9.12.2024. 25-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. 11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, 12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.                             ეფ. 6: 10-12 

25-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

9.12.2024. ხსნილი თევზით 

ღირსისა ალვიპი (ალიპი) მესვეტისა (VII); ღირსისა იაკობ განდეგილისა (457); ღირსისა აკაკი სინელისა, „კიბესა“ შინა მოხსენიებულისა (VI); ღირსისა სტილიანოს პაფლაგონელისა (V); პეტრესი, იერუსალიმის პატრიარქისა (544). 

დღის ლოცვები 

ღირსისა ალვიპი მესვეტის

ტროპარი: სუეტ მოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველმამათა, ღირსო, იობს – ვნებათა შინა, და იოსებს – განსაცდელსა და უხორცოთა მოქალაქობასა, მყოფი ხორცთა შინა: მამაო წმიდაო ალვიპი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ვითარცა სათნოებათა მიზეზსა და მმართველთა შუენიერებასა, ეკლესია გევედრების დღეს და გიგალობს ალვიპი: მეოხებითა შენითა ჭირთაგან და განსაცდელთა იხსნენ მაქებელნი შენნი, რაითა ვგალობდეთ: ალილუია. 

ლოცვა ბოროტთა გულის-სიტყვათათვის, ორშაბათსა დილას შემდგომად ძილისა

ზესთა ნათელთა და თვალთშეუდგამისა ღმერთ-მთავრისა წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელზნო, მიქაელ და გაბრიელ, გევედრებით მოსავი თქვენი შეწევნად წინაშე სამებისა წმიდისა, რამეთუ თქვენვე ხართ ზედამდგომარენი სულთა და ხორცთა ჩემთანი. მიხსენით მე ბნელთა ცოდვათაგან, მიხსენით მე კრულებისაგან უსჯულოებათა ჩემთასა, და ნუ მიმიშვებთ წარწყმედად. შეიწირეთ ვედრებაი ჩემი და შეჰსწირეთ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ვინაიდან არავისი გნებავსთ დანთქმაი უფსკრულთა ვნებათასა. მომეახლენით და ხელი მოეცით უბადრუკსა სულსა ჩემსა, ნუმცა ჰსძლევს სასწორი ცოდვათა ჩემთა განუცდელსა მას ზღვისა ღვთისა მოწყალებასა. იხსენით სიკვდილისაგან შეძრწუნებული სული ჩემი, მიხსენით ჰაერის მცველთა ხელისაგან, ცეცხლისა უნივთოისა მაგის ღვთისა მიახლებისა შემწირველობისა თქვენისათა, შეჰსწვენით ნივთიერნი ესე ვნებანი ჩვენნი და ჟამსა საწყალობელისა სულისა ჩემისასა, ხრწნილთა ამათ ხორცთაგან განსვლისა წარმომიდეგით წინამავალად და მოგზაურად, შემდგომსა ჩემსა, და ზღუდე და მფარველ მექმენით, რამეთუ ყოველი სასოება ჩემი თქვენდა მომართ აღმიპყრიეს. ნუ უგულებელსმყოფთ მინდობილსა თქვენდა, ნუ გარე-მიმაქცევთ მხურვალედ შემწენო, მსწრაფლნო მეოხნო, არამედ აღიძართ გონიერი, სამებისა რიცხვით: საყდართა, მთავრობათა, ქერაბიმთა და სერაფიმთა, ანგელოსთა, ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, გონიერთა მაგათ გულის-ხმისმყოფთა შეწირვითა გალობათათა, შეჰსწირეთ და მითხოვეთ არა განვრდომაი ნაწილისაგან მართლისა, რამეთუ თქვენდა მოცემულ არს სათხოველი ამის მოსაგებელად, მოტევებად ცოდვათა ყოველთა მეუფისაგან და ღვთისა, დიდებად მისსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

დღის საკითხავები 

2 თეს. 1: 1-10 (დას. 274). ლკ. 19: 37-44 (დას. 97). 

2 თეს. 1: 1-10 

1. პავლე, სილვანუსი და ტიმოთე – თესალონიკეღთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში: 2. მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. 3. მოვალენი ვართ, ძმანო, მარადჟამ ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, როგორც ჯერ-არს, ვინაიდან უმეტესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთურთის მიმართ. 4. ასე რომ, თვითონვე ვიქადით თქვენით ღვთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებისა და რწმენის გამო ყოველგვარ დევნილობასა და გასაჭირში, რასაც იტანთ, 5. იმის დასტურად, რომ იქნება ღვთის მართალი მსჯავრი, რათა ღირსნი გახდეთ ღვთის სასუფევლისა, რისთვისაც ევნებით კიდეც. 6. რადგანაც სამართლიანია ღვთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებელთ, 7. ხოლო თქვენ, შეჭირვებულთ, – განსვენება ჩვენთან ერთად, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება ზეცით, 8. რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას, 9. ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან, 10. იმ დღეს, როდესაც მოვა, რათა განდიდებულ იქნეს თავის წმიდათა შორის და მიეგოს პატივი ყოველი მორწმუნისაგან, რადგანაც ირწმუნეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ.

ლკ. 19: 37-44 

37. როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ. 38. ასე ამბობდნენ: კურთხეულია მეუფე, მომავალი უფლის სახელით! მშვიდობა ზეცას და დიდება მაღალთა შინა! 39. ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები. 40. ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს. 41. როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო, 42. და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან. 43. ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან; 44. მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                          (1 იოან. 3: 14) 

 

ღირსი ბერი სტილიანე პაფლაგონიელი (V) – 26 ნოემბერი (9 დეკემბერი)

ღირსი ბერი სტილიანე პაფლაგონიელი ცხოვრობდა VI საუკუნეში. ის უფალმა ჯერ კიდევ დედის მუცელში გამოარჩია. სტილიანე ღვთისმოშიში ბავშვი იყო. სრულწლოვანი რომ გახდა, გაყიდა ქონება, გლახაკებს დაურიგა, უარი თქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად შედგა. რამდენიმე წელი ცხოვრობდა მონასტერში, რათა შეესწავლა ასკეტური ცხოვრება და მიეღო სულიერი გამოცდილება. შემდეგ განმარტოვდა და ერთ მღვიმეში დაეყუდა. ღირსმა სტილიანემ ისეთ სულიერ სიმაღლეს მიაღწია, რომ ყოველდღიურ საკვებს უფლის ანგელოზისგან იღებდა. მას ლოცვით სნეულებათა განკურნების ნიჭი მიემადლა უფლისგან. განსაკუთრებული წარმატებით ბავშვებს კურნავდა ღირსი ბერის მხურვალე ლოცვა. მას უშვილო ქალებიც მიმართავდნენ და ღირსი სტილიანეს ლოცვით დედობის ღირსნი ხდებოდნენ. ამიტომ ღირსი ბერი ჩვილთა მფარველად ითვლება.

ღირსი იაკობ განდეგილი (+457)

ღირსი იაკობ განდეგილი სირიაში მოღვაწეობდა V საუკუნეში. იგი სიჭაბუკეშივე განერიდა ამსოფელს და ჯერ ღირსი ზევინის (ხს. 23 თებერვალს), შემდეგ კი – წმიდა მირონის (ხს. 14 თებერვალს) ხელმძღვანელობით დაეუფლა მოსაგრე ცხოვრების წესებს. მოძღვრის კურთხევით ნეტარი იაკობი პატარა ქოხში დაეყუდა, სადაც სრულ განმარტოებაში იღვაწა რამდენიმე წლის მანძილზე, შემდეგ კი უდაბურ და უნაყოფო მთაზე დასახლდა და ღია ცის ქვეშ დაიწყო ცხოვრება. წმიდანი მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებას და ზამთრის სუსხს. ამ უჩვეულო ღვაწლს შემდგარი მოსაგრე გამუდმებით ლოცულობდა. მისი საზრდელი მხოლოდ წყალში ჩამბალი ქერი იყო. წმიდა მამა მთაზე ცხოვრებისას ატარებდა ბორკილებს, რომელიც ისეთი მოყვანილობის იყო, რომ მას აიძულებდა, გამუდმებით წელში მოხრილი ყოფილიყო. დიდ ღვაწლს შემდგარს ბოროტი სულები გააფთრებით ესხმოდნენ თავს, მაგრამ ნეტარი ახოვნად იგერიებდა მათ შემოტევებს. უფალმა სნეულთა კურნების, არაწმიდა სულების განსხმისა და მკვდართა აღდგინების ნიჭი მიმადლა თავის სათნომყოფელს. წმიდა იაკობმა მთელს აღმოსავლეთში გაითქვა სახელი. სულიერი და ხორციელი ტკივილებით შეჭირვებული ურიცხვი ხალხი მიდიოდა მასთან შემწეობის სათხოვნელად. უფლის რჩეული 457 წელს მიიცვალა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

 

ღირსი ალიპი მესვეტე (+640)

ღირსი ალიპი მესვეტე პაფლაგონიის ქალაქ ადრიანოპოლში დაიბადა. წმიდანს მამა ადრე გარდაეცვალა. დაქვრივებულმა დედამ მთელი ქონება გლახაკებს დაუნაწილა, შვილი ეპისკოპოს თეოდორეს მისცა აღსაზრდელად, თავად კი ტაძარში დაიწყო მსახურება და დიაკონისად კურთხევის ღირსი შეიქნა. 

წმიდა ალიპის სიყმაწვილიდანვე სურდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და განმარტოებულ ცხოვრებას ესწრაფოდა, მაგრამ ეპისკოპოსი თეოდორე არ იშორებდა. ერთხელ, როცა წმიდანი თავის ეპისკოპოსს ახლდა კონსტანტინოპოლში, მას საღვთო ხილვით გამოეცხადა წმიდა მოწამე ეფემია, რომელმაც ადრიანოპოლში დაბრუნება და მისი სახელობის ტაძრის აგება უბრძანა. ნეტარი დამორჩილდა ზეციურ კურთხევას და ადრიანოპოლელი ქრისტიანების შემოწირულობებით მიტოვებული წარმართული სასაფლაოს ადგილას წმიდა ეფემიას სახელობის ეკლესია ააშენა. ტაძრის გასწვრივ, ღია ცის ქვეშ, წარმართული საფლავის ქვაზე უფლის რჩეულმა სვეტი მოიწყო. ღირსი ალიპი ორმოცდაცამეტი წელი მოღვაწეობდა სვეტზე. 

სიკვდილამდე თოთხმეტი წლით ადრე წმიდა ალიპის ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა ვეღარ შეძლო. უფლის რჩეული მოთმინებით და მადლობით იტანდა უმძიმეს სატანჯველებს. ღირსი მამის სვეტის სიახლოვეს თანდათან ორი – მამათა და დედათა მონასტერი დაარსდა.

ნეტარი ალიპი 640 წელს გარდაიცვალა, ასთვრამეტი წლის ასაკში. წმიდანის ნეშტი მის მიერვე დაარსებულ, წმიდა მოწამე ეფემიას სახელობის ტაძარში დაკრძალეს. ღირსი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

შეწევნითა ღვთისათა და იოელ მთავარანგელოსისათა ლოცვა დაძინების დროს, ორშაბათსა

უფალო ღმერთო ჩვენო, რაოდენიცა რა ვჰსცოდე დღეინდელსა ამას დღესა გინა საქმით, გინა სიტყვით და გონებით, გინა ყოვლითავე საცნობელითა, მეცნიერებით, ანუ უმეცრებით, გინა გულის-ხმის-ყოფითა, ანუ უგულისხმოდ, ნებითა ჩემითა, ანუ უნებლობითა, ყოველივე შემინდევ სახელისა შენისათვის! შემიწყალე მე უფალო, და განჰკურნე წყლული სული ჩემი, და ყოველი რაოდენი რა ვჰსცოდე სოფელსა ამას შინა, შემინდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის, და მშვიდობით ძილი ესე მომმადლე, და წმიდა ანგელოსი შენი გარდამომივლინე მცველად ჩემდა, ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთასა, და ყოვლისაგანვე ნეგვემისა, გვლარძნილისა მის და განდგომილისა ვეშაპისა, და ბნელთა მათ და არაწმიდათა ჰაერისმცველთა, და ძალთა მისთასა, მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისათანა კურთხეულ ხარ ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით წმიდითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.