდასთან, პარასკევასთან და კირიაკიასთან ერთად იმპერატორის სასახლეში გაგზავნეს ნერონის ასულის, დომნინას მეთვალყურეობის ქვეშ. წმიდა ფოტინემ ქრისტეს სჯულზე მოაქცია დომნინა და მისი მხევლები, მოაქცია აგრეთვე მოგვი, რომელმაც მოწამლული ღვინო მოუტანა აღმსარებლებს. გავიდა სამი წელი. ნერონმა მსახური გაგზავნა სატუსაღოში და შეიტყო, რომ მის მიერ დაბრმავებული წმიდანები, აწ უკვე სასაწაულებრივად თვალახელილნი, ისევ უშიშრად ქადაგებდნენ ქრისტეს, ხალხიც ბლომად მიდიოდა მათთან და საპყრობილე ლამის მონასტრად ქცეულიყო. იმპერატორმა ბრძანა, ჯვარზე გაეკრათ წმიდანები და სამი დღის განმავლობაში ეცემათ. მეოთხე დღეს, წამების ადგილზე მისული ნერონის მსახურები დაბრმავდნენ. უფლის ანგელოზმა მოწამენი გაანთავისუფლა და განკურნა. წმიდანები შეევედრენ უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა წარმართებისათვის. განკურნებულმა ირწმუნეს ქრისტეს ყოვლისშემძლეობა და მოინათლნენ.
გამძვინარებულმა ნერონმა ბრძანა, ტყავი გაეძროთ წმიდა ფოტინესათვის და ჭაში ჩაეგდოთ. წმიდა სებასტიანეს, ფოტინეს და იოსიას წვივები დააჭრეს, ძაღლებს მიუგდეს, შემდეგ კი ტყავი გააძვრეს. საშინლად აწამეს წმიდა ფოტინეს დებიც. ნერონმა ბრძანა, მათთვის მკერდი დაეჭრათ, შემდეგ კი ტყავი გაეძროთ. წმიდა ფოტიდა ფეხებით მიაბეს ორი დადრეკილი ხის წვეროებს და შუაში გაგლიჯეს. დანარჩენებს თავი მოჰკვეთეს. წმიდა ფოტიდა ჭიდან ამოიყვანეს და ოცი დღით ჩაამწყვდიეს საპყრობილეში.
ამის შემდეგ ნერონმა თავისთან მოიხმო წმიდანი და ურჩია დამორჩილებოდა და კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირა. წმიდა ფოტიდამ შენერწყვა იმპერატორს და უთხრა: „უსჯულო, ბრმაო, უგნურო და გონდაკარგულო! ნუთუ იფიქრე, რომ უარვყოფ მეუფე ქრისტეს და მსხვერპლს შევწირავ შენსავით ბრმა კერპებს?“ ნერონმა კვლავ ჭაში ჩააგდებინა წმიდანი, სადაც აღესრულა კიდეც. 
წმიდა ქალწულმოწამენი: ალექსანდრა, ევფრასია, კლავდი, მატრონა, იულიანა, ეფემია და თეოდორა მაქსიმიანე გალერიუსის (305- 311) დროს შეიპყრეს ქალაქ ამასიაში (შავი ზღვის ნაპირას). დაკითხვაზე მათ უშიშრად აღიარეს ქრისტე, რისთვისაც სასტიკად აწამეს. ქალწულმოწამენი სასტიკად სცემეს, მკერდი მოაჭრეს, ალესილი კავებით დაუსერეს სხეული, ბოლოს კი ცოცხლად დაწვეს გახურებულ ღუმელში. 
ღირსი მამანი, წმიდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი. VIII საუკუნეში იერუსალიმის შემოგარენს ხშირად ესხმოდნენ თავს სარკინოზები. მუდმივი თარეშის შემდეგ დაინგრა და გაუდაბურდა წმიდა ხარიტონის მონასტერი. უსჯულოები ორჯერ შეეცადნენ დაერბიათ წმიდა საბა განწმენდილის ლავრა, მაგრამ ღმერთი იფარავდა სავანეს. ლავრის ბერებს შეეძლოთ იერუსალიმისათვის შეეფარებინათ თავი, მაგრამ ვერ დატოვეს ადგილი, სადაც წლების განმავლობაში განიწმინდეს სული და შეიგრძნეს უფლის მადლი.
დიდმარხვის დასასრულს, ბზობის წინა დღეს, 13 მარტს, სარკინოზები შეიჭრნენ მონასტერში და სავანის მთელი საგანძური მოითხოვეს. ბერებმა უპასუხეს, რომ ტაძარში არ იყო არაფერი, გარდა მწირი საკვებისა და ძონძებისა. მძარცველებმა მამები ისრებით განგმირეს. ოცდაათი მამა გარდაიცვალა, მრავალი დაჭრა, ცეცხლის ალი ავარდა სენაკების თავზე. მომხვდურებს ტაძრის დაწვაც უნდოდათ, მაგრამ შეეშინდათ მოახლოებული ხალხისა, მონასტერი გაძარცვეს და გაიქცნენ.
20 მარტს, დიდ ხუთშაბათს, სარკინოზთა რაზმი კვლავ დაესხა თავს ლავრას. სიკვდილს გადარჩენილი ბერები ეკლესიაში შეყარეს და საგანძურის გამოტანა მისთხოვეს, ახალგაზრდა ბერი იოანე შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ ხელებზე და ფეხებზე ძარღვები დააჭრეს და კლდიდან გადააგდეს.
ეკლესიის მეჭურჭლემ, ღირსმა სერგიმ წმიდა ნივთები გადამალა და შეეცადა გაქცეულიყო, მაგრამ სარკინოზებმა შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. რამდენიმე ბერმა მოახერხა გამოქვაბულში დამალვა, მაგრამ შეამჩნიეს და უბრძანეს, გამოსულიყვნენ. ღირსი პატრაკი გამოვიდა და სარკინოზებს უთხრა, რომ მარტო იმალებოდა. წმიდა მამის ლავრის ეკლესიაში მიიყვანეს, სადაც სხვა ძმებიც იყვნენ დამწყვდეული.
სარკინოზებმა 4000 ოქრო და საეკლესიო ჭურჭელი მოითხოვეს გამოსასყიდლად, მაგრამ ბერებს ასეთი თანხის გაღება არ შეეძლოთ. უსჯულოებმა წმიდა მამები შერეკეს გამოქვაბულში და კვამლით გამოგუდეს. გამოქვაბულში დაიღუპა 18 მამა.
უფალმა დასაჯა ლავრის მძარცველი ბარბაროსები. ისინი მოულოდნელმა ავადმყოფობამ იმსხვერპლა. 
წმიდა ნიკიტა აღმსარებელი, აპოლონიის მთავარეპისკოპოსი, ღვთისმოსავი და მოწყალე მღვდელმთავარი, გამოირჩეოდა წმიდა წერილის ღრმა ცოდნით. ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) დროს მტკიცედ იცავდა ხატმთაყვანისმცებლობას, რისთვისაც გადაასახლეს. გარდაიცვალა გადასახლებაში.