9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, …11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან…
1 კორ. 5: 9 -11
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-7 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
ხსნილი. 6.08.2024
ღირსისა ილარიონ თვალელისა, ღირსისა გიორგი მთაწმიდელის მოძღვრისა (1041); მოწამისა ქრისტინა ქალწულისა (300); მოწამეთა, კეთილმორწმუნეთა მთავართა ბორისისა (რომანოზისა) და გლებისა (დავითისა) (1015).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე ევტიქი – მოწაფე წმიდა იოანე ღვთისმეტყველისა (I)
კონდაკი: მოციქულთა თანა მოსაყდრე და მღვდელთმთავართა შუენიერებაი იქმენ, ევტიქი, მოწამეობაი ადიდენ და განბრწყინდი, ვითარცა მზე, და განანათლებ ყოველთა, და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა; ამისთვის პატივსგცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღვდელსა, მესაიდუმლოესა ქრისტესსა.
დღის საკითხავები
ლიტ.: 1 კორ. 6: 20 – 7: 12 (დას. 136). მთ. 14: 1-13 (დას. 57).
ილარიონისა: წმ. – ებრ. (318 დას.) 7: 26 – 8: 2. ინ. (36 დას.) 10: 9-16.
ლიტ.: 1 კორ. 6: 20 – 7: 12
20. რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა.
1. ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს. 2. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს – თავისი ქმარი. 3. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი – ქმარს. 4. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ – ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ – ცოლი. 5. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო. 6. თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად. 7. რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს – ასე, ზოგს – ისე. 8. დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ. 9. მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას. 10. ხოლო დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს. 11. მაგრამ თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს; და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს. 12. დანარჩენებს კი მე ვეუბნები და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ქალი თანახმაა იცხოვროს მასთან, ნუ მიატოვებს მას.
ლიტ.: მთ. 14: 1-13
1. იმ ხანად ჰეროდე მეოთხედმთავრამდე მიაღწია იესოს ამბავმა; 2. და უთხრა თავის მსახურთ: ეს არის იოანე ნათლისმცემელი; მკვდრეთით აღმდგარა და ამიტომ ძალნი მოქმედებენ მასში. 3. ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, გათოკა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის – ფილიპეს ცოლის გამო. 4. რადგანაც იოანე ეუბნებოდა: არ შეიძლება შენ გყავდესო იგი. 5. და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. 6. ხოლო ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიადას ასულმა იცეკვა წვეულთა წინაშე და მოხიბლა ჰეროდე. 7. ამიტომ ფიცით აღუთქვა მას, მოგცემ, რასაცა მთხოვო. 8. ხოლო მან, დედამისისგან წინასწარ გაზრახებულმა, სთხოვა ლანგრით მიეცათ იოანე ნათლისმცემლის თავი. 9. შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდით, მიცემა ბრძანა. 10. წარგზავნა მსახურნი, რათა იოანესთვის თავი მოეკვეთათ საპყრობილეში. 11. მოართვეს თავი ლანგრით და მისცეს ყმაწვილ ქალს, ხოლო მან მიართვა დედამისს. 12. იოანეს მოწაფეები მივიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და დამარხეს: მერე კი წავიდნენ და აუწყეს იესოს. 13. ეს რომ გაიგო, იესო ნავით გაეცალა იქაურობას და უდაბნოში განმარტოვდა, მაგრამ შეიტყო ხალხმა და ფეხდაფეხ მიჰყვა ქალაქებიდან.
ილარიონისა: წმ. – ებრ. 7: 26 – 8: 2
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, 27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. 28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, – ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას. 2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
ილარიონისა: წმ. – ინ. 10: 9-16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს. 10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ. 11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის. 12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. 13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები. 14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე. 15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის. 16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
წმიდა მოწამე ქრისტინე (+დაახლ.300)
მარტოობაში მყოფმა ქალწულმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ ვინ შექმნა ეს მშვენიერი სამყარო. თავისი ოთახის სარკმლიდან იგი შესცქეროდა ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას და თანდათანობით მიდიოდა დასკვნამდე, რომ ყველაფერ არსებულს ერთი შემოქმედი ჰყავს. იგი მიხვდა, რომ კერპებს არ შეეძლოთ რაიმეს შექმნა, რადგან თავად იყვნენ შექმნილნი ადამიანთა ხელით, და იგი ცრემლიანი ლოცვებით შესთხოვდა ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, გაეცხადებინა მისთვის საკუთარი თავი. ნეტარის სული თანდათან შეუცნობელი უფლის მხურვალე სიყვარულით აღივსო და უმატა გულწრფელ ლოცვა-ვედრებასა და მარხვას.
ქრისტინეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა. მან ასულს ქრისტეს სასძლო უწოდა და ისიც უწინასწარმეტყველა, რომ უფლის სახელისთვის წამების დათმენა მოუწევდა. ამის შემდეგ წმიდანმა ირგვლივ აღმართული წარმართულ ღვთაებათა ყველა ქანდაკი შემუსრა და ფანჯრიდან გადაყარა. როცა მამამ, ურბანოსმა შვილი მოინახულა, გაოცებულმა იკითხა, კერპები სად გაქრნენო. ქრისტინე დუმდა. მმართველმა მხევლებს მოუწოდა, მათგან შეიტყო სიმართლე და, გაგონილით გონდაკარგულმა, ბრძანა, დაეხოცათ შვილის მხევლები, თავად ქრისტინე კი საშინელი წამების შემდეგ დილეგში ჩააგდო. როცა დედამ შეიტყო მომხდარი, მოთქმითა და ტირილით მიეახლა შვილს და სთხოვა, მამაპაპურ სარწმუნოებას დაბრუნებოდა. მაგრამ ქრისტინე შეურყეველი დარჩა. მეორე დღეს ურბანოსმა მოუხმო ასულს, კიდევ ერთხელ შეეცადა, კერპების თაყვანისცემაზე დაეყოლიებინა, თან დანაშაულის პატიებასაც ითხოვდა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო: ქრისტეს ტარიგი ურყევად სასოებდა მაცხოვარს.
მტარვალებმა რკინის ბორბალზე დააკრეს ნეტარი და ქვეშ ცეცხლი შეუნთეს. ყოვლადდასაწველი მსხვერპლივით ყოველმხრივ ედებოდა ალი კოცონზე მბრუნავ წმიდანის სხეულს. ბოლოს, ნაწამები, კვლავ საკანში გამოკეტეს.
ღამით ქრისტინეს ანგელოზმა დაუამა წყლულები და საზრდელით განამტკიცა. გამთენიისას ურბანოსმა სასწაულებრივ განკურნებული ასული რომ იხილა, განკარგულება გასცა, ზღვაში ჩაეხრჩოთ იგი, მაგრამ ფსკერისკენ მხოლოდ წმიდანის კისერზე გამობმული ლოდი დაექანა, თავად უფლის მხევალი კი, ღვთაებრივი ძალით ამსუბუქებული, სასწაულებრივ გავიდა ნაპირზე და მამის წინაშე წარდგა. შეძრწუნებულმა მტარვალმა ყველაფერი ჯადოქრობას მიაწერა და გადაწყვიტა, დილით სიკვდილით დაესაჯა ქრისტინე, მაგრამ საკვირველი და მიუწვდომელია ღვთის განგებულება: იმ ღამით თავად მიიცვალა. მის ნაცვლად დანიშნულმა ახალმა მმართველმა, დიონმა იხმო მოწამე და შეეცადა, ქრისტეს უარყოფაზე დაეთანხმებინა, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, ახალი სატანჯველი დაატეხა მას თავს. წმიდა ქრისტინე დიდხანს ჰყავდათ დილეგში გამომწყვდეული. მნახველები აღწევდნენ მასთან და მისი მადლმოსილი სიტყვებით გონებაგანათებულნი, ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს: ნეტარმა სამი ათასამდე ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე.
დიონის შემდეგ ტვირის მმართველად იულიანე დაადგინეს. მან განაახლა წმიდა ქრისტინეს წამება, ბოლოს კი, მრავალგვარი სატანჯველით ვნებული ასულის გახურებულ ღუმელში შეგდება და გამოკეტვა ბრძანა. ხუთი დღის შემდეგ ღუმელის კარები გააღეს და უფლის რჩეული ცოცხალი და უვნებელი იხილეს. აღსრულებული სასწაულების მრავალი მოწმე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა, უღმრთო მტარვალებმა კი ქრისტეს სასძლოს თავი მოჰკვეთეს.
კეთილმორწმუნენი მთავარნი, მოწამენი ბორისი და გლები, წმიდა ნათლისღებით – რომანოზი და დავითი (+1015)
1015 წელს, წმიდა ვლადიმირის ნეტარი აღსასრულის შემდეგ, დიდი სამთავრო ხელში ჩაიგდო მისმა შვილობილმა, რუსეთის ისტორიაში „წყეულის“ სახელით შესულმა სვიატოპოლკმა. მან წმიდა ძმების მოკვლა გადაწყვიტა. ამ დროს მომხდურ პაჭანიკებთან ბრძოლიდან მობრუნებული წმიდა ბორისი თავისი რაზმით მდინარე ალტასთან იყო დაბანაკებული. სვიატოპოლკმა ბორისს ელჩები გაუგზავნა, მამის გარდაცვალება ამცნო და ურთიერთსიყვარულისკენ მოუწოდა, თან კი გზიდან მის ჩამოსაშორებლად მკვლელები დაიქირავა. 24 ივლისის ღამეს ბოროტგანმზრახველები წმიდა მთავრის კარავთან მიიპარნენ, მაგრამ კარიდან ფსალმუნთა გალობა მოესმათ და გადაწყვიტეს, დაეცადათ, სანამ ბორისი დასაძინებლად დაწვებოდა.
მკვლელები თავს დაესხნენ წმინდანს და, მახვილებით დაწყლულებული, სვიატოპოლკთან წაიყვანეს. ამ უკანასკნელმა როცა შეიტყო, რომ ძმა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხალხი გაგზავნა მის მოსაკლავად. წმიდა მთავრის ცხედარი ფარულად გადაასვენეს ვიშგოროდში, კიევიდან თხუთმეტი ვერსის მოშორებით, და წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.
ბორისის მკვლელობის შემდეგ სვიატოპოლკმა მალემსრბოლები გაგზავნა იმჟამად სმოლენსკის მახლობლად მყოფ გლებთან და თითქოს მძიმედ დასნეულებულ მამასთან მოუხმო. გლებიც დაუყოვნებლივ გაეშურა მშობლისგან უკანასკნელი კურთხევის მისაღებად. გზაში, მკვლელები წამოეწივნენ ნეტარს, მახვილებით მოუსწრაფეს სიცოცხლე, მისი ცხედარი კი იქვე, მდინარე სმიადინის პირას მიაგდეს და ზედ ფიჩხები დააყარეს. უფლის რჩეულის წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელი ზეციური სასწაულით გაცხადდა: ზოგჯერ მას ნათლის სვეტი ადგებოდა თავს, ზოგჯერ კი გამვლელებსა და მწყემსებს ანგელოზთა ტკბილი გალობა ესმოდათ. სმოლენსკელებმა ამას ყურადღება მიაქციეს, გლების ცხედარს მიაკვლიეს და პატივით გადაასვენეს იგი თავიანთ ქალაქში.
იაროსლავმა გლების წმიდა ნეშტი ვიშგოროდში გადაასვენა და ბორისის გვერდით დაკრძალა, წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში. მოგვიანებით იაროსლავის ძემ, იზიასლავმა წმიდა მთავართა სახელობის ახალი ტაძარი ააგო და 1072 წლის 2 მაისს მათი უხრწნელი ნაწილები იქ გადააბრძანა (იხილეთ 2 მაისის საკითხავი).
წმიდა ილარიონ თუალელი (XI)
ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი. „ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი, ეგრეთ შეიწყნარა და წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთად უწყის და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანაწარსადინელსა ღმრთივ-სულიერთა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძნდებოდა“. როგორც ჩანს ხახულის მონასტრიდან წმიდა ილარიონი ანტიოქიაში წასულა სამოღვაწეოდ. მისი ზეწოდება თუალელი მომდინარეობს ანტიოქის მახლობლად მდებარე თუალის მოანსტრიდან.
წმიდა ილარიონმა აღკვეცა მონაზვნად გიორგი მთაწმინდელი და მანვე ჩაუნერგა ეს სიწმიდე და სიბრძნე, რითაც გიორგიმ დაატკბო საქართველოს ეკლესია. მიხეილ საბინინის (1845-1900) ცნობით, ღირსი ილარიონი გარდაიცვალა 1041 წელს.