24.05.2024. აღდგომიდან მე-3 შვიდეული. პარასკევი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-3 შვიდეული24.05.2024

პარასკევი. ხსნილი თევზით 

ნეტარისა ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა (1871); მღვდელმოწამისა მოკი ხუცისა, მაკედონიის ამფიპოლისელისა (295); მოციქულთა სწორთა მეთოდესი (885) და კირილესი (869), სლოვენთა მოძღვართა; ნიკოდიმ სერბელ მთავარეპისკოპოსისა (1325).

ლიტ. – საქმ. 21 დას. 8: 40 – 9: 19. ინ. 23 დას. 6: 48-54.
ნეტ. – გალ. 213 დას. 5: 22 – 6: 2. მთ. 43 დას. 11: 27-30.

ლიტ. – საქმ. 8: 40 – 9: 19 

40. ფილიპე კი აზოტეში აღმოჩნდა; მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე მივიდოდა კესარიაში.

1. ხოლო სავლე, რომელიც კვლავ მძვინვარებდა და სიკვდილს უქადდა უფლის მოწაფეთ, მღვდელმთავართან მივიდა 2. და გამოსთხოვა ეპისტოლენი დამასკოს სინაგოგებისადმი, რათა თუ ამ მოძღვრების მიმდევარს ჰპოვებდა ვინმეს, კაცსა თუ ქალს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმს. 3. გზად მიმავალი რომ მიუახლოვდა დამასკოს, ანაზდეულად ნათელმა მოიცვა ზეცით. 4. მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? 5. მიუგო: ვინა ხარ, უფალო? მან კი თქვა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა. 6. შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: რას მიბრძანებ, რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მიუგო: ადექი, შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რისი ქმნაც გმართებს. 7. მის მხლებლებს ენა ჩავარდნოდათ; ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ. 8. წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერავის ხედავდა. ხელი ჩაჰკიდეს და ასე შეიყვანეს დამასკოში. 9. სამი დღე ვერას ხედავდა; არც ჭამდა და არც სვამდა. 10. ხოლო დამასკოში იყო ერთი მოწაფე, სახელად ანანია, რომელსაც ჩვენებით უთხრა უფალმა: ანანია! და მან მიუგო: აქ ვარ, უფალო! 11. უთხრა მას უფალმა: ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია „სწორი“, და იუდას სახლში იკითხე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე; აი, იქ ლოცულობს იგი. 12. ხოლო სავლემ ჩვენებით იხილა კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელი დაადო, რათა კვლავ ახელოდა თვალი. 13. მიუგო ანანიამ: უფალო, ბევრისგან მსმენია ამ კაცზე, რამდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში. 14. აქაც მღვდელმთავრებისაგან მიუღია უფლება, რომ შეკრას ყველა, ვინც ახსენებს შენს სახელს. 15. მაგრამ უფალმა უთხრა: წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე. 16. მე ვუჩვენებ, რაოდენ ვნებას დაითმენს ჩემი სახელის გულისთვის. 17. წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელი დაადო და უთხრა: საულ, ძმაო, უფალმა იესომ გამომგზავნა, გზად მიმავალს რომ გეჩვენა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო სულით წმიდით. 18. მაშინვე, თითქოს თვალზე ქერცლი გადასძვრათ, თვალი აეხილა, ადგა და ნათელ იღო. 19. საზრდო მიიღო და მომაგრდა. რამდენიმე დღე მოწაფეებთან დაჰყო დამასკოში.

ლიტ. – ინ. 6: 48-54 

48. მე ვარ პური სიცოცხლისა. 49. თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ. 50. ესაა პური, რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს. 51. მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის. 52. იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: როგორ შეუძლია საჭმელად მოგვცეს თავისი ხორცი? 53. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. 54. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.

ნეტ. – გალ. 5: 22 – 6: 2 

22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

ნეტ. – მთ. 11: 27-30 

27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას. 28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ. 29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. 30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი – მსუბუქი.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

მღვდელმოწამე მოკი (+295) ცხოვრობდა მაკედონიაში, ქალაქ ამფიპოლში. იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს წმიდანი წარმართული ღმერთის, დიონისეს დღესასწაულზე შეკრებილ კერპთაყვანისმცემლებს მოუწოდებდა, თავი დაენებებინათ უსჯულოებისა და ბიწიერებისთვის, შეენანებინათ, ქრისტეს სწავლებისკენ მოქცეულიყვნენ და წმიდა ნათლისღების საიდუმლო მიეღოთ. წმიდა მოკი შეიპყრეს და მმართველ ლაოდიკს მიუყვანეს სამსჯავროზე. წმიდანმა საჯაროდ აღიარა თავისი სარწმუნოება და თქვა: „ქრისტესთვის სიკვდილი უდიდესი პატივია ჩემთვის“. წმიდა მოკი სასტიკად აწამეს. იგი მშვიდად ითმენდა ყოველივეს და თან კერპთაყვანისმცემლებს უსჯულოებაში ამხელდა. დიონისეს სამსხვერპლოზე მიყვანილმა წმიდანმა მოკიმ იესო ქრისტეს სახელით შემუსრა კერპი. ამის შემდეგ წმიდანი გახურებულ ღუმელში შეაგდეს. უფალმა უვნებლად დაიცვა წმიდა ხუცესი. ღუმელიდან გამოვარდნილმა ალმა კი მმართველი დაწვა. ახალმა მმართველმა კვლავ აწამა წმიდანი, ღვთის ნებით მღვდელმსახურმა ეს სატანჯველიც მშვიდად დაითმინა. მაშინ მტარვალებმა წმიდანი გარეულ მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ლომები მის ფეხებთან გაწვნენ. ამ სასწაულის მხილველმა ხალხმა მოწამის განთავისუფლება მოითხოვა. მმართველის განკარგულებით მოკი ჯერ პერინთოში წაიყვანეს, იქიდან კი ბიზანტიაში, სადაც სიკვდილით დასაჯეს. სიკვდილის წინ იგი მადლობდა უფალს იმისთვის, რომ განსაცდელის ბოლომდე დათმენის ძალა მისცა. „უფალო, მიიღე სული ჩემი მშვიდობით“, – იყო წმიდანის უკანასკნელი სიტყვები. წმიდა მოკი გარდაიცვალა 295 წელს. მოგვიანებით კონსტანტინე დიდმა მოკის წმიდა ნაწილები მისი სახელობის ტაძარში გადაასვენა.

 

მოციქულთასწორნი მეთოდე (+885) და კირილე (+869) საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის მკვიდრი დიდებული და ღვთისმოსავი ოჯახის შვილები იყვნენ. წმიდა მეთოდე თავდაპირველად სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა და ბიზანტიის იმპერიაში შემავალ ერთ-ერთ სლავურ სამთავროს განაგებდა, სავარაუდოა, რომ ბულგარეთს. 10 წლის მსახურების შემდეგ წმიდა მეთოდე ბერად აღიკვეცა ულუმბოს მთაზე. წმიდა კირილე ბავშვობიდან გამოირჩეოდა დიდი ნიჭიერებით და მომავალ იმპერატორთან, მიხეილთან ერთად სწავლობდა. მან ბრწყინვალედ აითვისა თავისი დროის ყველა მეცნიერება და მრავალი ენა. სწავლის დამთავრების შემდეგ მან სამღვდელო ხელდასხმა მიიღო და საპატრიარქო ბიბლიოთეკის მცველი გახდა, მაგრამ მალე მალულად მონასტერში წავიდა. წმიდა კირილე მოძებნეს, დააბრუნეს დედაქალაქში და გაამწესეს უმაღლესი სკოლის ფილოსოფიის მასწავლებლად. სრულიად ახალგაზრდა წმიდა კირილემ კამათში დაამარცხა მწვალებელ ხატმებრძოლთა მეთაური ანიუსი. შემდგომ იმპერატორის ბრძანებით მონაწილეობა მიიღო დისპუტში სარკინოზებთან წმიდა სამების სწავლებაზე, აქაც გაიმარჯვა და წავიდა ძმასთან, წმიდა მეთოდესთან ულუმბოს მთაზე.
მალე იმპერატორმა ორივე ძმა დაიბარა და ხაზარებთან გაუშვა სახარების საქადაგებლად. ძმები მცირე ხნით გაჩერდნენ ქალაქ კორსუნში და სასწაულებრივად აღმოიყვანეს წმიდა მღვდელმოწამის კლიმენტი რომაელის (ხს. 25 ნოემბერს) წმიდა ნაწილები.
ხაზარეთში ქადაგების შემდეგ წმიდა კირილე დედაქალაქში დარჩა, წმიდა მეთოდე კი ულუმბოს ახლოს მდებარე პოლიხრონის მონასტრის იღუმენად აირჩიეს.
მალე იმპერატორთან მოვიდნენ მორავიის მთავრის როსტისლავის ელჩები და სთხოვეს სლავურის მცოდნე მოძღვრების გაგზავნა მორავიაში ღვთის სიტყვის საქადაგებლად. იმპერატორმა წმიდა კირილეს დაავალა ეს დიდი საქმე. წმიდა მამა ლოცვითა და მარხვით შეუდგა მძიმე მოღვაწეობისთვის მზადებას. თავისი ძმის, წმიდა მეთოდეს და მოწაფეების: მორაზდის, კლიმენტის, საბას, ნაუმის, ანგელიარის დახმარებით შეადგინა სლავური ანბანი და სლავურ ენაზე თარგმნა სახარება, სამოციქულო, ფსალმუნები და სხვა საღვთისმსახურო წიგნები. ეს მოხდა 863 წელს.
წიგნების თარგმნის შემდეგ წმიდა ძმები მორავიაში წავიდნენ და დაიწყეს ღვთისმსახურება სლავურ ენაზე. ამან გერმანელი ეპისკოპოსების გაბოროტება გამოიწვია, რომლებიც ღვთისმსახურებაში ლათინურ ენას იყენებდნენ. ეპისკოპოსები წმიდა მოციქულთასწორებთან კამათში დამარცხდნენ, მაგრამ რომის პაპთან დაასმინეს ისინი. ძმები რომში დაიბარეს. წმიდანებმა თან წაასვენეს წმიდა კლიმენტი რომაელის ნაწილები. რომის პაპი ადრიანე პატივით შეხვდა ძმებს და ღვთისმსახურების სლავურ ენაზე ჩატარების უფლებაც მისცა.
რომში წმიდა კირილე დაუძლურდა, ღვთისგან აღსასრულის მოახლოება გამოეცხადა და სქემა მიიღო. სქემის მიღებიდან 50 დღის შემდეგ 869 წლის 14 თებერვალს 42 წლის წმიდა კირილე გარდაიცვალა.
წმიდა კირილეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა მეთოდეს ხელი დაასხეს მორავიისა და პანანიის მთავარეპისკოპოსად. წმიდა მამა კვლავ აგრძელებდა ქადაგებასა და ღვთისმსახურებას სლავურ ენაზე. გამძვინვარებულმა გერმანელმა ეპისკოპოსებმა მიაღწიეს წმიდა მეთოდეს დაპატიმრებას და გადასახლებას შვაბიაში, სადაც ორნახევარი წელი იტანჯებოდა. რომის პაპის ბრძანებით გათავისუფლებულმა წმიდა მეთოდემ მონათლა ჩეხეთის მთავარი ბორევოი და მისი მეუღლე ლიუდმილა (ხს. 16 სექტემბერს). მესამედ გერმანელმა ეპისკოპოსებმა წმიდა მეთოდეს დევნა გამოუცხადეს ლათინური სწავლების მიუღებლობისათვის სულიწმიდის მამისა და ძისაგან გამოსვლის შესახებ. წმიდა მეთოდე რომში გამოიძახეს. მან პაპის წინაშე დაამტკიცა მართლმადიდებლური სწავლების ჭეშმარიტება და კვლავ აღდგენილ იქნა მღვდელმთავრის ხარისხში.
სიცოცხლის მიწურულს წმიდა მეთოდემ ორი მოწაფის დახმარებით სლავურ ენაზე თარგმნა ძველი აღთქმა მაკაბელთა წიგნების გამოკლებით, აგრეთვე დიდი სჯულის კანონი და პატერიკები.
წმიდა მეთოდე აღესრულა 885 წლის 6 აპრილს, 60 წლის ასაკში. წესის აგება შესრულდა სამ ენაზე: სლავურად, ბერძნულად და ლათინურად. წმიდანი დაასაფლავეს ველეგრადის ტაძარში.
წმიდა ნიკოდიმოსი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1325) ხილენდარის მონასტრის იღუმენი იყო. 1316 წელს აკურთხეს მღვდელმთავრად. 1319 წელს სლავურ ენაზე თარგმნა წმიდა საბა განწმენდილის ლავრის ტიპიკონი და შეიტანა მსახურებაში.
წმიდა ნიკოდიმოსი მშვიდობიანად გარდაიცვალა 1325 წელს.
ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, ნათლისმცემლის უდაბნოს მოღვაწე (+1771) წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან, სამეგრელოდან იყო. მას სიყრმითგან ღვთისთვის მსახურებისა და განდეგილობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ბატონის ბრძანებითა და იძულებით ცოლი მოიყვანა და ვაჟი ეყოლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ქრისტესიას ცოლ-შვილი დაეხოცა. ბატონს მეორეჯერ უნდოდა მისი დაქორწინება. ნეტარმა ყურად არ იღო ბატონის ბრძანება, წავიდა მოძღვართან, თავისი გასაჭირი უამბო და რჩევა სთხოვა. მოძღვარმა ურჩია, დაეტოვებინა მაცდური წუთისოფელი და გარეჯის უდაბნოს შეჰკედლებოდა. სულიერი მოძღვრის სიტყვებით ფრთაშესხმულმა ქრისტესიამ დატოვა ყველაფერი და გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის უდანოში დაეყუდა. წმიდა მამამ მრავალი წელი გაატარა მორჩილებაში: წყალსა და ფიჩხს ეზიდებოდა მონასტერში, ყოველივეს მორჩილებით და გულმოდგინედ იქმოდა.
მამა ქრისტესია მოხუცებული იყო, როცა ბერად აღიკვეცა. მას უწოდეს ქრისტეფორე. განდეგილობაში მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო: უდაბნოდან შვიდი კილომეტრის დაშორებით იდგა ჭური, რომელსაც ყოველდღე ავსებდა წყლით. იქვე პატარა ქოხი ჰქონდა. მის ზღურბლზე პატარა ჩარექა იყო ჩამოკიდებული. ჩარექა შორიდან ჩანდა და მოგზაურნი ქრისტესია ბერის ჭურთან იკლავდნენ წყურვილს. იქვე პატარა ბოსტანი ჰქონდა გაშენებული ნეტარ მამას მგზავრებისათვის.
წმიდა ქრისტესიას რასაც მისცემდნენ, სხვასაც განუყოფდა. შემოწირული თაფლით და ხორბლით ყოველ შაბათს კოლიოს ამზადებდა სამი ჭურჭლით – ერთით – შემომწირველის მიცვალებულთათვის, მეორეთი – მონასტერში მდებარე შესვენებულ მამათათვის, მესამეთი – ყველა მართლმადიდებლისათვის. როგორც კი გაიგებდა სადმე ჩხუბის ან სიძულვილის ამბავს, წავიდოდა მოშუღლეებთან და ტკბილი სიტყვებით შერიგებისკენ მოუწოდებდა: „შვილნო, უკეთუ არა ისმენთ ჩემსა, რომელიცა თქვენის მიზეზით მოვედი აქა, წარვალ მწუხარებით სავსე და განიხარებს ეშმაკი იგი, რომელსა არა ნებავს მშვიდობა კაცთა და მოაწევს უაღრესსა განსაცდელსა თქვენ ზედა და ვითარცა მოველ მშიერ, მშიერივე წარვალ თქვენგან“. მისი მადლმოსილი ქცევა და სიტყვები გულს უთბობდა მოჩხუბრებს და შერიგებას უადვილებდა.
ერთხელ მამა ქრისტესია მწუხრის ლოცვის შემდეგ სოფელში წავიდა. წმიდა ბერი სიცხის გამო დაღამების შემდეგ გაუდგა გზას. ბნელი ღამე იყო, სიარული შეუძლებელი გახდა. წმიდა ქრისტესია გაჩერდა და ილოცა. მოულოდნელად მას გამოუჩნდა რაღაც მანათობელი, რომელიც გზას უნათებდა. შეშინებულმა ბერმა ნაბიჯი ვერ გადადგა, ლოცვით შეევედრა უფალს, განსაცდელი აერიდებინა მისთვის, შემდეგ პირჯვარი გადაისახა და გზას გაუყვა. მანათობელი წინ მიუძღოდა. ასე იარა მთელი ღამე, სანამ არ მიაღწია სოფელ სართიჭალას.
მისი სენაკი ვიწრო და უბადრუკი იყო. საწოლად ერთი ფიცრისგან შეკრული ტახტი ჰქონდა, საგებლად ცხვრის ტყავი, რომელიც წელამდე ძლივს წვდებოდა, სასთუმლად ქვა ედო, ტანზე ემოსა ცხვრის დაბებკილი ტყავის სამოსი, ფეხთ ქალამანი ეცვა. თუ ვინმე ტანსაცმელს მოუკითხავდა, მყის გლახაკებს მისცემდა, „თავის თავისათვის არარას ზრუნვიდა, საწუთოსათვის და ამაოსა, არამედ ყოველსავე იუნჯებდა მერმისსა მის საუკუნოისათვის“.
ოთხმოც წელს გადაცილებული წმიდა ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, აღესრულა მონასტერში, თავის კელიაში. დასაფლავებულია ეკლესიის წინ, მამათა სასაფლაოზე.