,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?..” დიდი ილია
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-6 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
მარხვა. 31.07.2024
ღირსმოწამისა კოზმან ზუცესმონაზონისა, მწიგნობართუხუცესისა (1630); მოწამისა ემელიანესი (363); მოწამისა იაკინთე ამასტრიდელისა (IV ); ღირსისა პამბო მეუდაბნოისა, ნიტრიელისა (IV); მოწამისა ათანასე კულიზმელისა (305-311); ბეთლემის გზასა რაქელის საფლავსა ზედა ხსენება მისი.
დღის საკითხავები
ლიტ.: 1 კორ. 2: 9 – 3: 8 (დას. 127). მთ. 13: 31-36 (დას. 53).
ღირ. – გალ. 213 დას. 5: 22 – 6: 2. ლკ. 24 დას. 6: 17-23.
ლიტ.: 1 კორ. 2: 9 – 3: 8
9. არამედ, როგორც დაიწერა: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“. 10. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც. 11. და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა. 12. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა. 13. ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს. 14. მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო. 15. ხოლო სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება. 16. რადგანაც ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, რომ ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს აზრი გვაქვს.
1. მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერ ხალხთან, არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში. 2. რძით გზრდიდით და არა საჭმლით, ვინაიდან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის ატანა და არც ახლა შეგიძლიათ. 3. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ თქვენს შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი? 4. მართლაცდა, თუ ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე: მე აპოლოსისო, განა ხორციელნი არა ხართ? 5. მაგრამ ან პავლე ვინ არის და ან აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ და თანაც იმდენად, რამდენადაც უფალი შეეწია თვითეულ მათგანს. 6. მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა. 7. ასე რომ, არც დამრგველია რამე და არც მომრწყველი, არამედ – გამზრდელი ღმერთი. 8. დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს. 9. ჩვენა ვართ ღვთის თანამოსაქმენი, თქვენ კი ღვთის ნამუშაკევნი, ღვთის ნაშენნი ხართ.
ლიტ.: მთ. 13: 31-36
31. სხვა იგავიც შესთავაზა მათ და უთხრა: ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში; 32. ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ. 33. მერე სხვა იგავიც უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ აფუვდა. 34. ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა არაფერს ეტყოდა მათ. 35. რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან. 36. მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი.
ღირ. – გალ. 5: 22 – 6: 2
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, 23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული. 24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ. 25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ. 26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში. 2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ღირ. – ლკ. 6: 17-23
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან; 18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ. 19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას. 20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი; 21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ; 22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო. 23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა დიდმოწამე ათანასე (III-IV)
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად.
წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკებები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა. მალე წარმართებმა შეიტყვეს, რომ საკერპო დარბეული იყო და, გაავებულებმა, ამ დროს შორიახლოს შემთხვევით მიმავალ გლეხს დაუწყეს ცემა. წმიდა ემილიანეს შეებრალა უდანაშაულო გლეხი და საჯაროდ განაცხადა, კერპები მე დავამსხვრიეო. უღმრთოებმა იგი შეიპყრეს და მსაჯულ კაპიტოლინს მიჰგვარეს. კარისკაცის ბრძანებით ნეტარი სასტიკად გვემეს, შემდეგ კი დაწვა მიუსაჯეს. კოცონზე შეგდებული ემილიანე უვნებელი დარჩა. ირგვლივ სასეიროდ შეკრებილი ბევრი წარმართი კი ცეცხლის ალმა შემუსრა. ბოლოს, როდესაც შეშა ჩაიწვა, მარტვილიმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+363). მოგვიანებით კონსტანტინოპოლში წმიდა ემილიანეს სახელობის ტაძარი ააგეს, სადაც გადაასვენეს კიდეც მისი უხრწნელი ნაწილები.
ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით. მთელი დღეების მანძილზე იგი ხელსაქმით იყო დაკავებული – ჭილობებსა და კალათებს წნავდა. მუშაობის დროს მისი გონება განუწყვეტლივ ლოცვითა და ღვთის განგებულებაზე ფიქრით იყო დაკავებული და სულ უფრო და უფრო ნათდებოდა ღვთაებრივი სიბრძნით. ღირსი მამა თბილად ხვდებოდა მისგან რჩევა-დარიგების მიღების მსურველებს და ცდილობდა, გულმოწყალება და მოყვასის სიყვარული ჩაენერგა მათთვის. თავმდაბალი მოსაგრე არ ენდობოდა საკუთარ გონებას. ხშირი იყო შემთხვევები, როცა იგი მოსულებს ეუბნებოდა: „მე ჯერაც არ ვუწყი პასუხი თქვენს შეკითხვაზე“, ლოცვისთვის განმარტოვდებოდა და ზოგჯერ რამდენიმე დღის შემდეგ აკმაყოფილებდა მომსვლელთა სურვილებს.
ერთხელ პამვას მახლობელ ქალაქში მოუხდა ყოფნა. აქ ნეტარს ერთი მდიდრულად ჩაცმული ცოდვილი ქალი გადაეყარა. წმიდანი მის დანახვაზე ატირდა. „რა გატირებთ, მამაო?!“ – ჰკითხეს ბერებმა. მოსაგრემ მიუგო: „ორი რამ: ერთი – ამ ქალის წარწყმედა და მეორე – საკუთარი თავი. მე ისე არ ვზრუნავ საკუთარი სულის შემკობაზე, როგორც ეს ქალი თავისი სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე. მე ნაკლებს ვაკეთებ უფლისთვის სათნოსაყოფად, ვიდრე იგი – ადამიანთათვის თავის მოსაწონებლად“.
ღირს პამვას მის აღსასრულამდე მცირე ხნით ადრე ესტუმრა ერთი მდიდარი და ღვთისმოყვარე რომაელი ქალი – მელანია, რომელმაც უხვი შესაწირი – სამასი ლიტრა ოქრო მიართვა. წმიდა მამა კალათს წნავდა. ფულისთვის არც შეუხედავს და მხოლოდ სტუმრის მხურვალე ვედრების შემდეგ უბრძანა იქვე მდგომ მოწაფეს, ლიბიაში და კუნძულებზე მოღვაწე მონაზვნებისთვის დაენაწილებინა ეს სიმდიდრე, რადგან მათი მიწები, ეგვიპტელთაგან განსხვავებით, უნაყოფო იყო. – „მამაო, – თქვა მელანიამ, – იცოდეთ, რომ აქ სამასი ლიტრა ოქროა!“ – „შვილო ჩემო, – მიუგო მოსაგრემ, – უფლისთვის ხომ არაფერია დაფარული… ეს ოქროები ჩემთვის რომ შეგეწირა, ჭეშმარიტად, მათი რაოდენობაც უნდა გეუწყებინა, მაგრამ შენ მას ხომ ღმერთს აძლევ, რომელმაც ქვრივის ორი ლეპტაც არ შეურაცხყო და ყველაზე ძვირფასი ძღვენივით შეიწირა“.
ღირსი პამვა ერისკაცებს მოუწოდებდა, პატივისცემით მოპყრობოდნენ ბერებს, რომლებიც უფრო ხშირად საუბრობენ უფალთან.
ღირსმა მამამ სამოცდაათი წელი დაჰყო ამქვეყნად. პიმენი დიდის (ხს. 27 აგვისტოს) სიტყვებით, მის ცხოვრებაში სამი რამ იყო საცნაური: გამუდმებული მარხვა, მდუმარება და ხელსაქმე. მიუხედავად დაუცხრომელი მოშურნეობისა და სულიერების მწვერვალზე ამაღლებისა, მიცვალების წინ ნეტარმა მოწაფეებს ასე მიმართა: „ისე მივდივარ უფალთან, თითქოს ჯერ მის მსახურებას არც შევდგომოდე“.
წმიდა მოწამე იაკინთე ამასტრიდელი (IV)
ღირსი კოზმან ხუცეს-მონაზონი, მწიგნობართუხუცესი, მრავალმთას სპარსთაგან მოკლული (+1630)
ღირსი დავით გარეჯელის მიერ დაარსებული სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იყო სრულიად საქართველოსთვის სულიერი და კულტურული ცხოვრების ცენტრი.
საქართველოს სამეფო კარი ყოველთვის ანგარიშს უწევდა გარეჯელ მამათა აზრს.
გარეჯის უდაბნო უმნიშვნელოვანესი მწიგნობრულ-ლიტერატურული კერა იყო. აქ იქმნებოდა ორიგინალური სასულიერო ხასიათის თხზულებები, მრავლდებოდა ძველი ქართული ხელნაწერები, მზადდებოდა ახალი.
გარეჯელი მოღვაწეები ადგენდნენ ორიგინალური აგიოგრაფიული ძეგლებისა და ასკეტიკურ-ჰომილეტიკური თხზულებების კრებულებს, ეხმარებოდნენ სხვა მონასტრებთან არსებულ ლიტერატურულ სკოლებს.
აქ უმოღვაწია წმიდა კოზმან ხუცეს-მონაზონს. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. ანტონ კათოლიკოსი გადმოგვცემს, რომ კოზმანი იყო კაცი უმანკო, წრფელი, კეთილმწიგნობარი, შუენიერი მეფსალმუნე, „სიბრძნით გამომთქმელ, წერილთ ჯეროვან ავქსონ“, თან ამბობს, ჩემს სიყმაწვილეში მინახავს, დედაჩემთან სტუმრად მოსულიო.
წმიდა კოზმანს დაუწერია „შესხმა ქეთევან დედოფლისა“, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
პლატონ იოსელიანის ცნობით, კოზმან ხუცეს-მონაზონი შეუპყრიათ უდაბნოს დასარბევად მოსულ ლეკებს და უწამებიათ (+1630).