გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
დიდი მარხვის მე-6 შვიდეული. ხუთშაბათი
ღირსისა ბასილი აღმსარებელისა, პარიელ ეპისკოპოსისა (754); მღვდელმოწამისა ზენონ ვერონიელ ეპისკოპოსისა (260); ღირსისა ისააკ ასურისა, იტალიის სპოლეტელისა (550); ღირსმოწამეთა: მინასი, დავითისა და იოანესი (636); ღირსისა ანთუსა ქალწულისა (801); ღირსისა ათანასია იღუმენიასი (860).
დღის ლოცვა
ღირსი ბასილი აღმსარებლის, პარიის ეპისკოპოსის კონდაკი:
საღმრთოთა ნათლითა განბრწყინდი, ნეტარო, და განანათლებ ყოველთა, რომელნი სურვილით აქებენ პატიოსანთა ღუაწლთა შენთა, მამაო მღვდელმოწამეო ბასილი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 65: 8-16.
მწუხრზე: დაბ. 46: 1-7. იგავ. 23: 15-35; 24: 1-5.
VI ჟამზე: ეს. 65: 8-16
8. იწვეთოს მაღლიდან ზეცამ და ღრუბლებმა ასხურონ სიმართლე, გადაიხსნას მიწა და ხსნამ ინაყოფოს, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად! მე, უფალმა, შევქმენი ეს. 9. ვაი თავის გამჩენთან მოდავეს, ერთ ნამსხვრევს თიხის ნამსხვრევთაგან! თუ უთქვამს თიხას თავის გამომსახველისთვის: რას აკეთებო? და შენს ქმნილებას არა აქვსო ხელები? 10. ვაი მას, ვინც მამას ეუბნება: რისთვის გამაჩინეთ? და ქალს: რისთვის იტანჯეო? 11. ასე ამბობს უფალი, ისრაელის წმიდა და მისი გამჩენი: შემეკითხებით ჩემი შვილების მომავალზე და ჩემ ხელთა ქმნილებაზე მიბრძანებთ რასმე? 12. მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე, ჩემი ხელით გადავფინე ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე. 13. მე აღვძარი ის სიმართლით და ყოველი მისი გზა გავასწორე; ის ააშენებს ჩემს ქალაქს და გაათავისუულებს ჩემს ტყვეებს უსასყიდლოდ და ძღვენის გარეშე, ამბობს ცაბაოთ უფალი. 14. ასე ამბობს უფალი: ეგვიპტის ჭირნახული და ნავაჭრი ქუშისა და საბაელთა, ახოვან კაცთა, შენთან მოვა და შენი იქნება; შენ შეგიდგებიან, წამოვლენ ბორკილდასხმულნი და გეთაყვანებიან, ვედრებას დაგიწყებენ. ნამდვილად შენშია ღმერთი და სხვა ღვთაება არავინაა. 15. ჭეშმარიტად, შენა ხარ ღმერთი დაფარული, ისრაელის ღმერთი, მაცხოვარი. 16. შერცხვებიან და შეცბუნდებიან ყველანი, ერთიანად ჩაცვივდებიან სირცხვილში კერპთა მკეთებელნი.
მწუხრზე: დაბ. 46: 1-7
1. გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლითურთ, მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს. 2. უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ. 3. უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად. 4. მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით. 5. აიყარა იაკობი ბერშებადან და წაიყვანეს ისრაელიანებმა იაკობი, თავიანთი მამა, და თავიანთი ცოლ-შვილი ურმებით, ფარაონმა რომ გამოუგზავნა. 6. წამოასხეს საქონელი და მთელი მონაგები, რაც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს – იაკობი და მთელი მისი მონაგარი. 7. თავისი ვაჟიშვილები, ვაჟიშვილთა შვილები, ასულები და ვაჟიშვილთა ასულები – მთელი თავისი მონაგარი ჩაიყვანა ეგვიპტეს.
მწუხრზე: იგავ. 23: 15-35; 24: 1-5
15. შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს. 16. ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ. 17. შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს. 18. რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება. 19. მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული. 20. ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის; 21. რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს. 22. გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ. 23. ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი. 24. მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს. 25. გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ. 26. შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ. 27. მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი. 28. ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს. 29. ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები? 30. ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის. 31. ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს; 32. ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს; 33. შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს. 34. შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით. 35. იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო.
1. ნუ გშურს ბოროტი ხალხისა და მათთან ყოფნას ნუ ინდომებ: 2. რადგან ძალადობაზე ფიქრობს მათი გული და მათი ბაგენი ბოროტებაზე ლაპარაკობენ. 3. სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით არის დაფუძნებული. 4. ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საუცხოო ქონებით. 5. ბრძენი ძალმოსილზე ძლიერია და მცოდნე კაცი ძალოვან კაცზე.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მღვდელმოწამე ზენონ ვერონელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 260)
მაშინდელი იმპერატორები, კონსტანცი (353-361) და ვალენტი (364-378) მფარველობდნენ პირველი მსოფლიო კრების (325 წ.) მიერ დაგმობილ აროზის ერესს. წმიდა ზენონმა მრავალი შევიწროება გადაიტანა ერეტიკოსების მხრიდან. ქადაგებებსა და ეპისტოლეებში წმიდა ეპისკოპოსი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას. წმიდა ზენონმა დაწერა 16 ვრცელი და 77 მცირე სწავლე და დარიგება. გარდაიცვალა დაახლ. 360 წელს.
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი (ხს. 12 მარტს) აღწერს სასწაულს, რომელიც წმიდა ზენონის ხსენების დღეს მოხდა 558 წელს: მაშინდელმა წყალდიდობამ მთლიანად დატბორა ქალაქი ვერონა და მისი შემოგარენი, წყალმა წმიდა ზენონის სახელობის ტაძრის სარკმლებამდე მიაღწია, ტაძრის ღია კარებთან კი ზღუდესავით დადგა – სტიქიამაც ქედი მოიდრიკა წმიდა ზენონის სიწმიდის წინაშე.
ღირსი ისააკ ასური (+550)
მომხდარი ამბავი მთელ ქალაქს მოედო. წმიდანთან ხალხი მოდიოდა, სთავაზობდა დახმარებას და ფულს მონასტრის მოსაწყობად. თავმდაბალმა ბერმა ყველაფერზე უარი განაცხადა, ქალაქიდან გავიდა და განმარტოებულ ადგილას კელია აიშენა. მოღვაწის ირგვლივ მოწაფეები შეიკრიბნენ და მონასტერი დააარსეს. როცა მოწაფეები ეკითხებოდნენ, რატომ არ მიიღე შემოწირულობებიო, ღირსი ისააკი პასუხობდა: „მონაზონი, რომელიც საუნჯეს იხვეჭს, მონაზონი აღარაა“.
ღირსი ისააკი წინასწარხედვის მადლით იყო დაჯილდოებული. ამის შესახებ წერს წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი (ხს. 12 მარტს) თხზულებაში „იტალიელ მამათა ცხოვრებანი და სასწაულნი“. ერთხელ წმიდანმა ბერებს უთხრა, ბოსტანში დაეტოვებინათ ბარები, დილისთვის კი საჭმელი მოემზადებინათ მუშებისთვის. აღმოჩნდა, რომ იმ საღამოს ქურდები აპირებდნენ მონასტრის გაძარცვას. ღვთის ნებით, მათ ბოროტი გადაწყვეტილება შეცვალეს, აიღეს ბარები და გულმოდგინედ დაიწყეს მუშაობა. დილით ბერები რომ მივიდნენ, მთელი ბოსტანი დაბარული იყო. ღირსმა ისააკმა „მუშებს“ საუზმე შესთავაზა და ურჩია, ქურდობისთვის თავი დაენებებინათ.
მეორეჯერ ღირს მამასთან ძონძებში გახვეული მოგზაურები მოვიდნენ და ტანსაცმელი სთხოვეს. წმიდა ისააკმა მათ სთხოვა დალოდებოდნენ, თვითონ კი ერთი ბერი გაგზავნა ტყეში, სადაც მოგზაურებს თავიანთი ძვირფასი ტანსაცმელი ჰქონდათ გადამალული. წმიდანმა მოწყალების მთხოვნელებს მათივე ტანსაცმელი მისცა. შერცხვენილმა გამომძალველებმა პატიება სთხოვეს წმიდა ისააკს.
ერთხელ ერთმა კაცმა ღირს ისააკს მსახურის ხელით ორი კალათა საჭმელი გამოუგზავნა. მსახურმა ერთი კალათა გადამალა. წმიდანმა მოტანილი კალათა აიღო და მომტანს ჩუმად უთხრა: „საჩუქრისთვის მადლობელი ვარ, შენ კი გადამალულ კალათას ნუ გაეკარები, მასში გველი ჩაძვრა და თუ ხელს მოკიდებ – დაგგესლავს“. ასე ბრძნულად ამხელდა წმიდანი ადამიანთა ცოდვებს და მათი ცხონებისთვის იღვწოდა.
წმიდა ისააკ ასური გარდაიცვალა 550 წელს.
ღირსი მოწამენი: მინა, დავით და იოანე (VII)
ღირსი ბასილი აღმსარებელი, პარიის ეპისკოპოსი (VIII)
ღირსი ანთუსა ქალწული (+801)
წმიდა ანთუსა მონაზვნად აღკვეცა წმიდა პატრიარქმა ტარასიმ (784-806). ღირსმა დედამ კონსტანტინეპოლში მკაცრი წესდებით ცნობილი ომონიის მონასტერი დააარსა. იღუმენია თავად იყო მაგალითი სხვებისთვის – ასრულებდა ყველაზე მძიმე დავალებებს, ალაგებდა ეკლესიას, მოჰქონდა წყალი, ტრაპეზზე დებს ემსახურებოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ აუცილებლობის გარეშე არავინ გასულიყო მონასტრიდან. თავმდაბალმა და მორჩილმა მოღვაწემ 52 წელი იცხოვრა და მშვიდობით მიისვენა 801 წელს.
ღირსი ათანასია იღუმენია (+860)
როცა წმიდა ათანასიას თექვსმეტი წელი შეუსრულდა, მშობლების თხოვნით გათხოვდა, მაგრამ ჯვრისწერიდან თექვსმეტი დღის შემდეგ მისი მეუღლე ომში წაიყვანეს და დაიღუპა.
დაქვრივებულმა ათანასიამ გადაწყვიტა დიდი ხნის სურვილის განხორციელება, მაგრამ ამ დროს გამოვიდა იმპერატორ მიხეილის ბრძანება (820-829), რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ქვრივები მეომრებზე უნდა გათხოვილიყვნენ. წმიდა ათანასია იძულებული გახდა გათხოვილიყო. ქორწინებაში იგი ღვთისმოსავად და კეთილად ცხოვრობდა: საქმიანობდა, ეხმარებოდა ავადმყოფებს და გაჭირვებულებს, ღებულობდა მწირებს და მოგზაურებს, კვირაობით და დღესასწაულებზე სახლში პატიჟებდა ახლობლებს და წმიდა წერილს უკითხავდა მათ. მისი გავლენით ქმარი მონასტერში წავიდა და წმიდა ათანასიასაც უფლება მისცა, მონაზვნად აღკვეცილიყო.
წმიდანმა დაარიგა ქონება და სხვა ღვთისმოშიშ ქალებთან ერთად მყუდრო ადგილას განმარტოვდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, დების თხოვნით, წმიდა ათანასია გახდა ამ მცირე თემის იღუმენია. ის იყო მაგალითის მომცემი სხვა მონაზვნებისთვის.
თუმცა წმიდა ათანასია იღუმენის სახელს ატარებდა, მაინც უმცირესად თვლიდა თავს დებს შორის და ყოველთვის ახსოვდა მაცხოვრის მცნება: „რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა“ (მთ. 20,27).
ღირს ათანასიას ძაძები ეცვა, ძაძებს ზემოდან კი – უხეში ცხვრის მატყლის სამოსი; ცოტა ეძინა, მთელი ღამე ლოცულობდა, დღისით კი დებთან ერთად მუშაობდა; მხოლოდ საღამოობით ჭამდა, ისიც თითო პურის ნაჭერს და ჭიქა წყალს; ზეთს, ყველს და თევზს იხმევდა მხოლოდ შობას და აღდგომას; მარხვებში ორ დღეში ერთხელ ღებულობდა მწვანილს. ღირსმა დედამ ოთხი წელი გაატარა ამ სავანეში.
კუნძულ ეგინზე ცხოვრობდა ერთი მოხუცი ბერი, სახელად მათე, რომელმაც აკურთხა დედები, უფრო მივარდნილ ადგილას გადასულიყვნენ. წმიდა ათანასიამ ააშენა მონასტერი კუნძულის ერთ უდაბურ მთაზე, წმიდა სტეფანე პირველმოწამის ძველი ეკლესიის ახლოს.
ღირსი დედა ღვთისაგან სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. მასთან მრავალი ადამიანი მოდიოდა სულიერი და ხორციელი კურნების მისაღებად. შემოწირულობებით წმიდა ათანასიამ ააშენა სამი ეკლესია: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, წმიდა იოანე ნათლისმცემლისა და წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა.
პატივისა და დიდებისაგან განსარიდებლად წმიდა ათანასია ორ სულიერ დასთან, მარიამთან და ევპრაქსიასთან ერთად მალულად წავიდა კონსტანტინეპოლში და შვიდი წელი ცხოვრობდა ერთ-ერთ მონასტერში უბრალო მონაზვნის ცხოვრებით.
მისმა წმიდა ცხოვრებამ კვლავ მიიპყრო ყურადღება. ეგინის მონასტრის დებმა გაიგეს, თუ სად იმყოფებოდა იღუმენია და სთხოვეს, დაბრუნებულიყო. ღვთის განგებულებას დამორჩილებული წმიდანი მონასტერში დაბრუნდა. მალე იგი ღირს იქმნა ღვთაებრივი გამოცხადებისა: ორმა ნათლითმოსილმა არსებამ მიართვა ქარტა, რომელზეც ეწერა: „აი, შენი აზნაურება, მიიღე და გიხაროდენ“.
უკანასკნელი ოცი დღე ღირსმა ათანასიამ შეუწყვეტელ ლოცვაში გაატარა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინ დები მოიხმო, უთხრა, რომ მხოლოდ ცხრამეტი ფსალმუნის წაკითხვა შეძლო და სთხოვა, ფსალმუნთა კითხვა ეკლესიაში დაესრულებინათ. დებმა შეასრულეს იღუმენიას სურვილი და დაბრუნდნენ. წმიდა ათანასიამ აკურთხა დები, სთხოვა, ღირსეულად აღენიშნათ მიძინების დღესასწაული, მოეწყოთ ტრაპეზი ღარიბებისთვის, საღვთო ლიტურღიის შემდეგ კი დაემარხათ მისი ნეშტი. ამ სიტყვებით ღირსმა ათანასიამ ღვთივ მიისვენა (+14 აგვისტო, 860 წ).
მეორმოცე დღეს საღვთო ლიტურღიაზე ღვთისმოსაობით გამორჩეულმა დებმა აღსავლის კარებთან მდგარი წმიდა ათანასია იხილეს. ორმა ნათლითმოსილმა ჭაბუკმა მას ჯვრიანი გვირგვინი დაადგა თავს, ხელთ ბრწყინვალე კვერთხი მისცა და სამეუფო კარებით საკურთხეველში შეიყვანა.
გარდაცვალების წინ წმიდა ათანასიამ ანდერძად დატოვა, ორმოცი დღის განმავლობაში ეკვებათ ღარიბები მის მოსახსენებლად. დებმა მხოლოდ ცხრა დღეს გაშალეს მოსახსენებელი ტრაპეზი. წმიდანი გამოეცხადა რამდენიმე დას და უთხრა: „ორმოცდღიანი მოხსენიება და მოწყალების გაღება ძალზე ეხმარება ცოდვილ სულებს“, შემდეგ კვერთხი დაარტყა მიწას და გაუჩინარდა. მეორე დღეს იმ ადგილას წყარო გაჩნდა. ღირსი ათანასიას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მის საფლავთან მიიყვანეს ბოროტისაგან გვემული დედაკაცი. როცა მიწა გათხარეს, კეთილსურნელება იგრძნეს და კუბო ამოიღეს. მასთან მიახლოებისთანავე ეშმაკეული განიკურნა. კუბო გახსნეს და იხილეს წმიდანის უხრწნელი მირონმდინარე გვამი. ღირსი ათანასია თითქოს მიძინებული იყო: სახე უბრწყინავდა, სხეული რბილი იყო, თითები ეღუნებოდა. როდესაც წმიდანი ახალ კუბოში გადაასვენეს, დებს უნდოდათ მისთვის ძაძები გაეხედათ და აბრეშუმის კუბასტით შეემოსათ, მაგრამ ღირსი ათანასიას ხელები ისე შემოეჭდო მკერდს, რომ სამოსელი ვერ გამოცვალეს: იგი სიკვდილშიც კი უბრალოების და სიღარიბის მოყვარული დარჩა. მაშინ ერთმა დამ მუხლი მოიყარა წმიდანის ნეშტთან და სთხოვა: „ჩვენო პატრონო, შეისმინე ჩვენი სათხოვარი ისე, როგორც სიცოცხლეში გვისმენდი, მოგვეც ნება, შეგამკოთ ამ სამოსით, შეიწირე ჩვენგან ეს კნინი ძღვენი“. ღირსი ათანასიაც ცოცხალივით ზეწამოიმართა და ხელები გაშალა.