04.02.2024. 35-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა II.

გულისყურით ვიკითხოთ წმინდა წერილი

                                                                                    “მოუკლებელად ილოცევდით” (1 თეს . 5: 17) 

35-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა II. 

4.02.2024. ხსნილი 

მოციქულისა 70-თაგანისა ტიმოთესი (80-97); ღირსმოწამისა ანასტასი სპარსისა (628); მოწამეთა: მანუელ, გიორგი, პეტრე და ლეონ ეპისკოპოსთა, გაბრიელ, სიონი, იოანე, ლეონი და პაროდი ზუცესთა, და სხვათა 377-თა (814). 

დღის ლოცვა 

მოციქულისა 70-თაგანისა ტიმოთესი 

ტროპარი: სიტკბოებაი ისწავე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, და კეთილი გონებაი ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსენ ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქმელნი საიდუმლონი და სარწმუნოებაი დაიმარხე, და სწორი სრბა მისთანა აღასრულე, მამაო წმიდაო ტიმოთე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: საღმრთოსა მოწაფესა და პავლეს თანა მოსაგრესა ტიმოთეს უგალობდეთ, მორწმუნენო, ძნობითა საღმრთოთა, მისთანავე შემსხმელნი ბრძნისა ანასტასისნი, რომელი აღმობრწყინდა სპარსეთით, ვითარცა ვარსკულავი, და განხადნა სულიერნი ვნებანი ჩუენნი, და ხორციელნი სნეულებანი. 

დღის საკითხავები 

ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8 (დას. 70).
ლიტ.:
 1 ტიმ. 1: 15-17 (დას. 280, შუა). ლკ. 18: 35-43 (დას. 93).

მოც. 2 ტიმ. 1: 3-9 (დას. 290, შუა). ლკ. 10: 1-15 (დას. 50). 

ცისკ.: მკ. 16: 1-8 

1. და როცა გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. 2. კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზის ამოსვლისას მივიდნენ სამარხთან. 3. და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ გადმოგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო? 4. მაგრამ დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ხოლო ის ძალიან დიდი იყო. 5. შევიდნენ სამარხში და იხილეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, თეთრი სამოსით მოსილი, და შეკრთნენ. 6. ხოლო მან უთხრა: ნუ შეკრთებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს; აღსდგა, აქ აღარ არის; აი, ამ ადგილას ესვენა იგი. 7. მაშ, წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: წინ წაგიძღვებათ გალილეისკენ, და იქ იხილავთ, როგორც გაუწყათ თქვენ. 8. გამოვიდნენ და სირბილით გაშორდნენ საფლავს; ცახცახს და ძრწოლას მოეცვა ისინი, და არავისთვის არა უთქვამთ რა, რადგან ეშინოდათ.

ლიტ.: 1 ტიმ. 1: 15-17 

15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ. 16. მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის. 17. ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს – პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლიტ.: ლკ. 18: 35-43 

35. ხოლო როდესაც იერიხონს მიუახლოვდა, ერთი ბრმა იჯდა გზის პირას და მოწყალებას ითხოვდა. 36. ხალხის ხმა რომ შემოესმა, იკითხა: რა ამბავია? 37. უთხრეს, იესო ნაზარეველი მოდისო. 38. მაშინ შეღაღადა და თქვა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე: 39. წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, დაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: დავითის ძეო, შემიწყალე მე! 40. იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; როცა მიუახლოვდა, ჰკითხა: 41. რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას, უფალო! 42. იესომ უთხრა: გაახილე თვალი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. 43. მაშინვე აეხილა თვალი, თან გაჰყვა მას და ადიდებდა ღმერთს. მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი.

მოც. 2 ტიმ. 1: 3-9 

3. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, – რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით; 4. შენი ცრემლების გახსენებისას ერთი სული მაქვს, როდის გიხილავ, რათა აღვივსო სიხარულით. 5. მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც. 6. ამიტომაც შეგახსენებ გააღვივო ნიჭი ღვთისა, ჩემი ხელდასხმით რომ მოგეცა. 7. რადგანაც ღმერთმა მოშიშების სული როდი მოგვცა, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და თავდაჭერისა. 8. მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით, 9. რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში,

მოც. ლკ. 10: 1-15 

1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. 2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. 3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. 4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში. 5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. 6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და – თქვენვე დაგიბრუნდებათ. 7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. 8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. 9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით: 11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. 12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. 13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. 14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. 15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი. 

 

 

“ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით”

                                                                                                                                        (1 იოან. 3: 14) 

 

წმიდა მოციქული ტიმოთე მცირე აზიის ქალაქ ლუსტრაში დაიბადა. ის ქრისტიანობაზე წმიდა მოციქულმა პავლემ (+67; ხს. 29 ივნისს) მოაქცია 52 წელს. ლიკაონიის ქალაქებში პავლეს და ბარნაბას პირველი მოგზაურობის დროს პავლემ დედის მუცლითგან მკელობელი განკურნა. ამ სასწაულმა მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის იყვნენ ჭაბუკი ტიმოთე, მისი დედა ევნიკა და ბებია ლოიდა (საქმე, 14,6-12 2ტიმ. 1,5). პავლეს მიერ ტიმოთეს სულში ჩათესილმა რწმენის მარცვლებმა უხვი ნაყოფი გამოიღო. ის მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე და შემდგომში განუყრელი თანამგზავრი გახდა. პავლე თავის ეპისტოლეებში საყვარელ შვილს უწოდებს მას და მადლიერებით იხსენიებს მის ერთგულებასა და თავდადებას: „ხოლო შენ შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულს-მოდგინებასა, სარწმუნოებასა, სულგრძელებასა, სიყვარულსა, მოთმინებასა, დევნულებათა, ვნებათა, რაოდენი შემემთხვა მე ანტიოქიასა შინა, იკონიას, ლუსტრას“ (2 ტიმ. 3,10-11). 65 წელს პავლე მოციქულმა ტიმოთეს ეფესოს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და იგი 15 წლის განმავლობაში კეთილად განაგებდა თავის სამწყსოს. რომის საპყრობილეში გამომწყვდეულმა პავლემ, რომელმაც იცოდა, რომ მალე უნდა წარმსდგარიყო უფლის წინაშე, ერთგული მოწაფე და მეგობარი თავისთან იხმო: „ისწრაფე ჩემდა მოსვლად ადრე“ (2 ტიმ. 4,9).
ერთხელ ეფესოში წარმართებმა დიდი ზეიმი გამართეს ცრუღმერთების პატივსაცემად. ისინი კერპებს ქუჩებში დაატარებდნენ უსჯულო რიტუალებისა და სიმღერების თანხლებით, რაც ამაზრზენ სანახაობას ქმნიდა. საღვთო შურით ანთებული ტიმოთე შეეცადა, შეეჩერებინა და დაემოძღვრა გონებადაბინდული, უღმერთო ბრბო. გაავებული კერპმსახურები კი მიაწყდნენ წმიდა მღვდელმთავარს, გვემეს, მიწაზე ათრიეს და ბოლოს, ქვებით ჩაქოლეს (+80). ტიმოთე მოციქულის უხრწნელი ნაწილები IV საუკუნეში პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დააბრძანეს. 
ღირსმოწამე ანასტასი სპარსი ქურუმის ვაჟი იყო. წარმართობაში მას მაგუნდატი ერქვა და სპარსეთის მეფის, ხოსროვ II-ის ლაშქარში მსახურობდა, ხოსროვმა 614 წელს დაამარცხა ბერძნები, წმიდა ქალაქი იერუსალიმი გაძარცვა და ურიცხვ დავლასთან ერთად უდიდესი სიწმიდე – უფლის ცხოველმყოფელი ჯვარიც წაიღო სპარსეთში. ჯვრის ძალით აღსრულებული უდიდესი სასწაულები თავზარს სცემდა სპარსელებს. ჭაბუკი მაგუნდატი აენთო სურვილით, დაწვრილებით შეეტყო ყველაფერი ამ უდიდესი სიწმინდის შესახებ და მალე გაიგო, რომ მასზე ადამიანთა ხსნისთვის განკაცებული მაცხოვარი ჯვარცმულა. ქალაქ ქალდეკონში, სადაც დროებით დაბანაკდა ხოსროვის ლაშქარი, ცნობისწადილით აღძრული მეომარი გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას, ნათელ-იღო ანასტასის სახელით, შემდეგ კი მონაზვნობა შეიმოსა და შვიდი წელი გაატარა ღვთივსათნო მოღვაწეობით იერუსალიმის ერთ-ერთ მონასტერში.
წმიდა ანასტასი მოწამეთა ცხოვრებებს ეცნობოდა და გულში მათი მიბაძვის სურვილი უმწიფდებოდა. ერთხელ, დიდ შაბათს, ღამით მან იდუმალი სიზმარი იხილა: ნათელმოსილმა ჭაბუკმა ღვინით სავსე ფიალა გამოუწოდა სიტყვებით: „მიიღე და სვი!“ და როცა ფიალა გამოსცალა, ენით აუწერელი სიტკბოება იგრძნო. ეს ჩვენება ანასტასიმ თავისი მოწამეობრივი აღსასრულის წინასწარგანცხადებად მიიღო, ფარულად დატოვა მონასტერი და პალესტინის კესარიაში წავიდა. იქ იგი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მმართველი ხან ტანჯვისა და მოკვდინების მუქარით, ხან კიდევ პატიებისა და მიწიერი სიკეთეების აღთქმით ცდილობდა ანასტასის გადადრეკას ქრისტიანული სარწმუნოებიდან, მაგრამ მისი ნება ვერაფერმა მოტეხა. მაშინ ნეტარი აღმსარებელი სასტიკად აწამეს: არგნებით გვემეს, წვივები გადაუმსხვრიეს, ხელებით დაკიდეს და ფეხებზე მძიმე ქვები გამოაბეს. ბოლოს, მმართველმა კვლავ თავისთან იხმო წმიდა ანასტასი და განთავისუფლების საზღაურად ამ სიტყვების თქმაღა მოსთხოვა: „მე ქრისტიანი არა ვარ“. წმიდა მოწამემ კი უპასუხა: „ღმერთმა მაშოროს! არც შენი და არც სხვების წინაშე მე არ უარვყოფ ქრისტეს, არც ცხადად და არც ფარულად, თვით ძილშიც კი; ვერავინ ვერასოდეს ვერ მაიძულებს ამას“. მაშინ მეფე ხოსროვის ბრძანებით, წმიდა ანასტასი დაახრჩვეს (+628). უსჯულო მეფის სიკვდილის შემდეგ ღირსმოწამის უხრწნელი ნაწილები პალესტინაში, წმიდა ანასტასის სავანეში გადაასვენეს. 

წმიდა მოწამენი: ეპისკოპოსნი: მანუელი, გიორგი, პეტრე და ლეონტი; ხუცესნი: სიონია, გაბრიელი, იოანე, ლეონტი, პაროდი და სხვა 377-ნი (+817)

 წმიდა მოწამენი: ეპისკოპოსნი: მანუელი, გიორგი, პეტრე და ლეონტი; ხუცესნი: სიონია, გაბრიელი, იოანე, ლეონტი, პაროდი და სხვა 377-ნი (+817)