გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
დიდი მარხვის მე-3 შვიდეული
6.04.2024. შაბათი
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების წინადღესასწაული. ღირსისა ზაქარია მონოზონისა; მღვდელმთავრისა არტემიოსისა სელევკიის ეპისკოპოსისა (I-II); ღირსისა იაკობ აღმსარებელისა (VIII-IX).
დღის ლოცვა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების წინადღესასწაული
ტროპარი: დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამი წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს, რამეთუ აჰა ესერა გაბრიელ მოვალს, მტვირთველი ქალწულისა ხარებისა, და მისა მიმართ ხმობს: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
კონდაკი: დასაბამი იგი ცხორებისა ჩუენ ქვეყანისათა ყოველთა შენ ხარ, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ მსახური ღმრთისა ზეცით მოივლინა წინა წარდგომად შენდა, რომელ არს დიდი იგი წესთმთავარი გაბრიელ, და ხარება სახარულევანი მოგართვა შენ; ამისთვისცა ყოველნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
მიცვალებულთა ხსენება
წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, საუკუნითგან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა. არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
დღის საკითხავები
ლიტ. – ებრ. 325 დას. 10: 32-38. მკ. 8 დას. 2: 14-17.
ლიტ. – ებრ. 10: 32-38
32. გაიხსენეთ უწინდელი დღენი, როცა განათლდით და დაითმინეთ ვნებათა დიადი ღვაწლი; 33. როცა თქვენივე ურვითა და უბედურებით ან სხვების სასეიროდ იყავით ქცეულნი, ანდა სხვებს თანაუგრძნობდით, თქვენსავე დღეში ჩაცვენილთ. 34. ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში. 35. მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის. 36. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული. 37. ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი. 38. მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული.
ლიტ. – მკ. 2: 14-17
14. გზად მიმავაღმა დაინახა ლევი ალფესი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა მას, გამომყევიო: ისიც ადგა და გაჰყვა. 15. ხოლო როცა ინახად იჯდა მის სახლში, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსა და მის მოწაფეებთან ერთად, ვინაიდან მრავალნი იყვნენ და მისდევდნენ მას. 16. როცა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაინახეს, რომ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად? 17. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)