33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი. 18.01.2024.

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

ნათლისღების წინადღე. წყალკურთხევის დღე. მღვდელმოწამისა თეოპემპტე ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა და მოწამისა თეონასი [ნათლობით სინესი] (303); ღირსისა სვინკლიტიკია ალექსანდრიელისა (დაახ. 350); წინასწარმეტყველისა მიქეასი (IX ს. ქრისტეს შობამდე); ღირსისა აპოლინარია სვინკლიტიკესი (დაახ. 470); ღირსისა ფოსტირი მეუდაბნოისა; ღირსისა მინასი (VI); ღირსისა გრიგოლ აკრიტელისა (820); ღირსმოწამისა რომანოზისა (1694). 

დღის ლოცვა

ნათლისღების წინადღე 

ტროპარი: უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ და ამიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა, რომლისა მიმართ მივრბიოდეთ ჩუენცა განსლვად მას შინა და ღაღადვჰყოთ: ქრისტე განცხადნა იორდანესა განწმედად წყალთა.

კონდაკი: ქრისტე, ყოველთა კაცთა სახიერებით აღმხოცელო ცოდვათა სიმრავლისაო, მოწყალებისათვის უზომოსა იორდანისა წყალსა ნათლისღებად მოხვალ, ვითარცა კაცი, რაითა შემმოსო მე სამოსლითა პირველისა დიდებისათა, ბოროტად განშიშვლებული. 

დღის საკითხავები 

ლიტურგია ბასილი დიდისა. დიდი აიაზმა. მარხვა.

დიდნი ჟამნი

I ჟამზე: ეს. 35: 1-10. საქმ. 13: 25-32 (დას. 33). მთ. 3: 1-11 (დას. 5).
III ჟამზე: 
ეს. 1: 16-20. საქმ. 19: 1-8 (დას. 42). მკ. 1: 1-8 (დას. 1).
VI ჟამზე:
 ეს. 12: 3-6. რომ. 6: 3-11 (დას. 91). მკ. 1: 9-15 (დას. 2).
IX ჟამზე: 
ეს. 49: 8-15. ტიტ. 2: 11-14; 3: 4-7 (დას. 302). მთ. 3: 13-17 (დას. 6).

ლიტ.მწუხრ.*** 1) დაბ. 1: 1-13. 2) გამ. 14: 15-18, 21-23, 27-29. 3) გამ. 15: 22-27; 16: 1. 4) ისუ ნავ. 3: 7-8,15-17. 5) 4 მეფ. 2: 6-14. 6) 4 მეფ. 5: 9-14. 7) ეს. 1: 16-20. 8) დაბ. 32: 1-10. 9). გამ. 2: 5-10. 10) მსაჯ. 6: 36-40. 11) 3 მეფ. 18: 30-39. 12) 4 მეფ. 2: 19-22. 13) ეს. 49: 8-15.
1 კორ. 9: 19-27 (დას. 143, შუა). ლკ. 3: 1-18 (დას. 9).
წყლის კურთხევაზე:  1) ეს. 35: 1-10. 2) ეს. 55: 1-13. 3) ეს. 12: 3-6.
1 კორ. 10: 1-4 (დას. 143, შუა). მკ. 1: 9-11 (დას. 2). 

I ჟამზე: ეს. 35: 1-10 

1. მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება. 2. აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს. 3. გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ! 4. უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ. 5. მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. 6. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე – ნიაღვრები. 7. დასიცხული მიწა ტბორად გადიქცევა და ხრიოკები წყაროსთვლებად; ტურების სადგომი, სადაც ბუდობენ, ლელით და ლერწმით გადამწვანდება. 8. შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ. 9. არ გამოჩნდება იქ ლომი და სასტიკი მხეცი არ დაადგება მას, არ გაჭაჭანდება იქ; მხოლოდ გამოხსნილნი ივლიან. 10. უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ.

I ჟამზე: საქმ. 13: 25-32 

25. ხოლო თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ; არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ ხამლი შევუხსნა ფეხზე. 26. კაცნო, ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთისმოშიშნო თქვენს შორის: აჰა, მოგევლინათ ხსნის სიტყვა. 27. ვინაიდან იერუსალიმელებმა და მათმა მთავრებმა ვერ იცნეს იგი, განსაჯეს და, ამრიგად, აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც იკითხება ყოველ შაბათს. 28. და რაკი სიკვდილით დასჯის ღირსი ერთი ბრალიც ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს, მოეკლა იგი. 29. ხოლო როცა აღასრულეს ყველაფერი, რაც მასზე დაიწერა, ძელიდან ჩამოხსნეს და სამარხში დაასვენეს. 30. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით. 31. მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა გალილეიდან იერუსალიმში მასთან ერთად ამოსულთ, რომელნიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე. 32. და ჩვენ გახარებთ, რომ მამებისათვის მიცემული აღთქმა ღმერთმა აგვისრულა მათ შვილებს და აღგვიდგინა იესო.

I ჟამზე: მთ. 3: 1-11 

1. ხოლო იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი იუდეის უდაბნოში საქადაგებლად. 2. და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი. 3. რადგან ეს არის, ვისთვისაც ითქვა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. 4. ხოლო თვით იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი: და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი. 5. მაშინ გამოდიოდა მისკენ იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი შემოგარენი იორდანესი. 6. ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. 7. როდესაც დაინახა მისკენ მოსანათლად მომავალი ფარისეველნი და სადუკეველნი, უთხრა მათ: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ გაექეცითო მომავალ რისხვას? 8. მაშ, გამოიღეთ ნაყოფი, ღირსი სინანულისა. 9. ნუ გგონიათ, რომ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს. 10. ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. 11. მე წყლით გნათლავთ, რომ მოინანიოთ, ხოლო ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უძლიერესია, ვისი ხამლის ტარებისაც არა ვარ ღირსი; და ის მოგნათლავთ სული წმიდითა და ცეცხლით.

III ჟამზე: ეს. 1: 16-20 

16. განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. 17. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. 18. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება. 19. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; 20. თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ.

III ჟამზე: საქმ. 19: 1-8 

1. მოხდა ისე, რომ კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარენი და ეფესოში ჩავიდა, სადაც ზოგიერთ მოწაფეს შეხვდა. 2. და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა. 3. უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო. 4. მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე. 5. ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით. 6. პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ. 7. იყო სულ თორმეტიოდე კაცი. 8. მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე.

III ჟამზე: მკ. 1: 1-8 

1. დასაწყისი იესო ქრისტეს, ღმერთის ძის, სახარებისა. 2. როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას. 3. ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. 4. იყო იოანე უდაბნოში, ნათელს სცემდა და ქადაგებდა ნათლის ცემას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად. 5. გამოდიოდა მის მიმართ მთელი იუდეის ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი, ნათელს იღებდნენ მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. 6. ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი და ჭამდა კალიებს და ველურ თაფლს. 7. ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემს შემდგომ ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ დავიხარო და გავხსნა მისი ხამლის საკვრელი. 8. მე თქვენ მოგნათლეთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმიდით.

VI ჟამზე: ეს. 12: 3-6 

3. სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან. 4. იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი. 5. უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი. 6. იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!

VI ჟამზე: რომ. 6: 3-11 

3. ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? 4. მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. 5. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მავემსგავსებით, 6. რაკიღა ვიცით, რომ ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან ერთად, რათა გადაგებულიყო ცოდვის სჯული და აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას. 7. რადგანაც მკვდარი ცოდვისაგან თავდახსნილია. 8. ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ. 9. რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე. 10. რადგანაც, თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკიღა ცოცხლობს, ღმერთისთვის ცოცხლობს. 11. ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად – ღმრთისთვის ქრისტე იესოს მიერ.

VI ჟამზე: მკ. 1: 9-15 

9. და იყო იმ დღეებში, მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთით და ნათელ იღო იორდანეში იოანესგან. 10. წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე. 11. და გაისმა ხმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. 12. და სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში. 13. ორმოცი დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცდებოდა სატანისაგან: მხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას. 14. ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესო გალილეაში, და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას. 15. და ამბობდა: გასრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი: მოინანიეთ და იწამეთ სახარება.

IX ჟამზე: ეს. 49: 8-15 

8. ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად, 9. გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი. 10. არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს. 11. ყოველ მთას ჩემსას გზად გადავაქცევ და ჩემი შარაგზები მაღლა აიწევა. 12. აჰა, ესენი შორიდან მოდიან, აჰა, ესენი – ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ესენი კი – სინიმის ქვეყნიდან! 13. გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი. 14. თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო. 15. განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ.

IX ჟამზე: ტიტ. 2: 11-14; 3: 4-7 

11. რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი, 12. ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად, 13. და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას, 14. რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვეხსენით ყოველგვარი ურჯულოებისაგან და თავისთვის განეწმინდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეთა მოშურნე. 

4. ხოლო როდესაც გამოჩნდა სიკეთე და კაცთმოყვარეობა ჩვენი მაცხოვრის – ღვთისა, 5. მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით, 6. რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, 7. რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე.

IX ჟამზე: მთ. 3: 13-17 

13. მაშინ მოვიდა იესო გალილეით იორდანეს პირას, იოანესთან, რათა მონათლულიყო მისგან. 14. იოანე კი არ უშვებდა და ეუბნებოდა: მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდინარ ჩემთან? 15. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ მთელი სიმართლე. მაშინღა მიუშვა იგი. 16. და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხალა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე. 17. და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.

ლიტ.: მწუხრ. 1) დაბ. 1: 1-13. 2) გამ. 14: 15-18, 21-23, 27-29. 3) გამ. 15: 22-27; 16: 1. 4) ისუ ნავ. 3: 7-8,15-17. 5) 4 მეფ. 2: 6-14. 6) 4 მეფ. 5: 9-14. 7) ეს. 1: 16-20. 8) დაბ. 32: 1-10. 9). გამ. 2: 5-10. 10) მსაჯ. 6: 36-40. 11) 3 მეფ. 18: 30-39. 12) 4 მეფ. 2: 19-22. 13) ეს. 49: 8-15.
1 კორ. 9: 19-27 (დას. 143, შუა). ლკ. 3: 1-18 (დას. 9).

1) დაბ. 1: 1-13 

1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. 2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ. 3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. 4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. 5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა – პირველი დღე. 6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები. 7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე. 8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა – მეორე დღე. 9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე. 10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. 11 . თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. 12. წარმოშვა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით. 13. იყო საღამო, იყო დილა – მესამე დღე.

2) გამ. 14: 15-18, 21-23, 27-29 

15. უთხრა უფალმა მოსეს: რას შემომბღავით? უთხარი, დაიძრან, ისრაელიანებს. 16. შენ კი კვერთხი აღმართე და ზღვას დააღირე, შუაზე გაიპობა იგი და მშრალად შევლენ ისრაელიან შუაგულ ზღვაში. 17. ხოლო მე გულს გავუსასტიკებ ეგვიპტელებს და დაგედევნებიან. მაშინ გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე, მთელს მის ჯარზე, მის ეტლებზე და მხედრებზე. 18. მიხვდება ეგვიპტე, რომ უფალი ვარ, როცა გამოვაჩენ ჩემს დიდებას ფარაონზე, მის ეტლებზე და მხედრებზე. 

21. დააღირა ხელი ზღვას მოსემ და მთელი ღამე მოდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით. ხმელეთად აქცია ზღვა და გაიპო წყალი. 22. მშრალად შევიდნენ ისრაელიანები შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ. 23. დაედევნენ ეგვიპტელები, შეჰყვნენ შუაგულ ზღვაში ფარაონის ცხენები, მისი ეტლები და მხედრები. 

27. დააღირა ხელი ზღვას მოსემ და განთიადამდე მიიქცა ზღვა თავის ადგილას. უკან მიბრუნებული ეგვიპტელები მიაწყდნენ ზღვას და ჩაყარა ისინი უფალმა შუაგულ ზღვაში. 28. მიიქცა წყალი და დაფარა ეტლები, მხედრები დ ფარაონის მთელი ლაშქარი, ზღვაში რომ შეჰყვნენ მათ; ერთიც არ გადარჩენილა. 29. ხოლო ისრაელიანები მშრალად გადიოდნენ შუაგულ ზღვაში, წყალი კედლად ედგათ მარჯვნივ და მარცხნივ.

3) გამ. 15: 22-27; 16: 1 

22. დაძრა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. სამ დღეს იარეს უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი. 23. მიადგნენ მარას, მაგრამ მარაში წყალი ვერ დალიეს, მწარე იყო. ამიტომაც ეწოდება სახელად მარა (მწარე). 24. შესჩივლა ხალხმა მოსეს და უთხრა: რა დავლიოთ? 25. შეჰღაღადა მოსემ უფალს და დაანახვა უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა უფალმა ხალხს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი. 26. თქვა: თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არცერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი. 27. მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე. იქ დაიბანაკეს, წყლებთან. 

1. დაიძრა ელიმით და ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის მთას შორის მდებარეობს.

4) ისუ ნავ. 3: 7-8,15-17 

7. უთხრა უფალმა იესოს: დღეიდან უნდა დავიწყო შენი განდიდება მთელი ისრაელის თვალში, რათა დარწმუნდნენ, რომ როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე ვიქნები შენთან. 8. შენ კი ასე უბრძანე მღვდლებს, რომელნიც აღთქმის კიდობანს ატარებენ: როგორც კი იორდანეს ნაპირს მიადგებით, იორდანესთან გაჩერდით.

15. როგორც კი კიდობნის მტვირთველები მიადგნენ იორდანეს და ფეხი ჩადგეს ნაპირის წყალში (მკათათვეში ნაპირებზე გადმოდის იორდანე), 16. დადგა დაღმა მდინარი წყალი და ერთ კედლად აღიმართა კარგა მანძილზე ქალაქ ადამიდან, ცართანის გვერდით რომ არის. უდაბურ ზღვაში, ანუ მარილოვან ზღვაში ჩამდინარი წყალი კი დაიწრიტა და შეწყდა. იერიხონის პირდაპირ გადიოდა იორდანეზე ხალხი. 17. უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მყარად იდგნენ მშრალზე შუაგულ იორდანეში. ასე გადიოდა მთელი ისრაელი მშრალზე, ვიდრე მთელმა ერმა არ გადალახა იორდანე.

5) 4 მეფ. 2: 6-14 

6. უთხრა მას ელიამ: აქ დარჩი, რადგან იორდანეზე მგზავნის უფალი. მიუგო: უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ მიგატოვო. წავიდნენ ორნი. 7. წამოვიდა ორმოცდაათი კაცი წინასწარმეტყველთა გუნდიდან და მოშორებით დადგნენ მათ პირისპირ. ეს ორნი იორდანესთან იდგნენ. 8. აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაარტყა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი მშრალად გავიდნენ. 9. როცა გაღმა იყვნენ გასული, უთხრა ელიამ ელისეს: მთხოვე, რა გაგიკეთო, ვიდრე ავმაღლდებოდე შენგან. მიუგო ელისემ: შენი სულის ორმაგი წილი გადმოვიდეს ჩემზე. 10. უთხრა: ძნელს რასმე ითხოვ. თუ მომკრავ თვალს შენგან ამაღლებულს, აგისრულდება; თუ ვერა, და არ აგისრულდება. 11. როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ, აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. 12. უყურებდა ელისე და ეძახდა: ჩემო მამავ, ჩემო მამავ! ისრაელის ეტლო და მხედრობავ! მეტი არაფერი დაუნახავს. ხელი ჩაავლო თავის სამოსელს და ორად გახია. 13. აიღო მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, გაბრუნდა და იორდანეს ნაპირზე ჩამოჯდა. 14. დაარტყა წყალს მოსასხამი, ელიას რომ დაუვარდა, და თქვა: სად არის უფალი, ელიას ღმერთი? დაარტყა წყალს და შუა გაიპო წყალი და გავიდა ელისე გაღმა.

6) 4 მეფ. 5: 9-14 

9. მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა. 10. გაუგზავნა მოციქული ელისემ და შეუთვალა: წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნები. 11. გაბრაზდა ნაყამანი, წავიდა და თქვა: აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავის ღვთის სახელს ახსენებს, ადგილზე დამადებს ხელს და კეთრისგან განმკურნავს-მეთქი. 12. განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი ისრაელის ყველა მდინარეს არ სჯობია? განა იქ ვერ ვიბანებ და ვერ განვიწმიდები? გატრიალდა და წავიდა ბრაზმორეული. 13. მიეახლნენ მისი მორჩილნი, ელაპარაკნენ და ასე უთხრეს: ჩემო მამავ! საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: იბანე და განიწმიდებიო! 14. ჩავიდა, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში, ღვთისკაცის სიტყვისამებრ, და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმიდა.

7) ეს. 1: 16-20 

16. განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. 17. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. 18. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება. 19. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; 20. თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ.

8) დაბ. 32: 1-10 

1. იაკობიც წავიდა თავის გზაზე და შემოხვდნენ ღვთის ანგელოზები. 2. თქვა იაკობმა მათ დანახვაზე: ეს ღვთის ბანაკია; და უწოდა სახელად ამ ადგილს მახანაიმი (ორბანაკი). 3. იაკობმა გაგზავნა მაცნენი ესავთან, თავის ძმასთან, სეყირის ქვეყანაში, ედომის ველისკენ. 4. დააბარა მათ: უთხარით ჩემს ბატონს, ესავს: ასე ამბობს-თქო შენი მორჩილი იაკობი: ლაბანთან ვმდგმურობდი და დავყოვნდი აქამდე. 5. მყავს ხარები და სახედრები, ცხვრის ფარა და ჩემი ყმები და ყმაქალები. კაცი გამოვუგზავნე ჩემს ბატონს მოსახსენებლად, მადლი მინდა ვპოვო შენს თვალში. 6. მობრუნდნენ მაცნენი იაკობთან და უთხრეს: ვიყავით შენს ძმასთან, ესავთან, და ისიც მოდის ოთხასი კაცით შენს შესახვედრად. 7. იაკობი დიდად შეშინდა და შეშფოთდა. გაჰყო ხალხი, თან რომ ახლდა, ცხვარ-ძროხა და აქლემები, ორ ბანაკად. 8. და თქვა: თუ დაეცემა ესავი ერთ ბანაკს და დაარბევს, მეორე ბანაკი ხომ გადამირჩება. 9. თქვა იაკობმა: ჩემი მამის, აბრაამის, ღმერთო! ჩემი მამის, ისაკის, ღმერთო! უფალო, რომელმაც მითხარი, შენს ქვეყანაში, შენს სამშობლოში, დაბრუნდი და სიკეთეს გიყოფო. 10. ღირსი არა ვარ ყველა იმ სიკეთისა და წყალობისა, შენს მორჩილს რომ უყავი; მე ხომ ჯოხის ამარამ გადავლახე ეს იორდანე, ახლა კი ორ ბანაკად ვდგავარ.

9). გამ. 2: 5-10 

5. ჩავიდა ფარაონის ასული ნილოსზე საბანაოდ, მისი მხევლები კი ნილოსის პირას მიმოდიოდნენ. დაინახა ლელიანში კიდობანი. გაგზავნა მხევალი და მოატანინა. 6. გახსნა და ნახა შიგ ბავშვი; აჰა, ტირის ბიჭი, შეეცოდა და თქვა ებრაელის ბავშვი იქნება. 7. უთხრა ბავშვის დამ ფარაონის ასულს: ხომ არ წავიდე და ებრაელი ქალი მოვიყვანო ძიძად? ძუძუს მოგიწოვებს მაგ ბავშვს. 8. უთხრა ფარაონის ასულმა: წადი. წავიდა ყმაწვილი ქალი და დაუძახა ბავშვის დედას. 9. უთხრა მას ფარაონის ასულმა: წაიყვანე ეს ბაეშვი და ძუძუ მიწოვე; გასამრჯელოს მოგცემ. წაიყვანა ქალმა ბავშვი და აწოვებდა ძუძუს. 10. წამოიზარდა ბავშვი და მიუყვანა ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა, და დაარქვა სახელად მოსე. თქვა: რადგან წყლიდან მყავს ამოყვანილი.

10) მსაჯ. 6: 36-40 

36. უთხრა გედეონმა ღმერთს: თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი, 37. მაშინ საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, ვირწმუნებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მეუბნებოდი. 38. ასეც მოხდა: მეორე დღეს დილაადრიან ადგა, გაწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა. 39. უთხრა გედეონმა უფალს: ნუ შემრისხავ, მინდა ამ ერთხელ კიდევ მოგმართო და ამ ერთხელ კიდევ ვსინჯო საწმისი. მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს. 40. ასეც მოახდინა იმ ღამით ღმერთმა: მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდო.

11) 3 მეფ. 18: 30-39 

30. უთხრა ელიამ მთელს ხალხს: ახლოს მოდით. მივიდა მასთან მთელი ხალხი და დაიწყო მან უფლის დანგრეული სამსხვერპლოს შეკეთება. 31. აიღო ელიამ თორმეტი ლოდი, რამდენი შტოც იყო ძეთაგან იაკობისა, რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა, ისრაელი იქნებაო შენი სახელი. 32. და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე, სამსხვერპლოს გარს შემოავლო ორი სეა მარცვლის ტევადობის თხრილი. 33. დააწყო შეშა, შუა გაკვეთა კურატი და შეშაზე დადო. 34. თქვა: აავსეთ წყლით ოთხი ჩაფი და გადაასხით აღსავლენ მსხვერპლსა და შეშას. თქვა: გაიმეორეთ. მათაც გაიმეორეს. თქვა: მესამედ გადაასხით, მათაც გადასხეს მესამედ. 35. ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი. 36. მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი. 37. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები. 38. ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა. 39. დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი!

12) 4 მეფ. 2: 19-22 

19. უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა ელისეს: კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს, როგორც თავად ხედავს ჩემი ბატონი; მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა. 20. თქვა: მომეცით ახალი თასი და მარილი ჩაყარეთ შიგ. მისცეს. 21. ავიდა წყლის სათავესთან და ჩაყარა მარილი, თქვა: ასე ამბობს უფალი: განმიკურნავს ეს წყალი. ამიერიდან ნუღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა. 22. დღემდე ჯანსაღია ეს წყალი ელისეს სიტყვით, რომელიც წარმოთქვა მან.

13) ეს. 49: 8-15 

8. ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად, 9. გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი. 10. არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს. 11. ყოველ მთას ჩემსას გზად გადავაქცევ და ჩემი შარაგზები მაღლა აიწევა. 12. აჰა, ესენი შორიდან მოდიან, აჰა, ესენი – ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ესენი კი – სინიმის ქვეყნიდან! 13. გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი. 14. თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო. 15. განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ.

 

1 კორ. 9: 19-27 

19. რადგანაც ყველასაგან თავისუფალმა ყველას ვუმონე თავი, რათა უმრავლესნი შემეძინა. 20. იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; რჯულის ქვეშ მყოფთათვის – როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, რათა შემეძინა რჯულის ქვეშ მყოფნი. 21. ურჯულოთათვის – ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი. 22. უძლურთათვის – უძლური, რათა შემეძინა უძლურნი. ყველას ყველად ვექმენ, რათა მეხსნა ზოგიერთნი. 23. ხოლო ამას ვასრულებ სახარებისთვის, რათა ვიყო მისი თანაზიარი. 24. ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ. 25. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი. 26. ამიტომ ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე. 27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი.

ლკ. 3: 1-18 

1. ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო, ჰეროდე – გალილეის მეოთხედმთავარი, ფილიპე, მისი ძმა, – ატურეისა და ტრაქონიის მხარის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანია – აბილენეს მეოთხედმთავარი; 2. ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში. 3. დადიოდა იგი იორდანეს მთელ შემოგარენში და ქადაგებდა ნათლის ღებას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად. 4. როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. 5. ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდება; მრუდე გასწორდება და ფლატე გავაკდება. 6. და ყოველი ხორცი იხილავს მხსნელობას ღმრთისას. 7. და ეუბნებოდა მის მიმართ ნათლის ღებად მიმავალ ხალხს: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ, გაექეცითო მომავალ რისხვას? 8. მაშ, გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულისა: და ნუ ეტყვით თქვენსავე თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს. 9. ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. 10. ეკითხებოდა ხალხი: მაშ, რაღა ვქნათო? 11. მიუგო და უთხრა მათ: ვისაც ორი ხელი სამოსი აქვს, მისცეს არმქონეს: და ვისაც საჭმელი აქვს, ასევე მოიქცეს. 12. მოვიდნენ მებაჟენიც ნათლის ღებად და უთხრეს მას: მოძღვარო, ჩვენ რაღა ვქნათ? 13. მიუგო მათ: ნურაფერს აიღებთ თქვენთვის დაწესებულზე მეტს. 14. მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას. 15. ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, 16. მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით. 17. მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს. 18. ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.

 

წყლის კურთხევაზე:  

1) ეს. 35: 1-10 

1. მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება. 2. აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს. 3. გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ! 4. უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ. 5. მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. 6. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე – ნიაღვრები. 7. დასიცხული მიწა ტბორად გადიქცევა და ხრიოკები წყაროსთვლებად; ტურების სადგომი, სადაც ბუდობენ, ლელით და ლერწმით გადამწვანდება. 8. შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ. 9. არ გამოჩნდება იქ ლომი და სასტიკი მხეცი არ დაადგება მას, არ გაჭაჭანდება იქ; მხოლოდ გამოხსნილნი ივლიან. 10. უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ.

2) ეს. 55: 1-13 

1. ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით, და ვერცხლის უქონელნო, წადით, იყიდეთ და ჭამეთ! წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე! 2. რისთვის ხარჯავთ ვერცხლს, თუ პურს ვერ შოულობთ? რისთვის შრომობთ, თუ ვერ ძღებით? მე მომისმინეთ და შეჭამთ საუკეთესოს, ნოყიერი საკვებით დაიტკბობთ სულს. 3. ყური მომაპყარით და ჩემთან მოდით; მისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული. დაგიდებთ საუკუნო აღთქმას დავითის მტკიცე სიქველეთა გამო. 4. აჰა, დავსვი ხალხების მოწმედ, ხალხების ბელადად და მბრძანებლად. 5. აჰა, ხალხს, რომელსაც არ იცნობ, მოუწოდებ, და ხალხი, რომელიც არ გიცნობს, შენსკენ გამოეშურება უფლის, შენი ღმერთის გამო და ისრაელის წმიდის გამო, რადგან მან განგადიდა შენ. 6. ეძებეთ უფალი, როცა შეიძლება მისი პოვნა; მოუხმეთ მას, როცა ახლოს არის იგი. 7. მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა – თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას, და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია. 8. რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი. 9. რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე. 10. რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს, 11. ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე. 12. რადგან სიხარულით გახვალთ და მშვიდობით იქნებით ნატარები; მთები და ბორცვები მხიარულ ყიჟინას დასცემენ თქვენს წინაშე და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს. 13. ეკლის ადგილზე ალვისხე ამოვა და ქაცვის ადგილზე მურტი ამოვა; და იქნება უფლისათვის სახელად და საუკუნო ნიშნად, რომელიც არ წაიშლება.

3) ეს. 12: 3-6 

3. სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან. 4. იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი. 5. უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი. 6. იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!

1 კორ. 10: 1-4 

1. მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ჩვენი მამები ერთობლივად ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გამოვლო ზღვა. 2. ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში. 3. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს ჭამდნენ. 4. და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე.

მკ. 1: 9-11 

9. და იყო იმ დღეებში, მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთით და ნათელ იღო იორდანეში იოანესგან. 10. წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე. 11. და გაისმა ხმა ზეცით: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა წინასწარმეტყველი მიქეა იუდეაში ცხოვრობდა ელია წინასწარმეტყველის დროს. მიქეამ ამხილა მეფე აქაბი და მას ასურელებთან ბრძოლაში დაღუპვა უწინასწარმეტყველა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს. აქაბის სიკვდილის შემდეგ წმიდანი გაანთავისუფლეს (3 მეფეთა 22,8-22). მიქეამ წინასწარ განჭვრიტა, რომ მაცხოვარი ბეთლემში იშვებოდა (მიქ. 5,2). იგი მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში. 

წმიდანი მოწამენი: თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და თეონა მოგვყოფილი (+303)

წმიდანები თეოპემპტი და თეონა ნიკომიდიაში ეწამნენ. წმიდა თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსი იყო დიოკლეტიანეს დროს. ის გაბედულად ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. უსჯულო იმპერატორმა თავის კარზე იხმო მართლმადიდებლობის ქადაგი და მოსთხოვა, აპოლონის კერპისათვის ეცა თაყვანი. პასუხად მტკიცე უარი მიიღო. მაშინ თეოპემპტი გახურებულ ქურაში ჩააგდეს, მაგრამ ღმერთმა დაიცვა თავისი მსასოებელი. დიოკლეტიანემ მომხდარი სასწაული წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, 22 დღე შიმშილითა და წყურვილით ეტანჯათ იგი. ამგვარმა სისასტიკემაც ვერაფერი დააკლო უფლის რჩეულს. მაშინ მეფემ ცნობილ ჯადოქარ თეონას სთხოვა შემწეობა. მოგვმა შხამიანი კვერი აჭამა პყრობილს, მაგრამ საწამლავმა არ იმოქმედა. თეონას შემზადებული უფრო ძლიერი შხამიც უძლური აღმოჩნდა მღვდელმთავრის სიწმიდის წინაშე. მაშინ ჯადოქარმა სცნო თავისი ბილწი მფარველის უძლურება და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მოგვყოფილი წმიდა ეპისკოპოსთან ერთად გამოამწყვდიეს. მან მონათლა თეონა და სინესიუსი უწოდა, რაც „გაბრძნობილს” ნიშნავს.
დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ მოუწოდა თეოპემპტს და კიდევ ერთხელ მოითხოვა მისგან ქრისტეს უარყოფა. წმიდანი კვლავ ურყევად იდგა. მაშინ გამხეცებული მტარვალის ბრძანებით, ენითაუწერელი სატანჯველით აწამეს მხნე აღმსარებელი და თავი მოჰკვეთეს. წმიდა თეონაც მოწამეობრივად აღესრულა: მან უარი განაცხადა კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც ცოცხლად დამარხეს. ეს მოხდა 303 წელს. 
ღირსი სინკლიტიკია ალექსანდრიელი შეძლებული ოჯახის ასული იყო. მომხიბლავი ქალწული სიყრმიდანვე მხოლოდ უფლის სათნოყოფაზე ფიქრობდა. მან გათხოვებაზე უარი განაცხადა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და უსინათლო დასთან ერთად ერთი ნათესავის კუთვნილ აკლდამაში დაემკვიდრა. როცა წმიდანის მოღვაწეობის ამბავი გახმიანდა, იქაურობას მრავალმა დედამ და ქალწულმა მიაშურა. ღირსი სინკლიტიკიაც მთელი ცხოვრების მანძილზე მოძღვრავდა დებს. 80 წლის წმიდანს მძიმე სენი შეეყარა. ახოვანმა მოსაგრემ ჭეშმარიტი ქრისტიანული მოთმინებით გაუძლო განსაცდელს და გარდაიცვალა 350 წელს, 83 წლის ასაკში. 
ღირსი აპოლინარია იყო ასული ანფემიუსისა, რომელიც თეოდოსი უმცროსის (408-450) არასრულწლოვანების დროს ბიზანტიის იმპერიას განაგებდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო და კეთილმორწმუნე მშობლებისაგან აღმოსავლეთის წმიდა ადგილების მოლოცვის უფლება გამოითხოვა. როცა იერუსალიმიდან ალექსანდრიაში ჩავიდნენ, წმიდანმა ბერის ტანსაცმელი გადაიცვა, მონა-მხევლებს გაეპარა და ერთ ჭაობიან ადგილას დაემკვიდრა, სადაც რამდენიმე წელი მოსაგრეობდა მკაცრი მარხვითა და ლოცვით. შემდეგ ქალწული უფლის მინიშნებით წმიდა მაკარი ეგვიპტელის სავანეში დასახლდა ბერი დოროთეს სახელით და მალე ცნობილი გახდა თავისი მოსაგრე ცხოვრებით. აპოლონარიას მშობლებს მეორე, ეშმაკეული ასულიც ჰყავდათ. მათ იგი ღირსი მაკარის სავანეში გაგზავნეს. იღუმენმა სნეული ბერი დოროთეს (წმიდა აპოლინარიას) მიჰგვარა, რომელმაც ლოცვით განკურნა იგი. სახლში დაბრუნებულ ქალწულს კვლავ დაეუფლა ბოროტი. ეშმაკმა თავის ჭურჭელს ორსული ქალის ფორმა მისცა. ამან საშინლად განარისხა მისი მშობლები. მათ მეომრები გაგზავნეს სავანეში და შვილის შეურაცხმყოფელი გამოითხოვეს.
წმიდა აპოლინარიამ თავის თავზე აიღო დანაშაული და მეომრებს მშობლიურ სახლში გაჰყვა. აქ ის გამოეცნაურა დედ-მამას და ისევ სავანეში დაბრუნდა. აპოლინარია მშვიდობით მიიცვალა 470 წელს. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგეს ძმებმა, რომ ახოვანი მოსაგრე დოროთე ქალი იყო. წმიდანის ცხედარი დაკრძალეს წმიდა მაკარი მეგვიპტელის სავანეში. 
ღირსი ფოსტერი მეუდაბნოე მაღალ მთაზე მოსაგრეობდა. თავისი სასწაულებით და წმიდა ცხოვრებით მრავალი დაიცვა ერეტიკოსთა მომწამვლელი სწავლებისაგან.
ღირსი მინა 50 წელი მოღვაწეობდა სინას მონასტერში. მშვიდობით მიიცვალა VI საუკუნის II ნახევარში. 
ღირსი გრიგოლ აკრიტელი კუნძულ კრეტაზე დაიბადა 760 წელს. დიდგვაროვანმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. ამ დროს იმპერიაში ხატმებრძოლეობა ბობოქრობდა. ჭაბუკმა გრიგოლმა სელევკიას მიაშურა, სადაც მის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას საფრთხე არ ემუქრებოდა და კეთილმსახურებით ცხოვრობდა.
20 წლის იყო წმიდანი, როცა იერუსალიმში გაემგზავრა. არაბთაგან და ებრაელთაგან საშინლად შევიწროებულმა აქ 12 წელი დაჰყო. აქედან გრიგოლი რომში გადასახლდა და იქვე აღიკვეცა ბერად. რომში ღირსი მამა დაუახლოვდა წმიდა მიქაელს, სვინადელ ეპისკოპოსს (ხს. 23 მაისს), რომელმაც თან გაიყოლა იგი და დაამკვიდრა აკრიტზე (მარმარილოს ზღვა) მდებარე სავანეში. აქ წმიდა გრიგოლი სიცოცხლის აღსასრულამდე (დაახლ. 820 წ) მოსაგრეობდა.