31.08.2024. მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის

                                                                                                                                      ინ.: (13: 34-35)

                                                                                              “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

მე-10 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.

შაბათი. ხსნილი 

მიძინების შემდგომი დღესასწაული. ღირსისა ქრისტოდულე ფილოსოფოსისა (XII); მოწამეთა ფლოროს და ლავროსისა (II); მოწამეთა: ერმოსი, სერაპიონისა და პოლიენოსი (II); მღვდელმოწამისა ემელიანე ეპისკოპოსისა და მის თანა: ილარიონისა, დიონისესი და ერმიპესი (IV); იოანე (674) და გიორგი (683) კონსტანტინეპოლელ პატრიარქთა; ღირსისა მაკარი პელიკიტელ იღუმენისა (830); ღირსისა იოანე რილელისა (946).

დღის ლოცვები

წმიდა მოწამენი ფლოროსი და ლავროსი (II)

ტროპარი: ყოვლადშუენიერითა და ღმრთივგანბრძნობილთა მოწამეთა ბრწყინვალედ ვაქებთ ღირსად, მორწმუნენო, ფლოროსს ყოვლადსანატრელსა და ლავროსს ყოვლადპატიოსანსა, რომელთა გულსმოდდგინედ სამებაი მტკიცედ უქადაგეს ყოველთა, ვინაიცა იღუაწეს ვიდრე სისხლთადმდე და გვირგვინითა ყოვლადბრწყინვალითა შეიმკვნეს, და ევედრებიან ქრისტესა ღმერთსა ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ვითარცა ღმრთისმსახურებისა მოწამეთა და ღუაწლისა მძლეთა ღმრთივგანბრძნობილთა, ყოველი სოფელი ყოვლადდიებულად პატივს სცემს ფლოროსს და ლავროსს დღეს, რაითამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა მათითა, და ვიხსენთ ჭირთა, და განსაცელთაგან, და რისხვათა, და მწუხარებათაგან დღესა სასჯელისასა.

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის შაბათს დილით

საყვარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოზთა შეყვარებულო, ხმა მაღალო ქადაგო ღვთისმეტყველებისაო, ღირს ქმნილო ძედ წმიდისა ქალწულისა, ძმად ქრისტესა თანაზიარო, საფუძველო საღმრთოისა სწავლისაო, ხმაო სიტყვისა ღვთისაო, ძეო ქუხილისაო, მკერდს მიყრდნობილო, ყოვლად ბრძენო, ნეტარო იოანე, ქადაგო სამებისაო! მითხოვე ქრისტესაგან შენდობაი ცოდვათა და ხსნაი განსაცდელთაგან, განჰსდევნენ ჩვენგან მტერნი ჩვენნი უხილავნი, ვითარცა განჰსდევნე კვინოპ გრძნეული, რამეთუ შენგან ქადაგებულსა ჰშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღის საკითხავები

ლიტ.: რომ. 15: 30-32 (დას. 119 ). მთ. 17: 24 – 18: 4 (დას. 73).

ლიტ.: რომ. 15: 30-32 

30. თქვენ კი ჩვენი უფლის იესო ქრისტესა და სულის სიყვარულით შეგაგონებთ, ძმანო, ჩემთან ერთად იღვაწეთ ჩემთვის, როცა ღვთის მიმართ ლოცულობთ. 31. რათა, ღვთის ნებით, სიხარულით მოვიდე და დავისვენო თქვენთან. 32. მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.

ლიტ.: მთ. 17: 24 – 18: 4 

24. ხოლო როდესაც მიადგნენ კაპერნაუმს, მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას? 25. მან მიუგო: დიახ. და როდესაც შევიდა სახლში, იესომ დაასწრო და ჰკითხა: როგორ გგონია, სიმონ? ვისგან კრებენ მიწიერი მეფენი ხარკს და ბეგარას: თავიანთ შვილთაგან თუ უცხოთაგან? 26. პეტრემ მიუგო: უცხოთაგან. ხოლო იესომ უთხრა მას: ასე რომ, შვილები თავისუფალნი არიან. 27. მაგრამ რათა არ ვაცდუნოთ ისინი, წადი ზღვის პირას, ჩააგდე ანკესი, აიღე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ, გაუღე პირი, და შიგ ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით.

1. იმ ხანად მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში? 2. იესომ დაუძახა ბავშვს, მათ შორის ჩააყენა 3. და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. 4. ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14)  

ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი XII საუკუნის იმ წმიდა მამათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ეკლესიისა და ერის ისტორიაში.
ცნობილი საეკლესიო მწერლისა და ფილოსოფოსის, არსენ ვაჩეს ძის „დოგმატიკონში“ გვხვდება ერთი ანტიმაჰმადიანური საპოლემიკო თხზულება, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „ჴსენებაჲ სიტყვისგებისაჲ და სასჯელისაჲ სჯულისათჳს ქრისტიანეთაჲსა და სარკინოზთა“. აქ მოთხრობილ ამბავს ავსებს იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“, რომელშიც გვაქვს ცნობები „მამისა ქრისტოდულე ოსად წოდებულისათჳს“.
ამ ცნობების მიხედვით, მამა ქრისტოდულე იყო მონაზონი, წარჩინებულთაგან და კეთილშობილთა ძირთაგან აღმოსრული. ქრიტოდულე ფილოსოფოსი ყოფილა, წმიდა წერილში ღრმად ჩახედული, არაბულ და სპარსულ ენებში განსწავლული და ყურანის მცოდნე.
როცა საქართველოში სპარსთა ხელმწიფე იამამე შემოიჭრა, თბილისში იგი უომრად შემოუშვეს, რისთვისაც უსჯულო მეფე მათ კეთილად მოექცა და „მრავალთა მიანიჭა საბოძვარნი“.
ერთხელ იამამემ შეკრიბა ქართველნი და სარკინოზნი. მათ შორის იყო ქართველი ბერი ქრისტოდულეც. მასა და სარკინოზებს შორის ამ კრებაზე პაექრობა გაიმართა. ბერს შეეკამათა ჯერ თვით იამამე ხელმწიფე, რომელიც ძლეულ იქნა, შემდეგ მას შეენაცვლა ვინმე მოგვი, ვარსკვლავთმრიცხველი. ისიც რომ ვერას გახდა, მოუწოდეს „კაცსა ვისმე მოძღუარსა და სიტყჳს მეცნიერად საგონებელსა“, რომელიც თითქოს უფრო მომზადებული იყო საპაექროდ. კამათი წარმოებდა შემდეგი საკითხების ირგვლივ: აზრი და მნიშვნელობა ქრისტიანთა ბერმონაზვნობისა; იესო ქრისტეს ღვთაება და განხორციელება; არის თუ არა მუჰამედი ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი. ბერს თავისი არგუმენტები მოჰყავდა როგორც საღვთო წერილიდან, ისე ყურანიდან. მან სძლია მეტოქეებს, რომელნიც „შეკდიმებულ და სირცხვილეულ“ დარჩნენ.
მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის „მიმოსვლაში“ აღწერს ათონის მთაზე მოგზაურობას, მოიხსენიებს იქ მოღვაწე მამებს და წერს: „…და იყო მუნ დაყუდებული ქართველი ანთიმოს ჯავახი, შორად მყოფი სენაკებსა, ესე არა გამოვიდოდის სენაკით ფრიადისა შიშვლოებისა და უპოვარებისა მისისათვის. და იყო სხუა ქართველი, გერმანე ატოცელი სამარლანაშვილი და კვალად ფცელი გერასიმე და იმერელი, საქარელი ხრისტოდულო და კვალად პატიოსანი და დაყუდებული კახი, საალავერდელო გრიგოლი, ფრიად პატიოსანი მონაზონებითა“.
სხვაგან ტიმოთე გაბაშვილი აღწერს პატმოსზე მოგზაურობას და ამბობს: „და იყო მთლივ გვამი წმიდისა ხრისტოდულოსი მუნ“.
სავარაუდოა, რომ საქართველოში მოღვაწე ბერი შემდგომ ათონს გაემგზავრა, ქართველთა მონასტერში და აღესრულა კუნძულ პატმოსზე.
წმიდა მოწამენი ფლოროსი და ლავროსი ღვიძლი ძმები იყვნენ. ისინი II საუკუნეში ცხოვრობდნენ ჯერ ბიზანტიაში, შემდეგ კი – ილირიაში (დღევანდელი იუგოსლავია). ძმები ქვისმთლელობას მისდევდნენ. ეს ხელობა მათ ქრისტიანების, პროკლესა და მაქსიმესგან შეითვისეს, მათგანვე ისწავლეს ღვთივსათნო ცხოვრებაც. ილირიის მმართველმა ლიკაონმა ფლოროსი და ლავროსი მეზობელ ოლქში გაგზავნა წარმართული ტაძრის მშენებლობაზე. წმიდანები შრომაში აღებული საზღაურის უმეტეს ნაწილს გლახაკებს ურიგებდნენ, თავად კი მხოლოდ აუცილებლით კმაყოფილდებოდნენ, მკაცრად მარხულობდნენ და ლოცულობდნენ. ერთხელ მშენებლობაზე ადგილობრივი ქურუმის, მამერტის ვაჟი მოვიდა. მას გაუფრთხილებლობის გამო თვალში ქვის ნამსხვრევი მოხვდა და ძლიერ დაუზიანდა. ფლოროსმა და ლავროსმა განრისხებული მამა დაამშვიდეს და დააიმედეს, ჭაბუკი კი თავისთან წაიყვანეს და ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებებში დამოძღვრეს. როცა სნეულმა ირწმუნა ქრისტე, წმიდა ძმებმა ილოცეს და ყმაწვილს დაშავებული თვალი გაუმრთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ქურუმმაც მთელ სახლეულთან ერთად ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, მათ სხვებმაც მიბაძეს… მორწმუნეთა რიცხვი ყოველდღე იზრდებოდა და როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, მასში უკვე სამასამდე ქრისტიანმა მოიყარა თავი. მაცხოვრის მსასოებლებმა შემუსრეს კერპები, საყდრის აღმოსავლეთ ნაწილში კი წმიდა ჯვარი აღმართეს. შემდეგ ისინი, ზეციური ნათლით გაბრწყინებულები, მთელი ღამე ლოცულობდნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, ოლქის მმართველმა სიკვდილი მიუსაჯა ქურუმყოფილ მამერტინს ძითა და სხვა სამასი ქრისტიანითურთ. ფლოროსი და ლავროსი თავად ლიკაონთან გაგზავნეს, მან კი ამომშრალ ჭაში ჩაყარა მარტვილები და შიგ ცოცხლად ჩამარხა. მრავალი წლის შემდეგ მოწამეთა ცხედრები უხრწნელად იქნა აღმოყვანებული. ისინი პატივით გადააბრძანეს კონსტანტინოპოლში.
წმიდა მოწამენი ერმი, სერაპიონი და პოლიენი რომაელები იყვნენ. ისინი II საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის. როცა დატუსაღებული წმიდანები სამსჯავროზე წარადგინეს, მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. მაშინ მტარვალებმა ვიწრო და უვალ ადგილებში, ქვებზე და შვერილებზე ათრიეს უფლის რჩეულები, სანამ ტანჯვაში სული არ აღმოხდათ და ზეციურ დიდებას არ შეერთვნენ.
მღვდელმოწამენი: ემელიანე ეპისკოპოსი და მასთან ერთად ილარიონი, დიონისე და ერმიპე დაიბადნენ და ცხოვრობდნენ სომხეთში. მშობლების სიკვდილის შემდეგ ძმებმა ემილიანემ, დიონისემ და ერმიპემ მოძღვართან – ილარიონთან ერთად დატოვეს სამშობლო და იტალიაში წავიდნენ. აქ წმიდა ემელიანე დაუცხრომლად ქადაგებდა სახარებას წარმართთა შორის. თავისი მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით მან ქრისტიანული თემის ღრმა პატივისცემა დაიმსახურა და ქალაქ ტრებიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ქიროტონია აღასრულა რომის პაპმა მარკელინემ. ტრებიაში გადასახლებული მღვდელმთავარი მრავალ უღმრთოს აყენებდა ცხონების გზაზე, რისთვისაც შეიპყრეს და იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) სამსჯავროზე წარადგინეს. ემელიანემ ხელისუფალს შესთავაზა, თვითონ დარწმუნებულიყო ქრისტესადმი აღვლენილი ლოცვის ძალაში. მოიყვანეს დავრდომილი, რომელიც დიდი ხნის წინ მიჯაჭვოდა სარეცელს. ქურუმები ბევრს ეცადნენ მის განკურნებას, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მაშინ ემელიანემ ილოცა და იესო ქრისტეს სახელით წამოდგომა უბრძანა სნეულს. ისიც, სრულიად გამოჯანმრთელებული, წამოდგა და სიხარულით გაიქცა შინისაკენ. ეს სასწაული იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ იმპერატორმა ქრისტიანული სარწმუნოებისკენ იწყო გადადრეკა, მაგრამ მოგვებმა დაარწმუნეს, მღვდელმთავარი ჯადოსნობით მოქმედებსო.
მოწამე ბორბალზე დააკრეს, ადუღებულ კალაში ჩააგდეს, მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ იგი უვნებელი დარჩა. საკვირველი სახილველებით შეძრული ხალხი ყვიროდა: „დიდია ღმერთი ქრისტიანეთა! განთავისუფლდეს მისი მონა!“ ამ დღეს ათასმა კაცმა ირწმუნა ქრისტე და, მოწამის გვირგვინით შემკული, შეერთო სასუფეველს. გონდაკარგულმა მტარვალმა ბრძანა, ის მხეცებიც დაეხოცათ, რომლებმაც მღვდელმთავარს პირი არ დააკარეს, ემელიანე კი მადლობდა უფალს იმის გამო, რომ გარეული ნადირებიც ქრისტეს სადიდებლად იღუპებოდნენ. წმიდა ემელიანე ძმებთან და მოძღვართან ერთად საპყრობილეში ჩაყარეს. ილარიონს, დიონისეს და ერმიპეს წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. ემელიანე ქალაქგარეთ დასაჯეს სიკვდილით. როცა ჯალათმა ნეტარს ქედზე მახვილი დაჰკრა, იგი ცვილივით გაიღუნა და ვერანაირი ზიანი ვერ მიაყენა უფლის რჩეულს. მხედრები ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდა მამას, შენდობა სთხოვეს და ქრისტე აღიარეს ჭეშმარიტ ღმერთად. მღვდელმოწამე ემელიანემ მუხლმოყრილმა ილოცა მათთვის და უფალს შესთხოვა, მოწამეობრივი აღსასრულის ღირსი გაეხადა. წმიდანის ვედრება შესმენილ იქნა: მეორე ჯალათმა მას თავი მოჰკვეთა. ჭრილობიდან გადმომსკდარი რძის დანახვაზე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე მაცხოვარი. ნეტარი მარტვილის პატიოსანი ცხედარი მათ კრძალვით მიაბარეს მიწას (+დაახლ. 300).
წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.
წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.
წმიდა იოანე V კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო 669 წლიდან 674 წლამდე, წმიდა გიორგი I კი – 678 წლიდან 683 წლამდე. ორივენი იმპერატორ კონსტანტინე პოღონატის (668-685) ზეობისას მოღვაწეობდნენ.
ღირსი იოანე რილელი – დიდი ბულგარელი მამა – 876 წელს დაიბადა სრედეცის (დღევანდელი – სოფია) ოლქის სოფელ სკრინოში. ადრე დაობლებული ყმაწვილი უცხო ხალხში მწყემსად დადგა. ერთხელ იგი სასტიკად სცემეს, რადგან ნახირს ძროხა და ხბო დააკლდა. ბიჭი დიდხანს ტიროდა და მხურვალედ შესთხოვდა უფალს შემწეობას. ღმერთმა შეისმინა მისი – აპოვნინა დაკარგული პირუტყვი, მაგრამ ამასთანავე მდინარე სტრუმეც ადიდდა. იოანემ ილოცა, თავისი პერანგი გაჰფინა წყალზე, ზედ ჯვარი გამოსახა, გაიარა მდინარეზე, როგორც ხმელზე და ხბოთი მეორე ნაპირზე გავიდა, სადაც ძროხა ადრევე გაეყვანა. საქონლის მდიდარი მეპატრონე ტყიდან ჩუმად უთვალთვალებდა წმიდანს. იგი შეაძრწუნა ამ სასწაულმა, უხვად დააჯილდოვა ყმაწვილი და გაათავისუფლა. იოანემ მოწყალებად გასცა მთელი ქონება და სოფელიც დატოვა. თავდაპირველად იგი მაღალ, შიშველ მთაზე მოსაგრეობდა და ველური მცენარეებით იკვებებოდა. მისი ქოხი ფიჩხისგან იყო შემზადებული. ერთხელ წმიდა მამას ავაზაკები დაესხნენ თავს და გააძევეს. ამის შემდეგ იოანემ ერთ ღრმა გამოქვაბულს შეაფარა თავი. მალე მას მოაშურა ძმისწულმა, წმიდა ლუკამაც. ეს ადგილი ისეთი უკაცრიელი იყო, რომ ლუკას გამოჩენა მოსაგრემ თავდაპირველად ეშმაკის საცდურად ჩათვალა, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ ჭაბუკი გულწრფელად ესწრაფოდა ცხონებას, სიყვარულით მიიღო იგი. ბიძა-ძმისწულს დიდხანს არ დასცალდათ ერთად ყოფნა. იოანეს ძმამ გაიგო შვილის ადგილსამყოფელი და ძალით წაიყვანა სახლში. შინისაკენ მიმავალი ჭაბუკი გზაზე გველმა დაგესლა და გარდაიცვალა. სინანულში ჩავარდნილმა მამამისმა შენდობა ითხოვა წმიდა იოანესაგან. ღირსი მოსაგრე შემდგომში ხშირად დადიოდა მართალი ყმაწვილის საფლავთან – იქაურობა მის უსაყვარლეს ადგილად იქცა. თორმეტი წელი გაატარა წმიდანმა მღვიმეში, შემდეგ კი რილის უდაბნოში გადაინაცვლა და ხის ფუღუროში დამკვიდრდა. წმიდა იოანე უდაბნოს მწირი ბალახებით იკვებებოდა, მაგრამ ღვთის განგებით, მალე მის ირგვლივ ცერცვის ყანა აღმოცენდა. ერთხელ მოულოდნელად დამფრთხალი ცხვრის ფარა აუყვა მთის ციცაბო ბილიკებს და იოანეს სამკვიდრებელთან გაჩერდა. ცხვრების კვალში ჩამდგარი მწყემსების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იხილეს სახენათელი ბერი, გულთბილად რომ ეპატიჟებოდა მათ: „მშივრები იქნებით – მიირთვით ჩემი ცერცვი“. ყველანი დანაყრდნენ, ერთმა მეცხვარემ კი ზედმეტი ნაყოფიც დაკრიფა, გადამალა და, როცა შინისაკენ გაუყვნენ გზას, ამხანაგებს შესთავაზა. მოპარულ პარკებში ერთი მარცვალიც არ აღმოჩნდა. სირცხვილეული მწყემსები უკან დაბრუნდნენ პატიების სათხოვნელად, იოანემაც შეუნდო სტუმრებს და ღიმილით უთხრა: „ხედავთ, შვილებო?! – ეს ნაყოფები ღმერთს მეუდაბნოის გამოსაკვებად მიუნიშნავს“. ამ დროიდან მოყოლებული, ღირს მამასთან მრავლად მოჰყავდათ სნეულები და ბოროტი სულით შეპყრობილები, რომელთაც იგი ლოცვით კურნავდა. კაცთამიერი დიდებისაგან თავი რომ მოეზღუდა, მოსაგრე მაღალ და მიუვალ კლდეზე დამკვიდრდა და შვიდი წელი იცხოვრა ღია ცის ქვეშ. როცა ხმამ დიდი მეუდაბნოის შესახებ ბულგარეთის მეფე პეტრემდე (927-969) მიაღწია, მან წმიდა ბერის ნახვა ისურვა; ღირსმა იოანემ კი მხოლოდ ეპისტოლე გაუგზავნა თვითმპყრობელს, ხოლო მასთან შეხვედრას თავი აარიდა. მოგვიანებით, ღვთის კურთხევით, მეუდაბნოეს დაეკისრა ზრუნვა იმ ძმების სულებზე, რომლებმაც ტაძარი და მონასტერი მოაწყვეს ღირსი იოანეს უწინდელ მღვიმეში. 946 წლის 18 აგვისტოს წმინდანმა სამოცდაათი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მიცვალებამდე ხუთი წლით ადრე მან საკუთარი ხელით დაწერა „ანდერძი მოწაფეთა მიმართ“ – ძველი ბულგარული მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი.

ლოცვა ძილად დაწოლისა შაბათს

უფალო! რაოდენიცა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა, გინა სიტყვით, გინა საქმით, გინა გონებით, გინა ყოვლითა საცნობელითა, გინა მეცნიერებით და გულისხმის-ყოფით, შემინდევ მე სახელისა შენისათვის წმიდისა და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე და წმიდა ანგელოსი შენი გარდამოავლინე მცველად ჩემდა შეგინებისაგან ხორცთასა და სულისა, და ყოვლისაგანვე ნაგვემისა გვლარძნილისა და განდგომილისა ვეშაპისა და ბნელთა მათ და არა-წმიდათა ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა შენითა, რომელი კურთხეულ ხარ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.