გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
დიდი მარხვის მე-3 შვიდეული
4.04.2024. ხუთშაბათი
მღვდელმოწამისა ბასილი ანკვირელ ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117); ღირსისა ისააკ დალმატელისა (IV).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე ბასილი ანკვირის ეკლესიის ხუცის კონდაკი:
ცხორებაი სჯულიერი აღასრულე და სარწმუნოებაი დაიმარხე, მღვდელმოწამეო ბასილი; ამისთვისცა წამებისა გვირგვინსა ღირს-იქმენ და გამოსჩნდი ეკლესიისა სუეტად შეურყეველად, ძე მამისა თანა დაუსაბამოდ, და სული აღიარე სამებით განუყოფელად, რომელსა ევედრე, რაითა გვიხსნეს განსაცდელთაგან პატივისმცემელნი შენნი, რაითა გიღაღადებდეთ: გიხაროდენ, ბასილი ღმრთივგანბრძნობილო.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 11: 10-12: 2.
მწუხრზე: დაბ. 7: 11-8: 3. იგავ. 10: 1-22.
VI ჟამზე: ეს. 11: 10-12: 2
10. იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი. 11. იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს. 12. დროშას აღუმართავს ხალხებს, შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას. 13. გაქარწყლდება ეფრემის შური და იუდას მტრები აღარ იქნებიან, ეფრემს აღარ შეშურდება იუდასი და იუდა აღარ უმტრობს ეფრემს. 14. მხარდამხარ გაფრინდებიან ფილისტიმელთაკენ დასავლეთით, ერთად გაძარცვავენ აღმოსავლეთლებს, ხელს დაადებენ ედომს და მოაბს, და ყამონელნი მათი მორჩილნი გახდებიან. 15. ამოაშრობს უფალი ეგვიპტის ზღვის სრუტეს, ხელს აღმართავს მდინარეზე თავის ქარტეხილში, შვიდ ტოტად განწვალავს მას, რომ ფეხშემოსილმა გადაიაროს. 16. გამოუჩნდება გზა-სავალი მისი ერის ნატამალს, რომელიც აშურს გადაურჩება, როგორც გამოუჩნდა ისრაელს, როცა ეგვიპტიდან ამოდიოდა.
1. შენ იტყვი იმ დღეს: გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე. 2. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
მწუხრზე: დაბ. 7: 11-8: 3
11. ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, – ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები. 12. აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე. 13. სწორედ ამ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი – ნოეს შვილები და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი შვილების სამი ცოლი. 14. ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი. 15. შევიდა ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა. 16. მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის; და დაუგმანა მათ კარი უფალმა. 17. ორმოც დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადიდდა წყალი და ასწია კიდობანი, მოექცა იგი მიწის ზემოთ. 18. გაძლიერდა წყალი და მეტისმეტად ადიდდა ქვეყნად, და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე. 19. მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში. 20. თხუთმეტი წყრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ და დაიფარა მთები. 21. მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი. 22. ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა. 23. აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე – ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი. 24. მატულობდა წყალი დედამიწაზე ას ორმოცდაათი დღე.
1. გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი. 2. დაიგმანენ უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები, და შეწყდა წვიმა. 3. თანდათან მიიქცეოდა წყალი მიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.
მწუხრზე: იგავ. 10: 1-22
1. იგავნი სოლომონისა. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია. 2. ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის. 3. უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა სიხარბეს უკუაგდებს. 4. ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს. 5. ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია. 6. მართლის თავზე კურთხევაა, ხოლო ბოროტეულთა პირი ძალადობით არის სავსე. 7. კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება. 8. გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგებრიყვი დაიღუპება. 9. უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება. 10. თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება. 11. მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირი კი ძალადობით არის სავსე. 12. სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს. 13. გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი. 14. ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან. 15. მდიდრის ქონება მისი ციხე-ქალაქია, ხოლო ღარიბთა დამღუპველი – მათი სიღატაკე. 16. მართლის შრომა სასიცოცხლოდ არის, ხოლო ბოროტეულთა მონახვეჭი ცოდვაა. 17. შეგონების დამმარხველი სიცოცხლის გზას ადგას, დარიგების უკუმგდებელი გზააბნეული დაეხეტება. 18. სიძულვილის დამფარველს ცრუ ბაგეები აქვს, ჭორის გამავრცელებელი კი სულელია. 19. ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია. 20. მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულთა გული კი ნამცეცის ოდენაა. 21. მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, ბრიყვები კი თავიანთი უჭკუობით იხოცებიან. 22. უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და მწუხარება არ ეწევა მას.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე დროსიდა – ტრაიანე მეფის ასული (+104-117)
ადრიანემ იმპერატორს ურჩია, სამფეხები გადაედნოთ, ქალწულმოწამეთა მსგავსი შიშველი ქალის ძეგლი ჩამოესხათ და აბანოს შესასვლელთან დაედგათ. როდესაც ძეგლები აღმართეს, იმპერატორმა ძილში იხილა სამოთხეში მობალახე ხუთი კრავი და მწყემსი, რომელმაც უთხრა: „უსჯულოო და უწმიდურო მეფეო! კეთილმა და მოწყალე მწყემსმა წარგგვარა შენს მიერ შეურაცხყოფილთა სულები და დააწესა იქ, სადაც მოვა წმიდა კრავი დროსიდა, ასული შენი“. გამძვინვარებული ტრაიანეს ბრძანებით გაახურეს ორი უზარმაზარი ღუმელი და იქვე ჩამოჰკიდეს იმპერატორის ბრძანება: „გალილეველნო, ჯვარცმულის თაყვანისმცემელნო, თავი აარიდეთ აუტანელ წამებას, ჩვენ კი აგვარიდეთ შრომას – მსხვერპლი შესწირეთ ღმერთებს, თუ ეს არ ძალგიძთ, ნებაყოფლობით შედით ღუმელში“. ბევრი ქრისტიანი საკუთარი სურვილით ეწამა ქრისტესთვის.
წმიდა დროსიდამაც გადაწყვიტა, ქრისტესთვის შეეწირა თავი და უფალს შეევედრა, შეუმჩნევლად გაეყვანა საპყრობილიდან. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება: დარაჯებს ჩაეძინათ. მოუნათლავი ასული მდინარისაკენ გაეშურა, სამჯერ ჩაეფლო წყალში და ნათელიღო. შვიდი დღე იმალებოდა წმიდანი, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. წმიდა ქალწული ქრისტიანებმა იპოვეს და მისი მონათხრობიდან გაიგეს ყოველივე. მერვე დღეს წმიდა მოწამე დროსიდა საკუთარი ნებით შევიდა გახურებულ ღუმელში და უფალს შეჰვედრა სული.
წმიდა ისააკ მონაზონი (+383)
მალე წმიდანის წინასწარმეტყველება ახდა: იმპერატორმა არიანელ მხედართმთავართან ერთად ისლით დახურულ ქოხს შეაფარა თავი და შიგ დაიწვა. ვალენტინის გარდაცვალების შემდეგ ღირსი ისააკი გაანთავისუფლეს და დიდ პატივს მიაგებდნენ. როცა ტახტზე ავიდა წმიდა თეოდოსი დიდი (+379-395) სატურნინისა და ბიქტორის რჩევით აღასრულა: კონსტანტინეპოლიდან განდევნა არიანელები და მართლმადიდებლებს ტაძრები დაუბრუნა. ღირს ისააკს სურდა, უდაბნოს დაბრუნებოდა, მაგრამ სატურნინმა და ბიქტორმა სთხოვეს, დარჩენილიყო ქალაქში და ლოცვით დაეფარა იგი. კონსტანტინეპოლის გარეუბანში წმიდა მამას საცხოვრებელი აუშენეს, სადაც ბერები შეიკრიბნენ. ასე შეიქმნა სავანე, რომლის იღუმენი და სულიერი მოძღვარი გახდა ღირსი ისააკი. ღრმა სიბერეს მიღწეულმა ისააკმა იღუმენად აკურთხა ღირსი დალმატი.
ღირსი ისააკი გარდაიცვალა 383 წელს.
წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი (+662)
როდესაც ქალაქ ანკვირიაში ჩავიდა იმპერატორი იულიანე განდგომილი (+361-363), წმიდა ბასილიმ სამსჯავროზე უშიშრად აღიარა ქრისტე, იმპერატორი კი ამხილა განდგომილებაში. იულიანეს ბრძანებით, წმიდა ბასილის ზურგზე ტყავი ააძვრეს. წმიდანმა უდრტვინველად აიტანა საშინელი ტკივილები. შემდეგ წმიდა მამას გახურებული შანთებით დაუწყეს წამება; წმიდა ბასილი მიწაზე დაემხო და ხმამაღლა აღმოხდა: „ნათელო ჩემო, ქრისტეო! სასოებაო ჩემო, იესო! მყუდრო ნავთსაყუდელო დევნულთაო! მშვიდობით შეივედრე ჯოჯოხეთიდან წარმოტყვევნილი, აწ უკვე შენი აღმსარებლის სული. მოწყალე არს და დიდებულ ნება შენი!“ ლოცვის დამთავრებისთანავე გახურებული შანთებით დასახიჩრებულმა წმიდანმა სული უფალს მიაბარა. წმიდა ბასილი გარდაიცვალა 362 წლის 29 ივნისს. პეტრე-პავლობის დღესასწაულის გამო მისი ხსენება დაწესებულია 22 მარტს.