30.05.2024. აღდგომიდან მე-4 შვიდეული. ხუთშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია 

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-4 შვიდეული. 30.05.2024

ხუთშაბათი. ხსნილი 

ერგასის განზოგების შემდგომი დღესასწაული. მოციქულისა 70-თაგანისა ანდრონიკესი და წმიდისა იუნიასი (1); მოწამეთა: სოლოქონისა, პამფამირესი და პამფალონ მხედართა (284-305); სტეფანე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (893); ათანასე ახლისა, ქრისტიანოპოლელ მთავარეპისკოპოსისა, სასწაულთმოქმედისა (1707/1708).

დღის ლოცვა

მოციქული ანდრონიკეს და წმიდა იუნიას კონდაკი:

ვარსკულავსა ყოვლადბრწყინვალესა, ღმრთივშუენიერებისა ნათლითა წარმართთა განმანათლებელსა მოციქულსა ქრისტესა ანდრონიკეს ვაქებდეთ და მის თანა სახარებასა შინა მშრომელსა იუნიას ყოვლადბრძენსა უგალობდეთ და უღაღადებდეთ: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის. 

დღის საკითხავები

საქმ. 10: 34-43 (დას. 26). ინ. 8: 12-20 (დას. 29). 

საქმ. 10: 34-43 

34. პეტრემ გახსნა ბაგენი და თქვა: ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთისთვის უცხოა მიკერძოება. 35. არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. 36. მან მოუვლინა სიტყვა ისრაელის ძეთ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ: ის არის ყველას უფალი. 37. თქვენ იცით, რა მოხდა მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებუღი, იმ ნათლისცემის შემდეგ, რასაც ქადაგებდა იოანე. 38. ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი. 39. ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მოიმოქმედა მან იუდეველთა ქვეყანაში და იერუსალიმს; ბოლოს კი ძელზე დაკიდეს და მოკლეს. 40. მაგრამ ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და მისცა ძალა, გამოცხადებოდა 41. მთელ ხალხს კი არა, არამედ ღვთის მიერ წინასწარ არჩეულ მოწმეებს, – ჩვენ, რომელნიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. 42. მან გვიბრძანა გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად. 43. მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით.

ინ. 8: 12-20 

12. ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი. 13. ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, ასე რომ, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. 14. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა, რადგანაც ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ; თქვენ კი არ იცით, საიდან მოვსულვარ და სად მივალ. 15. თქვენ ხორცისამებრ სჯით, ხოლო მე არავის განვსჯი. 16. მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი. 17. რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია. 18. მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა. 19. ჰკითხეს: სად არის მამაშენი? ხოლო იესომ მიუგო: არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას. 20. ეს სიტყვები თქვა იესომ საგანძურთან, როცა ასწავლიდა ტაძარში. და ვერავინ შეიპყრო იგი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია (I) წმიდა პავლე მოციქულის ნათესავები იყვნენ. მათ მოღვაწეობას ახსენებს მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიას, ნათესავთა ჩემთა და თანატყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავლებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაითცა იყვნეს ქრისტეს მიერ“ (რომ. 16,7). წმიდა ანდრონიკეს ხელი დაასხეს პანონიის ეპისკოპოსად. მათ ქადაგებით მოიარეს სხვა ქვეყნებიც. წმიდანთა მოღვაწეობის შედეგად წარმართები ქრისტიანდებოდნენ, ანადგურებდნენ საკერპოებს და მათ ნაცვლად ქრისტიანულ ტაძრებს აშენებდნენ. ცნობილია, რომ ისინი მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის.
მე-5 საუკუნეში იმპერატორთა არკადიუსისა და ჰონორიუსის დროს მოხდა მათი წმიდა ნაწილთა აღმოყვანება. შემდგომ ამ ადგილას აშენდა დიდი ტაძარი. 
წმიდა მოწამე სოლოხონი, პამფამირე და პამფალონ მხედრები (284-305). წმიდა სოლოხონი წარმოშობით ეგვიპტელი იყო, იგი ქრისტესთვის ივნო იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305) დროს. მასთან ერთად მოწამეობრივად აღესრულნენ პამფამირე და პამფალონი. ისინი იმპერატორის არმიაში მსახურობდნენ ტრიბუნ კამპანის პოლკში. ქრისტიანთა დევნის დროს კამპანის პოლკი ქალაქ ქალკედონიაში გაგზავნეს და ყველა მხედარს მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება მოსთხოვეს. სამმა მხედარმა – სოლოხონმა, პამფამირემ და პამფალონმა – უარი განაცხადეს წარმართული კერპების თაყვანისცემაზე და აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი, უფალი იესო ქრისტე. კამპანის ბრძანებით ისინი სასტიკად აწამეს. წმიდა პამფამირე და პამფალონი წამებისას გარდაიცვალნენ. განრისხებულმა ტრიბუნმა ბრძანა, ხმლით გაეღოთ პირი ცოცხლად გადარჩენილი წმიდა სოლოხონისათვის და ნაკერპავი სისხლი ჩაესხათ. წმიდანმა კი ისე მოუჭირა კბილები, რომ ხმალი მოიღუნა. მან ბორკილები დაამსხვრია და კვლავ ადიდა უფალი. ხანგრძლივი წამების შემდეგ სოლოხონი ცალი ხელით დაკიდეს, ფეხზე კი მძიმე ქვა ჩამოკიდეს. 3 საათი ეკიდა წმიდანი ასეთ მდგომარეობაში, შემდეგ კი თოკი გადაჭრეს. წმიდა სოლოხონი საღსალამათი წამოდგა ფეხზე. მრისხანებისგან გონდაკარგულმა კამპანმა კვერთხი ჩაარტყა წმიდა მოწამეს თავში. წმიდა სოლოხონი უგონოდ დაეცა, კამპანი და მხედრები კი სასახლეში წავიდნენ. ქრისტიანებმა მოწამე ერთი ღვთისმოსავი ქვრივის სახლში წაიყვანეს, სადაც სული მოითქვა, ქრისტიანებს ესაუბრა სარწმუნოებაზე და გაამხნევა ისინი. შემდეგ წმიდა სოლოხონმა ილოცა და სული განუტევა. 
წმიდა სტეფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+893) იყო უმცროსი ვაჟი იმპერატორ ბასილი მაკედონელისა და ძმა იმპერატორ ლეონ ბრძენისა, მღვდლად ეკურთხა პატრიარქ ფოტიოსის დროს. 886 წელს პატრიარქი ფოტიოსი იძულებული გახდა მღვდელმთავრის ტახტი დაეტოვებინა. კონსტანტინეპოლის კათედრაზე არჩეულ იქნა წმიდა სტეფანე. მღვდელმთავარი ფხიზლად იცავდა სამწყსოს, იყო მოწყალე, ქომაგი გაჭირვებულთა, ზრუნავდა ქვრივებზე და ობლებზე. მიიცვალა მშვიდობით 893 წელს. დაასაფლავეს სიკელიის მონასტერში.