9. აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ, …11. ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან…
1 კორ. 5: 9 -11
“მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17)
მე-8 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII.
მარხვა. 18.08.2024
უფლის ფერისცვალების წინადღესასწაული. მოწამისა ევსეგნისა (362) მღვდელმოწამეთა ანთვირესი (236) და ფაბისა (250), რომის პაპთა; მოწამისა პონტი რომაელისა (257); მოწამეთა: კანტიდისა, კანტიდიანესი და სიბელისა; მართლისა ნონასი, გრიგოლ ღმრთისმეტყველის დედისა (374).
დღის ლოცვები
წინადღესასწაული უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ფერისცვალებისა
ტროპარი: ქრისტეს ფერსიცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ: მოიწია დღე საღმრთოსა სიხარულისა, რამეთუ აღვალს მთად თაბორად მეუფე, განბრწყინვებად ელვარებითა საღმრთოსა შუენირებისათა.
კონდაკი: დღეს საღმრთოთა ფერისცვალებითა უფლისათა კაცობრივი ბუნებაი საღმრთოთ განბრწინდების და სიხარულით ღაღადებს: იცვალებს ფერს ქრისტე, მაცხოვარი ყოველთა.
დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-8, ინ. 20: 11-18 (დას. 64).
ლიტ.: 1 კორ. 1: 10-18 (დას. 124).მთ.14: 14-22 (დას. 58).
ცისკ.: ინ. 20: 11-18
11. ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ 15. და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი. 13. და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს. 14. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. 15. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ. 16. უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს). 17. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან. 18. მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.
ლიტ.: 1 კორ. 1: 10-18
10. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენს შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით. 11. რადგანაც ქლოეს სახლეულთაგან მეუწყა, ძმანო ჩემნო, რომ დავა ყოფილა თქვენს შორის. 12. იმას ვგულისხმობ, რომ ყოველი თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსისა, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო. 13. ნუთუ გაიყო ქრისტე? ან იქნებ პავლე ეცვა ჯვარს თქვენი გულისთვის? ანდა ნათელი იღეთ პავლეს სახელით? 14. მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არცერთი თქვენგანი არ მომინათლავს, გარდა კრისპუსისა და გაიუსისა. 15. რათა ვერავინ თქვას, რომ ჩემი სახელით მოვნათლე. 16. მოვნათლე აგრეთვე სტეფანას სახლი; არ ვიცი, მათ გარდა თუ მოვნათლე ვინმე. 17. რადგანაც ქრისტეს ნათლის ცემად კი არ მოვუვლენივარ, არამედ სახარებლად, მაგრამ არა სიბრძნის სიტყვით, რათა არ გაუქმდეს ქრისტეს ჯვარი. 18. ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენებრ ხსნილთათვის ძალაა ღვთისა.
ლიტ.: მთ.14: 14-22
14. გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი. 15. ხოლო შებინდებისას მივიდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე: გაუშვი ხალხი, რათა წავიდნენ სოფლებში საჭმლის საყიდლად. 16. მაგრამ იესომ უთხრა მათ: არ დასჭირდებათ წასვლა; თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. 17. ხოლო მათ უთხრეს: რომ არაფერი გვაქვს, ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა? 18. იესომ უთხრა მათ: აქ მომიტანეთ. 19. და მოლზე დასხდომა უბრძანა ხალხს: აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა და დატეხა პურები და მისცა მოწაფეებს, ხოლო მათ ჩამოურიგეს ხალხს. 20. ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი. 21. ხოლო იყო მჭამელი ასე ხუთიათასამდე კაცი, ქალებისა და ბავშვების გარდა. 22. და მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.
“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”
(1 იოან. 3: 14)
მღვდელმოწამე ანთვირე (+236) და ფაბიოსი (+250) – რომის პაპნი
წმიდა მოწამე პონტიოსი მესამე საუკუნეში ცხოვრობდა. იგი რომაელი წარმართი სენატორის, მარკოზისა და მისი მეუღლის, იულიას ვაჟი იყო. ერთხელ, როცა ორსული იულია ქმართან ერთად იუპიტერის ტაძარში შევიდა, აქ დაბუდებულმა ეშმაკმა ქურუმის პირით დაიღრიალა: „ჩვილი, რომელსაც ეს დედაკაცი საშოთი ატარებს, იუპიტერსა და მის სამსხვერპლოს შემუსრავს!“ როცა ჩვილი ამქვეყანას მოევლინა, ნაწინასწარმეტყველებით შეშინებულ დედას მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ მეუღლე წინ აღუდგა და ბავშვი გადარჩა. ყმაწვილის პონტიოსი დაარქვეს. როცა წამოიზარდა, წმინდა პონტიოსი დაინტერესდა ქრისტიანთა სწავლებით და რომის პაპ პონტიანეს მიმართა რჩევა-დარიგებისათვის და ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებით გონებაგანათლე-ბულმა აღიარა ქრისტიანობა. პონტიოსმა თავისი მამაც მოაქცია ქრისტიანობაზე და პონტიანემ მონათლა იგი მთელ სახლეულთან ერთად. მამის გარდაცვალების შემდეგ პონტიოსი, რომელიც იმ დროისათვის ოცი წლისა იყო, იმპერატორმა ალექსანდრე სევერუსმა (222-235) მამის ადგილზე – სენატორად დანიშნა. სენატში და იმპერატორის გარემოცვაში პონტიოსი საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა. იმპერატორ ალექსანდრეს მემკვიდრის – მაქსიმინეს (235-238) დროს პაპმა პონტიანემ მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (+235).წმიდა პაპის შემდეგ რომის ეპისკოპოსად აირჩიეს მღვდელმთავარი ანთვირე, რომელმაც მალე თავისი წინამორბედის ხვედრი გაიზიარა – მარტვილობით აღესრულა ქრისტესთვის (+236). ნეტარი მღვდელმოწამის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა ფაბიოსი. ეკლესიის წმიდა წინამძღვარს მისგან შვილივით შეყვარებულმა პონტიოსმა მთელი თავისი ქონება გადასცა გლახაკთა საჭიროებისათვის. 238 წელს უსჯულო მაქსიმინე გარდაიცვალა. გამეფდა იმპერატორი გორდიანე III (238-244), რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა. მისმა მემკვიდრემ, იმპერატორმა ფილიპემ (244-249) კი წმიდა პონტიოსის საუბრებისა და ქადაგების გავლენით ირწმუნა ქრისტე და შვილთან, თანამმართველ ფილიპესთან ერთად ნათელიღო წმიდა პაპის, ფაბიოსის ხელით. იმპერატორის თანხმობით წმიდა პონტიოსმა და მღვდელმთავარმა ფაბიოსმა წარმართულ სამსხვერპლოში იუპიტერის კერპი შემუსრეს და მის ნაცვლად მართლმადიდებლური ტაძარი აღმართეს. ოთხი წლის მანძილზე ქრისტეს ეკლესიაში მშვიდობა სუფევდა, შემდეგ კი ტახტზე ავიდა უსჯულო დეკიუსი (249-251), რომელმაც შეთქმულება მოაწყო და იმპერატორი ფილიპე და მისი ძე სიცოცხლეს გამოასალმა. ამ ხანებში ეწამა მღვდელმთავარი ფაბიოსი (+250), წმიდა პონტიოსმა კი დატოვა რომი, იტალიისა და გალიის საზღვარზე მდებარე ქალაქ კიმელას მიაშურა და აქ მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. ამასობაში იმპერატორმა ვალერიანემ (253-259) ქვეყნის ყველა კუთხეში დაგზავნა ჯალათები ბრძანებით, მოეძებნათ და ამოეჟლიტათ ყველა ქრისტიანი. ამ მიზნით ქალაქ კიმელაში ჩავიდნენ კლავდიუსი და ანაბიუსი. წმიდა პონტიოსმა უშიშრად აღიარა ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. ამისთვის ნეტარი საპყრობილეში ჩააგდეს. როცა მტარვალები პონტიოსის სატანჯველად გაემზადნენ, წმიდანმა მშვიდად გააფრთხილა ისინი, რომ წამების დამთავრებამდე გახდებოდნენ მოწმენი უფლის ძლევამოსილებისა. მართლაც, როგორც კი მსახურები ნეტარის საწამებელ ძელზე გაკვრას შეეცადნენ, იარაღი ნაწილებად დაიშალა, ჯალათები კი მკვდრებივით დაცვივდნენ მიწაზე.„შეიცან, ცრუმორწმუნევ, ჩემი უფლის ყოვლადძლიერება“, – მიმართა წმიდა პონტიოსმა კლავდიუსს, მაგრამ მან ანაბიუსის რჩევით მარტვილი ცირკში ორ დათვს მიუგდო დასაგლეჯად. მხეცები წმიდანს არ გაეკარნენ, მცველები კი ნაკუწ-ნაკუწ დაფლითეს. „ერთ არს ღმერთი, ღმერთი ქრისტიანეთა, რომელსაც პონტიოსი აღიარებს!“ – იხუვლა ხალხმა. მტარვალთა ბრძანებით ჯალათებმა დიდი კოცონი დაანთეს ნეტარის დასაწვავად. ცეცხლი ჩაქრა, პონტიოსი კი უვნებელი დარჩა. მაყურებლებმა კიდევ უფრო მქუხარედ შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა!“ მაშინ იქ მყოფმა, აღშფოთებულმა იუდეველებმა იღრიალეს: „მოკალით ჩქარა ეს ჯადოქარი!“ პონტიოსს მოაგონდა, თუ როგორ გასძახოდა ქრისტეს ჯვარცმის მოსურნე ბრბო პონტიუს პილატეს: „ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე“ და მადლობა შესწირა უფალს. წმიდა აღმსარებელს თავის მოკვეთა გადაუწყვიტეს. განაჩენი ქალაქგარეთ მოიყვანეს სისრულეში (+257). წმიდანის ნეშტი მისმა მეგობარმა, ვალერიანემ სიკვდილით დასჯის ადგილზე დაფლა. მოგვიანებით წმიდა ცხედარი კიმელას მახლობლად მდებარე ქალაქ ნიცაში გადაასვენეს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
წმიდა მოწამე პონტიოს რომაელი (+დაახლ. 257)
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
წმიდა ნონას ლოცვით გრიგოლს ღმერთმა ძილში ჩვენება მოუვლინა, რომლის შემდეგაც იგი ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო კრებაზე მივიდა და აღიარა თავისი მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. საცხოვნებელ გზას შემდგარი გრიგოლი ჯერ მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ ნაზიანზიოსის საეპისკოპოსო კათედრაც ჩააბარეს. მისი ეპისკოპოსად ხელდასხმის დროს დიაკონისად აკურთხეს წმიდა ნონაც.
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წმიდა ნონას მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს. 368 წელს გარდაიცვალა მისი უმცროსი ვაჟი კესარიოსი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბრწყინვალე იმედებს იძლეოდა. მომდევნო წელს ქალიშვილიც მიიცვალა.
გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „დედაჩემი ყოველთვის იყო მტკიცე და მხნე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ უგრძვნია უძლურება, მაგრამ ბოლოს სნეულება შეეყარა. საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, მრავალ სატანჯველთაგან დავასახელებ ყველაზე მძიმეს, რომელიც მრავალი დღის მანძილზე უგრძელდებოდა და არავითარი წამლით არ იკურნებოდა. როგორღა ასაზრდოებდა მას ღმერთი? არც მანანას უგზავნიდა, როგორც ერთ დროს ისრაელს; არც ქვა განუპია, რათა წყალი გადმოედინა მწყურვალე ადამიანებისათვის, არც ყორნების მეშვეობით კვებავდა, როგორც ილიას და არც წმიდა წინასწარმეტყველის ხელით, როგორც ოდესღაც ორმოში ჩაგდებულ, შიმშილისაგან გაწამებულ დანიელს; მაშ, მაინც როგორ? მას წარმოუდგა, თითქოს მე, ვინც განსაკუთრებით ვუყვარდი (იგი ძილშიც კი არავის მამჯობინებდა), მოულოდნელად გამოვეცხადე ღამით. ხელში მეჭირა კალათა საოცარი თეთრი პურებით. შემდეგ წარმოვთქვი ლოცვა, პურს ჯვარი გადავსახე ჩვენში მიღებული ჩვეულების თანახმად და გემოს გასასინჯად მივაწოდე, რითაც განვამტკიცე და ძალები აღვუდგინე. ეს ღამეული ჩვენება მისთვის რაღაც ნამდვილად არსებული იყო, რადგან ამ დროიდან გონზე მოვიდა და საიმედო პირი დაეტყო. ის, რაც მას შეემთხვა, ნათლად, გარკვევით გაცხადდა. როცა დილით ადრე მასთან შევედი, მაშინვე შევამჩნიე მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ ჩვეულებისამებრ ვკითხე, თუ როგორ გაატარა ღამე და რამე ხომ არ სჭირდებოდა. მან სხარტად და ტკბილად მიპასუხა: „საყვარელო შვილო, შენ თვითონ დამაპურე და ახლა კითხულობ ჩემს ჯანმრთელობას?! რა კეთილი და ლმობიერი ხარ!“ მოახლეებმა მანიშნეს, რომ არ შევპასუხებოდი, მისი სიტყვები გულგრილად არ მიმეღო და ჭეშმარიტების გამჟღავნებით სასოწარკვეთილებაში არ ჩამეგდო“.
374 წელს ასი წლის ასაკში გარდაიცვალა ეპისკოპოსი გრიგოლი (ხს. 1 იანვარს). წმიდა ნონა ქმრის სიკვდილის შემდეგ თითქმის აღარც გასულა ტაძრიდან, სადაც ლოცვის დროს შეჰვედრა კიდეც სული უფალს 374 წლის 5 აგვისტოს.