1.06.2024. აღდგომიდან მე-4 შვიდეული. შაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია 

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

აღდგომიდან მე-4 შვიდეული. 1.06.2024

შაბათი. ხსნილი 

ერგასის განზოგების შემდგომი დღესასწაული. წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი (საქართველოში შემოსვლა, დაახ. 323); ღირსისა დავით გარეჯელისა და მოწაფისა მისისა ღირსისა ლუკიანესი (VI-VII); მამადავითობა თბილისში*; ღირსისა იოანესი, გუთელ ეპისკოპოსისა (საქართველოში ხელთდასხმული, 770-790); მღვდელმოწამისა: პატრიკისა, პრუსელი ეპისკოპოსისა და მის თანა 3-თა ხუცესთა: აკაკისა, მენანდროსი და პოლიენოსი (100); მოწამისა კალუთა ეგვიპტელისა (284-303); კეთილმსახურისა მთავრისა დიმიტრი დონელისა (1389); მოწამისა მიღდონი ეგვიპტელისა, ერმო ქალაქიდან (III-IV). 

დღის ლოცვა

მოციქულთა სწორი ქალწული ნინოს, ქართველთა განმანათლებელის

ტროპარი: უნათლისმცემლე ცხოვართა განბნეულთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰკრიბე და მიჰგუარე ქართველნი ღმერთსა მართალსა, დედაო წმიდაო ნინო, ევედრე შვილთა შენთათვის ქრისტესა ღმერთსა.

ტროპარი: სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მოციქული ქრისტესგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა, განსწავლული, მახარებელი ცხორებისა, წინამძღუარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: მთ. 10: 1, 5-8 (დას. 34, შუა).
ლიტ.: საქმ. 12: 1-11 (დას. 29). ინ. 8: 31-42 (დას. 31).
ნინოსი: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). მთ. 25: 1-13 (დას. 104). 

ცისკ.: მთ. 10: 1, 5-8 

1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა. 

5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. 6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. 7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.

ლიტ.: საქმ. 12: 1-11 

1. იმხანად მეფე ჰეროდემ ბოროტი ზრახვით აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე. 2. და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა. 3. რაკი დაინახა, რომ ამით აამა იუდეველებს, პეტრეს შეპყრობაც ბრძანა (უფუარობის დღეები იყო). 4. როგორც კი შეიპყრო, საპყრობილეში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ათეულს უბრძანა მისი დარაჯობა, რადგანაც აპირებდა ნაპასექევს ხალხის წინაშე გამოეყვანა. 5. ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ. 6. იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ. 7. და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი. 8. ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი. 9. გავიდა და პეტრეც გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ ცხადი იყო, რასაც იქმოდა ანგელოზი, არამედ ეგონა სიზმარს ვხედავო. 10. პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს, მყისვე გაშორდა მას ანგელოზი. 11. გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი.

ლიტ.: ინ. 8: 31-42 

31. და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. 32. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. 33. მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო? 34. მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა. 35. მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს. 36. ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით. 37. ვიცი, რომ აბრაამის მოდგმისანი ხართ, მაგრამ მოსაკლავად კი მეძებთ, რადგანაც ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. 38. მე ვამბობ იმას, რაც მამაჩემთან მიხილავს, თქვენ კი რაც მამათქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ. 39. მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით. 40. ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია. 41. თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს – ღმერთი. 42. უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. 

ნინოსი: 1 კორ. 4: 9-16 

9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ. 10. ჩვენ – შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ – ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ – უძლურნი, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ – დიდებულნი, ჩვენ კი – გინებულნი, 11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას. 12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ. 13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი. 14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად. 15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ. 16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.

ნინოსი: მთ. 25: 1-13 

1. მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად. 2. ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი – უგუნური. 3. უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. 4. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით. 5. და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. 6. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო. 7. მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. 8. და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება. 9. გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. 10. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. 11. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. 12. ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ. 13. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მღვდელმოწამე პატრიკი, პრუსელი ეპისკოპოსი, მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მენანდრე და პოლიენი (+100). წმიდა პატრიკი იყო ბითვინიის პრუსიის ეპისკოპოსი. მღვდელმთავარი სამ მღვდელთან: აკაკისთან, მენანდრესა და პოლიენთან ერთად შეიპყრეს და ქალაქის მთავარს იულიუსს წარუდგინეს. მთავარი სამკურნალოდ მიდიოდა და ბრძანა, ბორკილდადებული ეპისკოპოსი და მღვდლებიც ეახლებინათ მისთვის. სამკურნალო წყლებში განბანვის შემდეგ იულიუსმა მსხვერპლი შესწირა კერპებს და წმიდა პატრიკს და სხვა პყრობილებსაც იგივე უბრძანა.
წმიდა პატრიკმა უპასუხა: „მე ქრისტიანი ვარ და ვემორჩილები ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა და ეს ცხელი წყლებიც საკურნებელად კაცთა“. იულიუსის ბრძანებით წმიდა პატრიკი ცხელ წყალში ჩააგდეს. მღვდელმთავარი მხურვალედ ევედრებოდა უფალს: „უფალო იესო ქრისტე, შემეწიე მონასა შენსა“. ღვთის განგებულებით წმიდანი უვნებლად იქნა დაცული.
განრისხებულმა იულიუსმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტიანებისთვის.
მოწამენი აღესრულნენ 100 წელს. 
წმიდა მოწამე კალუთა ეგვიპტელი (284-308) ქალაქ თებედან იყო. ქრისტეს აღსარებისათვის იგი შეიპყრეს და ქალაქის მთავარს მიჰგვარეს. მისი ბრძანებით წმიდანი თავდაღმა დაკიდეს, მძიმე ქვა გამოაბეს ყელზე და სასტიკად ცემეს. ქრისტეს ტარიგი ღვთის სადიდებლად ითმენდა სატანჯველს. შემდგომ კალუთა ჩამოხსნეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, გამძვინვარებულმა წარმართებმა იგი ცეცხლში დაწვეს. წმიდა კალუთა ეწამა იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის, დიოკლეტიანეს თანამმართველის დროს. 
წმიდა მოციქულთასწორის ნინოს შემოსვლა საქართველოში (+323). ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მოციქულებმა იქადაგეს ქრისტიანობა, მაგრამ IV ს-ის დასაწყისისთვის ქვეყანა მაინც წარმართობის ტყვეობაში იყო.
ყოვლადწმიდა ქალწულის მინიშნებით ქართველთა ერის ქრისტეს ნათლით გასანათლებლად ივერიისკენ მოციქულთა სწორი ქალწული ნინო გამოემართა.
წმიდა ნინო ქალწულმოწამეებთან: რიფსიმესთან, გაიანესა და მათ ორმოცდაათ თანამოღვაწესთან (ხს. 30 სექტემბერს) ერთად სომხეთში ჩავიდა. წმიდა ქალწულთა მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ნინო ღვთაებრივი გამოცხადებით ფარავნის ტბას მიუახლოვდა და ჯავახეთის მთებით საქართველოში შემოვიდა. „ვარდი და ნუში ყუაოდა მას ჟამსა“, „მთანი ჩრდილოსანი“ კი, მიუხედავად ვარდობისთვისა, „სავსენი ჩნდეს თოვლითა და ჰაერითა სასტიკითა“.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. გარდა ამ დღისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნინოს იხსენიებს მისი მიცვალების დღეს 14 (27) იანვარს.
(წმიდა ნინოს ცხოვრება და მოღვაწეობა იხილეთ 14 იანვარს). 
წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსი (VIII) სიყრმეშივე აღიკვეცა ბერად. ღირსმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ამასობაში ხატმბრძოლ იმპერატორს კონსტანტინე კოპრონიმს (741-775) განედევნა გუთელი ეპისკოპოსი. ქრისტიანები შეევედრნენ წმიდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. წმიდა მამა მწვალებლობისაგან დაცულ საქართველოში გამოემგზავრა. აქ დაასხეს მას ხელი ეპისკოპოსად. გუთეთს დაბრუნებული მღვდელმთავარი მალე იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სამწყსო, ხაზართა დევნას გაერიდა და 4 წელი გაატარა ამასტრიდაში. წმიდა იოანემ 40 დღით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, გარდაიცვალა 790 წელს და დაკრძალეს პართენიტის მონასტერში.