გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
დიდი მარხვის მე-3 კვირიაკე. ჯვრის თაყვანისცემისა. ხმა III.
7.04.2024. კვირა
ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადისქალწულისა მარიამისა.
ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.
ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56 (დას. 4).
მწუხრზე: ხარებისა: 1) გამ. 3: 1-8. 2) იგავ. 8: 22-30. 3) დაბ. 49: 33; 50: 1-26. 4) ეზეკ. 43: 27-44: 4. 5) იგავ. 9: 1-11.
ლიტ.: ხარებისა: ებრ. 2: 11-18 (დას. 306).: ლკ. 1: 24-38 (დას. 3).
რიგ.: ებრ. 4: 14-5: 6 (დას. 311). მკ. 8: 34-9: 1 (დას. 37).
ხსნილია თევზით.
დღის ლოცვა
ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
ტროპარი: დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს, და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოისა გამოცხადებაი, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების, და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩუენცა ხმა-მაღლად უღაღადოთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.
კონდაკი: ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
ჯვრის თაყვანისცემა
ტროპარი: აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
კონდაკი: არღარა სცავს ედემისა ბჭეთა მახვილი მოტყინარე, არამედ მიჰრიდა ჯუარსა შენსა, ხოლო ძელმან ჯუარისა შენისამან, მხსნელო, სიკუდილი მოკლა და ჯოჯოხეთი შეფქვა, რომლითა მიხვედ მათდა და ეტყოდი: მკვიდრნო ქუესკნელისანო, აღმოგვალედ კუალად სასუფეველად.
დღის საკითხავები
გარდამავალია, ხსენება აღესრულება დიდმარხვის მე-3 კვირიაკეს.
შენიშვნა: ცისკარზე დიდებამაღალიანის შემდგომ – ჯვრის გამოსენება საკურთხევლიდან და თაყვანისცემა.
ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56
39. ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდას ქალაქს. 40. შევიდა ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. 41. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი. 42. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! 43. ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? 44. ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. 45. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ. 46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს, 47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო. 48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა; 49. რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი.
56. სამი თვე დაჰყო მარიამმა ელისაბედთან და წავიდა თავის სახლში.
მწუხრზე: ხარებისა: 1) გამ. 3: 1-8. 2) იგავ. 8: 22-30. 3) დაბ. 49: 33; 50: 1-26. 4) ეზეკ. 43: 27-44: 4. 5) იგავ. 9: 1-11
1) 1. მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს, ცხვარს. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს. 2. გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი. 3. თქვა მოსემ: მივალ და ვნახავ ამ დიდებულ სანახავს, რატომ არ იწვის მაყვლოვანი. 4. დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა ღმერთმა შუაგულ მაყვლოვანიდან: მოსე! მოსე! მიუგო: აქა ვარ. 5. უთხრა: ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა. 6. უთხრა: მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა. 7. თქვა უფალმა: ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი. რაკი გავიგე მისი გასაჭირი, 8. ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში.
2) 22. უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; 23. უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან. 24. როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო; 25. მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; 26. როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი; 27. როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა, 28. როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა, 29. როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა, 30. მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი,
3) 33. გაუსრულა იაკობმა ანდერძი შვილებს და აკრიბა ფეხები სარეცელზე; აღესრულა და შეერთო თავის ერს.
1. გადაემხო იოსები მამას, დასტიროდა და ჰკოცნიდა. 2. უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ მამამისი. და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი. 3. გავიდა ორმოცი დღე და გასრულდა დაბალზამების ხანი; დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათ დღეს. 4. როცა გაიარა გლოვის დღეებმა, ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს და უთხრა: თუ მიპოვნია მადლი თქვენს თვალში, სიტყვა შემაწიეთ ფარაონთან და ასე უთხარით: 5. მამაჩემმა დამაფიცა და მითხრა: აჰა, ვკვდები მე. იმ ჩემს სამარხში დამმარხეთ, ქანაანის ქვეყნად რომ გავითხარეო. ახლა წავალ, დავმარხავ მამაჩემს და უკან დავბრუნდები. 6. თქვა ფარაონმა: წადი და დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცა. 7. წავიდა იოსები მამის დასამარხავად, და წაჰყვნენ მას ფარაონის მორჩილნი, მისი სახლის უხუცესნი და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი. 8. იოსების მთელი სახლი, მისი ძმები და მამამისის სახლი. მხოლოდ ბალღები და ცხვარ-ძროხა დატოვეს გოშენის მხარეში. 9. დაიძრნენ მასთან ერთად ეტლები და მხედრები; შეიკრიბა დიდზე დიდი ბანაკი. 10. მივიდნენ ატადის კალოსთან, იორდანეს გაღმა, და გამართეს იქ დიდი და უსაზომოდ მწარე გოდება. შვიდ დღეს გლოვობდა იოსები მამას. 11. იხილეს ქანაანელებმა გლოვა ატადის კალოზე და თქვეს: მწარე გლოვა აქვთ ეგვიპტელებს. ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს იორდანეს გაღმა აბელ-მიცრაიმი (ეგვიპტელთა გლოვა). 12. ყველაფერი ისე აღუსრულეს შვილებმა იაკობს, როგორც უანდერძა მათ. 13. წაასვენეს იგი შვილებმა ქანაანის ქვეყანაში და დამარხეს მღვიმეში მახფელას მინდორზე, მამრეს გასწვრივ, რომელიც საკუთარ სამარხად იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ყეფრონ ხეთელისგან. 14. დამარხეს მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, იგი და მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამის დასამარხავად წაჰყვა. 15. დაინახეს იოსების ძმებმა, რომ აღარ ჰყავთ მამა, და თქვეს: ვაითუ გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის, რაც მას ვუყავით. 16. შეუთვალეს იოსებს: მამაშენმა დაგვიბარა სიკვდილის წინ. 17. ასე უთხარით იოსებს: გევედრები, შეუნდე ცოდვა და დანაშაული ძმებს, თუმცა ბოროტად მოგექცნენ. ამიერიდან შეუნდე ცოდვა მამაშენის ღმერთის მსახურებს. ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს. 18. მოვიდნენ ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: აჰა, შენი მორჩილნი ვართ. 19. უთხრა მათ იოსებმა: ნუ გეშინიათ. ღმერთი ხომ არა ვარ? 20. თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა. 21. ამიერიდან ნუღარ გეშინიათ: თქვენც შეგინახავთ და თქვენს ბავშვებსაც. დაამშვიდა ისინი და ანუგეშა. 22. ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში მამამისის მოდგმასთან ერთად. იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი. 23. მოესწრო იოსები ეფრემის შვილთაშვილებს; მენაშეს ძის, მაქირის, შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ. 24. უთხრა იოსებმა ძმებს: მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ, და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც შეჰპირდა იგი აბრაამს, ისაკს და იაკობს. 25. დააფიცა იოსებმა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, აქედან წაიღეთ ჩემი ძვლები. 26. მოკვდა იოსები ას ათი წლისა, შემურვეს იგი და ჩაასვენეს კიდობანში, ეგვიპტეში.
4) 27. როცა შესრულდება ეს დღეები, მერვე დღეს და მის შემდეგ შესწირონ მღვდლებმა სამსხვერპლოზე თქვენი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, და წყალობას გამოვიჩენ თქვენდამი. ამბობს უფალი ღმერთი.
4. მიმიყვანა ტაძართან ჩრდილოეთის კარიბჭით და ვიხილე, აჰა, ავსებული იყო უფლის დიდებით უფლის სახლი, და პირქვე დავემხე.
5) 1. სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა. 2. დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა, 3. გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან: 4. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა: 5. მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო. 6. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ. 7. ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი – შეურაცხყოფას; 8. ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს; 9. მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს. 10. უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება. 11. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.
ლიტ.: ხარებისა: ებრ. 2: 11-18. ლკ. 1: 24-38
ებრ. 11. ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ რცხვენია, ძმები უწოდოს მათ, 12. და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ“. 13. ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა მამამ“. 14. და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი, 15. და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი ედგა. 16. რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ – აბრაამის მოდგმას. 17. ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად. 18. ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდეღში მყოფთა შეწევნაც ძალუძს.
ლკ. 24. იმ დღეთა შემდეგ მუცლად იღო ელისაბედმა, მისმა ცოლმა; ხუთი თვე იმალებოდა და ამბობდა: 25. ასე მიყო უფალმა იმ დღეებში, როცა მომხედა, რათა წარეხოცა ჩემი სირცხვილი ხალხში. 26. ხოლო მეექვსე თვეს მოვლინებულ იქნა გაბრიელ ანგელოზი ღმერთის მიერ გალილეის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ნაზარეთი, 27. ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, და სახელი მისი – იოსები, დავითის მოდგმისა, ხოლო სახელი ქალწულისა – მარიამი. 28. შევიდა ანგელოზი მასთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის. 29. ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? 30. ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე. 31. აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს. 32. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. 33. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა. 34. ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი? 35. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი. 36. აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი, 37. რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი. 38. ხოლო მარიამმა თქვა: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ! და განეშორა მას ანგელოზი.
რიგ.: ებრ. 4: 14-5: 6. მკ. 8: 34-9: 1
ებრ.14. და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას. 15. რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ – ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა. 16. მაშ, თამამად მივეახლთთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.
1. რადგანაც ყოველი მღვდემლთავარი კაცთაგან არჩეულია და კაცთათვისვე დადგენილი ღვთისმსახურად, რათა სწირავდეს მსხვერპლსა და შესაწირავს ცოდვებისათვის. 2. მას შეუძლია შეიწყნაროს უმეცარნი და შეცთომილნი, ვინაიდან თვითონაც გარშემორტყმულია უმწეობით. 3. ამიტომაც მართებს როგორც ხალხისთვის, ისე თავისი თავისთვისაც სწირავდეს მსხვერპლს ცოდვათა მისატევებლად. 4. თავისთავად ვერავინ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღვთის მიერაა ხმობილი, აარონის მსგავსად. 5. ასე ქრისტემაც თვითონვე კი არ მიიკუთვნა მღვდელმთავრობის დიდება, არამედ მისი წყალობით, ვინც უთხრა მას: „ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ“. 6. ხოლო სხვა ადგილას ამბობს: „შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა“,
მკ. 34. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. 35. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას. 36. რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? 37. ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? 38. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით.
1. და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ხარება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც 25 მარტს დღესასწაულობს წმიდა ეკლესია, ხარება ეწოდება, რადგან ამ დღეს არამხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, არამედ მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისაგან გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი, „თავი ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნითგან დამალულისა საიდუმლოჲსა“.