,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
აღდგომიდან მე-7 შვიდეული. ოთხშაბათი
ხსნილი თევზით. 19.06.2024
შემდგომი დღესასწაული ამაღლებისა. ღირსისა დოდო გარეჯელისა (596); ღირსისა ბესარიონისა, ეგვიპტელი საკვირველთმოქმედისა (IV-V); ღირსისა ილარიონ ახლისა (845); ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიასი, თეკლასი და სოსანასი (293); მოწამეთა მამელხთასი და ზინაიდასი.
დღის ლოცვა
ღირსი ბესარიონ საკვირველმოქმედის კონდაკი:
ძალთა ზეცათასა მიბარე, ღირსო, და ფრინველთა ცხორებისა სახითა სცხოვნდებოდი, და საწუთო ესე დაივიწყე უხრწნელისა მისთვის ზეცათა ქრისტეს მეუფისა შუენიერებისა სურვილითა, რომელსა ღირს-იქმენ მიწევნადცა, ბესარიონ; ევედრე მას დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის.
ღირსი დოდო გარეჯელი (VI)
კონდაკი: სიყრმე უსრული სიჩჩოსა ასაკ სრულ სიბერედ იხსენ და დანერგენ შორის შენსა ღუაწლნი მამათანი, რწყულნი იგი მათ მიერ მდიდრად ცრემლითა, და შენდა რაევე უდებ-ჰყავ ნამცნებანი მათნი, და გამოგვიჩნდი შვილთა ეკლესიისათა მფარველად, თანამოდასეო ზეცისათა მატ ძალთაო და თანამოკარვეო დავით გარეჯელისაო, სრულებაო მამათაო, ღირსო დოდო.
დღის საკითხავები
ცისკ.: ლკ. 6: 17-23 (დას. 24) – (დოდო გარეჯელის).
ლიტ.: საქმ. 23: 1-11 (დას. 47). ინ. 16: 15-23 (დას. 54).
ღირ.: გალ. 5: 22-6: 2 (დას. 213). მთ. 4: 25-5: 12 (დას. 10).
ცისკ.: ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
ლიტ.: საქმ. 23: 1-11
1. პავლემ მზერა მიაპყრო საკრებულოს და თქვა: კაცნო, ძმანო, დღემდე წრფელი სინიდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე. 2. მღვდელმთავარმა ანანიამ კი უბრძანა მის გვერდით მდგომთ თავ-პირი დაელურჯებინათ მისთვის. 3. მაშინ პავლემ უთხრა მას: ღმერთი დაგალურჯებს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! აქ იმისთვის ზიხარ, რომ რჯულის თანახმად განმსაჯო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს გვემას. 4. ხოლო იქ მდგომებმა თქვეს: ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ? 5. უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგანაც დაწერილია: შენი ხალხის მთავრის აუგს ნუ იტყვი. 6. როდესაც მიხვდა პავლე, რომ შეკრებილთა შორის ზოგი სადუკეველია, ზოგი კი – ფარისეველი, ხმამაღლა შესძახა სინედრიონში: კაცნო, ძმანო, მეც ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე. და აქ იმისთვის ვისჯები, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი მაქვს. 7. ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკეველებს შორის დავა ატყდა და ორად გაიყო კრებული. 8. ვინაიდან სადუკეველები ამტკიცებენ, რომ არც აღდგომა არსებობს, არც ანგელოზი და არც სული, ფარისევლები კი აღიარებენ ყოველივე ამას. 9. ატყდა ერთი ღრიანცელი; ფარისეველთა მხრიდან წამოდგნენ მწიგნობრები და ცილობის ნიშნად თქვეს: ვერავითარ ბოროტებას ვერ ვპოუღთბთ ამ კაცში; იქნება სული ამეტყველებს, ან ანგელოზი? 10. მაგრამ რაკი დავა გამძაფრდა, ათასისთავს შეეშინდა, ვაითუ პავლე შუაზე გაგლიჯონო, ამიტომაც ჯარისკაცებს უბრძანა, მისულიყვნენ, ხალხისთვის გამოერიდებინათ და ციხეში წაეყვანათ იგი. 11. მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა პავლეს და უთხრა: მხნედ იყავ, ვინაიდან როგორც მიმოწმე იერუსალიმში, რომშიც ასევე უნდა მიმოწმო.
ლიტ.: ინ. 16: 15-23
15. ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია; ამიტომაც ვთქვი, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი. 16. ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ: კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგანაც მამასთან მივდივარ. 17. ხოლო ზოგიერთმა მისმა მოწაფემ ერთმანეთს უთხრა: ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ, რადგანაც მამასთან მივდივარო? 18. ასე ამბობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაც? ვერ გაგვიგია, რას ამბობს. 19. იესო მიხვდა, რომ შეკითხვა სურდათ, და უთხრა მათ: იმისთვის ეკითხებით ერთმანეთს, რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ-მეთქი? 20. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივაგლახებთ, ქვეყანა კი იხარებს; დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ. 21. ქალი შობისს წუხს, ვინაიდან მოაწია იმისმა ჟამმა; მაგრამ ყრმას რომ შობს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგანაც ადამიანი იშვა ამქვეყნად. 22. თქვენც ასევე მწუხარენი ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს. 23. ხოლო იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ.
ღირ.: გალ. 5: 22-6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ღირ.: მთ. 4: 25-5: 12
25. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
1. ხალხი რომ იხილა, მთაზე ავიდა, და როცა დაჯდა, მიუახლოვდნენ მისი მოწაფენი. 2. განახვნა ბაგენი, ასწავლიდა მათ და ამბობდა: 3. ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 4. ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. 5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას. 6. ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან. 7. ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. 8. ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ. 9. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. 10. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი. 11. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა დაგიწყებენ გმობას, დევნას და ცრუმეტყველნი დაგწამებენ ყოველგვარ ბოროტს ჩემი გულისთვის. 12. გიხაროდეთ და ილხენდეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში, რადგან ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველთაც, რომელნიც თქვენზე უწინარეს იყვნენ.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
ღირსი ქალწულმოწამენი: არქელია, თეკლე და სოსანა (+293)
მეორე დილით ჯალათებმა სასტიკად აწამეს წმიდა არქელაია: სხეულს უსერავდნენ და ჭრილობებზე გაცხელებულ ფისს ასხამდნენ. უეცრად ნათელი გაბრწყინდა და გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ, შენთანა ვარ“. ღვთაებრივი ძალა იცავდა წმიდა ქალწულს: როცა უზარმაზარი ლოდით მისი გაჭყლეტა დააპირეს, ანგელოზმა ქვა სხვა მხარეს გადააგორა და თავად ჯალათები მოისრნენ. ბოლოს მსაჯულმა ბრძანა, ქრისტეს მხნე აღმსარებლებისთვის თავები მოეკვეთათ.
ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V)
წმიდა ბესარიონმა ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო: როცა გზაში მყოფ მის მოწაფეს ძლიერ მოსწყურდა, ღირსმა მამამ სასმელად უვარგისი წყალი დაატკბო; მისი ლოცვით უფალი წვიმას გარდმოავლენდა, შეეძლო ფეხით გადაეარა მდინარეზე; განასხმიდა ეშმაკებს, მაგრამ ყოველივე ამას ფარულად იქმოდა, რომ განდიდებისგან დაეცვა თავი. მისი თავმდაბლობა იმდენად დიდი იყო, რომ ერთხელ, როცა მწირველმა მღვდელმა ცოდვაში ჩავარდნილ ბერს უბრძანა, დაეტოვებინა ტაძარი, მას წმიდა ბესარიონიც გაჰყვა თან სიტყვებით: „მეც ცოდვილი ვარ“. ღირს მამას ან ფეხზე მდგომს ეძინა, ან მჯდომარეს; სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ღია ცის ქვეშ, განმარტოებულ ლოცვაში გაატარა და მშვიდად მიიცვალა ღრმა სიბერეში.
ხსენება ღირსისა დოდო გარეჯელისა (VI ს.)
ღირსი დოდო გარეჯელი წარმოშობით კახელი იყო, ანდრონიკაშვილთა გვარიდან. სიყრმიდგან მონაზვნობის ღვაწლის მიმღები და ქრისტეს მსახურებას შემდგარი, ყოველგვარი სათნოებით იყო შემკული. უპოვარებისა და დაყუდების მოყვარული ბერი განმარტოებით მოღვაწეობდა ნინოწმინდაში.
როცა ღირსმა დოდომ გაიგო მამა დავით გარეჯელის სასწაულების ამბავი, გარეჯში წავიდა. ღირსმა მამებმა კეთილად მოიკითხეს ერთმანეთი და გვერდიგვერდ დაიწყეს მოღვაწეობა.
რამდენიმე ხნის შემდეგ მამა დავითმა იხილა ღირსი დოდოს სარწმუნოებრივი სიმტკიცე, მოეწონა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“ და კურთხევა მისცა პირდაპირ აღმართული კლდის წვერზე აეგო სენაკები და იქ წაეყვანა თანამოსაგრეები.
ძმებმა ააგეს სენაკები და დაიწყეს მოღვაწეობა. შემდეგ სენაკების რაოდენობამ ორასს გადააჭარბა. თვითონ ღირსი დოდო დაეყუდა ერთ ვიწრო ნაპრალში, რომელიც ერთ კაცს ძლივს იტევდა და დღე და ღამ, ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და ყინვაში ცრემლებით ევედრებოდა უფალს ცოდვათა მიტევებას, ძმათა გაძლიერებას და ქვეყნის მოქცევას ჭეშმარიტ სჯულზე.
ერთხელ მამა დავითმა სასწაულებრივად განკურნა რუსთავის მთავრის, ბუბაქარის დავრდომილი ვაჟი. მადლიერმა მთავარმა მეუდაბნოე ბერებისთვის აუცილებელი ნივთები მიართვა ღირს მამას. წმიდა დავითმა მიიღო ნაწილი, დანარჩენი კი ღირს დოდოს გაუგზავნა და ბუბაქარს ურჩია, მისი ხელით მონათლულიყო. წმიდა დოდომ სიხარულით აღასრულა ნათლობის საიდუმლო და ნათელ-სცა ბუბაქარს, მის სამ ვაჟს და მთელს ამალას.
ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა ღირსი დოდო მის მიერ დაარსებულ მონასტერში და იქვე აღესრულა მშვიდობით.
სულიერმა შვილებამა და თანამოსგარეებმა სენაკშივე დაფლეს მისი წმიდა სხეული. შემდგომ წმიდა დოდო გარეჯელის საფლავზე ეკლესია აშენდა.
“ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი”, თბილისი, 2004 წ.
წყარო: www.orthodoxy.ge
ღირსი ილარიონ ახალი (+845)
მაშინ დალმატის მონასტრის ბერებმა წმიდა პატრიარქ ნიკიფორეს მიმართეს თხოვნით, ილარიონი მათ წინამძღვრად დაედგინა და მონასტერში დაებრუნებინა. პატრიარქის ბრძანება ღირსმა მამამ ღვთის ნებად ჩათვალა, მონასტერში დაბრუნდა და რვა წლის განმავლობაში მშვიდად განაგებდა სავანეს, მაგრამ 813 წელს ხატმბრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) გამეფებამ და მართლმადიდებელთა დევნის განახლებამ დაარღვია ძმების ცხოვრების ჩვეული რიტმი. ღირსმა ილარიონმა ხატების შეურაცხყოფაზე უარი განაცხადა და გაბედულად ამხილა იმპერატორი მწვალებლობაში, რისთვისაც მრავალი ტანჯვის დათმენა მოუხდა: იგი რამდენჯერმე ჩააგდეს საპყრობილეში. ცრუპატრიარქი თეოდოტი, რომელმაც განდევნილი ნიკიფორეს ტახტი დაიკავა, ცდილობდა წამებით გადაედრიკა წმიდა აღმსარებელი, მაგრამ ამაოდ. დალმატის მონასტრის ბერებს ისე ძალიან უყვარდათ მათი წინამძღვარი, ისე უნდოდათ მისი ნახვა, რომ ეახლნენ იმპერატორს და უთხრეს, რომ წმიდა ილარიონის გათავისუფლების შემთხვევაში ისინი იმპერატორის ნებას დაემორჩილებოდნენ. მაგრამ მონასტერში მოძღვართან ერთად დაბრუნებულები კვლავ ხატთა თაყვანისცემის წესის ერთგულებად დარჩნენ. განრისხებულმა ლეონ სომეხმა ისევ დაატუსაღა ღირსი ილარიონი.
უსჯულო იმპერატორი ვერ ასცდა ღვთის სასჯელს: იგი თავისმა მეომრებმა ტაძრის სწორედ იმ ადგილას აჩეხეს, საიდანაც პირველად წმიდა ხატი გადმოაგდო. ახალმა იმპერატორმა მიხეილ II-მ (820-820) გაანთავისუფლა ღირსი ილარიონი და იგი განმარტოებულ კელიაში დაეყუდა. როცა ხატმებრძოლთაგან ნაწამები თეოდორე სტუდიელი (ხს. 11 ნოემბერს) მიიცვალა, ღირსმა მამამ იხილა, თუ როგორ აჰყავდათ ზეცად ანგელოზებს მისი სული. ხატმბრძოლი იმპერატორის თეოფილეს (829-842) დროს ღირსი ილარიონი კვლავ შეიპყრეს, სასტიკად სცემეს და კუნძულ ათუსიაზე გადაასახლეს.
თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა იმპერატორმა თეოდორამ (842-855) აღმსარებლები დააბრუნა გადასახლებიდან. წმიდა ილარიონიც დაუბრუნდა დალმატის მონასტერს, კვლავ მისი იღუმენი გახდა და მშვიდობით მიიცვალა 845 წელს.