17.04.2024. დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. ოთხშაბათი

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდი მარხვის მე-5 შვიდეული.

17.04.2024. ოთხშაბათი 

ღირსისა იოსებ მგალობელისა (883); ღირსისა გიორგი მალეელისა, მდუმარისა (IX); ღირსისა ზოსიმე მონაზონისა პალესტინელისა (560); ქალწულმოწამისა ფერბუთა სპარსისა და დისა მისისა და მხევლისა მისისა (341-343).

დღის საკითხავები 

VI ჟამზე: ეს. 41: 4-14.
მწუხრზე: დაბ. 17: 1-9. იგავ. 15: 20 – 16: 9. 

VI ჟამზე: ეს. 41: 4-14 

4. ვინ ჩაიდინა ეს, ვინ მოიმოქმედა? თაობათა გამომხობმა დასაბამით. მე ვარ უფალი – პირველი და უკანასკნელი. მე ვარ იგი. 5. დაინახეს ზღვისპირელებმა და შეეშინდათ, ქვეყნის კიდეები შეძრწუნდნენ, მოახლოვდნენ და მოვიდნენ. 6. ერთმანეთს ეშველებიან, ერთი მეორეს ეუბნებიან: გამაგრდი! 7. მოქანდაკე ამხნევებს ჩამომსხმელს, უროთი მბეგველი – გვერდზე მცემელს; ეტყვის ნაწიბურზე, კარგიაო, და ამაგრებს ლურსმნებით, რომ არ ირყეოდეს. 8. შენ კი, ისრაელ, ჩემო მორჩილო, იაკობ, რომელიც ამოგარჩიე, ჩემი საყვარელი აბრაამის თესლო, 9. რომელიც წამოგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი შორი კუთხეებიდან გამოგიხმე, გითხარი: ჩემი მორჩილი ხარ შენ, ამოგარჩიე და არ უკუგაგდებ-მეთქი. 10. ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი. 11. აჰა, შერცხვება და მიიმალება ყველა შენი მრისხველი, არარად იქცევიან და დაიღუპებიან-მეთქი შენი მოდავენი. 12. ძებნას დაუწყებ მათ და ვერ იპოვნი, შენს მოშუღარ ხალხს; არარად იქცევიან შენს წინააღმდეგ ომის ამტეხნი. 13. რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი. 14. ნუ გეშინია მატლო იაკობ, ერთი შეწვა ისრაელო! მე შეგეწევი, ამბობს უფალი და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა.

წუხრზე: დაბ. 17: 1-9 

1. ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი. 2. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ. 3. პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი: 4. ეს მე ვარ და, აჰა, ჩემი აღთქმაც უამრავ ხალხთა მამა შეიქნები! 5. აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ. 6. დიდად, დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან. 7. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები. 8. მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები. 9. უთხრა ღმერთმა აბრაამს: ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობამ თაობიდან თაობამდე.

წუხრზე: იგავ. 15: 20 – 16: 9 

20. ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვ ადამიანს კი საკუთარი დედა ეჯავრება. 21. სისულელე ჭკუათხელის სიხარულია, ხოლო გონიერი კაცი სწორ გზაზე დადის. 22. თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება. 23. კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა! 24. ცხოვრების გზა გონიერისათვის ზევით მიემართება, რათა ქვევით შავეთს ასცდეს. 25. ქედმაღალთა სახლს დაანგრევს უფალი, ქვრივის საბანს კი ზეაღმართავს. 26. უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია. 27. მომხეჭველი თავის სახლს აჩანაგებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს. 28. მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე გადმოდის. 29. ბოროტეულთაგან შორს არის უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს. 30. თვალთა ნათელი გულს ახარებს, კეთილი ამბავი კი ძვლებს აპოხიერებს. 31. სასიცოცხლო მხილების გამგონე ყური ბრძენკაცთა შორის იმყოფება. 32. შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძუღეა, მხილების გამგონე კი გონებას იხვეჭს. 33. უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას.  

1. გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან მოდის. 2. კაცის ყოველი გზა სუფთაა მის თვალში, სულთა ამწონი კი უფალია. 3. შენი საქმეები უფალს ჩააბარე და აღსრულდება შენი განზრახვები. 4. უფალმა ყოველივე საკუთარი მიზნისთვის შეჰქმნა, ასევე ურჯულოც ავი დღისათვის. 5. ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე; გჯეროდეს, დაუსჯელი ვერ გადარჩება. 6. სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი. 7. თუ უფალს მოსწონს კაცის გზები, მტრებსაც კი შეარიგებს მასთან. 8. უკეთესია მცირედი, ოღონდ სიმართლით, ვიდრე დიდძალი მოგება უსამართლობით. 9. კაცის გული თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოწამე ფერბუთა ქალწული დასთან და მხევალთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა 341-343 წლებს შორის. ფერბუთა და მისი და, რომლის სახელიც უცნობია, იყვნენ ქრისტესთვის აღსრულებული სელევკიის ეპიკოპოსის სიმეონის ღვიძლი დები. ისინი მოსამსახურესთან ერთად წაიყვანეს სპარსეთის მეფის, საპორის კარზე. წმიდა ფერბუთა საარაკო სილამაზით გამოირჩეოდა. დედოფალმა მას ურჩია, გათხოვილიყო, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა, რადგან ქალწულობის აღთქმა ჰქონდა დადებული. მალე დედოფალი დასნეულდა. მის სამკურნალოდ მოწვეული მოგვი დაატყვევა ქალწულის სილამაზემ და ცოლობა სთხოვა. წმიდა ფერბუთამ კი უპასუხა, რომ ის ქრისტეს სასძლოა.
გაბოროტებულმა მოგვმა მეფეს მოახსენა, დედოფალი მოახლეების მიერ არისო მოწამლული, რის შემდეგაც, საპორის ბრძანებით, წმიდა ფერბუთა დასთან და მოახლესთან ერთად დაატყვევეს.
სასამართლოზე წმიდა მოწამეებმა უშიშრად აღიარეს ქრისტიანობა, განაცხადეს, რომ ბოროტება არ ჩაუდენიათ, მაგრამ ქრისტესთვის სიკვდილის დასათმენად მზად არიან.
მთავარი მოსამართლე, მოგვი მავპტისიც დააბრმავა ქალწულის სილამაზემ და საიდუმლოდ შესთავაზა საპყრობილიდან განთავისუფლება, თუ ის ცოლობაზე დათანხმდებოდა. იმავე წინადადებით მიმართა ფერბუთას ორმა სხვა მსაჯულმაც. წმიდა ქალწულმა ყველა წინადადება უარყო და განაცხადა, რომ ქრისტეს სასძლოა და მიწიერ ქორწინებაზე არასოდეს დათანხმდება.
ამის შემდეგ მოწამეებს ჯადოქრობაში და დედოფლის მოწამლვაში დასდეს ბრალი და სიკვდილი მიუსაჯეს. ქრისტიანებმა მალულად ამოასვენეს წმიდა მოწამეთა ნეშტი და პატივით დაასაფლავეს. 

ღირსი ზოსიმე (+დაახლ. 560)

ღირსი ზოსიმე (+დაახლ. 560)ღირსი ზოსიმე პალესტინელი (+560) – ცნობები მის შესახებ იხილეთ ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაში (ხს. 1 აპრილს). 
წმიდა იოსებ მგალობელი (+883) – დაიბადა სიცილიაში, ღვთისმოსავი ქრისტიანის ოჯახში. მისი მშობლები, პლატონი და აღათია ბარბაროსების თავდასხმებს გაერიდნენ და პელოპონესში გადასახლდნენ. თხუთმეტი წლის იოსები თესალონიკეში წავიდა და მონასტერში დასახლდა. ღვთისმოსაობით, შრომისმოყვარეობით და სიმდაბლით გამორჩეული ღირსი იოსები პრესვიტერად აკურთხეს.
ერთხელ მონასტერში მოვიდა ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი (ხს. 20 ნოემბერს). მან შეამჩნია ახალგაზრდა ბერი და თან წაიყვანა კონსტანტინეპოლში. ეს იყო ლეონ სომეხის (813-820) მეფობის ხანა – ხატმებრძოლობის ერესის აღზევების ჟამი. ღირსი გრიგოლი და იოსები უშიშრად იცავდნენ წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონს. ისინი ქადაგებდნენ ქალაქის მოედნებზე, მიდიოდნენ მართლმადიდებლებთან და განამტკიცებდნენ მათ რწმენას. კონსტანტინეპოლის ეკლესია უმძიმეს მდგომარეობაში იყო: იმპერატორიც და პატრიარქიც ხატმბრძოლები იყვნენ.
მაშინ რომის ეპისკოპოსები ერთიანობაში იყვნენ მსოფლიო ეკლესიასთან და პაპ ლეონ III-ს, რომელიც დამოკიდებული არ იყო ბიზანტიის იმპერატორზე, შეეძლო დახმარების ხელი გაეწოდებინა მართლმადიდებლებისათვის. ბერებმა პაპთან გასაგზავნად ღირსი იოსები შეარჩიეს. ღირსმა გრიგოლმა აკურთხა წმიდა მამა.
გზად მიმავალი იოსები შეიპყრეს ხატმბრძოლებისაგან მოსყიდულმა არაბმა ყაჩაღებმა, კუნძულ კრეტაზე წაიყვანეს და ერეტიკოსებს გადასცეს. ტყვე საპყრობილეში ჩააგდეს. ღირსი იოსების ლოცვით და მაგალითით ერთი სულიერად მოუძლურებული ეპისკოპოსი ისე გამხნევდა, რომ მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა.
ღირსმა იოსებმა ექვსი წელი გაატარა საპყრობილეში. 820 წლის შობის ღამეს მას გამოეცხადა წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი და აუწყა ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის გარდაცვალება და წმიდა ხატთა დევნის შეწყვეტა. წმიდა ნიკოლოზმა ღირს მამას გადასცა გრაგნილი, რომელზეც ეწერა: „მსწრაფლ ჰყვნენ, მოწყალეო, და შეგვეწიენ“. იოსებმა გრაგნილი გადაყლაპა და თქვა: „რაბამ ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა“ (ფს. 118, 103). ამ გალობის შემდეგ წმიდა იოსებს ბორკილები შეეხსნა, საპყრობილის კარები განიხვნენ, ქარმა წმიდა მამა ცაში აიტაცა და კონსტანტინეპოლის მახლობლად ჩამოსვა. ღირსი გრიგოლ დეკაპოლელი გარდაცვლილიყო, დარჩენილიყო მხოლოდ მისი მოწაფე ნეტარი იოანე (ხს. 18 აპრილს). ისიც მალე გარდაიცვალა. ღირსმა იოსებმა წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ეკლესია ააგო და ღირსთა – გრიგოლისა და იოანეს წმიდა ნაწილები იქ გადაასვენა. შემდგომ ამ ადგილას მონასტერი გაშენდა.
ღირსმა იოსებმა ერთი ღვთისმოსავი კაცისაგან მიიღო ბართლომე მოციქულის წმიდა ნაწილი, ააშენა ეკლესია წმიდა მოციქულის სახელზე და გადაწყვიტა, მის განსადიდებლად საგალობელი შეეთხზა. ორმოცი დღე ლოცვითა და მარხვით, ცრემლით ემზადებოდა ღირსი იოსები წმიდა ბართლომეს დღესასწაულისათვის. მწუხრის ლოცვაზე მას მოციქული გამოეცხადა, მკერდზე წმიდა სახარება დაადო და საეკლესიო საგალობლების შეთხზვის კურთხევა მისცა. ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ ღირსმა იოსებმა დაწერა ჯერ წმიდა ბართლომეს, შემდეგ კი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა განსადიდებელი კანონები.
ხატმებრძოლობის ერესის განახლებისას, იმპერატორ თეოფილეს (829-842) დროს, ღირსმა იოსებმა მეორეჯერ დაითმინა დევნა ერეტიკოსთაგან: თერთმეტი წელი ხერსონში იყო გადასახლებული; 842 წელს წმიდა თეოდორა დედოფლის (ხს. 11 თებერვალს) ბრძანებით იგი გაანთავისუფლეს, მაგრამ დედოფლის ძმის, ბარდას მხილებისთვის კვლავ გადაასახლეს და დააბრუნეს მხოლოდ ბარდას გარდაცვალების შემდეგ, 867 წელს.
პატრიარქმა ფოტიოსმა (857-867, 877-886) წმიდანი ძველ ხარისხსა და უფლებებში აღადგინა და კონსტანტინეპოლელი ქრისტიანების მოძღვრად დანიშნა.

ღრმად მოხუცი ღირსი იოსები დაავადმყოფდა. დიდ პარასკევს უფალმა მას გამოუცხადა, რომ მალე განისვენებდა მართალთა ძილით. ღირსმა მამამ აღწერა სოფიის ტაძრის საგანძური და გაუგზავნა პატრიარქ ფოტიოსს; რამდენიმე დღე ემზადებოდა სიკვდილისათვის. ეზიარა, აკურთხა მასთან მყოფნი, ბოლოს კი სიხარულით შეავედრა სული უფალს. 

ღირსი გიორგი მცირე (IX)

ღირსი გიორგი მცირე (IX)ღირსი გიორგი მცირე (IX) ბერი იყო, პელოპონესში მოღვაწეობდა და იქვე გარდაიცვალა. წმიდა ცხოვრებისათვის მას მიწიერ ანგელოზს უწოდებდნენ.