28.04.2024. ბაიაობის (ბზობის) კვირიაკე

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. ბზობა.

მოციქულთა 70-თაგანთა: არისტარქესი, პუდესი და ტროფიმესი (67); მესუკაველთა მოწამეთა, სუქიასი და 18-თა მოყვასთა მისთა: ლუკიანესი, პოლიევკტოსი, კოდრატესი, იქდიოქისა, სვიქირიონისა, მენასი, ფოკასი, სვირჯისა, დომენტისა, ანდრიანესი, ზოსიმესი, ბიკტორისა, თალელესი, იორდანესი, ანასტასიასი, თევდოტისა, იაკობისა და თევდოსისა (100-130); მოწამეთა ბასილისასი და ანასტასიასი (68); მოწამისა საბა გუთელისა (372).

ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა.  ხსნილია თევზით.  

დღის ლოცვა

ბზობა (ბაიობა) ანუ უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

ტროპარი: ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

ტროპარი: დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი: ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაი დღეს და ყრმათა გალობაი ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.

დღის საკითხავები

მწუხრზე: 1) დაბ. 49: 1-2, 8-12. 2) სოფ. 3: 14-19. 3) ზაქ. 9: 9 -15.
ცისკ.: მთ. 21: 1-11, 15-17 (დას. 83).
ლიტ.: ფლპ. 4: 4-9 (დას. 247). ინ. 12: 1-18 (დას. 41).

მწუხრზე: 1) დაბ. 49: 1-2, 8-12. 2) სოფ. 3: 14-19. 3) ზაქ. 9: 9 -15 

1) 1. მოუხმო იაკობმა შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ, რომ გაგიმხილოთ რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში. 2. თავი მოიყარეთ და ისმინეთ, იაკობის ძენო! ისრაელს, მამათქვენს, უსმინეთ!

8. იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი. 9. ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას? 10. არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა. 11. ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი, ვენახის ლერწზე – თავისი ვირის ნაშიერი; ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს, და ყურძნის სისხლში – თავის ტანსაცმელს. 12. თვალები მისი – ღვინის უწითლესი, კბილები მისი – რძის უთეთრესი.

2) 14. გიხაროდეს, სიონო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო! 15. აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. მეფე ისრაელისა, უფალი, შენს წიაღშია. უბედურებას აღარ იხილავ. 16. იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: ნუ გეშინია! და სიონს: ნუმც მოგეღება მკლავი! 17. უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გისხნის; სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო. 18. შევკრებ დღესასწაულს მოწყვეტილთ, შენგან რომ გავიდნენ; სირცხვილი აწევთ ტვირთად. 19. აჰა, გავუსწორდები იმ დროს ყველა შენს მჩაგვრელს; ვიხსნი კოჭლს, გაფანტულს თავს მოვუყრი, დიდებას და სახელს მოვუხვეჭ ყველგან, მათი შერცხვენის ქვეყანაში.

3) 9. იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე. 10. ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე. 11. შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გულისთვის გავათავისუფლებ შენს ტყვეებს ჭიდან, სადაც წყალი არა დგას. 12. დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, იმედის ტყვენო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ. 13. რადგან მშვილდივით მოვიზიდავ იუდას და ისრებით ავავსებ ეფრემს; აღვძრავ შენს შვილებს, სიონო, შენი შვილების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ! 14. უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი; ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში. 15. ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ; შთანთქავენ და გათელავენ შურდულის ქვებს; ღვინოსავით შესვამენ მათ სისხლს; აივსებიან სასხურებელ თასივით, სამსხვერპლოს ქიმებივით.

ცისკ.: მთ. 21: 1-11, 15-17 

1. როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, და მიადგნენ ბეთბაგეში ზეთისხილის მთას, გაგზავნა იესომ ორი მოწაფე. 2. და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა, და ხელად იპოვით დაბმულ ვირსა და მის ჩოჩორს: ახსენით და მომიყვანეთ. 3. ხოლო თუ ვინმე რაიმეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანთ. 4. ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: 5. უთხარით სიონის ასულს: აჰა, გიახლოვდება შენი მშვიდი მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე, მჯდარი. 6. მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესომ. 7. მოჰგვარეს ვირი და ჩოჩორი, ზედ დაუფინეს თავიანთი სამოსი, და შეჯდა მათზე. 8. დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე: სხვები კი ხის ტოტებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. 9. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკანაც მისდევდა მას, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალთა შინა! 10. როცა შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა, და ამბობდნენ: ვინ არის ეს? 11. ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან.

15. როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! – განრისხდნენ. 16. და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება? 17. მიატოვა ისინი, ქალაქიდან გაემართა ბეთანიას და იქ გაათია ღამე.

ლიტ.: ფლპ. 4: 4-9 ინ. 12: 1-18

4. მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ. 5. თვინიერება თქვენი, დაე, იცოდეს ყოველმა კაცმა. უკვე ახლოა უფალი. 6. ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი, არამედ ლოცვა-ვედრებისას თქვენი სათხოვარი მადლიერებით გაუმჟღავნეთ ღმერთს. 7. და მშვიდობა ღვთისა, რომელიც ყველა გონებაზე უზენაესია, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ზრახვებსაც ქრისტე იესოში. 8. და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ. 9. რაც გისწავლიათ და მიგიღიათ, რაც გსმენიათ და გიხილავთ ჩემში, ის აღასრულეთ და ღმერთი მშვიდობისა იქნება თქვენთან.

ლიტ.: ინ. 12: 1-18 

1. პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. 2. იქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთადერთი თანამეინახე იყო. 3. ხოლო მარიამმა აიღო ერთი ლიტრა წმინდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები; და ნელსაცხებლის სურნელებით აივსო სახლი. 4. მაშინ ერთმა მისმა მოწაფეთაგანმა, იუდა ისკარიოტელმა, რომელსაც უნდა გაეცა იგი, თქვა: 5. რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და გლახაკებს არ მიეცა ფული? 6. ხოლო ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ გლახაკებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო; მას ჰქონდა ყულაბა, და რასაც შიგ ყრიდნენ, იპარავდა. 7. იესომ უთხრა: მოეშვი; ეგ ჩემი დამარხვის დღისათვის შემოინახა. 8. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. 9. იუდეველთაგან ძალიან ბევრმა გაიგო, აქ არისო, და მოვიდნენ არა მარტო იესოს, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც აღადგინა მკვდრეთით. 10. ხოლო მღვდეღმთავრებმა განიზრახეს ლაზარეს მოკვლაც. 11. ვინაიდან მის გამო მრავალი იუდეველი მოდიოდა და აღიარებდა იესოს. 12. მეორე დღეს დღესასწაულზე მოსუღმა დიდძალმა ხალხმა, რაკი გაიგო, იესო იერუსალიმს მოდისო, 13. აიღო პალმის რტოები და შესაგებებლად გამოეფინა; ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა! 14. იესომ კი იპოვა ერთი ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია: 15. ნუ გეშინია, ასულთ სიონისაო! აჰა, მოდის შენი მეუფე, ჩოჩორზე მჯდარი! 16. მისი მოწაფეები კი პირველად ვერ მიხვდნენ ამას, მაგრამ როცა განდიდებულ იქნა იესო, მაშინღა გაიხსენეს, რომ ასე იყო დაწერილი მისთვის, და ასევე მოექცნენ მას. 17. მასთან მყოფი ხალხი მოწმობდა, რომ საფლავიდან გამოიხმო ლაზარე და მკვდრეთით აღადგინა იგი. 18. ამიტომაც გამოეგება ხალხი, ვინაიდან გაეგო, რომ მან მოახდინა ეს სასწაული.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

ბზობა – ბაიაობა

ბზობის ხატი

დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ტროპარი

ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დათრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

ტროპარი

დაფლულნი შენთანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკუდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა, და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

კონდაკი

ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა დღეს და ყრმათა გალობაჲ ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხვედ ცხოვრებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

 

აწ ყოველნი გულს-მოდგინედ მივეგებვოდეთ და ყოველთა სიხარულით შევიწყნაროთ და ვდღესასწაულობდეთ; სამოსლისა წილ დაუფინნეთ გულნი ჩუენნი წინაშე მისსა და ფსალმუნითა და გალობითა მადლობით მივეგებვოდით  და ვიტყოდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“! დაუცხრომელად ვღაღადებდეთ, რამეთუ მაკურთხეველნი მისნი კურთხეულ არიან და მწყევარნი მისნი წყეულ არიან.

აწ ყრმათა თანა აღვიღოთ რტოები ზეთისხილთაჲ და ვგალობდეთ, რაჲთა ჩუენცა სულმან წმიდამან მოგუხედოს. და ამას ღმრთით სწავლულსა გალობასა დაწყნარებით ვიტყოდით: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა მაღალთა შინა“!

ღმრთისაგან ღმერთი მოვიდა, ვითარცა სახელითა უფლისაჲთა, ყოვლისა მპყრობელისაგან, ძე სახელითა მამისაჲთა, მეუფე ჭეშმარიტი მეუფისაგან, რომელი იგი საუკუნითგან აქუნდა მეუფებაჲ მამისა თანა, რამეთუ თანასწორ არს მეუფებაჲ მათი…

წმ. იოანე ოქროპირი, სინური მრავალთავი

https://martlmadidebloba.ge/dgesastsaulebi10.html