19. იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში; ყრმა იესო ტაძარში

იუდეას უდაბნო. ნაზარეთი იერუსალიმის ტაძარი
ძვ. წ. აღ. 4 წლიდან ახ. წ. აღ. 26 წლამდე

მთ. მკ.

ლკ. 1     (წინ. 1:59-79; # 8)

80. ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა. და იყო უდაბნოს, ვიდრე გამოცხადებადმდე მისა ისრაჱლისა მიმართ.

80. ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, და იყო უდაბნოში იმ დღემდე, როცა გამოეცხადა ისრაელს.

ლკ. 2     (წინ. 2:39; # 18)

40. ხოლო ყრმაჲ იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა.  41. და აღმოვიდიან მამა-დედანი მისნი წლითი წლად იერუსალჱმდ დღესასწაულსა მას პასექისასა. 42. და იყო რაჲ იგი ათორმეტის წლის, აღმოვიდეს იგინი იერუსალჱმდ, ვითარცა ჩუეულ იყვნეს, დღესასწაულსა მას. 43. და აღასრულნეს დღენი იგი, და წარსლვასა მას მათსა დაშთა იესუ ყრმაჲ იერუსალჱმს, და არა უწყოდეს იოსებ და დედამან მისმან, 44. ჰგონებდეს მისა, ვითარმედ მოგზაურთა თანა არს იგი. და მოვიდეს დღისა ერთისა გზასა და ეძიებდეს მას ნათესავთა შორის და მეცნიერთა 45. და არა პოეს იგი. და მოიქცეს იგინი იერუსალჱმდვე და ეძიებდეს მას. 46. და იყო შემდგომად სამისა დღისა პოეს იგი ტაძარსა მას შინა, მჯდომარე შორის მოძღუართა, ისმენდა მათსა და ჰკითხვიდა მათ. 47. განუკჳრდებოდა მათ ყოველთა, რომელთა ესმოდა მისი გულისჴმის-ყოფაჲ იგი და სიტყჳს-მიგებაჲ მისი. 48. და იხილეს იგი და განუკჳრდა. ჰრქუა მას დედამან მისმან: შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ ესრეთ? აჰა ესერა მე და მამაჲ შენი ვრონინებთ და გეძიებთ შენ. 49. და მან ჰრქუა მათ: და რაჲსა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ? 50. და მათ ვერ გულისჴმა-ყვეს სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ. 51. და წარვიდა მათ თანა და მოვიდა ნაზარეთად და იყო დამორჩილებულ მათდა. ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა თჳსსა. 52. და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა.

40. ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, ივსებოდა სიბრძნით და იყო მადლი ღმრთისა მასზე. 41. ხოლო მისი მშობლები ყოველ წელიწადს პასექის დღესასწაულზე მიდიოდნენ იერუსალიმში. 42. და როცა თორმეტი წლისა გახდა, ჩვეულებისამებრ, იერუსალიმში დღესასწაულზე ავიდნენ ისინი. 43. ხოლო დღესასწაულის შემდეგ, უკან რომ გამობრუნდნენ, ყრმა იესო იერუსალიმში დარჩა; და ვერ შენიშნეს იოსებმა და დედამისმა; 44. არამედ ეგონათ სხვებთან ერთად მოდისო, მაგრამ ერთი დღის სავალი გზა რომ გალიეს, ძებნა დაუწყეს ნათესავებსა და ნაცნობებს შორის; 45. და რაკი ვერსად იპოვეს, იერუსალიმში დაბრუნდნენ მის საძებნელად. 46. სამი დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს იგი; მოძღვრებს შორის ჩამჯდარიყო, უსმენდა და კითხვებს აძლევდა მათ. 47. ყველა მსმენელს უკვირდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი. 48. როცა დაინახეს, განცვიფრდნენ და დედამისმა უთხრა მას: შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ. 49. და უთხრა მათ: მერედა რას მეძებთ? ნუთუ არ იცით, რომ მე მმართებს იქ ყოფნა, სადაც ყველაფერი ეკუთვნის მამაჩემს? 50. მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი სიტყვები. 51. წაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს: და იყო მათი მორჩილი; დედამისი კი გულში იმარხავდა ყველა ამ სიტყვას.  52. ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე.

ინ.