17.07.2024. მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-4 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

ხსნილი თევზით. 17.07.2024 

ანდრია კრიტელ მთავარეპისკოპოსისა, „დიდი კანონის“ შემქმნელისა (712-726); ღირსისა მართასი, დედისა სვიმეონ მესვეტისა, სასწაულთმოქმედისა, რომელი დამკვიდრებულ იყო მთასა საკვირველსა (551); მოწამეთა თეოდოტესი და თეოდოტიასი (105-108); მღვდელმოწამისა თეოდორე კვირინელ ეპისკოპოსისა (310); ღირსისა ანდრია რუბლიოვისა, ხატმწერისა (XV).

დღის ლოცვა

ანდრიასი, კრიტელი მთავარეპისკოპოსის, “დიდი კანონის” შემქმნელის კონდაკი:

დაბერე მაღლად საყვირსა საღმრთოთა გალობათასა და გამოსჩნდი მნათობად სოფლისა ყოვლად ელვარედ მნათობი ნათლითა სამებისათა, ყოვლადღირსო ანდრია, ვინა ყოველნი გიღაღადებთ: მეოხებად ნუ დასცხრები წინაშე უფლისა ჩუენ ყოველთათვის. 

დღის საკითხავები 

ლიტ.: რომ. 11: 2-12 (დას. 105). მთ. 11: 20-26 (დას. 42).
ადნრიასი: ებრ. 8: 3-6 (დას. 318, შუა). მთ. 7: 12-21 (დას. 21). 

ლიტ.: რომ. 11: 2-12 

2. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს ისრაელის გამო: 3. „უფალო, შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და დაანგრიეს შენი საკურთხეველნი. მარტო მე დავრჩი, და ეძებენ ჩემს სულს“. 4. მაგრამ რას ეუბნება პასუხი ღვთისა? „მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე. 5. ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი. 6. მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი. 7. მერედა, რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ ეწია; მხოლოდ რჩეულნი ეწივნენ; დანარჩენებს კი ქვად ექცათ გული. 8. როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა მთვლემარე სული; თვალი, რათა ვერ ხედავდნენ, და ყური, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე“. 9. ხოლო დავითი ამბობს: „დაე, ტაბლა მახედ და ბადედ ექცეთ, საცდურად და მათ საზღაურად; 10. დაევსოთ თვალი, რომ ვეღარ ხედავდნენ, და მოდრიკე მათი ზურგი სამარადისოდ“. 11. მე ვამბობ: ნუთუ ისე წაიბორძიკეს, რომ დაეცნენ? არამც და არამც. მაგრამ მათი დაცემა ხსნად ექცა წარმართთ, რათა აღძრულიყო მათში საღმრთო შური. 12. ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი – წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი.

ლიტ.: მთ. 11: 20-26 

20. მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს: 21. ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ. 22. ამიტომ გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 23. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე. 24. ამიტომ გეუბნები შენ: განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის. 25. იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. 26. დიახ, მამაო, ასე კეთილინებე შენ.

ადნრიასი: ებრ. 8: 3-6 

3. რადგანაც ყველა მღვდელმთავარი მსხვერპლისა და შესაწირავის მისართმევადაა დადგენილი; ამიტომ აუცილებელია, რომ მასაც რაიმე ჰქონდეს მისართმევი. 4. მიწაზე რომ დარჩენილიყო, მღვდელიც აღარ იქნებოდა, რადგანაც აქ არიან მღვდღები, რჯულისამებრ რომ სწირავენ შესაწირავს, 5. და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას: „იცოდე, – იყო თქმული, – ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ“. 6. ხოლო აწ ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმის, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული.

ადნრიასი: მთ. 7: 12-21 

12. როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი. 13. შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე. 14. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას. 15. ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები. 16. თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს? 17. ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს. 18. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება. 19. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. 20. ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ. 21. ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას.
თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. თავმდაბალი ბერი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა და ყველას აოცებდა თავისი ღვთისმოშიშებითა და გონიერებით. კეთილმსახურებისა და გამორჩეული ნიჭიერებისათვის იგი იერუსალიმის საპატრიარქოს მდივნად – ნოტარიუსად დანიშნეს. 680 წელს წმიდანი მთავარდიაკვნის ხარისხში VI მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა, სადაც, მართლმადიდებლური დოგმატების ღრმა ცოდნაზე დაყრდნობით ამხილა ერეტიკოსების ცრუსწავლება. კრება ახალი დამთავრებული იყო, როცა ანდრია იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გაიწვიეს და წმიდა სოფიას ტაძრის მთავარდიაკვნად დაადგინეს. იმპერატორ იუსტინიანე II-ის (685-695) ზეობისას ნეტარ მამას კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ჰორტინის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ამ ახალ სარბიელზე იგი გაბრწყინდა, როგორც დიდი ღვთისმეტყველი, მქადაგებელი და ჰიმნოგრაფი.
მღვდელმთავარმა ანდრიამ მრავალი საღვთისმსახურო საგალობელი შექმნა. მან დაუდო სათავე ახალ ლიტურგიკულ ჟანრს – კანონს. განსაკუთრებით აღსანიშნავია „სინანულის დიდი კანონი“, რომელიც დიდმარხვის საკითხავებშია ჩართული. მარხვის პირველ კვირიაკეში, სერობებზე ის ნაწილ-ნაწილ იკითხება, მეხუთე კვირიაკის ხუთშაბათს კი – მთლიანად. შემდგომ საუკუნეებში ანდრია კრეტელის ჰიმნოგრაფიული ტრადიციები გააგრძელეს წმიდა მამებმა: იოანე დამასკელმა, კოზმა მაიუმელმა, იოსებ მგალობელმა…
ნეტარი ანდრიას მიცვალების თარიღის შესახებ საეკლესიო ისტორიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგი 712 წელს ასახელებს, სხვები – 726 წელს. 
წმიდა მოწამენი თეოდოტე და თეოდოტია წმიდა იაკინთემ (ხს. 3 ივლისს) მოაქცია ქრისტიანობაზე. მარტვილის ნეტარი აღსასრულის შემდეგ ისინიც სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს (+108). 
მღვდელმოწამე თეოდორე, კვირელი ეპისკოპოსი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს მოღვაწეობდა. იგი მეტად დახელოვნებული იყო კალიგრაფიაში და ტაძრებისთვის საღვთისმსახურო წიგნებს წერდა. ღვიძლმა შვილმა, ლეუსმა მამა ოლქის მმართველ დიგნიანთან დაასმინა – სახლში ქრისტიანულ წიგნებს ინახავს, ხალხს წარმართული ღვთაებების შეურაცხყოფას ასწავლის და ქრისტეს სარწმუნოებას უქადაგებსო. მღვდელმთავარი თეოდორე სამსჯავროზე წარადგინეს. მსაჯულმა ნეტარს მოსთხოვა წიგნები მისთვის ჩაებარებინა, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა. აღმსარებელი სასტიკად სცემეს რკინის ჯოხებით, მაგრამ წამებამ კიდევ უფრო გაამხნევა იგი. მარტვილს ენა მოაჭრეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც დაასრულა კიდეც ამქვეყნიური სიცოცხლე და ნეტარ მარადისობას შეერთო (+310). სიკვდილით დასაჯეს აგრეთვე დედები: ლუკია, იეროია და ღირსი თეოდორეს ხელით ნათელღებული ყველა ქრისტიანი. 
ღირსი მართა, საკვირველ მთაზე მოღვაწე წმიდა სვიმეონ მესვეტის (ხს. 24 მაისს) დედა, დაიბადა ანტიოქიაში, VI საუკუნეში. იგი სიყმაწვილიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ ისწრაფოდა, მაგრამ მშობლებმა გათხოვებაზე დაითანხმეს. წმიდანის მეუღლე, იოანე მალე გარდაიცვალა და დაქვრივებულმა მართამ მთელი ძალები ერთადერთი ძის აღზრდას შეალია. იგი შვილს ღვთისმოშიშებისა და კეთილმსახურების მაგალითს აძლევდა: ხშირად დადიოდა ტაძრებში, ყურადღებით, კრძალვით ისმენდა საეკლესიო მსახურებას, ხშირად ეზიარებოდა წმიდა საიდუმლოს; ყოველ ღამით ლოცვად დგებოდა და გულმხურვალედ, ცრემლებით ევედრებოდა უფალს. მართა განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც მისი ზეციური მფარველი იყო და ხშირად ეცხადებოდა სასწაულებრივ ხილვებში. ღირსი დედა საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა: აპურებდა და მოსავდა გლახაკებს.
წმიდა მართას უქმი სიტყვა არასოდეს დასცდენია ბაგეთაგან, არავის უნახავს იგი განრისხებული, ვინმესთან მოკამათე ან დაღვრემილი. ნეტარი დედის მთელი ცხოვრება ქადაგება იყო. თავისი მაგალითით მას ბევრი დაუყენებია ცხონების გზაზე. როცა წმიდანის შვილმა, სვიმეონმა საკვირველი ღვაწლითა და სასწაულებით შორს გაითქვა სახელი, დედა მივიდა მასთან და მხურვალედ ევედრა, არ გაამაყებულიყო, საკუთარი უძლურება არ დაევიწყებინა და ყველაფრისთვის უფალი ედიდებინა. ღირს მართას წინასწარ განეცხადა აღსასრულის მოახლოება: მას ანგელოზები წარმოუდგნენ სანთლებით ხელში და აუწყეს, რომ ერთი წლის შემდეგ მივიდოდნენ მის წასაყვანად. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე წმიდანი ღირსი შეიქნა ზეგარდმო ჩვენებით ეხილა მისთვის გამზადებული ზეციური ადგილსამყოფელი. ღვთისმშობელმა მას მართალთა სულებისთვის გამზადებული ბრწყინვალე ადგილები მოახილვინა.
ნეტარი დედა მშვიდობით მიიცვალა 551 წელს. მისი ცხედარი საკვირველ მთაზე, ღირსი სვიმეონ მესვეტის მოსაგრეობის ადგილზე დაკრძალეს. წმიდა ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.